კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 გაუთვალისწინებელი სამხილი


ჯეკ რიჩი

ყველაფერი წინა საღამოს დაიწყო. მანქანა ავტოფარეხში დააყენა და სახლისკენ გაემართა. მოულოდნელად სიბნელიდან ორნი გამოვიდნენ. სახეზე თვალებთან გამოჭრილი კაპიუშონები ჰქონდათ ჩამოფარებული, ხელში კი პისტოლეტები ეჭირათ.
გულმა რეჩხი უყო, ხელები ასწია და თქვა:
– ფული წაიღეთ, ოღონდ საფულე დამიტოვეთ... იმ წუთას იგი იმ დაკარგულ დროზე ფიქრობდა, რომელიც დოკუმენტების თავიდან დამზადებას დასჭრიდებოდა, თუ ისინი საფულესაც წაიღებდნენ. მაღალმა და ჩაფსკვნილმა პისტოლეტის მოძრაობით უბრძანა, წინ წასულიყო. ქუჩაზე გავიდნენ და მუქი ფერის „სედანს“ მიუახლოვდნენ.
ადამს თვალები აუხვიეს, ხელები და ფეხები შეუკრეს და ძარის უკანა ნაწილში დააწვინეს. როცა ხელები შეუხსნეს და თვალებიდან სახვევიც მოაძვრეს, მკვეთრად განათებული ოთახი დაინახა, რომელშიც მხოლოდ საწოლი, სკამი და მაგიდა იყო. მაგიდაზე ქაღალდი და კალამი იდო.
მაღალმა პირველმა დაილაპარაკა.
– დაჯექი, – უბრძანა მან, – შენს ცოლს წერილი მისწერე. ორასი ათასი დოლარი გვჭირდება.
– ჩემი ცოლი წინა კვირას დედასთან ერთად ევროპაში გაემგზავრა.
მაღალმა პისტოლეტი ასწია.
– ჩვენ ორასი ათასი გვჭირდება. სულერთია, როგორ იშოვით ან ვინ იშოვის.
ადამი მაგიდას მიუჯდა.
– ფულის მიღება მხოლოდ ჰაროლდ ბანისტერის მეშვეობით შეიძლება. იგი ჩემი ადვოკატი და მრჩეველია.
ადამმა დაწერა:
„ძვირფასო ჰაროლდ!
საჭიროა იშოვოთ ორასი ათასი დოლარი, ასდოლარიანი კუპიურებით. შემდეგ როგორ უნდა მოიქცეთ, ტელეფონით გაგაგებინებენ.
თუ პოლიციას მიმართავთ, ცოცხლს ვეღარ მნახავთ.
შენი ადამ მეისონი“
მაღალმა წერილი წაიკითხა და თავი დააქნია. შემდეგ ორივენი ოთახიდან გავიდნენ და ადამმა გაიგონა, კარი როგორ დაკეტეს.
ადამი საკეტის ხმამ გააღვიძა. საათს დახედა. ცხრის ოცდახუთი წუთი იყო.
მაღალმა ლანგარი შემოიტანა. სახეს ისევ  კაპიუშონი უფარავდა.
დაიცადა, ვიდრე ადამი ისაუზმებდა, შემდეგ ჯიბიდან სახვევი ამოიღო და თვალები აუხვია.
– იქნებ საჭიროა, ვინმეს დავურეკოთ? კარგად დაფიქრდი, ჩვენ არ გვჭირდება, ძებნა დაგიწყონ და პოლიციას მიმართონ.
ადამი დაფიქრდა და თქვა:
– ჩემს მოსამსახურეს.
მან მაღალს ნომერი უკარნახა, იმან ყურმილი მიაწოდა.
– მისის რიგან?
– დიახ? – უპასუხა ქალმა, – მისტერ მეისონ, სად ხართ? როდესაც საუზმეზე არ ჩამოხვედით, ავფორიაქდი და საძებნელად ჯეიმსი გამოვუშვი. მან მითხრა, რომ წუხელ სახლში იყავით, რადგან ყველა მანქანა ავტოფარეხში აყენია.
– დილით ადრე გავედი, ნაცნობმა გამომიარა. მისის რიგან, ერთი კვირა არ ვიქნები. ცოტა დასვენება გადავწყვიტე.
– ეს კარგია, – თქვა ქალმა, გუშინ საღამოს თქვენი მეუღლის წერილი მოვიდა. წერილი ჰოლში მაგიდაზე დავდე, მაგრამ ეტყობა, ვერ დაინახეთ. შემიძლია, წერილი იქ გადმოვაგზავნოთ, სადაც დასასვენებლად წახვალთ.
– არ არის საჭირო. ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, სად გავემგზავრები.
საღამოს, როცა გამტაცებლებმა ვახშამი მოუტანეს, მეისონმა იკითხა:
– რაიმე ცნობა მოვიდა თანხის შესახებ, ფული მიიღეთ?
– არა. ჩვენ ბანისტერს ვადა ხუთშაბათამდე მივეცით.    
დრო  ძალიან ნელა გადიოდა. ხუთშაბათ საღამოს მაღალი მოვიდა და მკაცრად თქვა:
– ბანისტერი რაღაცას ეშმაკობს.  მინდა, დაელაპარაკო. უნდა ეცადო, დაარწმუნო, რომ ფული ხვალ, 12 საათამდე გაამზადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გვიან იქნება. გაიგე?
ადამმა შუბლიდან სიმწრის ოფლი მოიწმინდა  და ტელეფონი გამოართვა.  
– ჰაროლდ, ფული რატომ არ გაამზადეთ?
– ადამ, – თქვა ბანისტერმა, – ეს თქვენ ხართ? კარგად ხართ?
– კი, – უპასუხა ადამმა, – მაგრამ თქვენ რას უცდით?    
– იმისთვის, რომ ამდენი ფული იშოვო, დროა საჭირო. ამას გარდა,  თქვენი კუთვნილი აქციები დღეს მხოლოდ 28 ათასი ღირს. ვიფიქრე, რომ ორშაბათისთვის კურსი აიწევდა.
– დაუყოვნებლივ გაყიდეთ! – მტკიცედ უპასუხა ადამმა.
ბანისტერმა ამოიოხრა.
– კარგი, ადამ. კიდევ, ფირმა „შორ აპარტმენტის“ აქციების პაკეტში როჯერსი მხოლოდ სამოცდათხუთმეტ ათასს იხდის.
– წაიღოს, – ადამმა ყურმილი ჩაბღუჯა, – ჰაროლდ, ფული ხვალ 12 საათისთვის უნდა იშოვოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, გვიან იქნება.
ბანისტერი რამდენიმე წამი დუმდა.
– გავიგე, ფულს აუცილებლად ვიშოვი. შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ.
მეორე დღეს 13 საათზე, როდესაც მაღალმა ლანჩი მოიტანა, ადამმა ჰკითხა:
– ბანისტერმა ფული მოაგროვა?
მაღალმა ჩაიბურტყუნა:
– დავურეკეთ და გვითხრა, რომ დღეს საღამოს, როდესაც ფულს მივიღებთ, ყველაფერს გავიგებთ. ილოცე, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს.
გვიან საღამოს ადამმა გაიგონა, კარის საკეტში როგორ გადატრიალდა გასაღები. გულმა რეჩხი უყო. ოთახში ორნი შემოვიდნენ კაპიუშონებით.
ათი წუთის შემდეგ ადამი უკვე ხელ-ფეხშეკრული და თვალებახვეული მანქანაში იწვა. დიდხანს მიდიოდნენ. ბოლოს, მანქანა გაჩერდა, იგი გადმოათრიეს და გზასთან, ბალახზე დააგდეს. ცოტა ხანში გაიგონა, რომ მანქანა წავიდა. პოლიციამ ასეთ  მდგომარეობაში იპოვნა.
დაახლოებით, ორი საათისთვის მისი  დაკითხვა დაასრულეს.
გარეთ  მას ჰაროლდ ბანისტერი ელოდა. გადაღლილი ჩანდა.
– პოლიციამ პირდაპირ გამაწამა. ისინი ამტკიცებენ, რომ თქვენი გატაცების შესახებ მათთვის მაშინვე უნდა მეცნობებინა, როგორც კი წერილი მივიღე.
ისინი ბანისტერის ავტომობილში ჩასხდნენ. ადამმა თვალები მოიფშვნიტა. დაიღალა, მაგრამ ძალიან აფორიაქებული იყო, ვერ დაიძინებდა.
– სიამოვნებით დავლევდი რამეს.
ბანისტერმა მანქანა დაქოქა.
– ყველაფერი დაკეტილი იქნება, თუმცა შემიძლია, სახლში გიმასპინძლოთ.
ოცი წუთის შემდეგ ადამი უკვე ბანისტერთან სასტუმრო ოთახში იჯდა. ბანისტერი სასმელებით სავსე კარადასთან მივიდა.
– ის, ვინც ტელეფონზე მირეკავდა შესამჩნევი აქცენტით ლაპარაკობდა, როგორ ლაპარაკობდა მეორე?
– არ ვიცი, – თქვა ადამმა, – მას სიტყვაც არ უთქვამს.
უცებ ადამმა ძაღლის ყმუილი გაიგონა.  
იგი გახევდა, როდესაც მოახლოებული თვითმფრინავის ხმაც შემოესმა. ხმაური სულ უფრო იზრდებოდა, ვიდრე თვითმფრინავმა სახლს არ გადაუფრინა.    ადამს სისხლი გაეყინა.  საათს დახედა. ღამის ორი საათი და ოცდათორმეტი წუთი იყო.
თვალები დაჭყიტა. ძაღლის ყმუილი და თვითმფრინავის გრუხუნი მას წინა ორშაბათიდან მოყოლებული ყოველ საღამოს ზუსტად ამ დროს ესმოდა.
ბანისტერი კარადაში ბოთლებს ათვალიერებდა.  მერე ერთი ბოთლი აიღო და ადამისკენ მოტრიალდა, – იმედი ვიქონიოთ, რომ პოლიცია თქვენს გამტაცებლებს დაიჭერს.
ადამმა იატაკს დახედა და მოეჩვენა, რომ სახლის სარდაფში  თავისი საპატიმრო  ოთახი დაინახა. თავი ასწია, ადვოკატს შეხედა და   მსუბუქად ჩაიცინა.
– რა თქმა უნდა. ამას მე გპირდები...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ  
      


скачать dle 11.3