№48 სიყვარული კულისებში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44-47(934)
მარიკამ ცრემლიენი თვალები ქაღალდის ხელსახოცით შეიმშრალა და შვილს ფრთხილად მოუსვა სახეზე ხელი.
– ღმერთო, რა დღეში ხარ... ნიკუშა, საყვარელო, გვითხარი მე და მამას, რა დაგემართა....
– კიბეზე დავგორდი-მეთქი, ხომ გითხარით, – გაჭირვებით ამოილუღლუღა ნიკამ. მოტეხილი კბილი და გასიებული ტუჩები ლაპარაკს უშლიდა.
პაატამ ჩაიცინა და საწოლს მიუახლოვდა.
– მომისმინე, ეგ ტყუილი პოლიციისთვის შემოინახე. აი, მე კი სიმართლე უნდა მითხრა.
– მმ... რა სიმართლე, მამა... ძალიან ცუდად ვარ და იქნებ, გამოჯანმრთელება მაცადო. გეუბნები, კიბეზე დავგორდი-მეთქი.
მარიკამ ქმარს შეხედა.
– თავი დაანებე ბავშვს. რა დროს ეგ არის, თვალები ახლა გაახილა.
– ნაცემი ხარ. ვიღაცასთან იჩხუბე, მაგრამ არ გინდა, აღიარო, ვისთან... ეგ არის საინტერესო. ფაქტია, რომ შენი ახლობელი არ არის. ბიჭები ეზოში არიან და არაფერი იციან ან თავს მაჩვენებენ, რომ არ იციან. წარმოდგენა თუ გაქვს, რას ხარ გადარჩენილი. უბრალოდ, გაგიმართლა, რომ იმ ტიპმა არ მოგკლა.
– ვინ ტიპმა, მამა, რას ამბობ?!
– ნიკა, სულელი გგონივარ? კარგი, ცოტა მომჯობინდი და ეს ამბავი მერე გავარკვიოთ. იცოდე, მარტივად არ ჩაივლის, პოლიციას ვერ მოატყუებ. თუ ჯერ კიდევ არ დაგკითხეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მამაშენი მე ვარ.
ნიკამ სცადა, როგორმე გაეღიმა, მაგრამ ყბამ ამის საშუალება არ მისცა. ტკივილმა სახე დაუღრიჯა და პროტესტი ხელის სუსტი გაქნევით გამოხატა.
პაატა ცოლს მიუბრუნდა.
– ერთი უყურე ამას, რა დღეშია?! თითქოს ჩემი ბრალია, თავ-პირი რომ დაუნაყეს და თავად არაფერ შუაშია. კიდევ აქეთ რომ გვადანაშაულებს. რისი ღირსია ახლა ეს?
– პაატა, ბავშვი ცუდად არის. ჩხუბისა და კამათისთვის უკეთესი დრო ვერ შეარჩიე?
– ცუდად რატომ არის მერე? – გამოაჯავრა კაცმა, – უნდა თუ არ უნდა, მოუწევს სიმართლის თქმა.
პალატის კარი ოდნავ გაიღო და გიომ შემოყო თავი.
– შეიძლება? – იკითხა მორიდებით და ნიკას მიაშტერდა. შებინტულს თვალები და სახის ჩალურჯებული ქვედა ნაწილი ძლივს მოუჩანდა.
– შემოდი, გიო, – ხელი დაუქნია მარიკამ, – ნახე, რა დღეშია შენი მეგობარი. იცი, რომ ძლივს გადარჩა? ექიმმა თქვა, რომ გაუმართლა.
პაატამ შვილის მეგობარს შეხედა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
– მე და მარიკა ახლა გავალთ. შენ ამას დაელაპარაკე და როცა დავბრუნდები, დამაჯერებელი ვერსია გქონდეთ იმის, რაც მოხდა. კიბეზე დაგორება და მსგავსი სისულელეები არ მიიღება. წამოდი, მარიკა, ყავა დავლიოთ.
კარი რომ მიიხურა, გიო საწოლთან ახლოს მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა და მეგობარს დააკვირდა.
– აუ, შენ მართლა ძალიან ხარ ნაცემი.
– არავის ვუცემივარ, წავიქეცი, – გაჭირვებით აამოძრავა შესიებული ტუჩები ნიკამ.
გიოს გაეცინა.
– ეგ ზღაპარი მარიკას მოუყევი. პაატა არ დაგიჯერებს. ვერ გაიგონე, რომ გადიოდა, რა თქვა? ეზოშიც გველაპარაკა ბიჭებს. ძალიან არის გაბრაზებული?
– თქვენ იცით, რა მოხდა?
– საიდან, ტო? იმ გოგოს არ უთქვამს, რომ გცემეს.
– ვინ გოგოს? – „გაიოცა“ ნიკამ.
– არ გინდა, ვნახეთ უკვე.
ნიკას „ჩამქრალ“ თვალებში ველური სხივი გაკრთა და აწრიალდა.
– ვინ ნახეთ, რაზე ლაპარაკობ?
– აქ არის, ქვემოთ. მოვიდა. ნიკუშ, შენ თავს ვფიცავ, მაგარი ლამაზია. თუ მაგის გულისთვის გცემეს, მაშინ საღოლ!.. მეც ვიცემინებოდი დიდი სიამოვნებით.
– ნუ ბოდავ. მე გითხარი დეას გამო მცემეს-მეთქი?
– ესე იგი, დეა ჰქვია, – გაიბადრა გიო, – კარგია, სახელი უკვე ვიცი. ვერ ვკითხე, ტო, მომერიდა. თან, აშკარად განიცდის, ტიროდა.
– ტიროდა? – ნიკამ ბედნიერებისგან ამოიხვნეშა, – ესე იგი, მისთვის სულერთი არ ვარ.
– არა, ტო, სულერთი კი არა, ცოლივით ნერვიულობს. აქამდე რატომ გვიმალავდი, შეყვარებული თუ გყავდა. სერიოზული პონტია თუ ისე?
ნიკამ თვალები დახუჭა და გიოც მაშინვე მიხვდა.
– გავიგე. მაშინ, სანამ შენ აქ ხარ, მაგ გოგოზე ჩვენ ვიზრუნებთ, ბიჭები. ხომ იცი, როგორ გავუფრთხილდებით.
– დედაჩემს და მამაჩემს არაფერი უთხრა, იცოდე...
– რატომ, ტო... არასრულწლოვანი ხომ არ ხარ. პირიქით, მარიკას მაგრად დაევასება სარძლო. ისეთი ლამაზია, შანსი არ არის, არ მოეწონოს.
– ეგრე მარტივად არ არის საქმე და ამდენს ნუ მალაპარაკებ, ყველაფერი მტკივა. გთხოვ, თუ მართლა გინდა, ჩემთვის რამე გააკეთო, უთხარი, რომ როგორც კი აქედან გამოვალ, ეგრევე ვნახავ.
– მგონი, შენი ნახვა უნდა. ამოვიყვან ცოტა ხნით.
– გიუშ, რასაც გეუბნები, ის გააკეთე! – ნიკამ ისევ დახუჭა თვალები, – მეძინება.
– ჰო, კარგი. წავალ, მაგრამ პაატას რა ვუყო. კიბეზე დაგორებულს არ ჰგავხარ...
– მკიდია. თუ არ უნდა, ნუ დაიჯერებს...
გიო რომ ეზოში დაბრუნდა, ბიჭები მაშინვე მისცვივდნენ და შეკითხვები სეტყვასავით „დააყარეს“. დეა მოშორებით იდგა და მორიდებული ინტერესით უყურებდა. გიომ ნოდოს და მიხოს ანიშნა, ცოტა ხანს მაცადეთო. დეასთან მივიდა და გვერდით გაიხმო.
– მე შენ ახლა სახლში გაგაცილებ. ნიკა უკეთ არის და ამის გაკეთება მან მთხოვა.
– არ შეიძლება, ვნახო?
– იცი, რაშია საქმე? დამამშვიდებლები გაუკეთეს, რომ დაეძინა. ნახვას ხვალ უფრო შეძლებ. მე მოგაკითხავ და მოგიყვან.
გოგომ თავი დაუქნია.
– გასაგებია. სახლში ვიქნები და იქ დაველოდები. შენ დაგირეკავ ხოლმე, რომ ამბავი გავიგო. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. რაღაცები უნდა გამეთვალისწინებინა.
გიომ ყურები ცქვიტა და დეა ეჭვით შეათვალიერა.
– ანუ, ნიკა შემთხვევით არ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში.
ქალმა თავი გააქნია.
– და... არც კიბეზე დაგორებულა.
– არა...
– მომიყვები? – გათამამდა გიო და იქვე, რამდენიმე ნაბიჯზე დადარაჯებულივით ჩამომჯდარ ბიჭებს გახედა.
დეამ ისე შეხედა, ბიჭს ჟრუანტელმა დაუარა. გულის სიღრმეში ცოტათი შეშურდა კიდეც მეგობრის.
– კარგი, წავიდეთ. ტაქსის გავაჩერებ და სახლში მიგიყვან. მანქანით ხომ არ ხარ?
– არა. არ მყავს მანქანა. შენ არ შეგაწუხებ. ჩემით წავალ.
– ნიკამ მთხოვა, რომ გაგაცილო.
– მართლა? – გოგო გაიბადრა. აშკარად გაუხარდა. გიო ბიჭებს მიუბრუნდა, – თქვენ აქ დამელოდეთ, მალე დავბრუნდები.
– ნოდომ მიხოს რაღაც გადაულაპარაკა და ხელი ჩაიქნია.
***
მარიკამ ყავა მოსვა და ამოიოხრა. პაატამ ირონიულად შეხედა ცოლს.
– რა მოხდა?
– ბავშვზე ვდარდობ. როგორ იქნება. იქნებ ექიმები ბოლომდე არ გვეუბნებიან ყველაფერს?
– ეგ სისულელე საიდან მოიტანე, რამ მოგაფიქრა?
– რა ვიცი, პაატა, იქნებ გერმანიაში წაგვეყვანა. არ გაგიჭირდება შენ ეს. მთლად აქაური ექიმების იმედად ნუ ვიქნებით.
– მარიკა, ორჯერ დამირეკა მინისტრმა და მოადგილე, საერთოდ, მოვიდა. როგორ დავავლო ხელი და სხვაგან წავიყვანო, ასეც ხომ არ შეიძლება? თან, ნიკას სერიოზული არაფერი სჭირს. დაჟეჟილობები გაივლის. ნეკნია გაბზარული და შეხორცდება. ჭკუას თუ ისწავლის, მხოლოდ გამიხარდება.
– პაატა, რას ამბობ? ზოგჯერ როგორი სასტიკი ხდები ხოლმე.
– სასტიკი? მარიკა, ცოტა დაფიქრდი. ვისთან აქვს საქმე შენს შვილს, რომ ასე სცემეს. გგონია, მართლა კიბეზე დაგორდა?
– რატომ გამორიცხავ, რომ დაგორებულიყო?
– ვაიმე, უკვე აღარ მიკვირს ნიკას სისულელეები, მგონი შენგან გამოჰყვა.
– პაატა! – წყრომით წამოიძახა მარიკამ, – გულს მტკენ.
– დალიე ყავა და წამოდი ან ისევ იმ შტერთან ადი და შეეცადე, რამე ათქმევინო, ან სახლში წადი, ცოტა დაისვენე და მერე მძღოლი მოგიყვანს.
– მე აქ ვრჩები, – კატეგორიულად გამოაცხადა მარიკამ, – ნიკასთან ვიქნები.
– მშვენიერია. მაშინ ვეტყვი, რომ პალატაში მეორე საწოლიც დადგან. მგონი, ასე აჯობებს. უსიამოვნო სიურპრიზებისგან მაინც ვიქნებით დაზღვეული.
– რა სიურპრიზები, რას გულისხმობ?
– ახლა ახსნას აზრი არ აქვს... ვინ არის ის გოგო, სასწრაფოდ უნდა გავიგოთ. არ მომწონს ეს ამბავი.
მარიკამ ამოიოხრა.
– შენ მაინც ფიქრობ, მისი გულისთვის სცემეს?
პაატამ თავი დაუქნია.
– დარწმუნებული ვარ.
– მერე, როგორ უნდა გავიგოთ. მართლა გამომძიებელს ხომ არ დავაკითხვინებთ.
– ოჰ, მარიკა, ზოგჯერ როგორ გაიშტერებ ხოლმე თავს და ნერვებს მიშლი. დედა ხარ და ათქმევინე.
– კარგი. რამეს მოვიფიქრებ.
– ოღონდ ისე ჰქენი, რომ აქეთ არ გათქმევინოს რაღაცები.
– პაატა...
– პაატა, პაატა... გაგეჩინა კიდევ ერთი შვილი, რა მოხდებოდა. არც ნიკა იქნებოდა ასეთი თავგასული და ჩვენც უკეთ ვიგრძნობიდთ თავს. მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს. ალბათ, მეც ვარ რაღაცაში დამნაშავე.
– ნიკა ძალიან კარგი შვილია, – გამოესარჩლა მარიკა ერთადერთ ვაჟს, – შენ არ იცი, მაგისი თანატოლები როგორ იქცევიან – ქურდობენ, ყაჩაღობენ, „წამლის“ გულისთვის სახლიდან ნივთები გააქვთ და ყიდიან.
– ოჰო, ესღა გვაკლდა. მე მშვიდად ვერ ვიქნები და ვერ დაველოდები, გამოუსწორებელ სისულელეს როგორ ჩაიდენს. გამოჯანმრთელდება თუ არა, უცხოეთში მოუწევს წასვლა. ცოტა ხანი შენ იქნები მასთან ერთად. მერე, ვნახოთ...
მარიკას გაოცებით გაუფართოვდა თვალები. პაატამ ლოყაზე აკოცა ცოლს.
– არ იდარდო, მეც ხშირად ჩამოვალ ხოლმე. მაგრამ ამაზე – მერე. დღესვე კი არ გიშვებთ.
***
დეა ჩუმად იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. დაძაბული იყო, აფორიაქებული.
– ნიკაზე ნერვიულობ? – ჰკითხა გიომ.
– ჰო.
– ნუ გეშინია, კარგად იქნება. შეიძლება, რაღაც გკითხო?
ქალმა თავი დაუქნია.
– დიდი ხანია, ნიკას იცნობ?
დეამ გიოს შეხედა.
– თქვენთან არაფერი უთქვამს ჩემ შესახებ?
– არა. თუმცა, ეგრევე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა.
– კარგი ბიჭია შენი ძმაკაცი. ჩემი გულისთვის ისეთი რაღაც გააკეთა. მე კი ვერ დავიცავი.
გიო აცმუკდა.
– მომიყევი, რა?
– ერთ საღამოს, ჯერ ატორღიალებული კაცი მომაშორა. მანქანით ლამის კედელზე მიაჭყლიტა... არა, კი არ მიაჭყლიტა, დააფრთხო. ისეთი შეშინებული იყო, მაგრამ მერე პატრული მოვიდა. ჰოდა, ხელში ამიყვანა და იქაურობას გამარიდა. მანქანა დატოვა. არც პატრულის შეეშინდა... უცებ თავი ისე დაცულად ვიგრძენი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ გამოჩნდა ადამიანი, ვისაც ჩემზე გული შესტკიოდა.
– არ მჯერა, რომ ისეთი ლამაზი გოგო, შენ რომ ხარ, ყურადღების დეფიციტს განიცდის.
– ძალიან ცუდად იცნობ ლამაზი ქალების ცხოვრებას. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული გარეგნობა მაქვს. ნიკა კი განსაკუთრებულია. მართლა...
– გიყვარს?
– ვინ, ნიკა? – დეა ჩაფიქრდა, – შეიძლება, ამაზე არ ვილაპარაკოთ?
– კარგი, – გიომ გაუღიმა, – იცი, რომ ნიკას მამას ძალიან აინტერესებს, ვინ სცემა მის შვილს. ეს კრიმინალია და ალბათ, გამომძიებელიც დაგკითხავს.
დეას თვალებში შიში გამოესახა.
– გამომძიებელი დამკითხავს? ღმერთო, ამაზე არ მიფიქრია. არ მინდა... რა გავაკეთო, რომ ეს არ მოხდეს? ნუ იტყვით, რომ ნიკას ამბავი მე გაგაგებინეთ.
გიომ თავი გადააქნია.
– შენ, ალბათ, არ იცი, რა შესაძლებლობები აქვს ნიკას მამას. ყველაფერს გააკეთებს და აუცილებლად იპოვის იმას, ვინც მის შვილს სცემა.
– ვინ არის ნიკას მამა? – გულუბრყვილოდ იკითხა დეამ.
გიომ წაუსტვინა.
– როგორ, არ იცი? ნიკას არაფერი უთქვამს შენთვის. ნიკას მამა მინისტრის მოადგილეა და კიდევ რაღაც კომისიის წევრი. ნამდვილად არ მახსოვს, რა კომისიის, მაგრამ მთავრობაში რომ დიდი კაცია, ზუსტად ვიცი. ნიკა ერთადერთი შვილია. მარიკა სულ ზედ დაჰფოფინებს.
ქალი გაფითრდა.
– მართლა? არ ვიცოდი, არაფერი ვიცოდი, გმადლობ, რომ მითხარი. შეიძლება, რაღაც გთხოვო?
გიომ თავი დაუქნია და კიდევ ერთხელ გაიფიქრა, რომ ქალი საოცრად ლამაზი იყო.
– წერილს დავწერ და ნიკას გადაეცი, კარგი? – დეამ ჩანთა გახსნა, ბლოკნოტი და კალამი ამოიღო.
– ხვალ შეძლებ, რომ ნახო, წერილი რად გინდა?
– ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემ, – დეამ რაღაც დაწერა. ფურცელი მოკეცა და ბიჭს გაუწოდა, – გადაეცი, ოღონდ იცოდე, ეს მაშინ გააკეთე, როცა მარტონი იქნებით. მპირდები?
– რა ჩაიფიქრე? – დაეჭვდა გიო.
– სხვისი წერილი რომ არ უნდა წაიკითხო, ალბათ, იცი.
– ჰო, მაგრამ, რა ხდება? – გიო ცნობისმოყვარეობამ აიტანა.
– ნება მომეცი, ამ კითხვაზე პასუხი არ გაგცე. თუ ნიკას მეგობარი ხარ, ამას გააკეთებ... და გააჩერე, უნდა ჩავიდე.
– აქ ცხოვრობ? უკვე მოვედით?
– არა, მაგრამ აქედან ჩემით წავალ. გმადლობ.
გიომ გაოცებული მზერა გააყოლა მიმავალს.
– ვაჰ, როგორი ლამაზია, – აღმოხდა ტაქსის მძღოლს და გიოს გაუღიმა, – ცუდი არაფერი იფიქრო, ჩემი ძმა. მართლა დიდი ხანია, ასეთი ლამაზი გოგო არ მინახავს... გაუმართლა შენს მეგობარს.
– არ ვიცი, არ ვიცი... – თავი გადააქნია გიომ და ხელში შერჩენილ წერილს დახედა
გაგრძელება შემდეგ ნომერში