№49 როგორ გაება მახეში მოუხელთებელი ჯიბგირი ძუკნა ბულდოგის მეშვეობით
გენერალი რომან გვენცაძე ყვებოდა: „გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, თბილისში, ერთი ჯიბგირი იყო მეტსახელად „გრძელთითა“. მაგარი ვინმე იყო, „ნა ხადუ“ ჩალიჩობდა“. მოქალაქეებს ქუჩაში, მოძრაობისას აცლიდა ჯიბეებიდან და ჩანთებიდან საფულეებს და თავის უზარმაზარ გამოწვრთნილ ბულდოგს ატანდა საიდუმლო სამალავში. ბულდოგს სხეულზე ტყავის ჩანთა ჰქონდა მიმაგრებული და პარტნიორები (ძაღლი და „გრძელთითა“) ისე შეთანხმებულად მუშაობდნენ, რომ მოხელთებას ვერ ვახერხებდით.
ერთ დღეს ახალგაზრდა ოპერები საქმიან შემოვლაზე ვართ პლეხანოვზე და უცებ „გრძელთითა“ გამოჩნდა თავის უზარმაზარ ბულდოგთან ერთად. ჩვენ „ჩასავლებად“ მოვემზადეთ, მაგრამ მან ისე უცებ ამოაცალა ვიღაც კაცს საფულე და შემდეგ ბულდოგს ჩაუდო, რომ რეაგირება ვერ მოვასწარით. ბულდოგმა კი მოკურცხლა და უკვე ყველა იმედი გადაგვეწურა. თუმცა მოხდა კურიოზი. ბულდოგი ათიოდე მეტრში „დატორმუზდა“ და თავისი ჯიშის დედალს დაეტაკა, რომელიც ერთ მშვენიერ გოგონას მოჰყავდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქურდის „პაძელნიკი“ ბულდოგი ერთობლივი ძალებით გავკოჭეთ და მას მოპარული საფულე ჩამოვართვით. ავიყვანეთ „გრძელთითაც“ და მოპარულ საფულეზე ამოსული ანაბეჭდებით ეს მოუხელთებელი ჯიბგირი „გავსროკეთ“. სამი წლის მერე, როცა „გრძელთითა“ ციხიდან გათავისუფლდა, მან იმ გოგონაზე იქორწინა, რომლის ძუკნამაც მას „პაძელნიკი“ გადაურია“.