№48 რატომ ვერ პოულობდა სიტყვებს გიორგი სუხიტაშვილი მასზე შეყვარებულ ქალთან ურთიერთობისას და ვისთან უწევს მას მუდმივად ბრძოლა
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სულ მალე მაყურებლის წინაშე ახალი კლიპით წარდგება, რომელიც მის პირველ სოლო ალბომში, „მისმინე მე“, შესულ სიმღერაზე, „აჩრდილივით სულ თან დაგდევ“, გადაიღო. სიმღერის არანჟირება დათო მალაზონიას ეკუთვნის, კლიპის რეჟისორია გვანცა მეფარიშვილი, ოპერატორები – ლევან ჯიშკარიანი, იგივე ბერძენა და ზურა რიჟამაძე. ვიზაჟისტები – ელა ვოინვარცი და კარინა ქარდავა, მონტაჟი – დათო მეფარიშვილის.
გიორგი სუხიტაშვილი: კლიპი შავ-თეთრია. ორი გოგონა თამაშობს, ნინუცა ბედოშვილი და ალინა ეფიმოვა. ერთია შავგვრემანი, უკარება, მკაცრი და მეორე – თეთრი, ნაზი, ჰაეროვანი. მინდოდა, ჩემი მონაწილეობა ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ გვანცა მეფარიშვილი, რომელიც კლიპის რეჟისორია, ძალიან გაჯიუტდა და მაინც გამომაჭენა. კლიპი მეგობრულია და არავის გვქონია კომერციული ინტერესი. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. გვანცას ინიციატივა იყო და მაჯანჯღარა, კლიპი გადავიღოთო, რადგან ზოგჯერ მჭირდება ხოლმე შეჯანჯღარება. კლიპში არის მოტოციკლეტის კადრი. „ნიუტონის“ ბასისტი, სანდრო ღელეყვა თავისი მოტოთი ბეთანიის გზაზე გავყინე. კლიპში არის ასევე, ცხენის კადრები, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო იპოდრომის ადმინისტრაციას, სალომე ლორთქიფანიძეს და ნინო ფირცხალავას, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ. ტექნიკურად ძალიან დამეხმარა დადუ ლომინაძე, რისთვისაც დიდი მადლობა მას. ერთი ლამაზი კაბაა კლიპში, რისთვისაც დიდი მადლობა თეა გუნთაიშვილს.
– შენმა შესრულებულმა სიმღერამ „ტრიალებს“ დიდი მოწონება დაიმსახურა.
– ეს იყო ბოლო, რაც გავაკეთე და ვფიქრობ, რომ ის სიმღერაა, რომელსაც ასაკი სჭირდება. 20 წლის ასაკში ამას ვერ ვიმღერებდი. როგორია, ღმერთს უწყრები კაცი?! იმდენად სასოწარკვეთილი ხარ, იმდენად იმედგაცრუებული. გამოცდილება გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენს გონებაში გააღვიძო ეს ემოციები. ადამიანმა ბევრჯერ შეიძლება, იგრძნოს თავი გარიყულად, ღმერთმაც რომ მიატოვა. რაღაც ეტაპზე ყველას აქვს უსამართლობის განცდა და ეს შეიძლება, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს დააბრალო.
– გიტირია?
– კი, ოღონდ არ მახსენდება, როდის, რადგან ძალიან მიჭირს ეს, ძნელია. ძალიან სერიოზული რამ უნდა მოხდეს, რომ ვიტირო. ყველაზე მეტად ჩემი ახლობლის გასაჭირს განვიცდი და მაშინ შეიძლება, რაღაც დამემართოს. შეიძლება, კაცმა არ იტიროს გასაჭირის დროს, მაგრამ როცა ეს ყველაფერი გადის, მერე მოზღვავებული ემოცია გაქვს, რომელსაც ვერ გააჩერებ. როცა სერიოზული გასაჭირია, ძალიან მობილიზებული ვარ ხოლმე, რობოტივით ვმუშაობ, ტვინი აჩქარებული მაქვს და ყველანაირი რესურსი – პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული. როგორც კი პრობლემა გვარდება, ავტომატურად ვდუნდები. შეიძლება, არ იტირო, მაგრამ უცნაური განცდა გეუფლება. ეს ემოცია თუ არ განგიცდია, ვერ მიხვდები, გული რომელ მხარეს გაქვს.
– როდის მიხვდი, გული რომელ მხარეს გქონდა?
– ღრმა ბავშვობაში. ბავშვობიდან ვაკვირდები ბევრ რამეს, დღემდე მახსოვს მაშინდელი ემოციები. ჩანახატებს ვწერ იმაზე, რაც მძაფრად მახსენდება. ბავშვობის მოგონებები ძალიან კარგად მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა სიმშვიდეს არ დაემთხვა, მაინც ძალიან კარგი გასახსენებელია. ყველაფერი მენატრება, ჩემი პატარა ხელები, ემოციები, გაპარვა საბანაოდ, ბაღებში ძრომიალი, რაღაცების მოპარვა. არასდროს დამავიწყდება, ერთმა კაცმა მე და ჩემს მეგობარს ქვა რომ გვესროლა – რაღაც მოვწყვიტეთ მის ბაღში. დღემდე ცუდად მახსოვს ეს ფაქტი. რომ ვწერ, მერე ყველაფერი მახსენდება, გაუხსენებელი ფაქტებიც: სახლი ისევ ისეთია, ქათმები, ძროხები, ფეხის გაჭრა, ყველაფერი დეტალურად მახსენდება.
– როდის დაიწყე წერა?
– დაახლოებით, 4 წლის წინ. მაშინ დიდ დიღომში ვცხოვრობდი, ფანჯარაში გავიხედე, პირველი თოვლი მოსულიყო, ავიღე ლეპტოპი და დავიწყე წერა.
არავის ვაჩვენებდი. დღემდე სიმღერებს ვწერ და არავინ იცის – ძალიან მრცხვენია. ძიების პროცესში რომ ხარ, ყველაფერს ეპოტინები.
– კიდევ რისი გრცხვენია?
– ბევრი რამის, მაგალითად, ბევრი ხალხის. სცენა ყველაზე კომფორტული ადგილია. სხვა დანარჩენ სიტუაციებში მორიდებით ვარ. ბევრჯერ მიფიქრია, რა მიქმნის ამ კომპლექსს. არ ვიცი, მაგრამ არ მიყვარს უცხო ხალხში მარტო ყოფნა. თუმცა, მარტოობის არ მეშინია.
– არ მოგბეზრდა მარტო ცხოვრება?
– არა, მარტო ცხოვრება ძალიან კომფორტულია.
– გიფიქრია იმაზე, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ მარტოობის დათმობა მოგიწევს?
– წინასწარ არაფერს ვალაგებ. როგორც უნდა დაალაგო, როცა ოჯახზე იწყებ საუბარს, მინიმუმ, მეორე ადამიანიც ხომ უნდა განიხილო. შესაბამისად, დაალაგო ყველაფერი და მისი არაფერი გაითვალისწინო, ეს სისულელეა. მარტოობასაც შეველევი, გააჩნია, როგორი ადამიანი იქნება. აქ შესალევიც არაფერია. როგორი კომფორტული ადამიანიც უნდა გყავდეს გვერდით, რაღაც ეტაპზე ყველას უჩნდება სურვილი, მარტო დარჩეს, გაანიავოს გონება, თუნდაც ჩუმად იყოს. მუსიკაში პაუზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რესტარტივით არის, ასეა ცხოვრებაშიც. სიჩუმე ძალიან მიყვარს, ამ დროს ვფიქრობ.
– რა არის ისეთი რამ, რაც შენზე არ ვიცით?
– ნუმიზმატი რომ ვარ, ეს იცი? მონეტებს ვაგროვებ. ფულის გარდა ყველაფრის შეგროვება გამომდის. სასმელების კოლექცია მაქვს კიდევ. ბრძოლები აქვთ ჩემს მეგობრებს, ჩემს ძმას, მაგრამ არ გამოსდით.
– რას ებრძვი საკუთარ თავში ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტი ბრძოლა საკუთარ თავთან მაქვს და ჯერ ვერ მოვუგე, ვერ ვმართე კარგად. მესამე პირში რომ ვისაუბრო საკუთარ თავზე – ხანდახან ზედმეტად უკომპრომისოა, ზედმეტად მომთხოვნი, მაქსიმალისტი, ხისტი... სიფიცხე იმდენი აღარ მაქვს, თუმცა სიტუაციას გააჩნია. მომწონს, რომ სამართლიანია, ცდილობს არავის უფლება არ შელახოს და არც არავის შეალახინოს. მარტივი ვერ ვარ და მეზიზღება, როდესაც მეუბნებიან, უჟმური ხარო. ამას ხშირად მეუბნებიან და ძალიან ვღიზიანდები. ვერ ვარ ტიპი, რომელიც ვინმეს სადმე უძვრება, არ ვარ ზედმეტად ღლაბუცა, უწუ-პუწუ ტიპი. საქმეში, პირად ურთიერთობაში არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი, თუ არ ვხუმრობ, ბევრს არ ვლაპარაკობ.
– სიყვარულს უფრო მეტად საქმით ამტკიცებ?
– ზოგადად სიტყვას „მიყვარხარ“ წკეპლასავით აქეთი-იქით არ უნდა იქნევდე. თუ მარტო ხართ, რატომაც არა. უბრალოდ, როცა დასანახი ხდება, მაშინ არ არის საჭირო. ზოგადად, ორივეს სურვილზე უნდა იყოს დამყარებული, ერთმანეთს პატივი უნდა სცენ.
– რომანტიკულიც ხარ?
– კი, ვარ. თუმცა ასეთ რაღაცებზე საუბარი არ მიყვარს, მრცხვენია. ეს არის ჩემი სისუსტე. ყველაფრის კეთებას უნდა პეწი, ფორმა, რომ სიქაჯე, სიგოიმე არ გააკეთო.
– აჩრდილივით ვინმესთვის გიდევნია?
– არასდროს არავისთვის მიდევნია. ყოველთვის პირდაპირი ვარ და არ მიყვარს, როცა კომუნიკაცია ცალმხრივია. საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა ვიღაცას საკუთარ თავს ვთავაზობ. ურთიერთობის დასაწყისი გასაგებია, მაგრამ თუ არ აეწყობა, მალევე გავეცლები ხოლმე. არ მსიამოვნებს, როდესაც ვინმეს ვეტენები. პირდაპირი კომუნიკაცია მიყვარს. ჩემთვის ავტორიტეტები არ არსებობს. მიყვარს შენობით მიმართვა, განსაკუთრებით, როცა რაღაც შეხვედრაა. ჩვენ ადამიანები ურთიერთობას ნულიდან ვიწყებთ. ჩვენ ერთი სასტარტო პოზიციით დავიწყეთ: დავიბადეთ... და ვკვდებით. ყველა დავდივართ საპირფარეშოში და ვიკვებებით. როცა ადამიანები ადამიანის ტყავიდან გადიან, ყოყლოჩინობენ, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ბევრს მე ასეთი ვგონივარ, რადგან არ ვარ ზედმეტად კომუნიკაბელური, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის მანტია გავიხადე. ამ დროს, ყველაზე ადამიანური ვარ, რადგან არავის ვეპრანჭები იმის გამო, რომ მეტი ყურადღება მომაქციონ ან დამალაიქონ.
– როცა გიყვარს, მაშინ ხშირად ავლენ სისუსტეებს?
– სისუსტეები მხოლოდ იმ ადამიანის მიმართ გამოიხატება.
– შენ თუ გისარგებლია ქალის სისუსტით, თუნდაც მისი შენდამი გრძნობით?
– როცა ჩემ მიმართ ქალს გრძნობა აქვს, ყველაზე ხშირად მაშინ ვდგავარ შორს. საშინელი განცდაა. არასდროს მიჭირს სიტყვის მოძებნა, რომ სიტუაციიდან გამოვძვრე. როცა ადამიანს უყვარხარ, არ იცი, როგორ უნდა უთხრა, რომ შენ სხვაგან ხარ. ნებისმიერი შეხება მისთვის მტკივნეულია. ხისტი ვარ, პირდაპირი და ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი, როგორ ვუთხრა. თუმცა ბოლოს მაინც მითქვამს.
– წეღან ახსენე, რომ შენს კლიპში ორი გოგონას ტიპაჟი თამაშობს – ერთი უკარება, ჭკვიანი, ლიდერი, მკაცრი, მეორე – უფრო ნაზი, თავდაჯერებული, ჰაეროვანი. შენ როგორი მოგწონს, თუ მათი ტანდები უკეთესია?
– არავინ იცის, რა და როგორი მოგეწონება. მე მიყვარს ჭკვიანები, რომლებიც თავის თვისებებით ლიდერები არიან. უტვინო ადამიანი როგორ უნდა მოგეწონოს, ზოგს სამართავად მოსწონს ასეთები. მე ცხოვრებაში სირთულეები მხიბლავს.