№48 რა სირთულეები გამოიარეს გიორგი ასანიძემ და მისმა მეუღლემ და რატომ ეძახდნენ მას მკვლელსა და მოძალადეს
ბოლო პერიოდში ქართველი ძალოსნები განსაკუთრებით გვახარებენ თავიანთი წარმატებებით. მათი მთავარი მწვრთნელი ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძეა. გიორგიმ სპორტში დიდი წარმატებების შემდეგ, საკუთარი ძალები პოლიტიკაშიც მოსინჯა, თუმცა ბოლო პერიოდში ძალოსნობაში მიღწეული წარმატებების ფონზე, არაერთისგან მოვისმინეთ შეფასება, რომ ასეთი სპორტსმენები პოლიტიკიდან სპორტს უნდა დაუბრუნო, რადგან აქ გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ.
გიორგი ასანიძე: ქართულ ძალოსნობაში ბევრი პოზიტივი ხდება. ცოტა ხნის წინ გამართული მსოფლიო ჩემპიონატიც კიდევ ერთი ჩვენება იყო იმისა, თუ რამდენად ძლიერია ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია. ღმერთის წყალობით, გვყავს უძლიერესი ლიდერი ლაშა ტალახაძის სახით, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი შვიდი რეკორდით დააგვირგვინა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ამ აისბერგის წვერის დაბლა კიდევ ბევრი ბიჭია, რომლებმაც გვასახელეს, როგორც კადეტთა, ასევე ახალგაზრდა, 23 წლამდე და დიდების ნაკრებში. ქართულ ძალოსნობას აქვს გამარჯვებების ტრადიცია, დაწყებული გასული საუკუნის შუა წლებიდან რაფაელ ჩიმიშკიანით, რაღაც პერიოდის შემდეგ გამოჩნდა დიტო შანიძე, მოგვიანებით კახი კახიძე – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, შემდეგ იყო ჩემი წარმატება, თურმანიძის და ბოლოს, ლაშა ტალახაძემ დააგვირგვინა. ბოლო რამდენიმე წელი კახი ფედერაციის ხელმძღვანელია, მე – ნაკრების უფროსი მწვრთნელი და სასიამოვნოა, რომ ჩვენს წარმატებებს ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ყველა მხრიდან. პრობლემები ყველგანაა, თუმცა, ჩემი ნაკრების ძალიან კმაყოფილი ვარ. თუ ამ ტემპს და მხარდაჭერას შევინარჩუნებთ, წარმატება ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე, დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბით ვგრძნობთ ჩვენდამი პატივისცემასა და პოზიტივს. ვიტყოდი, რომ საქართველომ მსოფლიო ძალოსნობას უჩვენა ახალი გზა, როგორ შეიძლება, გახდე წარმატებული დროის მოკლე პერიოდში.
– პირადად თქვენი გზის დასაწყისი გაიხსენეთ.
– ბავშვობაში ბევრი გატაცემა მქონდა. შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველად მივედი ძალოსნობაზე, მაგრამ არ მიმიღეს – ძალიან პატარა და ცელქი ვყოფილვარ, მაშინ ამას ხულიგნობას ეძახდნენ. მეორედ სამი წლის შემდეგ მივედი და დავრჩი. ბევრი ტრავმა მივიღე, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, რამაც დაღი დაასვა ჩემს სპორტულ კარიერას. თუმცა, საერთო ჯამში, ნეტავ, ყველას ისეთი დაღი დაასვას, როგორიც მე. მაგრამ ეს შედეგი ბევრი შრომის, ფუფუნებაზე უარის თქმის, ასიათასობით ტონის აწევის ხარჯზე მოვიდა. მიუხედავად „მოღუნული ხელისა“, მე მაინც შევძელი მიზნის მიღწევა. ამიტომ ყველას ვეუბნები: მაქსიმალურად დაიხარჯონ და ჩემთან მიმართებაში არსებულ ხუმრობას ვუმეორებ „თუ ამ ინვალიდმა ასანიძემ შეძლო შტანგის აწევა, თქვენ, ჯანმრთელები, ძალიან ბევრს შეძლებთ“ (იცინის). თუმცა, წარმატებების ფონზე იყო იმედგაცრუებებიც, თუნდაც ამდენი ტრავმა.
– ყველაზე რთული და ტკივილიანი რომელი პერიოდი იყო?
– ჩემი ცხოვრება ბევრ ტკივილსა და რთულ მომენტს მოიცავს. ოჯახური ტრაგედიები: დედის, ორი ძმის გარდაცვალება. იყო სპორტული იმედგაცრუება სიდნეის ოლიმპიური თამაშები, სადაც ყველა მეტოქეზე ძლიერი ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ გატუტუცებულად ამაყი სპორტსმენი ვიყავი, მაგრამ შეცდომები დავუშვი. მაგრამ იყო გასაოცარი მომენტები, როცა მხარი ამომივარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გავიმარჯვე. სიხარულთან ერთად, ის ტკივილიც ყოველთვის გახსენდება და მე მას დიდ პატივს ვცემ. რთულია ისიც, რომ, როცა ამ ტემპით ცხოვრობ, ოჯახს ნაკლებ ყურადღებას აქცევ. ყველა პროფესიას თავის მოთხოვნები აქვს, ამიტომ ისეთი ადამიანი უნდა მოძებნო, რომლისთვისაც ეს მისაღებია, თუმცა ბოლოდე მისაღები არავისთვისაა.
– ამ ყველაფრის მიღმა, ჩვეულებრივი გიორგი ასანიძე მაინტერესებს.
– ხანდახან – ფიცხი, ხანდახან – ლმობიერი და მიმტევებელი. იდეალური არა, მაგრამ რეალისტი ვარ. ნებისმიერ გამოძახილს, თუნდაც ჩემთვის არაკომფორტულს, ლოგიკურად შევხვდები და არსად გავექცევი. გამოსავალს ყოველთვის ვეძებ, ეს უკვე დიპლომატიაა. საჩხერელი ვარ, ნიჭიერი ადამიანების ფესვები გვაქვს, თან ბევრი ებრაელის გვერდით ვცხოვრობდით და ეს ხალხი ბევრ საჭირო რამეს გასწავლის. სიტუციიდან გამოსავლის ძებნაა ჩემთვის პირველი ამოცანა და არა მუშტი-კრივის გამართვა. მოჩხუბარი არც არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ასეც ხდებოდა. მთელი ცხოვრება, ალბათ, ათჯერ მქონია ჩხუბი და ძირითადად, სხვისთვის. მეც მომხვედრია და ჩემგანაც მოხვედრიათ, მაგრამ გალახვით, რასაც გალახვა ჰქვია, არც მე გავლახულვარ და არც სხვა გამილახავს. ჭიდაობა და მეგობრების წვალება მიყვარს – ეს გართობაა, მაგრამ ვის უნდა ვეჩხუბო – ტალახაძეს, თურმანიძეს? სამასკილოგრამიანები არიან (იცინის).
– პოლიტიკას რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
– ამ ეტაპზე აქტიურ პოლიტიკაში არ ვარ. რაც პარლამენტიდან წამოვედი და ახალ გუნდს გადავაბარეთ მმართველობა, არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ მქონია და სპორტში ვარ. მესმოდა, რა გინდოდა პოლიტიკაში, ხომ ხედავ სპორტში უფრო კარგი შედეგები გაქვსო. 2004 წელს მოვიგე ოლიმპიური თამაშები. ის იყო ახალი საქართველოს შენების პერიოდი და თუ გიორგი ასანიძეს შეეძლო მასში თავის წვლილის შეტანა, ეს უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ სპორტი განვითარებულიყო. მე არავინ შემეკითხებოდა, რომელი ტანკის შეძენა იყო საჭირო. ჩემს სფეროში დამიძახეს და მე მივიღე ეს გამოწვევა. იყო პოლიტიკური წიხლები, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანა იყო ბევრი სპორტული დარბაზის აშენება, ყველა რაიონის შესაბიმისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სპორტის მილიონ-ნახევრიანი დოლარის დაფინანსების გაზრდა, რაც ავიდა კიდეც ოთხმოც მილიონამდე.
– რა იყო წიხლების მიზეზი, რას გედავებოდნენ?
– მეძახდნენ მკვლელს, მოძალადეს – პოლიტიკასთან ასოცირების გამო. ყველაფერი მახსოვს, განვლილი სირთულეები, მიტინგის დარბევები და ვცდილობდი, ამ ხალხის მიმართ ადეკვატური ვყოფილიყავი. ჩემზე ამბობდნენ, მილიონერი და მილიარდერიაო, რაც გამაჩნია, ჩემი შრომის შედეგია და რაც წამართვეს, ისიც ჩემი შრომით მონაპოვარი იყო.
– ერთია, როცა პოლიტიკოსი ხარ და მკვლელს და მოძალადეს გეძახიან, მაგრამ სხვაა, როცა თქვენნაირი სახელით მოდიხართ პოლიტიკაში და შემდეგ ჩნდება ასეთი შეფასებები.
– თუ ადამიანი რამეს დამაბრალებს, ჩემს თავში ვეძებ პრობლემას. თუ დამნაშავე არ ვარ, ეს უფრო მეტად გამაღიზიანებელია, მაგრამ მას ოლიმპიური სიმშვიდით უნდა შეხვდე და ასეც ვიქცეოდი ხოლმე. გიორგი ასანიძე კი არა, ხალხმა იესო ქრისტე უარყო.
– არ გიფიქრიათ, ნეტავ, საერთოდ არ მოვსულიყავი პოლიტიკაშიო?
– არა, რეალისტი ვარ და ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლიდი. ცხოვრება მიდის და წარსულში ქექვა არაფერში მაწყობს. მინდა, წინ გავიხედო და ჩემი თავის რეალიზება მოვახერხო, ისეთის როგორიც ვარ. სულით და გულით სპორტსმენი ვარ და ვერანაირი პოლიტიკა ვერ დადგება ოლიმპიურ მწვერვალზე მაღლა. ეს არის ჩემთვის პოლიტიკაც, პატრიოტიზმიც და ყველაფერი. ისე კი, იქ დავდგები, სადაც სიმართლეს და ქვეყნის ინტერესს დავინახავ. რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს ეჭვი, რომ გიორგი ასანიძე შტანგით უფრო მეტს გააკეთებდა, ვიდრე პოლიტიკაში, რატომ ეგონათ, რომ პოლიტიკაში უფრო მეტს გავაკეთებდი?!
– გეგმავთ პოლიტიკაში დაბრუნებას?
– ვერ ვიტყვი, რომ შორს ვარ. მეგობრები ყველგან მყავს, თავისთავად, სპორტითაც ვარ დაკავშირებული პოლიტიკასთან, თუმცა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საკითხი არ დგას. ახლა დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული სპორტში და მინდა, ამ გამოწვევას გავუმკლავდე. რაც უნდა გავაკეთო პოლიტიკაში, ვფიქრობ, რომ სპორტში უფრო მეტი შედეგის მოტანა შემიძლია.
– აღნიშნეთ, ოჯახისთვის რთულიაო, მეუღლე რას ამბობს?
– მეუღლე დროის დეფიციტს განიცდის. ახლა შვილებიც დაემატა, ისინიც სპორტსმენები არიან. ადამიანის სიმშვიდეს ოჯახური იდილია განაპირობებს და თუ სახლში პრობლემებია, ეს ყველაფერზე აისახება. ამიტომ ვცდილობ, ნაკლები იყოს. ორ ათეულ წელზე მეტია, ერთად ვართ. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და ადამიანმა ბევრ რამეს მარტო ამიტომ უნდა სცე პატივი. ის სოხუმიდანაა, თავისი პრობლემებითა და ტკივილებით. გარდა ამისა, როცა შევუღლდით, რთული პერიოდი იყო. მაშინ სპორტს ჩამოშორებული ვიყავი და ეს ყველაფერი ადეკვატურად აღიქვა. მრავალშვილიანი ოჯახი შევქმენით და მადლობა მას, რომ ყველაფერს ადეკვატურად უდგება. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, მაგრამ უწევს. სამაგიეროდ, იმ ტკივილს, რომელიც დროის დეფიციტს ახლავს, ის გამარჯვებები და სიხარული ანეიტრალებს.
უფროსი შვილი, მარიამი, 22 წლისაა და სისხლის სამართალს სწავლობს, კახი – 18-ის, ტყუპები 16-ის ხდებიან. ბიჭები ძალოსნები არიან. ორივე ძალიან პერსპექტიული სპორტსმენია. საბამ წელს ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღო, სალი ჯერ სკოლაშია და ცეკვავს. ჩვეულებრივი მამა ვარ, ცოტა ბრაზიანიც. ყვირილიცაა, სიყვარულიც და ის ყველაფერი, რაც ყველა ოჯახშია. ბიჭებმა მამის გზა აირჩიეს და ბევრი შრომა მოუწევთ. ვერავინ იტყვის, გახდებიან თუ არა ოლიმპიური ჩემპიონები, მაგრამ ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, სხვა სპორრტსმენებს ვასწავლი ხეზე ასვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვილებსაც. ვფიქრობთ, რომ გაგახარებთ და მათ სახელებსაც დაიმახსოვრებთ.