კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რა რთული პერიოდი გამოიარა ოჯახის დანგრევის შემდეგ მაკა ძაგანიამ და რატომ არ დაუშლის ის შვილს საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრებას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თინა „ჩემი ცოლის დაქალებს“ დაუბრუნდა. ახალ სეზონზე, ნინას ავადმყოფობის გამო, მოვლენები საკმაოდ ემოციურად ვითარდება და ყოველთვის ყველაფრისმცოდნე თინაც კი ცოტა დაბნეული ჩანს. როგორ მოიქცეოდა მის ადგილზე მაკა ძაგანია და შეუძლია თუ არა კულმინაციურ მომენტში საკუთარი თავის კონტროლი, მისგან შეიტყობთ.
მაკა ძაგანია:  თინას სერიალში დაბრუნება სპონტანურად მოხდა. საკმაოდ ხანგრძლივი წყვეტა გამოვიდა. ერთად დიდი ხანი აღარ გვიმუშავია გოგოებს, „დედაჩემთან“ ერთად სცენებიც მონატრებული მქონდა და ამ ყველაფრის განახლება ძალიან სასიამოვნო იყო.
– ნინას მდგომარეობის გამო საკმაოდ ემოციური სცენები გაქვთ. რეალურ ცხოვრებაში თუ გქონია მომენტი, როცა საყვარელი ადამიანი მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილა და შენი თანადგომა დასჭირვებია.
– რაღაცები ყოფილა, მაგრამ ნინას პრობლემა გაცილებით დიდია. ამიტომ ეს მდგომარეობა ჩემთვის ნაცნობი არაა და ალბათ, ძალიან მძიმე მომენტია. ჩანს კიდეც, რომ კატო და თინა ძალიან განიცდიან. რთულია, როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება და მით უმეტეს, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი და არა კატოს მორიგ სასიყვარულო თავგადასავალზე.
– შენ რამდენად ემოციური ხარ რეალურ ცხოვრებაში?
– ბავშვი რომ წაიქცეს და რამე დაიზიანოს, შეიძლება, თავი ხელში ავიყვანო და ყველაფერი გავაკეთო, რისი გაკეთებაც შეიძლება. ელემენტარულ სიტუაციებში გამომდის ხოლმე მობილიზება, თუმცა ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე ვკვდები. მაგრამ, საერთოდ, ძალიან პანიკიორი ვარ და თინას მსგავს სიტუაციაში მგონია, რომ ნერვებს ავყვები და მე უფრო მოსასულიერებელი გავხდები.
– პანიკიორობა რაში გამოიხატება?
– ყველაფერზე ვნერვიულობ. ბავშვი არ წაიქცეს, თავი არ დაარტყას, ვირუსი არ შეხვდეს და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფერს ისე ძალიან განვიცდი, ზოგჯერ ქმარი მეუბნება: მაკა, აბა, ახლა გონს მოდიო (იცინის).
– გიორგი უკვე გაიზარდა, როგორი ბიჭია?
– ძალიან საყვარელი ადამიანია. ენერგიულია და როგორც ყველა ბავშვს, ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ნიჭით ვერ გამოირჩევა (იცინის). ოთხი წლის ხდება და დათვლა ვერ ვასწავლეთ. თან, იცის, რომ ამაზე ვბრაზდებით და მგონი, ჯინაზე იქცევა. როცა ხვდება, ვღიზიანდებით, სიცილით კვდება. ლექსებსაც არ სწავლობს. ვეხვეწები ხოლმე, მაგრამ ცოცხალი თავით არ უნდა. ბაღში რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებს და სავარაუდოდ, ჩემგან სწავლის პროცესი არ მოსწონს. თვითონ თამაშით სწავლობს რაღაცებს. რუსულად ისე ლაპარაკობს, რომ გაგიკვირდება. მულტფილმებიდან ისწავლა და ისეთ სიტყვებს იყენებს, რომ მიკვირს, კარგად უნდა იცოდე ენა, რომ მათი მნიშვნელობა გაიგო.
– უფროსი რამდენი წლისაა?
– უკვე დიდი გოგოა, 18 წლის. წელს ჩააბარა და კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობს ფსიქოლოგიურზე. პარალელურად, სტაჟირებას გადის და ძალიან კმაყოფილია თავის აქტივობებით.
– ხასიათით როგორი გოგოა?
– მძიმე (იცინის). თავიდან ასაკს ვაბრალებდი, მაგრამ მგონი, ეს არაფერ შუაშია და ხასიათი აქვს ასეთი. ძალიან საყვარელია, მაგრამ თავნებაა, რასაც იტყვის, ის უნდა გააკეთოს და თუ რამე არ უნდა, ვერაფრით გააკეთებინებ. ცოტა ზარმაცია, უნდა ყველაფერი მარტივად მოხდეს მის ცხოვრებაში. სწავლის შემთხვევაშიც ასე იყო. ვეუბნებოდი, ვერ ჩააბარებ და ვერ გააგრძელებ ცხოვრებას, ასე თუ იზარმაცებ-მეთქი. მაგრამ რაღაც შედეგის მისაღწევად მინიმალურიც ყოფნის. საკმაოდ ნიჭიერი ბავშვია და შედეგს იღებს, მაგრამ სულ ვსაყვედურობ, ცოტა მეტი რომ გაგეკეთებინა, ხომ უკეთეს შედეგს მიიღებდი-მეთქი. ალბათ, იმ ასაკშია, როცა ყველას გართობა გვირჩევნია.
– სიმკაცრის გამოჩენას ცდილობ ხოლმე?
– გაიარა ის პერიოდი, როცა სიმკაცრე უნდა გამომეჩინა და ახლა უკვე იმდენად სხვა ურთიერთობა გვაქვს, სიმკაცრე აღარ გამოდის. თავიდანვე ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და ხანდახან ავიწყდება ხოლმე, რომ დედა ვარ და სხვანაირად უნდა მელაპარაკოს. ვჩხუბობთ, მაგრამ როგორც დაქალები. 19 წლის ვიყავი, როცა გავაჩინე. ერთად გავიზარდეთ და უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
– როცა ბიჭებს ეხება საქმე, გულახდილია?
– კი, გულახდილია და სულ მეუბნება, რა მოსწონს, ან რა აწუხებს. რასაც მიყვება, ძალიან ჩვეულებრივად ვიღებ, და ალბათ, რჩევებსაც ისე ვაძლევ, როგორც მეგობარს. მეგონა, ჩემი შვილისთვის ისეთი დედა ვიქნებოდი, რომ არასდროს არავინ მომეწონებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მაქვს მსგავსი დამოკიდებულება.
– ამ ასაკში იყავი, როცა ოჯახი შექმენი. როგორი დამოკიდებულება გექნება, ეს ნაბიჯი რომ გადადგას?
– ნუცა იმდენად სხვანაირი ადამიანია, მისგან ამ ნაბიჯს არ ველოდები. თუმცა, ასე რომ მოხდეს, ალბათ, ვეტყვი, რომ ცოტა ხანი ბავშვის გაჩენისგან თავი შეიკავოს. თანაცხოვრების წინააღმდეგი არ ვარ. თუ მერე მიხვდებიან, რომ გაგრძელება უნდათ, გააგრძელებენ, თუ არადა, ურთიერთობის დასრულებაც არაა პრობლემა. მაგრამ, როცა ბავშვი ჩნდება, მერე ურთიერთობის დანგრევა რთულია. თუნდაც ნუ დაარქმევ ცოლქმრობას, უბრალოდ, უნდა სცადო, გინდა თუ არა ამ ადამიანთან ცხოვრება. ეს რომ აგიკრძალონ, სხვა ფორმით მაინც გააკეთებ და რატომ?! ადრე არ იყო დაშვებული ეს ყველაფერი და იმიტომ იყო, რომ 18 წლის ასაკში ქმნიდნენ ოჯახს. ახლა გვაქვს შანსი, ისე ვიცხოვროთ, როგორც ჩვენ გვინდა. მე ასე ვთვლი, შეიძლება, მცდარია და ბევრმა გამკიცხოს ამის გამო, მაგრამ თუ მას აქვს სურვილი, იცხოვროს საყვარელ ადამიანთან ერთად, იცხოვროს. ორი ადამიანის თანაცხოვრება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ ამ ასაკში ბავშვის გაჩენა სხვა თემაა.
– რამდენად ძლიერი ქალი ხარ?
– ძლიერი ხარ, როცა ცხოვრებაში საკუთარი თავის იმედი გაქვს და მიმაჩნია, რომ მე მყარად ვდგავარ ფეხზე. ბევრი რამ გამოვცადე და თუ საჭირო გახდა, ბევრისთვისაც მზად ვარ. ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი. მარტო გავზარდე პირველი შვილი, ბევრი სირთულის გამოვლა მომიწია და ვიცი, რომ პრობლემებთან გამკლავების უნარი მაქვს. თუმცა ძალიან სასიამოვნოა, როცა ცუდ ხასიათზე ხარ, შენი საყვარელი ადამიანის კალთაში ჩარგო თავი და იტირო. იმიტომ კი არა, რომ ტირილის გარეშე ვერ გაძლებ, იმიტომ, რომ ცუდი ემოციებისგან დაიხარჯები და მერე ყველაფერი უფრო ნათელ ფერებში რჩება. არა მგონია, სისუსტე იყოს, როცა მეორე ნახევრის იმედი გაქვს და შეგიძლია, რაღაც მომენტში მოდუნდე. პირველ შვილთან იმდენად მარტო ვიყავი, მოდუნების უფლება არ მქონდა. მიჭირდა თუ არ მიჭირდა, ყოველთვის ძალიან ძლიერი ვიყავი. აქ მაქვს მოდუნების საშუალება და ანალოგიურად, მასაც. ეს ძალიან კარგია, ხანდახან დასვენების უფლებაც ხომ გვაქვს?! კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შეგიძლია, ცოტა ხნით შენი პრობლემა გადააბარო.
– განვლილი ცხოვრებიდან ყველაზე რთულად რომელი პერიოდი გახსენდება?
– პირველი ოჯახის დანგრევა. იმიტომ კი არა, რომ ოჯახი დამენგრა. იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი. ოცი წლის წლინახევრის ბავშვთან ერთად მარტო დავრჩი. ძალიან ცუდი პერიოდი იყო. ჯერ მამაჩემი გარდაიცვალა და მერე მალევე გავშორდი ქმარს – ყველაფერი ერთად მოხდა და უცბად სამი გოგო დავრჩით. დედაც ძალიან ძლიერი ადამიანია და ყველაფერში გვერდით მედგა. უხეშად რომ ვთქვა, „გავქაჩეთ“ და ის რთული წლები გადავიტანეთ.
– ოჯახის გოგო უფრო ხარ თუ კარიერისტი?
– ოჯახის. ოჯახისთვის ბევრ რამეს დავთმობ. დავუშვათ, მეუღლემ რომ მომთხოვოს, შენი მსახიობობა არ გამოვა და უნდა დაანებო თავი ამ საქმესო, რა თქმა უნდა, პროტესტი მექნება. მაგრამ თუ ლოგიკურად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ოჯახს ასე სჭირდება, არჩევანს მის სასარგებლოდ გავაკეთებ.
– შვილებს არ აქვთ მსახიობის მონაცემები?
– უფროსი თეატრში გაიზარდა, გიჟდებოდა ამ ყველაფერზე და ამიტომ სულ მეშინოდა, რომ ამ პროფესიას აირჩევდა. შეიძლება, ყველა პროფესიაში ასეა – ან გაგიმართლებს ან – არა. მაგრამ მსახიობის საქმე მაინც ძალიან დაუნდობელია. ბევრს მოითხოვს შენგან და შეიძლება, უკან მინიმუმი დაგიბრუნოს. შეიძლება, ბოლომდე იხარჯებოდე, მაგრამ არასდროს გაგიმართლოს. ნიჭი არ იკარგება, მაგრამ დღეს ჩვენთან ისეთი ნიადაგია, ამ სფეროში ყველაფერი ძალიან მდორედ მიდის. რთულია დღეს საქართველოში მსახიობობა – რაც უნდა წარმატებული იყო, მაინც მათხოვარი ხარ. რეალურად, შემოსავალი არ გაქვს. „თქვენ რა გიჭირთ, ტელევიზორში ჩანხართ...“ როგორ არ მიჭირს, ოცი თეთრი არ მქონია, რომ მათხოვრისთვის ჩამეგდო კი არა, პურის ფულისთვის დამემატებინა. ეს რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. სხვა პროფესიაში  რომ ვყოფილიყავი ისეთივე წარმატებული, როგორიც აქ, დღეს ბევრად კარგად ვიცხოვრებდი. ამიტომ არ მინდოდა ჩემი შვილი მსახიობი ყოფილიყო. უმცროსი ოთხი წლისაა და სანამ მისი პროიფესიის არჩევის დრო მოვა, თუ შეიცვალა ჩვენი რეალობა – კი, ბატონო.
скачать dle 11.3