№48 როგორ გაატარა ნუგზარ რუხაძემ ოდრი ჰეპბერნთან ერთად ერთი დღე და რატომ გარბოდა ის თავქუდმოგლეჯილი ქალებისგან
სახელი: ნუგზარი.
გვარი: რუხაძე.
პროფესია: ჟურნალისტი, მთარგმნელი, პედაგოგი.
– ბავშვობის მოგონება.
– ბავშვობა ჭრელი და მდიდარი იყო. ზოგი რამ – სასაცილო, ნაღვლიანი, სევდიანი. მამა იმერელი მყავდა, დედა – გურული. მშობლებს ბავშვები ზაფხულობით სოფელში მივყავდით. ვიწყებდით ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარიდან. იქიდან გადაგვიყვანდნენ გურიაში, ჩოჩხათში. როგორც წესი, ყველა ზაფხული ერთმანეთს ჰგავდა. აუცილებლად უნდა წავეყვანეთ ბახმაროში, მთაში, იქ გვეჭამა კარაქი და თაფლი. მერე მივდიოდით ქობულეთში. მახსოვს, ერთხელ, ოდის გვერდზე, სიმინდებში ჩავიმალე და ჩემთვის ვთამაშობდი, ვჩიჩქნიდი რაღაცას. დედაჩემმა დამიწყო ძებნა, მეძებს ერთი საათი, ეზო ხეხილით იყო სავსე და პოვნა ასე ადვილი არ იყო. ყველაფერი მესმოდა, მაგრამ არ გამოვდიოდი. ეგონათ, მდინარეში ჩავვარდი ან წისქვილმა ჩამიყოლა. ამ დროს სიმინდმა გამიჭრა ხელი, სისხლი რომ დავინახე, ავკივლდი და გამოვედი. დედაჩემმა კიდევ დამიმატა. ერთხელ, მახსოვს, იმერეთში ვიყავი, ცეცხლზე ნადუღი კეთდებოდა, იმდენი ვუჩხიკინე ამ ქვაბს, რომ ბოლოს გადმოვარდა და ზედ დამემხო. დავიწვი, გავუბედურდი, ჩამწვა უხერხული ადგილები, სასწრაფო იქ არ იყო, დამაფინეს რაღაც ფოთლები, ძლივს გადამარჩინეს. ცხენის ზურგს არ მოვშორებივარ, ცხენის ფერებაში ვარ გაზრდილი. ჩიჩვირზე მიყვარდა ხელის მოკიდება, იმერეთში ბაბუაჩემს ყოველთვის ჰყავდა კარგი ცხენები. მოიყვანდა ცხენს და იმ წუთში მოვახტებოდი, გავაჭენებდი, ერთხელ ახალი ცხენი გაქაფული მოვიყვანე სახლში. დამემუქრა, რომ ცხენს აღარ მაღირსებდა. ცხენიდან ცხენზე ვხტებოდი. დაშავებულიც ვარ ბევრჯერ, მაგრამ ამას ვინ დაგიდევდა. ამ ყველაფერს თავის ეშხი, თავის პეწი ჰქონდა.
– მეტსახელი გქონიათ?
– მამაჩემს უყვარდა ჩემთვის ნუკრის დაძახება, ახლაც ყურებში მაქვს, კარგად მახსოვს, როგორ მომმართავდა.
– რისი გეშინია?
– ავადმყოფობის. სიკვდილის ყველას ეშინია, სიკვდილზე ფიქრი რომ მომივა თავში, მაწუხებს და იმ წუთშივე კარში ვაგდებ – რომ მაწუხებს, ესე იგი, მეშინია და ამ ფიქრს ამიტომ არ ვიკარებ. დილით რომ ავდგები, თუ არაფერი არ მტკივა უბედნიერესი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მოვიდა ეგ დრო, როცა ამაზე ფიქრობ. თუ ავად გავხდი, უნდა გავჩერდე, ვერ დავწერ, ვერ წავიკითხავ, სიყვარულს ვერ განვახორციელებ, ფულს ვერ გავაკეთებ, პრაქტიკულად, უნდა გავჩერდე, ამიტომ ვცდილობ, თავს მოვუარო, რომ არ გავჩერდე.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– ქრისტიანის საქმეა მიტევება. მეორე ლოყის თეორიის მჯერა, ისევე როგორც ოქროს შუალედის მჯერა, მე ძალიან ხშირად მიმიტევებია ადამიანებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთვის ასევე ხშირად არ მიუტევებიათ. ურთიერთობის შემსუბუქებისა და ბოღმისგან გათავისუფლების მჯერა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფრის პატიება არ შეიძლება, მაგალითად, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ღალატის პატიება. ადამიანის დიადი თვისებაა მიტევებისა და პატიების შეგრძნება. მე რომ შემეძლოს, იდეალურად დავალაგო ცხოვრება, ალბათ, პატიებას დიდ გასაქანს მივცემდი, მიტევების მომხრე ვარ.
– რისი გწამთ?
– მწამს ურთიერთობაში ერთგულების, შემწეობის, ადამიანის დახმარების, გვერდში დადგომის, მისი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანის. რაც შეეხება ღვთის რწმენას, მე გავიზარდე ათეისტურად. რომ დავიჩემო, დიდი მორწმუნე ვარ-მეთქი, მოვიტყუები, რადგან ჩემი თავი მყავს დაჭერილი, რამეს თუ გავივლებ გულში და არ შეესაბამება წესიერ საქციელს, თავს ვიკავებ, იმიტომ რომ ღვთის რისხვის მეშინია... გამოდის, მწამს.
– რა გწყინთ?
– საშინლად მწყინს, რომ მატყუებენ. ხანდახან მეც ვიტყუები, ადამიანს რაღაც რომ არ ვატკინო. ჩემი მოწაფე აუდიტორიაში რომ მატყუებს, მწყინს, სულელი რომ ვგონივარ, ანუ, ჩემს ინტელექტუალურ სიმაღლეს ვერ აფასებს. ჰგონია, რომ ჩემი მოტყუება შეიძლება. ნუ მომატყუებ და მე გაგიგებ, ტყულს არ მისცე ნება, რომ ჩვენ შორის იაროს.
– როდის ყვირით?
– სულ ვჯღავი. ხანდახან ისეთ დროს ავყვირდები, მერე ჩემს თავს ვეუბნები, რა გაჯღავლებს, შე უბედურო-მეთქი.
– რა გესიზმრებათ?
– მამაჩემი თუ დამესიზმრა, ავად გავხდები. მამა ყოველთვის იმ ბოლო დღეებში მესიმზრება, როცა ავად იყო და ჩემს თვალწინ მიდიოდა ამ ქვეყნიდან. მაშინ 15 წლის ვიყავი. გუშინწინ დამესიზმრა, რომ სადღაც, ვაკეში ვიყავი, მანქანა იდგა, რომელშიც თითქოს, შიგ მამაჩემის ცხედარი შეასვენეს. ეს ჩემი ბავშვობის იმდენად მძაფრი შთაბეჭდილებაა, რომ ხშირად მესიზმრება, არ მშორდება ეს ამბავი.
– რას ღალატობთ?
– რომ დამკლა, არ ვუღალატებ მეგობარს, ჩემს საქმეს, სინდის-ნამუსს, იმიტომ რომ მერე უნდა ვიტანჯო. რაც შეეხება, მიღალატია თუ არა პარტნიორისთვის, საპირისპირო სქესისთვის, მე ამ შეკითხვაზე პასუხის არგაცემა მირჩევნია. როცა ადამიანს ჰგონია, რომ მიღალტია ზუსტად მაშინ არ მაქვს ნაღალატევი და როცა ჰგონია, რომ არ მიღალატია, მაშინ მიღალატია. რომ მეუბნებიან, მაშინ უფრო ვღალატობ. მე ეჭვიანობის მსხვერპლი კაცი ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება ეჭვიანობისგან მტანჯავენ. ეჭვიანობა, ეს არის ავადმყოფობა, რომელიც ანადგურებს ადამიანს, ანადგურებს ურთიერთობებს, კარგი ცხოვრების პერსპექტივებს და საერთოდ, ბოლომდე ამოძირკვავს ბედნიერების შეგრძნებას. თავად მე ვფიქრობ, რომ არ ვარ ეჭვიანი. დავუშვათ, მიღალატა ქალმა, რომელიც მიყვარს, ჩემი პასუხი ასეთი იქნება: ახია შენზე, წავედი... მე ხელს არ გავისვრი სუსტი სქესის ცემა-ტყეპაში.
– იყო თქვენს ცხოვრებაში მტკივნეული განშორებები?
– ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი მომენტი, როდესაც მოვტრიალებულვარ, წავსულვარ. მერე ამას მოჰყოლია ისტერიკა, უბედურება... დავშორებივარ ძალიან დიდი ტკივილებით, რომელიც არ გავიწყდება. იცით, რა თვისება აქვს ურთიერთობებს? ბოლომდე არ მიდიან. მე რამდენჯერ ვარ გაშორებული, მაგრამ განშორება ბოლომდე არ ხდება, ყველა იქვეა, სადაც იყო, ოღონდ რაღაც ფორმა იცვლება, ვერ შორდები, ვერც გონებრივად, ვერც სულიერად, ის სადღაც მაინც ეხება. ეს განსაკუთრებით ცოლქმრულ ურთიერთობებს ეხება. ეს არის ძალიან დიდი ნგრევის, მიწისძვრის პერიოდი, ადამიანებს ვურჩევდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდნენ, თუ ძალიან მაგრად არ უყვართ. როცა გიყვარს, გული გწყდება დაშორებაზე და ოჯახს არ ანგრევ. ბედნიერი ვინ არის? ვინც ერთხელ შეირთავს ცოლს და ისე უყვარს ეს თავისი ცოლი, რომ არსად იხედება, ანუ თავპირის გლეჯით ლოგინისკენ მიემართება და იქიდან არ დგება. არის ხალხი, რომელთაც ღმერთი ამით წყალობს. ეს იდეალურია. არ არსებობს ადამიანი, გაშორებით რომ ბედნიერი იყოს, თუ რაღაც სასწაულთან არ გაქვს მართლა საქმე.
– მეუღლესთან გაშორება გინანიათ?
– პირველ ოჯახს არ უნდა დავშორებოდი, რადგან აღმოჩნდა, რომ სისულელე იყო. უნდა ვგდებულიყავი ჩემთვის და კარგად ვიცხოვრებდი, მაგრამ რამდენად ბედნიერი ვიქნებოდი, ეს მეორე საქმეა. ადამიანს ბედნიერების უნარი სჭირდება, ბედნიერების ან სიყვარულის სურვილი არ არის საკმარისი, ბედნიერებისა და სიყვარულის უნარი უნდა გქონდეს. ღვთისგან ბოძებული უდიდესი უნარია, სიყვარულისა და ბედნიერების განცდა გქონდეს და ვისაც ეს ცვალებადი აქვს, ვისაც ეს არ აქვს მკაფიო, მძაფრი და პერმანენტული, ჩემი აზრით, ის ნაკლებად ბედნიერია. სიყვარულია ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია, ბედნიერება გაგრძნობინოს. ის, რასაც საფუძვლად სიყვარული არ უდევს, ზედაპირულია და ვერ გაგრძნობინებს, რომ შენ ცხოვრობ, შენ გინდა, შენ იღვწი, შენ იწვი, შინაგანად გახარებული ხარ.
– გშორდებოდნენ თუ შორდებოდით?
– უფრო ხშირად მე გავრბოდი ქუდმოგლეჯილი.
– სიყვარულს წესები აქვს?
– სიყვარულს კი არ აქვს წესები, სიყვარულის პერფორმანსს აქვს წესები, სიყვარულის შესრულებას სჭირდება ტაქტი და წესები. მათი დაცვის გარეშე შეიძლება, ვერც შეინარჩუნო, იმიტომ რომ გაბრაზდება და წავა.
– სიყვარულში თავი დაგიკარგავთ?
– ცხოვრებაში იყო ასეთი მომენტები, რომ გადავვარდნილვარ, როცა სიყვარულს წყობიდან გამოვუყვანივარ, კვანტიც დაუდია, არასწორი საქციელი უკარნახია, კალაპოტიდან ამოვუგდივარ. ჩამიდენია ისეთი რაღაცები, რაც გაწონასწორებულ, გონიერ კაცს დალაგებულ ჭკუაზე არ შეეფერება.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივე არ არის. ისინი ერთმანეთის გარეშე არსებობენ, მაგრამ ერთმანეთს ამკობენ. სიყვარული ვნების გარეშე, ალბათ, უფერული იქნებოდა, ვნება უსიყვარულოდ – მავნე. ამიტომ მე ვარ მომხრე, როდესაც სიყვარული და ვნება უნისონში ერთად ამკობენ ადამიანის სულს და ხორცს.
– რა არის ქალი თქვენთვის?
– ქალი ჩემთვის არის ზუსტად ის, რისთვისაც თავის დროზე ღმერთმა შექმნა ადამისა და ევას ურთიერთობა. ვფიქრობ, რომ მოპირდაპირე სქესის მიმართ არასწორი განწყობა უეჭველად ბუმერანგივით დაგიბრუნდება და რაღაცას დაგიშავებს. სწორი განწყობა კი ნიშნავს იმას, რომ შენ გვერდით მყოფი ქალი შენი წყალობით, შენი მოქმედებით, შენი რუდუნებით, შენი მარიფათით უნდა იყოს ბედნიერი და რაც მთავარია, არასდროს მოაკლო შენს თავს სიამოვნება, რომ
შენ იცავდე ქალის უსაფრთხოებას... მამაკაცს, რომელსაც ქალის ყოველგვარად დაცვა არ შეუძლია, ალბათ, ვერ გრძნობს კაცად თავს. ამას გულში იხვევს მამაკაცი, მერე გარეთ გამოდის და ამ დროს იბადება ბოროტება. უნდა შეგეძლოს, ქუჩაში გოგოს გამო იჩხუბო, ფიზიკურად დაიცვა. თუ არ შეგიძლია, ცოდვა ხარ, მაგრამ უნდა გაფაფხურდე მაინც, ხელები მაინც უნდა გაიქნიო. უნდა შეგეძლოს მისი მატერიალური დაცვა, მისი ღირსების დაცვა, იმიტომ რომ მაშინ ძალაგამოლეული ხარ, ძალაგამოლეული კაცი ცოდვაა. მე მეცოდება კაცი, რომელსაც თავისი ღირსების არ სჯერა.
– კაცს ჭკვიანი ქალის უნდა ეშინოდეს?
– გააჩნია ურთიერთობას. რა სჯობია ჭკვიან ცოლს, რომელიც ოჯახს ჭკუას არ მოაკლებს და შენც სისულელეს არ ჩაგადენინებს, მაგრამ გონიერ ქალს ძალიან გახსნილი ჰყავხარ, ამიტომ გონიერ ქალთან არაფერი არ უნდა მოიგონო, არ უნდა ითამაშო. რაც ხარ, ის იყავი, თორემ გაყიდული ხარ. ის გონიერი ქალი დაგცინებს, ამიტომ გონიერი ქალი სასარგებლოცაა და სახიფათოც. გონიერ ქალთან თამაში საინტერესოა, მაგრამ თუ შენც გონიერი არ ხარ, წაგებული გაქვს.
– თქვენთვის როგორი ქალია მიმზიდველი?
– ქალში მიზიდავს თავშეკავებულობა. მე ვიტყოდი, ქალს უფრო სექსუალურს ხდის, კდემომსილება, მოკრძალებულობა, ვიდრე აღვირის ახსნა და სითამამე.
– ბედნიერი მოგონება...
– ამერიკაში რამდენიმე საათი ოდრი ჰეპბერნთან გავატარე, როდესაც ის, როგორც „იუნისეფის“ წარმომადგენელი, ატლანტაში ჩამოვიდა. მე ამერიკის ტელევიზიის სტუდიამ გამაგზავნა მასზე სიუჟეტის მოსამზადებლად. ბევრ ცნობილ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული, მაგრამ კედელზე მხოლოდ ოდრისთან გადაღებული მიკიდია, იმიტომ რომ ასეთი საყვარელი და ასეთი ამაღლებული არავინ ვიცი. უსაყვარლესი მანერა ჰქონდა, უსაყვარლესად გესაუბრებოდა, მომმართავდა „ნუგ“. უკვე ძალიან შემჭკნარი იყო და მალე გარდაიცვალა. ის სურათი გადამიღო ერთ-ერთმა ფოტოჟურნალისტმა, რომელმაც მერე სიურპრიზად გამომიგზავნა. როცა რეგიონული „ემი“ მომცეს, ასაღებად ატლანტაში წავედი. ეს იყო დიდი ზეიმი. მივედი ჩოხაში გამოწკეპილი, ხანჯლით. მეკითხებოდა ხალხი, ეს რა არისო, მეც ვუხსნიდი. მოფენილი იყო გაზეთები... დიდი რამე იყო ჩემი ამერიკაში მუშაობა. ერთხელ, როცა კენედის კონცხიდან მიდიოდა შატლი და ამის გასაშუქებლადაც სტუდიამ გამაგზავნა, ყველამ იცოდა, რომ მე ვიყავი საბჭოთა ჟურნალისტი და რაც კი კამერა იყო, ყველა ჩემკენ იყო მონათებული და მე მიყურებდა. ვთქვი, რომ კიდევ ერთი ჯაშუში ავიდა ცაში. არ გადავაჭარბებ, მთელი ამერიკის გაზეთები მოიარა ამ ფრაზამ, შეიძლება, არც იყო ჯაშუში, მაგრამ მე ვთქვი, რა მენაღვლებოდა.
– ყველაზე მძაფრად რა გახსენდებათ?
– არსებობს ბევრი მძაფრი მოგონება. ერთი რამ მახსენდება ძალიან მტკივნეულად. ერთხელ ამერიკიდან ჩამოვედი და დედას წამალი ჩამოვუტანე, ცუდად იყო, მაგრამ არ უშველა. მოვედი სახლში, ვარ სამოცი წლის კაცი. დედაჩემი გახდა, უკურნებელი სენი შეეყარა. ჯერ თავისი ლოგინი დამითმო, დავწექი საძინებელში. თვითონ ლოჯში წავიდა. გათენდა დილა, აგვისტო იყო, მზე ანათებდა. ვხედავ, ლოჯიდან მოცოცავს რაღაც ფიგურა. გავიხედე, დედაჩემია, მე წავხუჭე თვალი, მოდის, ჩამიარა გვერდი და მივიდა ფანჯარასთან, მზე საწოლზე ანათებდა და მიხურა დარაბა, მზემ ბავშვი არ გამიღვიძოსო... 77-ე წელიწადში ვარ, რაღა დროს დედაზე და მამაზე ლაპარაკია, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით: ხანდახან ისე მინდება მის რბილ ლოყას ხელი შევახო და მოვეფერო, ასე მგონია, ამის შესაძლებლობა რომ არ მაქვს, ხელი მიხმება. ასეთია ამის შეგრძნება. ასეთია ნაღველი, რომელიც უკავშირდება ჩემს ბავშვობას, დედისა და მამის სიყვარულს. ნურავინ მეტყვის, რომ ჩემში ეს შეგრძნება მძაფრი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ დიდი ვარ. არა, ეს ყველაფერი უბერებელია, ამას არაფერი არ აქრობს.
– რაც საუკეთესო გაქვთ...
– ჩემი თავი დამიჭერია იმაზე, რომ მტერი რომ მტერია და მოსაკლავად გემეტება, ის მტერიც არ მძულს, რატომ? სიძულვილი მძულს. სიყვარული მიყვარს. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ქონება.