№48 როგორ დაითანხმა ბერიამ „ნატო“, რომ მოსალოდნელ საბჭოურ-თურქულ კონფლიქტში არ ჩარეულიყო
ლავრენტი ბერია რომ სტალინის გარდაცვალების მერე ქვეყნის პირველი პირი იყო და დიდ ძალაუფლებასაც ფლობდა, ისიც მეტყველებს, რომ ყველა უცხოური დიპლომატიური არხი მასზე გადიოდა. პროფესორი ანტონ კამსკი წერს: „ლავრენტი ბერიას „საბჭოთა პირველკაცობის“ ის ასდღიანი პერიოდი საკმაოდ ნათელი წერტილი იყო საბჭოთა ისტორიაში. მართალია, ბერია სახელმწიფო მმართველობის იერარქიაში ოფიციალური სტატუსით არც პირველი კაცი იყო და არც მეორე, მაგრამ ძალაუფლების ფლობის მხრივ, მას ბადალი არ ჰყავდა. ის იყო უმძლავრესი სპეცსამსახურის სრულუფლებიანი მმართველი და მისი ყველა სიტყვა პოლიტბიუროში დაუყოვნებლივ სრულდებოდა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სანამ სტალინი ცოცხალი იყო, საერთაშორისო ურთიერთობები წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებთან „ბუქსაობდა“ ანუ, სტალინი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ყოველგვარი დათმობისა და ამას ანგლო-საქსები შეგუებულები იყვნენ. ხოლო როდესაც სტალინი დაასაფლავეს, წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ლიდერებმა კონტაქტის დამყარება ბერიასთან დაიწყეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საბჭოთა ქვეყნის რეალურ მმართველად ისინი სწორედ ლავრენტი ბერიას მიიჩნევდნენ. ბერიას გამო დახვრეტას სასწაულებრივად გადარჩენილი, ბერიას ერთ-ერთი თანაშემწე, გოგლა კუსია იხსენებდა: „მართალია მე ოფიციალური სტატუსით ლავრენტი ბერიას ერთ-ერთი რიგითი თანაშემწე ვიყავი, მაგრამ მას საერთაშორისო საკითხებში კონსულტაციებს ვუწევდი. სიმართლე რომ ვთქვა, ბერიას სულაც არ სჭირდებოდა ამ სფეროში კონსულტაცია და როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობდა თავს. თუმცა, ასეთ შეხვედრებზე მაინც სულ თან ვახლდი და ყველაფრის საქმის კურსში ვიმყოფებოდი. შეხვედრები კი სტალინის გარდაცვალებისთანავე დაიწყო და სანამ ბერიას ვერაგულად მოკლავდნენ, სისტემატურად იმართებოდა. შეხვედრების ადგილი კი იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველო იყო. როგორც ჩანს, ბერია იქ უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს და ამავდროულად, მნიშვნელოვან სტუმრებს თავის სამშობლოს აწონებდა. იმ პერიოდის განმავლობაში, ბერია ასამდე წონიან ადამიანს შეხვდა და მათთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ფრანკო-ბრიტანულ საიდუმლო მისიასთან შეხვედრა იყო სოხუმში, თავის აგარაკზე, რომელზეც საქართველოზე იყო მსჯელობა და ეს შეხვედრა სტენოგრაფიული სიზუსტით შემიძლია აღვიდგინო მეხსიერებაში. შეხვედრაზე იყვნენ სტუმრები – ფრანგი პარლამენტარი, სამხედრო კომიტეტის წევრი ლორენ ლორიე და ბრიტანელი გენერალი სტივენ მაკმალონი. შეხვედრის თემა დასავლური დახმარების სანაცვლოდ ევროპაში „საბჭოური მარყუჟის“ შესუსტება იყო. ბერიამ ეს, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა და როგორც კი შეხვედრა დაიწყო, სტუმრებს მოულოდნელად უთხრა:
– მეგობრებო, შემიძლია, გარანტია მოგცეთ, რომ ევროპაში საბჭოური მარყუჟი შესუსტდება მხოლოდ ერთი პირობით, თუკი თქვენ ზეწოლას მოახდენთ თურქეთზე, რომ მან ძირძველი ქართული მიწები, ტაო კლარჯეთი დაგვიბრუნოს.
– კარგი, სარფიანი წინადადებაა და ვფიქრობ, მისაღები, – თქვა ლორენ ლორიემ და ბრიტანელ გენერალს გადახედა. სტივენ მაკმალონმა კი თქვა:
– გეთანხმებით, მაგრამ თუკი თურქების დაყოლიება არ მოხერხდა?
ბერია უმალვე ჩაერთო და თქვა:
– მაშინ, ჩემო მეგობრებო, იმის გარანტიები უნდა მომცეთ, რომ „ნატო“ არ ჩაებმება სამხედრო კონფლიქტში, რომელსაც ჩვენი მიწების დასაბრუნებლად მოვაწყობთ.
ორივე სტუმარს სახეზე ფერი ეცვალათ. როგორც ეტყობა, მათ თვალნათლივ წარმოიდგინეს, თუ რა შედეგებით შეიძლებოდა, დასრულებულიყო ატომურბომბიან რუსეთთან ომი. გაშრნენ და ადგილებზე გაქვავდნენ. პირველად ბრიტანელი გენერალი მოეგო გონს და ბერიას მიუგო:
– ღმერთმა დაგვიფაროს. ეს ხომ მესამე მსოფლიო ომს უდრის.
ბერიას არ გასჭირვებია იმის დაფიქსირება, რომ სტუმრები შეაშინა. მისი სიტყვები ნაწილობრივ ამაზეც იყო გათვლილი და თქვა:
– მსგავსი კონფლიქტის დაშვება არ შეიძლება და ვფიქრობ, გვეყოფა გონიერება, რომ ასე არ მოხდეს. თურქეთთან კი დიდი ომი არ დაგვჭირდება და მსხვერპლიც კი არ იქნება. ამ საქმეს სუფთა, ზუსტი ქირურგიული ჩარევით მოვაგვარებთ.
სტუმრებმა პასუხისთვის დრო ითხოვეს და თქვეს, რომ პარტნიორებს უნდა მოლაპარაკებოდნენ.“
ბერიას ჯერ ფალსიფიცირებულ სასამართლოზე დასდეს ბრალი, შემდგომ კი, ნიკიტა ხრუშჩოვმა ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში ხმამაღლა განაცხადა, რომ ლავრენტი ბერია თურქეთთან ომის დაწყებას აპირებდა და ამის გამო ის მიწასთან გაასწორა, თუმცა არ უთქვამს, რომ ის მხოლოდ მშობლიური მიწის დაბრუნებაზე ზრუნავდა და სხვა არაფერი უნდოდა. ზემოაღნიშნული შეხვედრიდან სულ რაღაც ოცდაორი დღე იყო გასული, როდესაც ბერია კვლავ ძველ ნაცნობებს შეხვდა სოხუმში, რომლებმაც მას, ფაქტობრივად, თანხმობა ჩამოუტანეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „ნატო“ არ ჩაერეოდა საბჭოეთ-თურქულ კონფლიქტში და მხოლოდ მას მერე ჩააყენებდა კოალიციურ ჯარს საზღვარზე, როდესაც „წითელი არმია“ ტაოს აიღებდა. მთავარი იყო, რომ ბერიას ძალიან სწრაფად, მართლაც ქირურგიული სიზუსტით ჩაეტარებინა მშობლიური ტერიტორიების დაბრუნების ოპერაცია“.