№48 დასაშვები საზღვრები
როცა გვიყვარს, ღალატი წარმოუდგენლად გვეჩვენება. მაგრამ გადის დრო და არასასურველი ფიქრები და ეჭვები სულ უფრო და უფრო ხშირად მოგვდის თავში. მთავარია, ასეთ დროს შეცდომა არ დაუშვა. უპირველესად:
* ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ეს არასოდეს შეგეხებათ – ნუ დახუჭავთ თვალებს საკუთარ შეცდომებზე. ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება, განვითარდეს არასასურველი მიმართულებით. ნუ იფიქრებთ, რომ თუ „იდეალურ“ პარტნიორს იპოვით, გარანტირებული გაქვთ მყარი ურთიერთობა. საჭიროა ყოველდღიურად იმუშაოთ ურთიერთობასა და საკუთარ თავზე.
* თქვენი ურთიერთობის პულსზე გედოთ ხელი – ღალატის დროს ადამიანები საყვარლებთან ეძებენ იმ ემოციებსა და შეგრძნებებს, რასაც ოჯახში ვეღარ იღებენ. ამიტომაც დროდადრო საჭიროა, ჩავატაროთ ურთიერთობის შემოწმება: იფიქრეთ, რამდენად ახლოს ხართ და უგებთ ერთმანეთს, რამდენად შეიცვალა ეს მდგომარეობა ურთიერთობის დაწყებიდან. წყვილები, რომლებიც ერთმანეთს არ ღალატობენ, ძალიან აფასებენ ემოციურ და ფიზიკურ კავშირს. ისინი ცდილობენ, გულახდილები იყვნენ ერთმანეთთან, ეძებენ კომპრომისებს.
უთხარით პარტნიორს, როგორი საქციელია თქვენთვის მისაღები და როგორი მიუღებელი. უთხარით, რა გაკლიათ ურთიერთობაში, ემოციურად დაკმაყოფილებული რომ იყოთ. გახსოვდეთ, არავინ არის ვალდებული, შეასრულოს ყველა თქვენი ახირება. მზად იყავით, შეცვალოთ რამე საკუთარ თავში. წესები, რომლებსაც ურთიერთობაში აწესებთ ორივესთვის ერთნაირი უნდა იყოს.
* ნუ გაიტანთ კონფლიქტს სახლიდან – არ განიხილოთ თქვენი ურთიერთობა ვინმესთან, ვინც მოგწონთ, შეიძლება, ადვილად აღმოჩნდეთ ემოციური დამოკიდებულების ქვეშ, რამაც გამორიცხული არ არის ღალატი გამოიწვიოს. დაფიქრდით, რას მოელით ამ საუბრისგან? რჩევა გჭირდებათ თუ თანაგრძნობა? უმჯობესია, პრობლემების შესახებ გულღიათ ესაუბროთ თქვენს პარტნიორს და არა ვინმე სხვას. არ მოგერიდოთ თქვენი გრძნობების გამოვლენა. გამოიჩინეთ ყურადღება, იყავით მზრუნველი, ხშირად უთხარით, რა მოგწონთ და რას აფასებთ მასში.
მე მე ვარ
ჩვენ, ყველას გვაქვს რაღაც ნაკლი, რომელიც საკუთარ თავში არ მოგვწონს. მაგრამ აუცილებელია, გავაცნობიეროთ ერთი საკვანძო ჭეშმარიტება – ეს არავის ანაღვლებს!
გიფიქრიათ, რატომ ცდილობს ადამიანი, ლამაზად ჩაიცვას? ის ფიქრობს, რომ გარშემო ყველა მას უყურებს. მას ჰგონია, რომ ყველა მასზე ფიქრობს და აფასებს. სინამდვილეში, ასე არაა. ადამიანების უმრავლესობას არ უნდა, გაიგოს მარტივი ჭეშმარიტება – შენ არავის ადარდებ და არც შენ გადარდებს არავინ, გარდა იმ პირებისა, ვისთვისაც სულერთი არ ხარ.
საქმე ისაა, რომ შენ, უბრალოდ, ასე გასწავლეს. უსმენდი მშობლების, უფროსების საუბარს და გააკეთე „ტოქსიკური დასკვნები“, რაც ღრმად ჩაჯდა ქვეცნობიერში და იქცა შენი „მე-ს“ ნაწილად. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, საერთოდ არავინ გიქმნის ბარიერს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, სწორედ, შენ მიერ ბავშვობაში გაკეთებული დასკვნები გზღუდავს და ძალიან გიშლის ხელს თვითდამკვიდრებაში.
გაიხსენე შენი ნაკლი, რომელიც გთრგუნავს და მოსვენებას გიკარგავს. შემდეგ მიმოიხედე გარშემო. გაიხსენე სხვა ადამიანები – წარმატებული ადამიანები, რომლებსაც საერთოდ აღარ უშლის ხელს თავიანთი ნაკლი. ეს ადამიანები არაფრით გამოირჩევიან შენგან. ისინი ზუსტად ისე იღვიძებენ დილას და ზუსტად ისეთი ტვინის აგებულება აქვთ, როგორიც შენ. ანუ, ისინი ზუსტად შენნაირი ადამიანები არიან. უბრალოდ, მათ შეცვალეს საკუთარი აზროვნება, გააფართოვეს ცნობიერება. ვერავინ და ვერაფერი გადაგვარჩენს, თუ ცოტა მაინც არ გადავალთ ჭკუიდანო, – ამბობდა სტივ ჯობსი.
იქნებ, ეს გახდეს შენი უპირატესობა და „ოქროს გასაღები“, რომელიც ყველაზე მთავარს – ბედნიერების კარს აღებს.
მარადიული შეკითხვა
მარადიული კითხვა – რა სურთ მამაკაცებს, რომელზე პასუხიც არც თუ ძნელი გასაცემია, ბევრ ქალს საგონებელში აგდებს.
კლასიკაა ის, რომ ყველა კაცს მოსწონს მოვლილი, ლამაზი ქალი. ის ასევე, უნდა იყოს მომხიბლავი ღიმილით, ზომიერი ინტელექტითა და გულწრფელობით. ხან მშვიდი, ხან ემოციური, ხან კი, უბრალოდ, არაპროგნოზირებადი, ვიზუალურად და შინაგანად ნატურალური.
ქალები საყვარელ მამაკაცს უნდობლად უყურებენ და თავს კითხვებით იტანჯავენ – კი მაგრამ, რა უნდა? ნეტავი გამაგებინა, ახლა რას ფიქრობს? რა სჭირდება, რა უნდა ამ კაცს?.. არადა, სინამდვილეში, არანაირად განსაკუთრებული, ზებუნებრივი და არარეალური სურვილები პატივცემულ კაცებს არ აქვთ. პირიქით, მათი „მოთვინიერება“ ისეთივე მარტივად განსახორციელებელია, როგორც მაგალითად, გემრიელი ტირამისუს გაკეთება. მთავარია, ყველა „ინგრედიენტი“ საგულდაგულოდ შეარჩიოთ და გააკეთოთ სიამოვნებით, ღიმილით. ფაქტია, კერძი მხოლოდ მაშინ გამოდის გემრიელი, თუ მას დადებითი განწყობით აკეთებთ და თავზე დაჰფოფინებთ.
ყველა მამრს მოსწონს მდედრი, რომელიც მისთვის ამზადებს. რატომ არ უნდა შეუქმნათ კომფორტი თქვენი ოცნების კაცს. გაარკვიეთ, რა უყვარს თქვენს პარტნიორს და შეეცადეთ, ასიამოვნოთ – არ დაგავიწყდეთ, მთავარია კომფორტი! მიეცით საშუალება, სადაც მას სურს იქ მიირთვას – სამზარეულოში, ტელევიზორთან დივანზე, საწოლში (გასაგებია, რომ ვერ იტანთ)... მიართვით, მოემსახურეთ, ოღონდ, რაც მთავარია, გააკეთეთ ეს სიამოვნებით, ღიმილით, მიეცით საშუალება, თავი შაჰად იგრძნოს. სამაგიეროდ, თქვენ მისი ჰარამხანის ერთადერთი სასურველი ბინადარი იქნებით.
დაუთმეთ მამაკაცს საწყისი ასპარეზის დომინანტური როლი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს თქვენს ბუნებაში არ ჯდება. აი, შემდეგ კი იყავით, უბრალოდ, გულწრფელები და რაც, მთავარია, თავისუფლები საკუთარ სურვილებში.
ნუ მოაბეზრებთ თავს თქვენს რჩეულს, დაუტოვეთ მას აუთვისებელი თავისი სივრცის თუნდაც სულ მცირე ნაწილი. მკვეთრად ნუ ჩაერევით მის ურთიერთობაში მეგობრებთან და ახლობლებთან, მიეცით საშუალება, მშვიდად უყუროს ფეხბურთის მატჩს და საყვარელ ფილმებს, ხანდახან უთქვენოდ! ნუ მოახვევთ თავს დაუსაბუთებელ ეჭვიანობას და ნუ გაუმართავთ სცენებს. კაცებს სძულთ ქალის ნორმად გადაქცეული პრეტენზიული ტონი. გაითვალისწინეთ, მამაკაცისთვის სასურველ ქალთან ყოფნა განტვირთვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა და თუ კი ეს ყოველდღიურ ქარიშხლად გადაიქცევა, დამიჯერეთ, აუცილებლად მოძებნის სხვა მყუდრო ნავსაყუდელს..
ქალებო, შეეცადეთ, თქვენი ოცნების კაცს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეუქმნათ პატარ-პატარა, უხილავი, მაგრამ საჭირო კომფორტები. ნუ შეეცდებით მის შეცვლას, თუნდაც ყველაზე წვრილმან საკითხებშიც კი, რადგან თქვენი მცდელობა სრულიად ამაო იქნება, ურთიერთობა კი უსიამოვნოდ დაიძაბება.