კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ვერაგული კომბინაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #47 (934)


ძმაკაცები ნელ-ნელა სვამდნენ და საუბრობდნენ. დრო გადიოდა, მაგრამ თაკო არ ჩანდა. შუაღამეს რომ გადასცდა, გურამმა გივის უთხრა:
– ნეტავ, ხომ მშვიდობაა, სადაა ჩემი გოგონა?
გივიმ მიუგო:
– დამშვიდდი. ჯერ მხოლოდ შუაღამეა და მოვა. რა იცი, სად ჰყავდათ გამომწყვდეული და გზას დრო სჭირდება.
ძმაკაცის სიტყვებმა გურამი ოდნავ დაამშვიდა და სმა გააგრძელა, მაგრამ სამი საათი რომ შესრულდა და თაკო კვლავ არ ჩანდა, შეშფოთდა:
– ნამდვილად რაღაც ამბავია...
– მშვიდობა იქნება, – მიუგო გივიმ, მაგრამ მის ხმაში ძველი თავდაჯერებულობა უკვე აღარ იგრძნობოდა.
მეგობრებმა სმა გააგრძელეს, ამასობაში ნაირაც დაბრუნდა სახლში. თაკოს ამბავი იკითხა და რომ მოისმინა, თქვა, მოვა, სად წავაო და საძინებელში ავიდა და დაიძინა. მეგობრებმა დილამდე გააგრძელეს სმა და ამ ყოფაში შემოათენდათ. საათმა რომ დილის ექვსი საათი უჩვენა, უკვე გივისაც დაეტყო მღელვარება და გურამს უთხრა:
– აბა, ერთი თაკოს დაურეკე, იქნებ ტელეფონი ჩართო, – გივის საკუთარი სიტყვებისვე შერცხვა, მაგრამ მაინც თქვა, – რამ „გამომასირა“, ტელეფონი რომ ჩართული ჰქონდეს, მაშინ ხომ თვითონ დარეკავდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვცადოთ, მიდი, დარეკე...
გურამმა დარეკა, მაგრამ თაკოს ტელეფონი დუმდა და თავი გააქნია, ვისკი დაისხა და გადაჰკრა. გივი კი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ათიოდე წუთი უხმოდ იარა და ბოლოს გურამს უთხრა:
– თუ რაიონში არ ჰყავდათ გადამალული, მაშინ თაკო აქამდე უნდა მოსულიყო. თუმცა, მაინც ნუ გამოვიტანთ ნაადრევ დასკვნებს და მოვიცადოთ.
გივი საკმაოდ აღელვებული იყო დასაკუთარი სიტყვების არ სჯეროდა. თუმცა, სხვა ხეირიანი ვერაფერი მოიფიქრა. გულში კი ფიქრობდა: „ნუთუ მოკლეს გამტაცებლებმა? იქნებ თაკომ ისინი ან რომელიმე მათგანი იცნო და საბრალოს სიცოცხლე მოუსწრაფეს...“
 ყველაფრის მიუხედავად, მეგობრებმა გადაწყვიტეს, მოეცადათ და პოლიციისთვის არაფერი შეეტყობინებიათ...
თაკო ჯიბლაძის ლოდინში ერთი კვირა გავიდა, მაგრამ გოგონა ისევ არ ჩანდა. გივი ხარაძემ თავისი ნათლულის მოსაძებნად ყველა ნაცნობ კოლეგასა და ავტორიტეტულ კრიმინალს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ნაირა ნარუაშვილი კი მზად იყო, რომ თავისი გერის გამოსასყიდი მილიონისთვის კიდევ ერთი მილიონი დოლარი დაემატებინა, მაგრამ გამტაცებლები კავშირზე აღარ გამოდიოდნენ.
გურამ ჯიბლაძე ფიქრობდა, რომ მისი ქალიშვილი ცოცხალი აღარ იყო და თაკო გამტაცებლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. ამას კი ასე ხსნიდა:
– როგორც ეტყობა, ამ საქმეში ახლობლის ხელი ურევია, ეს თაკომ იცოდა და ამიტომ, როგორც კი გამტაცებლებმა ფული აიღეს, თაკო მოკლეს.
გივი ხარაძე მხრებს იჩეჩავდა და გურამს პასუხობდა:
– გამორიცხული არაფერია. ღმერთმა არ ქნას და შეიძლება, სიმართლესაც კი ამბობ, თუმცა ოპტიმისტები ვიყოთ და იმედს ნუ დავკარგავთო.
„ოპტიმისტური“ კვირა მიილია და ფულის გადახდიდან მერვე დილას გურამმა გივის უთხრა:
– ყველა გონივრულმა ვადამ ჩაიარა. როგორც ეტყობა, ჩემი ვერსია სწორია და პოლიციაში უნდა განვაცხადო. იქნებ თაკოს ცხედარი მაინც იპოვონ.
გაფითრებული გივი ხარაძე თვალს ვერ უსწორებდა გურამს. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი უთხრა:
– მეც წამოგყვები პოლიციაში და ერთად განვაცხადოთ.
გივის ასეთმა პასუხმა გურამს ის მცირე იმედიც კი გაუქრო, რაც გულის სიღრმეში გააჩნდა და მიუგო:
– ჩავიცვამ და წავიდეთ.
– კარგი. გელოდები, – ამოიხვნეშა გივიმ და სიგარეტი გააბოლა.
გურამი კიბისკენ გაემართა, რომ საძინებელში ასულიყო. ამ დროს მისმა ტელეფონმა დაიწკაპუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ესემესი მოვიდა. გურამმა ფაილი გახსნა, წაიკითხა და თვალებგაფართოებულმა გივის უთხრა:
– მე მგონი, გამტაცებლები გამოვიდნენ ისევ კავშირზე. აქ წერია: ვაკის პარკში, ფანტანის წინ რომ მწვანე სკამია იმის ქვეშ „ფლეშკაა“ მიკრული და წაიღეო.
– მერე წავედით, რას ვუყურებთ! – წამოიძახა გივი ხარაძემ, რომელსაც ამ ინფორმაციამ სახის ფერი დაუბრუნა და სიმკრთალე გაუქრა.
ძმაკაცები თავქუდმოგლეჯილები გაქანდნენ ვაკის პარკში და ისე ჩქარობდნენ, რომ გურამი სპორტული საშინაო ტანსაცმლითა  და ჩუსტებით იყო. „ფლეშკა“ რომ სახლში მიიტანეს და შეაერთეს, უზარმაზარ ტელევიზორში თაკოს დამწუხრებული სახე გამოჩნდა, რომელიც ამბობდა: „მამი, მამიკო, ცოცხალი ვარ. ამ ხალხმა ფული მიიღო, მაგრამ იმიტომ არ გამომიშვეს, რომ ახალი დანაშაული ჩაედინათ და როგორც მითხრეს, წუხელ მათ გვანცა უნდა გაეტაცებინათ. გემუდარები, ყველაფერი ისე შეასრულეთ, როგორც ესენი ითხოვენ...“ აშკარად ეტყობოდა, რომ თაკოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ჩანაწერი წყდებოდა და უკვე პატარა გვანცა კითხულობდა ტექსტს თვალცრემლიანი: „ჩემო დედიკო და ჩემო მამიკო, ამ ადამიანებს სამი მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადეთ, თორემ ჯერ სხეულს დამიჯიჯგნიან, შემდეგ კი ნაკუწ-ნაკუწ ამქნიან და ტემზის თევზებს შეაჭმევენ. დამატებით ინფორმაციას ესემესით მიიღებთ“.
გურამი ცარცისფერი გახდა და აცახცახდა. გივიც გაფითრდა და ქვედა ყბა აუკანკალდა, მაგრამ პირველი მაინც თადარიგის პოლკოვნიკი მოეგო გონს და გურამს უთხრა:
– ნაირას დაურეკე, სასწრაფოდ მოვიდეს!
გურამი ისე კანკალებდა, ტელეფონის ნომრის აკრეფა ვერ შეძლო და ნაირასთან დარეკვა ისევ გივის მოუწია. ზარი გადიოდა, მაგრამ ქალი არ პასუხობდა. მაშინ გივიმ მას გურამის ტელეფონით მისწერა: გივი ხარაძე ვარ. სასწრაფო საქმე მაქვს და მიპასუხეო. მორიგი ზარის შემდეგ ნაირამ უპასუხა:
– გისმენ, გივი. რა ხდება?
– გამარჯობა, ნაირა. შორს ხარ? – შორიდან მოუარა გივიმ.
– გორში ვარ და პარტნიორებთან ერთად რესტორანში ვზივარ.
– არ შეგიძლია, რომ თბილისში ჩამოხვიდე?
– რატომ, რა ხდება?
– ნუ გეშინია. ყველა ცოცხალია. უბრალოდ, გვანცა გაიტაცეს.
– ჩემი გვანცა, ჩემი შვილი? – ნაირას ხმაში აღელვება დაეტყო.
– კი, – მოკლედ მიუგო გივიმ.
– მოვდივარ, – თქვა ქალმა და ტელეფონი გათიშა.
ზუსტად ოცი წუთის შემდეგ ნაირა ნარუაშვილის ორმანქანიანი ესკორტი ფეშენებელურ სახლს მიადგა. პირველი სწრაფმავალი „მერსედესის“ საჭეს თავად ნაირა უჯდა. ქალი შესანიშნავად მართავდა მანქანას, ქუჩებსა და ტრასაზე მრბოლელი მამაკაცივით დააქროლებდა. ნაირა მეორე სართულზე სწრაფი ნაბიჯით ავიდა. ოთახში პირქუში სახით შევიდა, მაგრამ მშვიდად იკითხა:
– აბა, ზუსტად მითხარით, რა ხდება?
გურამმა და გივიმ ნაირას ახალი ჩანაწერი უჩვენეს. ქალმა გააბოლა და იკითხა:
– ესემესი მოგივიდათ?
გურამმა უარის ნიშნად თავი გააქნია. ამ დროს მისმა ტელეფონმა ესემესის მიღების ხმა გამოსცა და დააყოლა:
– აი, მე მგონი, ახლა მოვიდა.
გივიმ ხმამაღლა წაიკითხა მოსული წერილი: „ლოკომოტივის“ სტადიონზე, პირველი სექტორის მეორე რიგის მეექვსე სკამის ქვეშ ფურცელია მიკრული და წაიკითხეთ“.
წერილის ასაღებად ნაირას „მერსედესით“ გაემგზავრნენ და საჭესთან კვლავ ის იჯდა. თაბახის ფურცელზე კი ნაბეჭდი ასოებით ეწერა: „დღეს საღამოს ათ საათზე სახლიდან კაბრიოლეტით გამოდით, ისე, რომ ჩანდეთ. მანქანაში ორ ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს. სამი მილიონი დოლარი ასდოლარიანი კუპიურებით უნდა იყოს და ეწყოს შავი ფერის, მაგარი ტყავისგან დამზადებულ ჩანთაში. ახლა თქვენ უკან მდებარე რიგში ადით და მეოთხე სკამის ქვეშ დამაგრებული მობილური ტელეფონი აიღეთ. სახლიდან რომ გამოხვალთ, დაგირეკავთ და შეგატყობინებთ, თუ სად მოიტანოთ ფული. თუკი გვანცასა და თაკოს სიცოცხლე რამედ გიღირთ, ზუსტად შეასრულეთ მითითებები. არავის არაფერი უთხრათ და გოგონებს საღ-სალამათებს დაგიბრუნებთ“.
ნაირამ და კაცებმა ტელეფონიც აიღეს. შემდეგ ქალმა საათს დახედა და თქვა:
– სამი საათია. შვიდ საათში ფული უნდა გადავიხადოთ. ფულის ასაღებად ბანკში უნდა წავიდეთ.
ნაირა ნარუაშვილი კვლავ მიუჯდა საჭეს და ერთ-ერთი ცნობილი ბანკისკენ გაემართა. რომ მივიდა, მამაკაცები „მერსედესში“ დატოვა, თავად შენობაში შევიდა. გივიმ თავი გააქნია და ჯერ კიდევ მოკანკალე გურამს უთხრა:
– არა, ძმაო, რაც მართალია, მართალია, შენი მეუღლე ნამდვილი რკინის ქალია და მასთან ჩვენ კი არა და ბარე ჩვენზე ასჯერ მეტი კაცებიც ვერ მოვლენ.
– ჰო, მართალი ხარ. მაგრამ ნაირა.... ავტომატურად გაიმეორა გურამმა, გივიმ კი დაამატა:
– მართლა, რა საოცარი ქალია, ამხელა განსაცდელი ეწვია და როგორ ვაჟკაცურად უჭირავს თავი.
– ესაა მისი სიძლიერე. რაც არ უნდა დიდ გაჭირვებაში ჩავარდეს, საკუთარი თავის ფლობის უნარს არ კარგავს, გონება არ ერევა. მაგარია. გეთანხმები, მართლა მაგარია, – გულწრფელად თქვა გურამმა და ამ დროს ბანკიდან ნაირა გამოვიდა. ბიზნესმენ ქალს ხელში ვერცხლისფერი კეისი ეკავა. მანქანაში ჩაჯდა, კეისი გურამს მიაწოდა, „მერსედესი“ ადგილიდან მოსწყვიტა და თქვა:
– კეისში სამი მილიონი დოლარია. ახლა ჩანთასა და „კაბრიოლეტზე“ წავიდეთ.
სამეული ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა ფეშენებელურ ვილაში. საჭირო ტყავის ჩანთა სპორტულ მაღაზიაში შეიძინეს. შავი ფერის „მერსედესის“ „კაბრიოლეტი“ „მარიოტში“ იქირავეს. სასტუმრო ოთახში რომ შევიდნენ, ხუთის თხუთმეტი წუთი იყო. ნაირამ სამი მილიონი დოლარი საკუთარი ხელით ჩაალაგა ტყავის ჩანთაში და კომოდზე შემოდო. შემდეგ ნაირ-ნაირი სასმელითა და „შვედური მაგიდით“ დახუნძლული უზარმაზარი ვერცხლის ურიკა შემოაგორა და მამაკაცებს უთხრა:
– რას იტყვით ამ ყველაფერზე?
– რა უნდა ვთქვა, – თქვა ოდნავ მომჯობინებულმა გურამმა, – ჯერჯერობით უცნობი ბოროტმოქმედი ნაძირლები შენ ფულს დაასხდნენ და გწოვენ.
– ამას არ ვგულისხმობ, – თქვა ნაირამ. ძვირფასი შოტლანდიური ვისკი სოდის გარეშე მოწრუპა და დაამატა, – რატომ მოიტაცეს ჯერ თაკო და შემდეგ გვანცა?
გურამმა მხრები აიჩეჩა და თავი გააქნია. გივიმ კი ქალს უთხრა:
– ვფიქრობ, რომ თაკოს გამოსასყიდით მათ ინგლისში გასამგზავრებელი ფული იშოვეს და ამიტომ.
– სწორია. მეც მასე ვფიქრობ, – თქვა ნაირამ. კიდევ რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა და უპასუხა:
– დიახ. გისმენთ.
ნაირამ პაუზა გააკეთა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალი უსმენდა. შემდეგ კი ინგლისურად მიუგო:
– დიახ, მისტერ რალფ. საქმის კურსში ვარ და ვიცი, რომ ჩემი ქალიშვილი დღეს კოლეჯში არ ყოფილა. კიდევ ორ დღეს გააცდენს, რადგან გრიპი აქვს. მე თვითონ ვაპირებდი თქვენთან დარეკვას და დამასწარით.
ტელეფონი რომ გათიშა, ნაირამ მამაკაცებს უთხრა:
– რალფ მოზესმა დამირეკა – გვანცას კოლეჯის დირექტორმა და მითხრა – ბავშვი მეცადინეობაზე არ გამოცხადებულაო. ბანკში რომ ვიყავი, გვანცას კურატორს დავურეკე და ვუთხარი, – გვანცა ორი დღე სახლში არ მოვა. ჩვენ წავიყვანეთ და არ ინერვიულოთ-მეთქი. როგორც ჩანს, გოგონა წუხელ კი არა, არამედ ამ დილით გაიტაცეს, მას მერე, რაც ის სასწავლებლის ავტობუსით კოლეჯში მოვიდა. მოკლედ, ყველაფერს გავარკვევთ, აბსოლუტურად ყველაფერს. ახლა მთავარია, რომ ფულის სანაცვლოდ გოგონები საღ-სალამათები დაგვიბრუნონ.
არც გურამს, მით უმეტეს, არც გივის არ ახსოვდათ, რომ ნაირა ნარუაშვილს გადაბმულად სამი წინადადება ეთქვას მათთვის. მით უმეტეს ასე გამართულად. ხოლო მისი შესანიშნავი ინგლისური კი თავად გურამისთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო.
დრო ძალიან ნელა გადიოდა. ნაირა სასტუმრო ოთახიდან მხოლოდ ერთხელ გავიდა და ისიც ტუალეტში. ათის ნახევარზე კი ნაირამ გურამს შეხედა და უთხრა:
– შენ სახლში დარჩი და დაგველოდე. ჩემთან ერთად კი გივი წამოვა, თუ, რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი აქვს.
გივიმ მხრები აიჩეჩა და თქვა:
– უხერხული ხომ არაა, რომ გურამი დარჩეს და მე წამოვიდე?
– არანაირად, – კატეგორიულად თქვა ნაირამ, – ხომ ნახეთ, რა წერია წერილში, – მხოლოდ ორი ადამიანი ჩაჯექით „კაბრიოლეტშიო“. ვერ ხედავ, გურამი რა ცუდ დღეშია. კანკალმა ჯერაც არ გაუარა და დახმარება რომ დამჭირდეს რამეში, შეიძლება, ვერ შეძლოს. რა იცი, ის ნაბიჭვრები რას მეტყვიან მობილურზე?
– მართალი ხარ. ჯობია, გივი წამოვიდეს, – თქვა გურამმა, რომელიც დარდისგან თავის დასაღწევად გაუზავებელ მაგარ სასმელს სვამდა, მაგრამ ძალიან მთვრალიც არ იყო.
– გურამ, – უთხრა ნაირამ ქმარს უჩვეულო სითბოთი, – ეცადე, მეტი აღარ დალიო, რომ არ დათვრე. რა იცი, კიდევ რა დაგვჭირდება და ფხიზლად უნდა იყო, საღ გონებაზე.
მეუღლის უჩვეულო გულთბილობამ გურამი შეაცბუნა. შემდეგ ცოლს გაუღიმა და უთხრა:
– კარგი, ძვირფასო, ძალიან ცოტას დავლევ.
საღამოს ათი საათი რომ შესრულდა, ნაირა ნარუაშვილი შავი ფერის „მერსედესის“ „კაბრიოლეტის“ საჭეს მიუჯდა. გივი გვერდით მოისვა, რომელსაც სამი მილიონი დოლარით სავსე ტყავის ჩანთა ფეხებთან დაუდო და ეზოდან გამოვიდა. ქალმა მანქანა ქალაქის ცენტრისკენ დაძრა და გივის გადაულაპარაკა:
– ნელა ვიმოძრაოთ და ის ნაბიჭვარი რომ დარეკავს, მიმართულებას შემდეგ დავაზუსტებთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3