№49 ვერაგული კომბინაცია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #47-48(935)
თერთმეტის ხუთ წუთზე პირველი ზარი გაისმა და მამაკაცის ბოხმა ხმამ თქვა:
– მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი იმოძრავეთ, ბარათაშვილის ხიდით მარცხენაზე გადადით და მეტეხის ხიდისკენ წადით.
– ათ წუთში მანდ ვიქნებით, – თქვა ნაირამ და სისწრაფეს მოუმატა.
ათი წუთის შემდეგ მეორე ზარი გაისმა და იმავე ხმამ თქვა:
– სად ხართ?
– მეტეხის ხიდზე ავდივართ, – მიუგო ნაირამ.
– რა მანქანით ხართ? – იკითხა ხმამ.
– შავი ფერის „მერსედესის“ „კაბრიოლეტით“, – თქვა ნაირამ და დაამატა, – გვერდით ჩანთიანი კაცი მიზის.
– საბაგიროსთან შეჩერდით და დაგირეკავთ, – თქვა ხმამ და ტელეფონი გათიშა.
ნაირამ მანქანა გააჩერა და გივის უთხრა:
– თავს მოვიჭრი, თუკი ახლა რომელიმე იმ ნაბიჭვართაგანი, სავარაუდოდ, ბინოკლით არ გვითვალთვალებს.
– არაა გამორიცხული, – მიუგო გივიმ.
ხუთიოდე წუთის შემდეგ მესამე ზარი გაისმა და ხმამ თქვა:
– ტელეფონი არ გათიშო. ნელა დაიძარი მეტეხის ხიდისკენ და ჩემი მითითებები ზუსტად შეასრულე.
ნაირა მეტეხის ხიდისკენ ნელი სვლით დაიძრა, თან ხელში მობილური ეკავა, რომელიც ხმამაღალზე იყო ჩართული. ხიდის შუამდე რომ მიაღწია, ხმამ უთხრა:
– ავარიულები ჩართე და ნაპირრზე შეჩერდი! შენი „პაძელნიკი“ კი მანქანიდან ფულიანი ჩანთით გადავიდეს, მოაჯირთან მივიდეს და წყალში რომ კატერი დგას, მას ფული ჩაუგდოს. ჩქარა, დაყოვნების გარეშე!
გივიმ ინსტრუქციით იმოქმედა, ჩანთა, რომელშიც სამი მილიონი იდო მეტეხის ხიდიდან ჩაუგდო თეთრ კატერზე მდგომ ადამიანს, რომელსაც სახეზე ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული. მან ჩანთა გახსნა, როგორც კი დარწმუნდა, რომ ფული ხელში ჩაიგდო, კატერი დინების საწინააღმდეგოდ, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით დაძრა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. ხმამ კი ნაირას უთხრა:
– თუკი ყველაფერი რიგზეა და ფულს მშვიდობიანად ჩავიბარებთ, გარწმუნებ, რომ ორივე გოგონას გავათავისუფლებთ.
– კარგი. გელოდებით, – თქვა ნაირამ და „ხმამ“ პირველმა გათიშა ტელეფონი...
***
ნაირა და გივი ფეშენ-ვილაში ღამის თორმეტის ნახევარზე დაბრუნდნენ და გივიმ მოკლედ მოუყვა ძმაკაცს საღამოს პერიპეტიები. ნაირამ კი თქვა:
– აშკარაა, კარგად ორგანიზებული ნაბიჭვრების ჯგუფი მოქმედებს, ისე ზუსტად და შეწყობილად მუშაობენ, როგორც კინოში. უდავოა, რომ როდესაც მეტეხის ხიდთან მივედით, ერთ-ერთი მათგანი ბინოკლით გვითვალთვალებდა, ხოლო მეორე კი ფულს ელოდებოდა. ისიც ნათელია, რომ მათი ნაწილი ლონდონშია და ერთმანეთთან კავშირი აქვთ. ჩემი აზრით, რვა-ათი კაცი იქნება.
– კი. ნამდვილად ეგრეა, – დაადასტურა გივიმ. ნაირამ კი დააყოლა:
– ღმერთს ვთხოვ, რომ ჩვენი გოგონები მშვიდობიანად დაბრუნდნენ და ისეთ დაცვას დავუქირავებ, როგორც პრეზიდენტებს ჰყავთ. ამ ნაბიჭვარ გამტაცებლებს კი მიწიდან ამოვთხრი და ჩემი ხელით ცოცხლად გავატყავებ.
ღამის ორის ნახევარი რომ შესრულდა, ნაირას ტელეფონმა დარეკა და გვანცას ლონდონელმა კურატორმა ქალს უთხრა:
– ქალბატონო ნაირა, ამ წუთას გვანცა მოვიდა სახლში. გოგონა შეშინებულია და იქნებ ამიხსნათ, რაშია საქმე. თქვენ ხომ მითხარით, გვანცა მე წავიყვანე და ორი დღე არ მოვაო?
– კი. ასე გითხარით, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით, სანამ პირადად არ გნახავთ. ლონდონში სულ რაღაც თორმეტ საათში ჩამოვფრინდები. თქვენ კი გვანცას მიხედეთ. ახლა ჩემი გოგონა დამალაპარაკეთ, – თქვა ნაირამ. შემდეგ ინგლისურიდან ქართულზე გადაერთო და გვანცას უთხრა:
– დედიკო, ნურაფრის გეშინია, მშვიდად იყავი. შენს კურატორს დაუჯერე და თორმეტ საათში ლონდონში, შენთან ვიქნები. აბა, დროებით...
მიუხედავად გურამის მცდელობისა, გვანცას დალაპარაკებოდა, ნაირამ მას ტელეფონი არ მისცა და მეუღლეს თბილად უთხრა:
– მოითმინე, ძვირფასო, გვანცა ისედაც შეშინებულია და შენი ემოციური ლაპარაკი უფრო დასტრესავს. მე და შენ ლონდონში გავფრინდებით, ჩვენს გოგონას ვნახავთ და ჩავიხუტებთ კიდეც.
გურამმა უხმოდ დაუქნია თავი ნაირას და ვისკით სავსე ჭიქას დასწვდა. ამ დროს ათლეტურმა მცველმა სასტუმრო ოთახში სახედასიებული თაკო შემოიყვანა, რომელიც ჯერ მამამისს ჩაეხუტა, შემდეგ ნათლიას. ნაირამ გერს გაუღიმა და უთხრა:
– მოდი თაკუნია, გაკოცო. მადლობა ღმერთს, რომ თავისუფალი ხარ.
თაკო ნაირას ჩაეხუტა. აკოცა და ჰკითხა:
– გვანცა როგორაა?
– ნუ გეშინია. ყველაფერი რიგზეა. გვანცაც გამოუშვეს. მე და მამა კი ლონდონში მივფრინავთ. წამოხვალ ჩვენთან ერთად? – ჰკითხა ნაირამ გერს.
– ძალიან მინდა, მაგრამ არ შემიძლია, – ამოიხვნეშა გოგონამ, – ძალიან გადავიტვირთე, დავიღალე და დასვენება მჭირდება. უნდა განვმარტოვდე და ნერვები დავიწყნარო, თორემ ჭკუიდან შევიშლები.
– კარგი, ჩემო ძვირფასო. ჯობია, დაისვენო და იმედია, ლონდონიდან რომ დავბრუნდებით, ფორმაში დაგვხვდები, – უთხრა თაკოს ნაირამ. შუბლზე აკოცა და ღიმილით გააცილა საძინებლისკენ. შემდეგ მობილურზე დარეკა და უახლოეს რეისზე ლონდონამდე თვითმფრინავის ბილეთები შეუკვეთა. ბოლოს კი მდუმარედ მსხდომ გურამსა და გივის უთხრა:
– რა ყურები ჩამოგიყრიათ და ცხვირები ჩამოგიშვიათ. ყველაფერი რიგზეა. მთავარია, გოგონები გადარჩნენ და ფულის დედაც ვატირე. ტუილად კი არაა ნათქვამი, – ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.
– კარგად კი დამთავრდა ყველაფერი? – თქვა გურამმა.
– რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა ნაირა.
გურამმა თავი გააქნია და მიუგო:
– ვერ ხედავ, რა დღეშია თაკო? თაკო კიდევ ვზროსლია და თავს მოერევა. მაგრამ, – გურამს თვალები დაენამა და დააყოლა, – მაგრამ გვანცა ხომ მხოლოდ ათი წლისაა და როგორ გადაიტანს ასეთ სტრესს?
– დამშვიდდი გურამ, დამშვიდდი. საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში წავიყვან, თუ საჭირო გახდა. მაგრამ, არ მგონია, ეს დასჭირდეს გვანცას. ის მე მგავს ხასიათით და ვფიქრობ, ამ სტრესის დაძლევა არ გაუჭირდება, – თქვა ნაირამ და გაიღიმა.
– ღმერთქმა ქნას, რომ ამ ამბავს გართულება არ მოჰყვეს, – დაამატა გივიმ, – საინტერესო კია თაკოსთან საუბარი, მაგრამ ახლა მას ამის სურვილი არ აქვს.
– გატაცების დეტალები გაინტერესებს ხომ? – ჰკითხა გივის ნაირამ.
– კი. გატაცების დეტალებიც. ყველაფერი ის, რაც ამ საქმეს შეეხება, – თქვა გივიმ და ნაირას ჰკითხა:
– რას აპირებ? – პოლიციაში გაცხადებას გულისხმობ? – კითხვა შეუბრუნა ქალმა.
– თუნდაც.
– არა, გივი, პოლიციაში გაცხადებას ნამდვილად არ ვაპირებ და სხვა გზას მოვძებნი. პირობას ვდებ, რომ ყველაფერს დეტალურად გამოვიკვლევ და ყველას, ვინც ამ საქმეშია გარეული, ყვერებით დავაკიდინებ... – დინჯად თქვა ნაირამ და გააბოლა. ოთახში გაიარ-გამოიარა და დაამატა, – დიდი ალბათობით, ჩვენი გოგონების გატაცებაში შინაურის ხელი ურევია.
– ეჭვი გაქვს ვინმეზე? – ჰკითხა გივიმ.
– სიმართლე გითხრა, იოტისოდენა ეჭვიც კი არავიზე მაქვს. ყველა შინაური ძალიან სანდო, ერთგული და პატიოსანი ადამიანები ხართ, – თქვა ნაირამ და პაუზის შემდეგ დამაჯერებლად დაამატა, – კი, ნამდვილად ასეა. დაცვის ბიჭებიც, მოსამსახურე პერსონალიც კარგად შემოწმებულები არიან და მათი ასი პროცენტით მჯერა. აღარაფერს ვამბობ შენზე და ჩვენს სხვა მეგობარ-ნათესავებზე, ვინც ამ სახლში შემოდის.
– მადლობა, ნაირა, ნდობისთვის, – თქვა გივიმ და დააყოლა, – მე, როგორც პროფესიონალი, გირჩევ, რომ ასეთი დარწმუნებული ნურავისში იქნები, მათ შორის, ნურც ჩემში და დამნაშავის ან დამნაშავეების ძებნას რომ დაიწყებ, ეჭვმიტანილთა სიიდან ნურც მე და ნურც სხვას ნუ ამოიღებ.
– კარგი. ეგრე ვიზამ, – გაუღიმა ნაირამ გივის და გურამს შეხედა, რომელსაც ვისკის ჭიქა ხელიდან გავარდნოდა და ძვირფას სავარძელში თვლემდა.
***
შემინული სასტუმრო ოთახის შუაგულში, უზარმაზარ მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი და მას ექვსი ადამიანი შემოსხდომოდა. სუფრაზე ძირითადად მშრალი, მაგრამ ძვირად ღირებული დელიკატესები ელაგა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თბილისის საფირმო მაღაზიებში იყიდებოდა. ასეთივე „კალიბრის“ იყო სუფრაზე ჩამწკრივებული ნაირ-ნაირი სპირტიანი სასმელებიც. მოქეიფეები ძალიან ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ და რაც უფრო მეტს სვამდნენ, მით უფრო თამამად უმხელდნენ ერთმანეთს საკუთარ სურვილებს. მწვანე მაისურში გამოწყობილმა წითურთმიანმა ძვირფასი ვისკით სავსე ჭიქა ასწია და მის წინ მჯდომს უთხრა:
– შენ გაგიმარჯოს „ქორო“, სიმართლე გითხრა, ნამდვილად არ მჯეროდა შენი წამოწყების და ახლა კი შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ პრესტუპნი მირის გენია ხარ.
– მადლობელი ვარ აღიარებისთვის, „სალტო“, მაგრამ ჩვენ ბიზნესმენები ვართ და არა პრესტუპნნიკები, – მიუგო „სალტოს“ „ქორმა“.
– „ქორი“ მართალია, – ჩაერთო დიდტუჩა და დაამატა, – ჩვენ მხოლოდ ბიზნესი გავაკეთეთ და ამით ცოტა ფული ვიშოვეთ. თუ მაინცდამაინც პროფესიაზეა საუბარი, ჩვენ ექსტრემალები ვართ და არა პრესტუპნიკები.
– ექსტრემალი ბიზნესმენები, – დაამატა გრძელცხვირამ. არყიანი ჭიქა ასწია და დააყოლა, – შენი დღეგრძელობის იყოს, „ქორო“.
– მადლობა, „ჯიჯი“, – მიუგო „ქორმა“ და ჭორფლიანს მიმართა:
– „ხეპრე“, აღარ სვამ?
„ხეპრემ“ ვისკით სავსე ჭიქა უხმოდ გადაჰკრა და უხმოდვე დააყოლა ძეხვის მოზრდილი ნაჭერი. ღორისთვალებას გაეცინა. „ქორი“ მანაც ადღეგრძელა. წითელი ღვინო დალია და თქვა:
– ძმებო! მთავარი „ბლუდა“ როდის იქნება, აღარ გავიყოთ მაყუთი?
– კი. „ქოსა“ მართალია, – თქვა „სალტომ“. მაგიდიდან წამოდგა. კომოდთან მივიდა, შავი ფერის ტყავის ჩანთა ამოიღო. მაგიდასთან მიიტანა. ხელი დაადო და თქვა:
– აი, აქ ოთხი მილიონი ბაქსია. თითოეულს ხუთას-ხუთასი ათასი გვერგება. მილიონს კი ახალი საქმისთვის შევინახავთ.
სუფრის წევრები გამოცოცხლდნენ და სასიამოვნო პროცედურის მოლოდინში თვალები გაუბრწყინდათ. „სალტომ“ ფულით სავსე ჩანთის გახსნა დააპირა, მაგრამ ის „ქორმა“ გააჩერა და დანარჩენებს უთხრა:
– ერთი წუთით, ძმებო! სანამ ყველა ჩვენსას მივიღებთ, ერთი რიტუალი შევასრულოთ. ღირსეული ბიზნესმენები ყოველ წარმატებულ საქმეს წითელი ღვინით აღნიშნავენ. და, რადგან ჩვენც წარმატებული ბიზნესმენები ვართ, მოდი, ეს ასწლიანი „ბორდო“ შევსვათ და ჩვენი მომავალი საქმეები დავლოცოთ, – „ქორმა“ მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოსხმული ფრანგული წითელი ღვინის, „ბორდოს“ ბოთლი გახსნა და ექვს ჭიქაში ჩამოასხა. შემდეგ „სალტოს“ უთხრა:
– მიდი, თქვი. შენ ხარ მასპინძელი და თამადა.
„სალტომ“ სადღეგრძელო წარმოთქვა და „ბორდო“ დალია. იგივე გაიმეორეს სუფრის სხვა წევრებმაც, „ქორის“ გარდა. „ქორი“ კი მშვიდად იდგა და მოთმინებით ელოდა ღვინოში გარეული კალიუმციანიდის მოქმედებას. საწამლავმა არ დააყოვნა და სულ რაღაც ათიოდე წამის შემდეგ ხუთივე „მზად იყო“... „ქორმა“ ფულით სავსე ჩანთა გახსნა და დარწმუნდა, რომ ოთხი მილიონი დოლარი, რომელიც ბიზნესმენ ნაირა ნარუაშვილს გამოსძალეს, ადგილზე იყო, ჩანთა დახურა. შემდეგ საწამლავიან „ბორდოს“ ბოთლს თავი დაუცვა და ცელოფნის სქელ პარკში მოათავსა. იმავე პარკში ჩააწყო ის ხუთი ჭიქა. ხოლო მეექვსე ჭიქიდან მოწამლული ღვინო კანალიზაციაში ჩაღვარა და ცელოფანში მხოლოდ ამის მერე ჩადო. „ქორმა“ მოწამლულებს მოავლო მზერა, შემდეგ სავარძელში ჩაჯდა და ვისკის წრუპვას შეუდგა. ნახევარ საათში ჩამობნელდა კიდეც. „ქორმა“ სქელი პარკი აიღო, ფულით სავსე ჩანთა ზურგზე მოიგდო და წყნეთის აგარაკიდან ჩუმად გავიდა. კაპიუშონი მოიხურა და ტყით ქვევით დაეშვა. მოკლე-მოკლეზე სიარულით სულ მალე ბაგებამდე მიაღწია და „ფაქტებით“ სავსე პარკი სანაგვე ბუნკერში ჩააგდო. შემდეგ გზა განაგრძო და მხოლოდ მას შემდეგ ჩაჯდა ტაქსიში, როდესაც ვაკის პარკს მიუახლოვდა.
***
ნაირა, გურამი და გვანცა მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ დაბრუნდნენ ლონდონიდან. თაკომ მათი ჩამოსვლის ამბავი არ იცოდა და აეროპორტში ცოლ-ქმარს და გვანცას მხოლოდ ბიზნესმენი ქალის პირადი მცველები დახვდნენ. სახლში მისულებს თაკო შეეგება. გოგონამ გულში ჩაიკრა თავისი ნახევარდა და კარგა ხანს კოცნიდა. შემდეგ დედინაცვალს ჩაეხუტა და აკოცა. ბოლოს კი მამას გადაეხვია და მოკითხვა რომ დაასრულა, ცოლ-ქმარს უსაყვედურა:
– რატომ არ შემატყობინეთ, დღეს რომ მოფრინავდით, აეროპორტში მეც დაგხვდებოდით.
– შენი შეწუხება არ გვინდოდა, შვილო, – გაუღიმა გერს ნაირამ და დააყოლა, – როგორ ხარ, ჩადექი ფორმაში?
– უკეთ ვარ. მთლად ფორმა ჯერჯერობით ვერ აღვიდგინე, მაგრამ რა შედარებაა. ერთხელ აუზზეც კი ვიყავი, – თქვა თაკომ და ხელი ჩაიქნია. გვანცა მიიხუტა და ნაირას უთხრა:
– მოკლედ, მე არაფერი მიჭის. თქვენ ის მითხარით, გვანცუკა როგორაა?
– კარგად ვარ, თაკო, კარგად, – დაასწრო დედამისს გვანცამ. ნაირამ კი გოგონას უთხრა, რომ საძინებელში ასულიყო და ტანსაცმელი გამოეცვალა. გვანცა რომ წავიდა, თაკოს მიუბრუნდა და უთხრა:
– არა უშავს. სტრესი მიიღო, ექიმმა გვითხრა, გადარჩენილები ხართო. ასე იმიტომ შეგვაგვიანდა, რომ ლონდონის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში ვიყავით – გვანცას სამი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მოკლედ, მადლობა ღმერთს, გადავრჩით. – ნაირამ საათზე დაიხედა და დააყოლა, – უნდა გავვარდე. გადაუდებელი საქმიანი შეხვედრა მაქვს და ალბათ, ცოტა შემაგვიანდება. თხუთმეტ წუთში გავდივარ. თაკო, ძვირფასო, ჩემი თხოვნაა, რომ ერთხანს მარტო სიარულს მოერიდო და თუ გადაუდებელ საქმეზე გახვალ, ბიჭები იახლო. ხომ არ გწყინს, ამას რომ გეუბნები?
– არა, რა მწყინს? პირიქით, – თაკო დედინაცვალს ჩაეხუტა და დაამატა, – შენ რომ არ ყოფილიყავი, ახლა ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი. კიდევ ერთხელ გიხდი დიდ მადლობას ჩემი გადარჩენისთვის.
– რის მადლობა? – გაიღიმა ნაირამ. თაკომ კი ჰკითხა:
– იმ ნაძირლების პოვნას აპირებ, ხომ?
– აუცილებლად, ჩემო გოგონა, აუცილებლად. ჩემიანების ხელყოფას არავის ვაპატიებ და ავაზაკებს საკადრისად დავსჯი. ახლა კი უნდა წავიდე. ბოდიში, – ნაირამ თაკოს შუბლზე აკოცა და მეორე სართულისკენ გაემართა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში