№49 ექიმის რჩევები
კითხვა: Omega 3, Una de gato, Red clover, Caloider silver – ამ პრეპარატების გარდა, კიდევ რა შეიძლება მიიღოს C ჰეპატიტით დაავადებულმა ადამიანმა სრული გამოჯამრთელობისთვის?
პასუხი: ამ შემთხვევაში აუცილებელია, პაციენტმა ჩაიტაროს ჰეპატოლოგის მიერ დანიშნული მკურნალობა რიბავირინისა და ინტერფერონის კომპლექსით.
კითხვა: გავიკეთე მკერდზე ოპერაცია – მქონდა ფოთლისებური ფიბროადენომა. რამდენად საშიშია და რატომ არ შეიძლება ბავშვის ხელში აყვანა 3 თვე?
პასუხი: მსგავსი ოპერაციის შემდგომ აუცილებელია ნაოპერაციები ადგილის დაცვა ყოველგვარი გარეგანი დაზიანებისა და დატვირთვისგან. სწორედ ამიტომ აგიკრძალეს პატარის ხელში აყვანა, რაც ერთი მხრივ, დატვირთვაა, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, მკერდზე დამატებითი ტრავმის მიზეზი გახდეს.
კითხვა: ვარ 21 წლის. ბანაობის დროს შევამჩნიე, რომ მკერდიდან გადმომდის რძისფერი სითხე. ციკლი 1 კვირის წინ დამიმთავრდა, თან მკერდი მტკივა. ახლა ქალაქში არ ვარ და ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას. რამე საშიშია? რა გავაკეთო?
პასუხი: ციკლის მეორე ფაზაში შეიძლება ფიქსირდებოდეს გამონადენი, რომელიც თავს იჩენს როგორც მექანიკური, ისე თერმული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, ბანაობის შემდეგ, როდესაც მაღალი ტემპერატურის გავლენით სადინარები ფართოვდება. ამიტომ ამ დროს გაჩენილი გამონადენი შეიძლება, ფიზიოლოგიურად ჩაითვალოს. მაგრამ თუ გამონადენი გაგიგრძელდათ, მაშინ აუცილებლად იქნება საჭირო მამოლოგთან ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება.
კითხვა: 5 თვის წინ მოვწიე „პლანი“, ზოგადად, ცხოვრებაში სულ სამჯერ მაქვს მოწეული. რა თქმა უნდა, არასოდეს აღარ მოვწევ, მაგრამ მოწევის შემდეგ დამრჩა „ჩარჩენის“ პანიკური შიში. დამამშვიდეს და ერთი თვე არც გამხსენებია. მერე დამეწყო ნერვული პრობლემები სხვა მიმართულებით – გულის წასვლის შიში. ესეც გადავლახე. რამდენიმე დღის წინ ერთ პაციენტზე გავიგე, „პლანის“ შედეგად „ჩარჩაო“. მაინტერესებს, შეიძლება, რამე დარღვეული მქონდეს?
პასუხი: თქვენი მონათხრობის მიხედვით, გაქვთ ნერვული აშლილობა, რომლის პროვოცირებას მარიხუანამ შეუწყო ხელი. არავითარი „ჩარჩენა“ არ გაქვთ. უბრალოდ, გამოცდილ ნევროლოგს ან ფსიქოლოგს მიმართეთ და ჩაიტარეთ შესაბამისი მკურნალობა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე