№47 სიყვარული ყველას უნდა
ოღონდ არა ყოველთვის
წინასაარჩევნოდ ისეთი ამბები მოხდა ამ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ანუ ისეთებს შეუვარდათ ერთმანეთზე გული, აი, ყველაზე აღვირახსნილად თამამ ფანტაზიაში რომ ვერ წარმოიდგენდა, არათუ კდემამოსილი, ზღვარგადასულად მეოცნებეც კი.
ოღონდ მათი (სახელდობრ, გვარამია-ნათელაშვილის) სიყვარული (სავარაუდოდ, პოლიტიკური და არა მთლად ყოვლისმომცველი, ანუ ადამიანური) უფრო ადრე დაიწყო (იმაზე უფრო ადრე კი სიძულვილი ჩაისახა, მაგრამ, რაკი კლასიკოსებს უთქვამთ, ამ ორ გრძნობას შორის ერთი ნაბიჯიაო, სიყვარულიც იქვე ყოფილა ჩასაფრებული ტამერლანის ხმალივით) და ამიტომაც კარგა ხნის წინათ ამოთქვა საჯაროდ ნიკა გვარამიამ, თავის დროზე შალვა ნათელაშვილის რუსეთის აგენტად შემრიცხველმა, ეს კაცი (ანუ შალვა ნათელაშვილი) მიყვარსო. ამიტომაც „ლეიბორისტების“ თავკაცი ხშირადაც ესტუმრებოდა ხოლმე „რუსთავი 2-ის“ ეთერს.
მაგრამ იმ ერთი საბედისწერო ნაბიჯის გამო (აი – სიყვარულსა და სიძულვილს შორის რომ არის) ისევ სიძულვილი აღმოცენდა.
აქეთ – ბ-ნმა გვარამიამ ბრძანა, არჩევნების შედეგი “ლეიბორისტული პარტიის“, „გირჩისა“ და დავით უსუფაშვილის მხარდამჭერების ხმებმა (სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ) განაპირობაო. მომყავს ციტატა: „თქვენი ღალატის (აქვე ჩამოთვლილ სამთა) და ბიძინას ფულების კომბინაციამ გადაწყვიტა პრეზიდენტად ზურაბიშვილის არჩევა“.
იქით – ბ-ნმა ნათელაშვილმა დაარისხა ჩივილის ზარები (პირდაპირ ციტატას მოვიშველიებ): „ნიკა გვარამიამ ერთხელ სამშობლოს ღალატზე წამიყენა ოფიციალურად ბრალი. ახლა უკვე „ნაცმოძრაობის“ ღალატიც ჩამიდენია, თურმე... ვეუბნებოდი, უპირველესად, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას, რომ დაეჭირათ მხარი ჩემთვის, რის შედეგადაც პირველივე ტურში დავამთავრებდი ივანიშვილის რეჟიმს. მომისმინეს? მეტი არაა ჩემი მტერი.“
ხოლო, თუ ამას აქეთ-იქით „რესპუბლიკელებისა“ და ირ. ოქრუაშვილის სიყვარულის ბუშტებს დავამატებთ „ნაციონალური მოძრაობისადმი“, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაუსკდათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ წინ კიდევ ბევრი ღალატისა და გაყრა-შეყრის სცენები გველის, ასე რომ - მოვიმარჯვოთ ცხვირსახოცები.