კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ გახსნა საქართველოს „კაგებემ“ 5 მილიონი მანეთის გატაცების საქმე თბილისი-ქუთაისის თვითმფრინავის სპეცრეისიდან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


საგანგებო რეისი

თვითმფრინავი „იაკ-40“ დილის 10 საათზე აფრინდა თბილისის აეროპორტიდან და გეზი ქუთაისისკენ აიღო. სალონში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, პლუს ეკიპაჟი. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან თვითმფრინავი საგანგებო რეისს ასრულებდა და 5 მილიონი მანეთი გადაჰქონდა, რომელიც ქუთათური მშრომელებისთვის იყო განკუთვნილი. ფული ხუთ საინკასაციო, ბანკის ტომარაში იყო მოთავსებული და თითოეულში ერთი მილიონი მანეთი ელაგა. გამცილებლებს შორის ერთი ბანკის მოლარე იყო, სამი კი – მცველი-ინკასატორი, რომლებიც „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები. ინკასატორების უფროსი 42 წლის არსენ კოხრეიძე იყო, რომელიც ადრე საჰაერო-სადესანტო ჯარებში მსახურბოდა. ერთ-ერთი წვრთნისას ტრავმა მიიღო, სადესანტო საქმიანობისთვის გამოუსადეგარი გახდა და კაპიტნის ჩინით პენსიაზე გაუშვეს. კოხრეიძეს ყბა ჰქონდა შეხვეული, თითქმის არ ლაპარაკობდა და ამას იმით ხსნიდა, რომ ძლიერ სტკიოდა კბილი. აფრენიდან ათი წუთის შემდეგ, ყბაახვეული კოხრეიძე სავარძლიდან წამოდგა და სამივეს  ორ-ორი ტყვია დაახალა თავსა და გულში. შემდეგ ფულით სავსე პატარა ტომრები ერთ დიდში მოათავსა და სხეულზე მიიკრა. შემდეგ თვითმფრინავის კარი გააღო და გადახტა. სულ რაღაც ორმოციოდე წამის მერე კი კასპთან, მტკვრის ნაპირას დაეშვა და პარაშუტი აკეცა. მოახლოებულ ფურგონიან „მოსკვიჩში“ ჩაჯდა და მძღოლს უთხრა, სწრაფად გავეცალოთ აქაურობასო...
კოხრეიძის ჩვენება
თვითმფრინავიდან ფულის გატაცება იმდენად სწრაფად მოხდა, რომ პილოტებმა თავიდან ვერც კი გაარკვიეს, რაში იყო საქმე. სამი დაცხრილულიდან ორი ადგილზევე დაიღუპა. მესამეს კი ერთი ტყვია მკერდში, მარჯვნივ ჰქონდა მოხვედრილი, მეორე კი – თავის ქალის ძვალმა აისხლიტა და 31 წლის ნოე ჟვანია სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. სწორედ მან მისცა პირველი ჩვენება უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) გამომძიებლებს, რომლებიც თბილისის აეროპორტში დახვდნენ თვითმფრინავს, რადგან პილოტებმა უკანვე მოაბრუნეს „იაკ-40“. თვითმფრინავის აფრენიდან სულ რაღაც ორსაათ-ნახევრის შემდეგ, ანუ დღის თორმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე „კაგებეს“ ოპერატიულმა ჯგუფმა მარტოხელა არსენ კოხრეიძეს ბინაში მიაკითხეს, რომ  სახლი გაეჩხრიკათ. კოხრეიძე საბურთალოს ერთ-ერთი რვასართულიანი კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობდა. კარი ძალის გამოყენებით გახსნეს. ბინაში შევიდნენ და მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდათ, რადგან არსენს ტახტზე ეძინა, ხოლო მაგიდაზე კი სურსათ-სანოვაგე და არყის ბოთლები ელაგა. კოხრეიძის გაღვიძებას მის ორგანიზმში სპეციალური ხსნარის შეშხაპუნება დასჭირდა. ყოფილი კაპიტნის აზრზე მოსასვლელად კი –კიდევ ნახევარი საათი და გამომძიებლებს უთხრა: „წუხელ ჩემთან ნოდარ კოხრეიძე, ჩემი ბიძაშვილი იყო სტუმრად. ორი ბოთლი არაყი და „პრავეზია“ მოიტანა. ცოტა წავიქეიფეთ და როგორც ეტყობა, მან ტახტზე დამაწვინა და თავად კი სახლში წავიდა...“ ნოდარ კოხრეიძე არსენ კოხრეიძის მამის ძმის შვილი იყო, ისიც 42 წლის და ბიძაშვილები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს. ნოდარიც მარტოხელა იყო და ისიც საბურთალოზე ცხოვრობდა, არსენისაგან სულ რაღაც ორასიოდე მეტრში. „კაგებე“ მის ჩაკეტილ ბინაშიც შევიდა, მაგრამ მასპინძელი ვერ აღმოაჩინა და მასზე ძებნა გამოცხადდა. არსენი კი ყოველი შემთხვევისთვის „კაგებეს“ იზოლატორში მოათავსეს და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.
ინტენსიური გამოძიება
დანაშაულის სურათი, არსენ კოხრეიძისა და ინკასატორ ნოე ჟვანიას ჩვენებები იმაზე მეტყველებდა, რომ ნოდარ კოხრეიძემ ისარგებლა ბიძაშვილთან მსგავსებით. მის მაგივრად ავიდა თვითმფრინავის ბორტზე და ხუთი მილიონი მანეთი გაიტაცა. დადგინდა ისიც, რომ ნოდარ კოხრეიძე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საპარაშუტო სპორტით იყო გატაცებული და წარმატებებიც ჰქონდა. მისმა ინსტრუქტორმა დაადასტურა, რომ ნოდარს თავისუფლად შეეძლო  „იაკ-40-დან“ პარაშუტით გადმოხტომა. „იაკ 40-ის“ ბორტსა და აეროპორტის საინკასაციო ოთახში გატარებულმა დაქტილოსოკპიურმა ექსპერტიზამ ვერც არსენის ანაბეჭდები აღმოაჩინა და ვერც ნოდარის, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ბოროტმოქმედი ცდილობდა, კვალი არსად დაეტოვებინა. გამოძიებამ დაადგინა ბოროტმოქმედის მიწაზე დაშვების ადგილი და ახლომდებარე მოსახლეობაც დაჰკითხეს, თუმცა პარაშუტი არავის დაუნახავს. მხოლოდ მწყემსმა, კაკო ირემაშვილმა განუცხადა გამომძიებელს, რომ დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე თბილისისკენ მიმავალი თეთრი ფერის ფურგონიანი „მოსკვიჩი“ შენიშნა... გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დანაშაულის წინა დღეს ნოდარ კოხრეიძის მეზობელს, ამბაკო კაჭარავას თეთრი, ფურგონიანი „მოსკვიჩი“ მოჰპარეს, რომელიც კორპუსის წინ ეყენა. მანქანას ინტენსიურად  ეძებდნენ, მაგრამ ამან ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა იყო, რომ ნოდარ კოხრეიძემ ფული გაიტაცა და მიიმალა. არსენ კოხრეიძე კი ერთკვირიანი პატიმრობის შემდეგ „კაგებეს“ იზოლატორიდან გაათავისუფლეს. თუმცა, ის გაუფრთხილებლობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. მას ბრალი დასდეს იმაში, რომ თავის ბიძაშვილს ფულის ტრანსპორტირების ამბავი მოუყვა, რამაც ასეთი მძიმე დანაშაული გამოიწვია. ყოფილი მედესანტე არ  უარყოფდა, რომ ზედმეტი ილაყბა. ძალიან შეწუხებული იყო ამ ამბით და სამსახურიდან დათხოვნის მერე მცირე ხნით დეპრესიაში ჩავარდა. შემდეგ კი დარაჯად მოეწყო მშენებლობაზე.
ერთი წლის შემდეგ
თვითმფრინავიდან ხუთი მილიონი მანეთის გატაცების დღიდან  ერთი წლის შემდეგ საქართველოს უშიშროების კომიტეტის საგანგებო-ოპერატიულმა ჯგუფმა ქალაქ სოჭში არსენ ვახტანგის ძე კოხრეიძე დააკავა, რომელსაც ჩხრეკისას 100 ათასი მანეთი და 50 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასი სამკაულები აღმოუჩინეს. დაკავებული ადგილობრივი უშიშროების სამმართველოში მიიყვანეს და დაჰკითხეს. კოხრეიძე აცხადებდა, რომ  ხელჩანთაში მოთავსებული ძვირფასეულობა და ფული მისი არ იყო და რომ ჩანთა მან იპოვა და არაფერი იცოდა მისი შიგთავსის შესახებ. მაგრამ, როდესაც მას იუველირი გრინბერგი დაუპირისპირეს, რომლისგანაც კოხრეიძემ ძვირფასეულობა შეიძინა, ყოფილ მედესანტეს აღარაფერი დარჩენოდა, რომ დანაშაული ეღიარებინა და მან ასეთი ჩვენება მისცა: „თვითმფრინავიდან ფულის გატაცების იდეა მე მომივიდა თავში და ის ნოდარს გავუზიარე. ჩემი ბიძაშვილი დამეთანხმა და დანაშაულისთვის მზადება ერთად დავიწყეთ. თავდაპირველი გეგმით, თვითმფრინავში ორივე უნდა ვყოფილიყავით და ნოდარს საპარაშუტო მომზადება დავაწყებინე. ბოლოს კი ვუთხარი, რომ ასეთი რამ არ მოხერხდებოდა და გეგმა შევცვალე. ისე გავითამაშე, რომ თითქოს ძარცვა ნოდარმა ჩაიდინა და ფულთან ერთად მიიმალა. მას „მოსკვიჩი“ მოვაპარინე და პარაშუტით რომ დავეშვი, თბილისში დავბრუნდით და ნოდარი ლოტკინზე, ჩვენი ახლობლის ბინაში იმალებოდა, რომელიც რუსეთში მუშაობს და სახლი მას დაუტოვა. როდესაც ერთკვირიანი პატიმრობიდან გამათავისუფლეთ, მე ლოტკინზე მივედი და ნოდარი მოვკალი და მანქანიანად მიწაყრილიან გარაჟში დავმარხე. გატაცებული ფულით ძვირფასეულობას ვყიდულობდი და უცხოეთში გაქცევას ვაპირებდი.
უშიშროებას მაშინ გაუჩნდა ეჭვი, როდესაც გაირკვა, რომ ის დარაჯობიდან გაეთავისუფლა და საბჭოეთის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა. მას კუდზე დაასხდნენ და ფაქტებით დაიჭირეს. ლოტკინის სახლში კი ავტოფარეხში დამარხული თეთრი ფერის გატაცებული „მოსკვიჩი“  და ნოდარ კოხრეიძის ცხედრის ნარჩენები იპოვეს.
არსენ კოხრეიძეს სამ მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხის ძარცვაში დასდეს ბრალი, გაასამართლეს და დახვრიტეს.
скачать dle 11.3