№49 რატომ შემოუტანეს და დაუდგეს წინ ამირან შალიკაშვილს თეატრში კუბო
„...ახლა სიკვდილის ბოლო მონოლოგი ახლოვდება. ეს მონოლოგი დიდხანს გაგრძელდება და სხვა რამე იქნება, ეს არ დაემსგავსება „ოტელოს“ ბოლო მონოლოგს, მაგრამ იქნება ის, რასაც წინასწარ ვერ ვიტყვი. ბოლოს და ბოლოს, ამდენ ნაჩხაპნს წერტილი ხომ უნდა დაესვას? ჩემი ტკივილი ყველაფრით გამოვხატე, ვთქვი ის, რასაც წინასწარ ვერ ვიტყვი, ის, რასაც ვეძებდი და ვერ მიპოვია…“
ის შუა აზიაში დაიბადა. დაბადების მოწმობა ერთი წლის წინ გამოუგზავნეს. მასში მითითებული იყო ზუსტი თარიღი – 1939 წელი... ახსოვს ქალაქი კოკანდი, იქაური სახლი... ახსოვს, როგორ სვამდნენ, შუადღის ხვატში მოედანზე „ტელეგრეიკებში“ გამოწყობილი უზბეკი კაცები დიდი ტოლჩებით ჩაის… ახსოვს შიმშილით მკვდარი პატარა ძმა და მის კუბოს მდევარი, შავკაბიანი პატარა და, ტიფიანი დედის თვალები, რომელიც შორიდან ემშვიდობებოდა შვილებს... კიდევ? კეთილი გურული ცალფეხა ბიჭი, რომელმაც რუსულად მოსაუბრე 5-6 წლის და-ძმა საქართველოში ჩამოიყვანა. ახსოვს პირველი შეხვედრა საკუთარ სისხლთან და ხორცთან – ბაბუა-ბებიასთან... მაშინ ის ხუთი წლის იყო. ამირან შალიკაშვილს, უცნაური აქცენტით მოსაუბრე „რუსის“ ბიჭუნას, ყაბალახიანი გურული კაცები აქეზებდნენ: „შეიგინე, ბიჭო, შეიგინე“. პირველი ქართული სიტყვა, რომელიც ისწავლა, საგინებელი იყო... თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ამირან შალიკაშვილისთვის, რომ იგი კარგ ადამიანად, კარგ მსახიობად, კარგ რეჟისორად ჩამოყალიბებულიყო. პანტომიმის თეატრის დამაარსებელი და რეჟისორი, გასულ კვირას 79 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ესეც მისი დღიურები.
„…გახსოვთ, ალბათ, სოფლიდან ჩამოსული, უსახლკარო, მშიერ-მწყურვალი, მამით ობოლი ბიჭი როგორ წარვსდექი თეატრალური ინსტიტუტის მიმღები კომისიის წინაშე. მეკითხებიან: რატომ აბარებ თეატრალურ ინსტიტუტში?
– მინდა ჩემი თეატრი მქონდეს, – ვუპასუხე უტიფრად. კომისიის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს. არ დამცინეს, გაოგნებულები მიყურებდნენ მხოლოდ. – იცი რას ნიშნავს თეატრის შექმნა? – ვიცი. მომცეს რამდენიმე შეკითხვა თეატრის გარშემო. ვერც ერთზე ვერ ვუპასუხე... „მივიღოთ. ხომ შეიძლება, რამე გამოვიდეს ამ უნიჭოსგან... კომისიის წევრები სიცილით აიშალნენ. ვიღაცამ ჩაილაპარაკა: გიგა ლორთქიფანიძეს და ლილი იოსელიანს ვერ შეუქმნიათ თეატრი, ეს ვინ არის... მე იმ დროს ისიც არ ვიცოდი, ვინ იყვნენ გიგა ლორთქიფანიძე და ლილი იოსელიანი. მაინც მიმიღეს და ვერ მიხვდნენ, რომ დამღუპეს… ასეა თუ ისე, მე თეატრი მაინც შევქმენი. მივდივარ უმსახიობო თეატრში, უმაყურებლო თეატრში. შევდივარ. კაბინეტი არა მაქვს. დავდივარ მოუწესრიგებელ ვესტიბიულში, კულისებში, მსახიობთა საშინელ გასახდელში, პარტერში, სცენაზე, ვესაუბრები თეატრს: რა გინდა ჩემგან, ჩემო მტანჯველო, რა გინდა ჩემგან?.. მინდა თეატრი გავანადგურო, ცეცხლი წავუკიდო, მარტო ვარ და ამის უფლება მაქვს, რატომ? მარტო ვარ და რასაც მინდა, იმას მოვიმოქმედებ. ვიღაც მიკიჟინებს – ეს როგორ გაიფიქრეო. მერე რა, გავიფიქრე, შენ რამ შეგაწუხა… როცა თბილისში სისხლი იღვრებოდა, თეატრში ვიძინებდი და ვიღვიძებდი. ომი გრძელდებოდა, ისროდნენ, არავინ იბრძოდა, მხოლოდ ისროდნენ… მივხვდი, რომ ეს ომი ბავშვების თამაშს უფრო ჰგავდა. ერთხელ შინ გავათენე. დილით მოვედი და თეატრის უზარმაზარი ვიტრინა ჩალეწილი დამხვდა. გავვარდი და გამოვვარდი: „ჩემს თეატრს ხელი არ ახლოთ თორემ ჩაგხოცავთ“. ვისი ჩამხოცავი ვიყავი, მაგრამ ვიღაცამ გაიგო, რომ თეატრის გიჟი ვარ და იოსელიანმაც გიჟურად გასცა განკარგულება: „თეატრს ხელი არ ახლოთ, თორემ ჩემთან გექნებათ საქმე“. წავიდა და წავიდა, დრო მოიწამლა, ცხოვრება გაჭირდა, უთეატროდ დარჩენილ კედლებს ვეძებდი: ლამის გული გასკდა… პაუზა… ვიღაც შემოვიდა, ვიღაც გავიდა, კუბო მოიტანეს, ჩემს წინ დადგეს, ვუყურებ, ვყვირი, არავის ესმის… თბილისის ომი ჩემს თეატრშიც შემოიჭრა, შემოიჭრა კი არა, შემოვარდა. მსახიობთა სულიერი სამყარო შეიშალა. რახან ბრძოლაა, მოდი ჩევნს ხელმძღვანელს შევებრძოლოთო, – გაიფიქრეს და მის განხორციელებას შეუდგნენ. გერმანიიდან დავბრუნდი მეუღლით. მსახიობები, ვინც თან წავიყვანე, იქ დარჩნენ. აქ დარჩენილები ამიჯანყდნენ: ისინი სამოთხეში წაიყვანე, ჩვენ აქ, ჯოჯოხეთში დაგვტოვე, თითო გამოსვლაში ორმოცდაათ დოლარს თუ არ გადაგვიხდი, წავალთო… ბრძოლა რისი ბრძოლაა, თუ შენც ბრძოლით არ უპასუხებ. რეპერტუარს ვინარჩუნებ, სპექტაკლებში შემყავს ახალი მონაწილეები, ვარ აგონიაში, მინდა გადავრჩე. ჩემი გამოჩეკილებიც მანადგურებდნენ, ვიბრძოდი, რომ გადავრჩენილიყავი. სიტყვით რომ ვერ მოვერიე, ჩემს მოწინააღმდეგეებს კეტით ვერეკებოდი თეატრიდან. მოღალატეთა სიაში ჩემი მეუღლის ძმაც აღმოჩნდა. კეტით გავეკიდე. კიდევ კარგი, რომ შემაჩერეს, თორემ თავს გავუხეთქავდი. ყველას ჩემ მიმართ შური ამოძრავებდა. იქ – გერმანიაში დარჩენილებს და აქ – ეჭვით აღსავსე მსახიობებს. ჩვენს ჩხუბს ხშირად გამვლელები აშოშმინებდნენ. ვინც მიცნობდა, იცოდა, რაც მოხდა, ვინც არა და… ყველას მოვერიე, მაგრამ რა შემრჩა? ცარიელი თეატრი, აღარავინ იყო ჩემ გვერდით.
მსახიობები შემომეცალნენ, ჩემ გარშემო დარჩნენ დარაჯები, კიდევ ვიღაც-ვიღაცები და მოსაფერებელი ენის აქაფებას შეუდგნენ. ყველაფერს ვგრძნობდი, ვხედავდი, სივრცეში ვიყურებოდი – არა მომავლის, არამედ წარსულის სივრცეში… დროდადრო უხმაურო კივილი მესმოდა, ვკიოდი მეც, არა გადარჩენისთვის, არამედ ცეცხლის ჩაქრობისთვის, რომ იმ ქვაბში ყველა არ მოხარშულიყო. მოსახდენი მოხდა. მაინც მოხდა, ჩემი ყველა მსახიობი გაიწირა. ყოველ ღამე სიზმარს ვხედავდი, ვასაფლავებდი მათ, ვკიოდი, დილით მოვდიოდი და ყველანი ცოცხლები მხვდებოდნენ. ჯოჯოხეთური ღამეები იყო, დღეები – შედარებით კეთილი, მაგრამ იმ დღეებს სიმშვიდე არ მოჰქონდა. ვიცი გაჭირვება, ვიცი სულში ჩაფურთხება, ვიცი უწიხლო წიხლის ამორტყმა, ვიცი ჩხუბი, ნერვოზი, ხელის გარტყმა, ცრემლი, ტირილი... ვიცი, ყველაფერი ვიცი… მაშინ ვიღაცას ჩემთვის რომ ესროლა, დღეს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. მარტო ვარ. მარტო ვზივარ თეატრში. შემოდის ტიპი, მაგიდაზე დგამს კონიაკს, ჭიქებიც თვითონ მოაქვს, ჯიბიდან ამოთრეულ შოკოლადს ამტვრევს, მაგიდაზე ყრის და თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელოს სვამს, მაიძულებს, მეც დავლიო. ვსვამ, ერთი, ორი, სამი, ოთხი… ჩემი ყვირილით კედლები ზანზარებს: „გაეთრიეთ ჩემი თეატრიდან“, ისევ მარტო ვარ… გავრბივარ კარებს ვკეტავ… გარედან სროლის ხმები ისმის, შიგნითაც ისვრიან, ვფიქრობ, ყველაფერი გათავდა. ჩვენმა ტკივილმა ჩვენვე დაგვამარცხა. გული სკდებოდა… აგერ თანამედროვეობის კლასიკოსი მწერალი, ჩემი მეგობარი გურამ დოჩანაშვილი. უკან მივყვები, რომ ვინმემ ტყვია არ ესროლოს, ხომ შეიძლება, ვიღაცა შეცდეს. დიახ, შეიძლება, ბევრი რამ შეიძლება, მაგრამ ასე არ მოხდა. მე მივდევდი მას, ის ვერ მხედავდა, არც შეიძლებოდა, რომ დავენახე. დიდხანს ვდიე, როცა სამშვიდობოს გავიდა, ჩამორჩენა ვამჯობინე. მივდიოდი, ვფიქრობდი, თითქოს გმირობა ჩავიდინე. სამშობლო მაინც დაძონძილი პალტოთი მოსიარულე მწერალია. ერთ ღამეს მიხეილ თუმანიშვილი ვნახე სიზმარში. რეპეტიციას ატარებდა. მივედი, მივუახლოვდი, შემომხედა, დიდხანს მიყურა, მერე მიყვირა: შენ აქ რა გინდა, წადი! წამოვედი. გამეღვიძა. ფიქრმა შემაწუხა, რატომ წამოვედი. რატომ გამომაგდო, როცა ყოველთვის მიხმობდა. იქაც რეპეტიციას ატარებს, მე გამომაგდო, ალბათ, ჯერ აქეთ ვარ საჭირო. მოვა დრო და დამიძახებს… წავალ, წავალ, წავალ, გაიხარეთ… თეატრში – სიჩუმე, სახლში – შემკრთალ-შეშინებული სახეები. ჯიბეში – სიცარიელე, უფულობა, მაღაზიები – ცარიელი, პურის რიგებში – ხალხმრავლობა… შავმა ფერმა იძალა, მოაშავა ირგვლივ ყველაფერი… ბავშვებს რა ვაჭამო, არ ვიცი. მივტრიალდი, მოვტრიალდი, არაფერი გამომივიდა, დავრბივარ ქალაქში. ყველა თეატრი ცარიელია, ამ სიცარიელით გულს ვიმშვიდებ, მაგრამ ეს ხომ სისულელეა, თეატრი შენობა არ არის, თეატრი მსახიობია, რეჟისორია… ჩემში მომავლის იმედი გაჩნდა! თუ ცოცხალი ვარ, თეატრიც უნდა ცოცხლობდეს. ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო და მე ყველაფერს თავიდან ვიწყებ… მე ახალი თეატრის შქმნა უნდა დამეწყო, ვიცოდი ეს ათი წლის წამების გზა იყო, მაგრამ რა მექნა, სხვა გზა არ მქონდა. გამოცდილება მქონდა, მოთმინების უნარი გამაჩნდა, პროფესიონალიზმი პიკზე იყო ასული, ძალა და ენერგია მომდევდა, მთავარი იყო „რისკი“… სტუდია გავხსენი, პატარა „ლეტუჩკები“ მოვფინე ქალაქში, სკოლებში, მოვიდნენ ბავშვები… წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ჩემზე იყო ნათქვამი. სიყვარულს ვეძებდი, იქნებ ვინმე შევიყვარო, მერე რაღაცა ავაწყო, ჩემი გრძნობები გადავაწყო და სადმე წავიდე. თეატრი ბავშვებით აივსო, რამაც უსაქმოდ დარჩენილი ჩემი მსახიობებიც შემოაბრუნა თეატრში. რამდენიმე სპექტაკლი აღვადგინე, თეატრი გაცოცხლდა… ინსტიტუტს მივაშურე. სახელმწიფო ჯგუფზე უარი მითხრეს, კომერციულზე დამთანხმდნენ – ისე, ხათრით, ჩემდამი პატივისცემის გამო. უამრავი განცხადება შემოვიდა, გადასახადი დაბალი დავაწესებინე, დიდი ჯგუფი ავიყვანე, იმედი მომეცა – ალბათ, გადავრჩით. ბავშვები, ინსტიტუტში – კურსი… დაკარგულზე ფიქრი მომეხსნა, ანუ არ ვკვდებოდი, სიცოცხლე გრძელდებოდა… ყველაფერი უნდა შევატრიალო, როგორ და რანაირად, არ ვიცი, მაგრამ უნდა შევატრიალო… შემთხვევით ჩემს თითებს მოვკარი თვალი, კანი დახეთქილა და სისხლი მდის. გამიკვირდა. ასეთი რამ ორი წლის წინათაც დამემართა. ყურადღება არ მივაქციე. მეორე ხელზე დავიხედე – არაფერი ამდაგვარი. მაინცდამაინც მარჯვენა ხელზე ხდება ასე. ალბათ, მარჯვენა ძალიან იძაბება, სისხლი აწვება და გარეთ უნდა გამოჟონოს. ნერვიულობა სისხლის გამოჟონვას ნიშნავს. ალბათ, ეს პროცესი დამეწყო. თავი მინდა დავიმშვიდო, ჰაერი ჩავისუნთქო… თბილისში ისვრიან, მთაში ისვრიან, აფხაზეთში ისვრიან, სამაჩაბლოში ისვრიან, ჩეჩნეთში ისვრიან, ყველგან ისვრიან, იხოცებიან… ჩემი დღეები დათვლილი იყო, ახალგაზრდობის ასათვლელი. არც მე და არც მათ სიკეთის ნასახი არ გაგვაჩნდა, ომი მარტო ხალხს კი არ ანადგურებს, აზროვნებასაც აჩერებს. ყველა სახელმწიფო მეთაურს, პრეზიდენტს ომი უნდა – დამარცხებისა თუ გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში შედის. ახლა გუნებაში ვიგინები – სად არის მშვიდობა? არ ვიცი, – ვპასუხობ. ალბათ, ღმერთთან არის მშვიდობა. არავინ ჩემზე არ გაიცინოს, თორემ სიცილს ტუჩებზე შევაცივებ. მე რომ ამ ჟანრისთვის ომი გადავიტანე, მხოფლიო ომი მიმიქარავს. არავის უნდოდა, ეს ჟანრი საქართველოში დამკვიდრებულიყო… რუსები ამბობდნენ: „ის ძალიან დიპლომატიური რეჟისორია“ – არ ვიცი, რა დიპლომატიას გულისხმობდნენ, მაგრამ მე რომ რუსებს ვაჯობე, ცხადია. ჩვენ გვქონდა პანტომიმის თეატრი, მათ კი – არა… მოგონებები რომ გავაგრძელო, ფიქრიც დამიგრძელდება… “