კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ქუჩაში თამუნია წერეთლის დანახვაზე ხალხი ჩერდებოდა და პირჯვარს იწერდა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე


თამუნია წერეთელი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. ის იყო არაერთი პოეტისა და მწერლის შთაგონება, მის სილამაზეს ეტრფოდნენ და აღმერთებდნენ. თუმცა, წერეთლის ქალის ცხოვრება ძალიან რთული და ტკივილიანი აღმოჩნდა. მისმა სილამაზემ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, თამუნია წერეთელი „ბორჯომის“ სარეკლამო სახე გახდა.
მურად მთვარელიძე (ფილოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი):
1925 წელი, ცნობილი მოვლენების შემდეგ, დიდი სულიერი კრიზისის პერიოდი გახლდათ. სწორედ ამ დროს ტიციან ტაბიძე რუსთაველის გამზირზე, კომერსანტ ქებაძის მიერ ახლად გახსნილ მინერალური წყლების მაღაზიაში შევიდა. პავილიონში ოთხი ერთმანეთზე ლამაზი ქალიშვილი მუშაობდა. მათ შორის ყველაზე ლამაზი თამუნია წერეთელი გახლდათ.
– ფოტოებიდან ჩანს, რომ თამუნია, ბორჯომის წყლების „სახე“ იყო.
– ასეა. მინერალური წყლების პავილიონის გახსნის შემდეგ, თამუნია ბორჯომის წყლების რეკლამირებაშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთ ამ სურათზე, „ბორჯომის“ ბოთლის ფორმის ჯიხურია, რომელშიც თვითონ თამუნია ზის. ვფიქრობ, ფოტოს დატვირთვა სარეკლამო უფროა, ეს არ არის ჩვეულებრივი სამახსოვრო სურათი.
– როდის შეწყდა მათი თანამშრომლობა?
–  საბჭოთა კომპანია „ბორჯომის მინერალური წყლები“ 1927 წელს შეიქმნა. „ბორჯომი“ ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს იწარმოებოდა. დავით ქებაძე გახლდათ არაკომუნისტური სულისკვეთების ადამიანი, რომელიც ბორჯომის წყლების კომერციის საკითხს, თანამედროვე ენაზე, მენეჯმენტს აწარმოებდა. ახალი საბჭოთა კომპანიის სამმართველოს უფროსი ყოფილა ვინმე ბუაჩიძე. მასა და ქებაძეს შორის, როგორც ჩანს, კონფლიქტი წარმოიშვა. ამ საკითხზე ცალკე კვლევები არ არსებობს, თუმცა, როგორც ვფიქრობ, მავანთ ხელს არ აძლევდათ დავითის პიროვნება. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი ის იყო, რომ დავითი ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში იღვწოდა „ბორჯომი“ საზღვრებს გარეთ გაეტანა, პოპულარული გაეხადა ევროპისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, კომუნისტებს ევროპა აღარ აინტერესებდათ. შესაბამისად, მათთვის ეს პიროვნებაც აღარ იქნებოდა საინტერესო. მიუხედავად მსგავსი წინააღმდეგობებისა, დავითს მოუხერხებია და „ბორჯომი“ ბალტიისპირეთში გაუტანია. 1927 წელს დავითი საბჭოთა დაწესებულებამ თავიდან მოიშორა  და ვვარაუდობ, რომ დავითთან ერთად თამუნიაც დაითხოვეს. რადგან ერთ წელიწადში, როცა ის გათხოვდა, უკვე აღარ მუშაობდა.
– ქალი, რომლის სილამაზეზეც ლეგენდები დადიოდა, რომელიც ტიციან ტაბიძის მუზა და წარჩინებული ოჯახის შვილი იყო, მინერალური წყლების მაღაზიაში გამყიდველად როგორ აღმოჩნდა?
– ეს მთელი ისტორიაა... თამუნიას მამასთან, ბეჟან წერეთელთან აკაკი წერეთელს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. თამუნიას დედა – ნიცა ბაგრატიონ-დავითაშვილი, ტასო მაჩაბლისა და აკაკი წერეთლის უახლოესი მეგობარი გახლდათ. ფაქტობრივად, თამუნია აკაკის მუხლებზე გაიზარდა. გასაბჭოების პერიოდში თავადაზნაურობამ და მათ შორის, წერეთლებისა და ბაგრატიონ-დავითაშვილების ოჯახებმა ისეთი დევნა და შევიწროება განიცადეს, რომ უმეტესობამ საზღვარგარეთ გაქცევით უშველა თავს. სრულიად უმწეო მდგომარეობაში დარჩენილი თამუნია დედასთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და ქებაძემ მინერალური წყლების პავილიონში მუშაობა დააწყებინა. ასე შეხვდა ტიციანი თავის მუზად ქცეულ თამუნიას და ისე, რომ ქალიშვილს საერთოდ არ იცნობდა, პირველი ლექსი უძღვნა. ამ დროს ტიციანის მეუღლე ნინა ტაბიძე ბორჯომში ისვენებდა. ტიციანმა, თამუნია რომ ეჩვენებინა, ჯერ დეპეშა გაუგზავნა ნინას და მერე დაურეკა, სასწრაფოდ თბილისში ჩამოდიო. ნინა თავის მოგონებებში წერს, რომ ტიციანმა მეორე დღესვე წაიყვანა მინერალური წყლების პავილიონში და წერეთლის ულამაზესი ქალი აჩვენა. ნინა ქალიშვილის სილამაზით აღფრთოვანებული დარჩენილა, თუმცა, ტიციანისთვის უთქვამს, მე აქ საჭირო აღარ ვარო და ბორჯომში გაბრუნებულა. ამ დღის სახსოვრად პოეტმა მეუღლეს ძვირფასი ჩანთა უყიდა. იმ პერიოდში მთელი თბილისი თამუნიას ეტრფოდა. ამბობენ, რომ თამუნია ქუჩაში თავისუფლად სიარულს ერიდებოდა, რადგან მისი სილამაზის ხილვისას ხალხი პირჯვარს იწერდაო. მაგრამ როგორც ჩანს, ფოტოგენურობით არ გამოირჩეოდა, რადგან ფოტოები ვერ გადმოსცემენ ისეთ სილამაზეს, როგორზეც მისი თანამედროვეები საუბრობენ. ტიციან ტაბიძე მისი პირველი მეხოტბე იყო. ნინა რომ თბილისში ჩამოვიდა, ტიციანს თამუნია წერეთელზე უკვე რამდენიმე ლექსი ჰქონდა დაწერილი. მეგობრები უკრძალავდნენ, ნინოს ეწყინება და არ გამოაქვეყნოო, მაგრამ იმდენად მშვენიერი ლექსები იყო, როგორ შეიძლებოდა, რომ მკითხველს არ ენახაო, – იგონებდა ნინა ტაბიძე. ნაცნობობის გარდა, მათ შორის არავითარი ურთიერთობა არ ყოფილა.
– თუმცა არა მხოლოდ ტიციანი, მისი სილამაზით კიდევ ბევრი ქართველი მწერალი იყო აღფრთოვანებული.
– 1926 წლის ერთ დღეს ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, გოგლა ლეონიძემ და სხვა „ცისფერყანწელებმა“ თამუნია წვეულებაზე დაპატიჟეს. იმის საჩვენებლად, რომ ეს წმინდა და ამაღლებული ურთიერთობა იყო, წვეულებაზე ყველა ცოლთან ერთად მივიდა. იმ საღამოს გოგლა ლეონიძემ წერეთლის ქალს ექსპრომტი უძღვნა. თამუნია ისეთი გასაოცარი სილამაზის იყო, რომ იოსებ გრიშაშვილი ამბობდა, ქუჩაში მის დანახვაზე ხალხი ჩერდება და პირჯვარს იწერსო. გრიგოლ რობაქიძემ, რომელიც თამუნიას ეტრფოდა, ქალიშვილს თავისი „გველის პერანგი“ ასეთი წარწერით უძღვნა: „თუ შევძელი ქართველი ქალის ასახვა, მაშინ ვიფიქრებდი, რომ ჩემს ნაცნობობას თქვენთან ამაოდ არ ჩაუვლია“. კონსტანტინე გამსახურდიამ კი თამუნიას ძველი საქართველოს ცოცხალი ფრესკა უწოდა. თამუნიას ეძღვნება გიორგი ლეონიძის ლექსი „ღამე ივერიისა“.
– როგორ განვითარდა ასეთი ლამაზი ქალის პირადი ცხოვრება?
– თამუნია ცოლად იურისტს, სატირისა და იუმორის თეატრის დამაარსებელ ნიკოლოზ კახიძეს გაჰყვა. მათ ერთი ქალიშვილი, რუსუდან კახიძე ეყოლათ. მშობიარობის შემდეგ თამუნიას პერიტონიტი დაემართა და ექიმები იძულებულები გახდნენ, მისთვის ფეხი მოეკვეთათ. საბოლოოდ, ეს ულამაზესი ქალბატონი ხეიბრად დარჩა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, თამუნია თავისმა დეიდაშვილმა, ვანო მაჩაბლის ქალიშვილმა ელენე მაჩაბელმა თავის ბინაში გადაიყვანა. აი, იქ მოინახულა ტიციანმა თამუნია და პირველად დარჩა მასთან პირისპირ. სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. იყო დუმილი და იყო საოცარი სევდა. ამ განწყობით დაიწერა „რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს“ და „შენ აქ რა გინდა“, სადაც ტიციანმა თავისი სიკვდილიც იწინასწარმეტყველა.
– რთული ცხოვრების გავლა მოუწია თამუნიას...
–  ამ ქალის ცხოვრება უაღრესად რთული აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ასეთი სილამაზისა და განათლების მქონე წარჩინებული ოჯახის შვილი... როცა ქმარი დაუპატიმრეს, ყავარჯნებზე დაყრდნობილმა ციმბირში მოინახულა მეუღლე. 40-იანი წლების დასაწყისში მეუღლე გარდაეცვალა და შვილი, ფაქტობრივად, მარტომ გაზარდა. მისმა ქალიშვილმა მითხრა, რომ თამუნია, ერთხანს, „საქნახშირში“ მდივნად, დილიდან საღამომდე მისთვის შეუფერებელ სამსახურში მუშაობდა. ისიც ცნობილია, რომ სადაც მიდიოდა, თან მიჰქონდა თავისი უდიდესი სულიერება. თამუნია წერეთელი 1968 წელს გარდაიცვალა.
скачать dle 11.3