№49 მიტოვებული ქალი
როგორი ძლიერიც უნდა იყოს ქალი, მისი განცდების რაღაც ნაწილი საყვარელი ადამიანისა და მისი დაკარგვის შიშის ირგვლივ ტრიალებს.
როგორ არის მოწყობილი მიტოვებული ქალის შინაგანი სამყარო? მასში არსებობს სიყვარულის მძლავრი სურვილი, თან აცნობიერებს იმას, რომ შეიძლება, ეს აღარასდროს ჰქონდეს. მიტოვების კომპლექსით შეპყრობილი ქალი ღრმად არის დარწმუნებული, რომ სიყვარულში არასოდეს გაუმართლებს და ის არავის სჭირდება. რეალურად, მიტოვებული, ნაწყენი ბავშვია. რომელსაც სტანჯავს „მიტოვებულის კომლექსი“.
რა არის მიტოვებულის კომპლექსი – ამ დროს ქალს ეჩვენება, რომ მასზე არასოდეს ზრუნავდნენ. ამიტომ არ აქვს უფლება, რამე უნდოდეს. ფიქრობს: „მე ვიზრუნებ სხვაზე და თუკი საკმარის მზრუნველობას გამოვიჩენ, აღარ მიმატოვებენ“. მიტოვებულ ქალს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. ბევრი პრობლემა აქვთ სასიყვარულო ურთიერთობებში. ამ ტიპის ქალები დაბალანაზღაურებად სამსახურს და დამხმარე პროფესიებს ირჩევენ.
მიტოვებული ქალი გარეგნულადაც გამორჩეულია. რა ემართება „მიტოვებული ქალის“ სხეულს? ჩამოყრილი მხრები, წინწაგდებული კისერი და თავი, ჩავარდნილი მკერდი, გართულებული სუნთქვა და ცოტა უხერხული სიარული. სირბილი და ხტომა მისთვის ნამდვილად არ მოუგონიათ. საწყალი, სასოწარკვეთილი თვალები. ხშირად სტკივათ თავი, აწუხებთ სასუნთქი გზების ინფექციები. მიტოვებულ ქალს აუცილებლად სჭირდება სპეციალური თერაპია: დაგუბებული ცრემლების გამოშვება, საკუთარი თავისთვის უფლების მიცემა, რომ დახმარება ითხოვონ. აუცილებლად საჭიროა გათავისუფლდნენ მოლოდინისგან, რომ ვიღაც განსაკუთრებული მოვა და გადაარჩენს. პიროვნების სიღრმეში დამალული მიტოვების შიში და მიტოვებულობის გრძნობა ყურადღებას იმსახურებს. არაფერი შეიცვლება, სანამ ქალი არ გააცნობიერებს, რომ ის თავად აგებს საკუთარ ცხოვრებას. ის ირჩევს, შეაჩეროს ეს ცხოვრებისეული სცენარი თუ განაგრძოს. თუმცა, როცა საკუთარ თავზე ზრუნვა გავიწყდება ეს ძალიან რთულია.
ქალური ბუნება
დიახ, ისინი განსაკუთრებული არიან – ქალები, რომლებმაც ბევრი რამ ნახეს. შემდეგ ბევრ რამეზე თვალი დახუჭეს და როცა თვალები გაახილეს, ახალი სამყარო, ახალი ცხოვრება აღმოაჩინეს.
რა შეიძლება, ითქვას ქალებზე, რომლებმაც უკვე ორმოც წელს გადააბიჯეს. ისინი მგრძნობიარენი და გულჩვილები არიან, ზოგჯერ დაუცველებიც კი. მიამიტები და მიმნდობნი, ისევე, როგორც 30 წლის ასაკში. მათ უკვე დაავიწყდათ 15 წლის ასაკის რომანტიკა, 25 წლის ასაკის აქტიური სილაღე და ენთუზიაზმი, რაციონალური შეუპოვრობაც, 20 წლის გოგონებს რომ ახასიათებთ. მაგრამ კვლავ სწამთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ბევრი ცუდი უკვე შეემთხვათ და სწორედ იმიტომ გადარჩნენ, რომ უკეთეს მომავალში იყვნენ დარწმუნებული. შესაბამისად, ეს ქალები იღებენ კიდეც უკეთესს. რეალობის აღქმის და მომავლის განჭვრეტის უნარი, მახვილი მზერა, ფხიზელი სმენა და ნაზი ხელები საუკეთესოა, რომ მათზე ჩაბღაუჭება მოგინდეს.
ორმოცი წლის ასაკში ქალები საოცრად ლამაზები არიან, რადგან უკვე აღიარეს, რომ მათ სწორედ ასეთი უკანალები აქვთ, სწორედ ასეთი მკერდი, ასეთი ცხვირი და ასეთი ფეხები. მათ საკუთარი უკანალ-მკერდ-ცხვირ-ფეხების ისეთი სიყვარული ისწავლეს, რომელიც გადამდებია.
ამ ქალებმა განსაკუთრებული საიდუმლოც იციან. მათ უკვე აღარ აწუხებთ ილუზიები მილიონების, კარიერის, წარმატებულობისა და სოციალური სტატუსის შესახებ. ახლა უკვე ზუსტად იციან, რომ ყველაზე მთავარი სულაც არ არის ის, რასაც ტელევიზიით აჩვენებენ, ინტერნეტში წერენ, სოციალურ ქსელებში პოსტავენ ან ტრენინგებზე ყვებიან. მათ ეს მთავარი უკვე კარგად იციან და ჩუმად არიან. იციან, რომ ყველაზე მთავარი ცხოვრებაში თავად ცხოვრებაა: მისი გემო, ფერი, რიტმი, სუნი, თითოეული დღით ტკბობისა და სიხარულის განცდის უნარი.
მათ ღიმილს ჰგვრით ბანალური, მაღალფარდოვანი ფრაზები. რადგან უკვე იპოვეს ის, ვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში ეძებდნენ – საკუთარი თავი და აღმოაჩინეს, რომ ძალიან, ძალიან საინტერესონი არიან თითქმის ყველასთვის, განსაკუთრებით ღირსეული მამაკაცებისთვის.
კვლავინდებურად შეუძლიათ გულამოსკვნით ტირილი და გულიანად ხარხარი. უკვე გაიარეს თვითდამკვიდრებისთვის საჭირო აკრძალვების, ნებართვებისა და ეტიკეტის ნორმების გზა. ხელები გაშალეს და ცოცხალი, მგრძნობიარე „მე“ გაათავისუფლეს. როგორც იქნა, 40 წლის შემდეგ, მათ ეს გამოუვიდათ: ცხოვრება სიცოცხლის რიტმის კვალდაკვალ.
40 წლის ასაკში ქალები საშინლად ცნობისმოყვარენი არიან. გარშემო იმდენი საინტერესო და გასართობია – ცეკვა, იოგა, ტრენინგები, მოგზაურობა, კულინარია… ისინი ქმნიან ცხოვრებას, ტალანტების აღმოჩენით ტკბებიან, ხატავენ, წერენ… მათ ყველაფერი გამოსდით.
40 წლის ასაკში ქალები სულაც არ არიან დეიდები. თუ გრძელ კაბებს ატარებენ, იმიტომ რომ ეს ძალიან ლამაზია. მოკლე კაბებიც აცვიათ და ჯინსებიც. არაფრის ცოდნა არ სურთ – მოდურის, ტრენდებისა და „ამ სეზონის” შესახებ. მთავარია, მათ რა ელამაზებათ და ამ სილამაზეში ძალიან ბევრი ქალური, თბილი და აუჩქარებელია.
40 წლის ასაკის შემდეგ „გოგონები“ უკვე აღარ ითვლიან კალორიებს. სწორედ ამიტომაც არიან ისინი ასეთი ლამაზები. მათ თითოეული წუთის ფასი იციან, არსად აგვიანებენ, ყველაფერს ასწრებენ, რადგან არსად ეჩქარებათ.
ისინი, უბრალოდ, ცხოვრობენ და ზუსტად იციან, რომ კიდევ 20 წლის შემდეგ ყველაფერი გაცილებით საინტერესო იქნება.