კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რის შემდეგ გამოიმუშავა ბახვა ბრეგვაძემ ტკივილის წინააღმდეგ საკუთარი მექანიზმი და რა იარები არ მოუშუშდება მას არასდროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„დღის იმედი“ „იმედის“ ახალი გადაცემაა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ბახვა ბრეგვაძე იქნება. როგორც ვიცით, ბახვა ყოველთვის ძალიან აქტიურია, პარალელურ რეჟიმში რამდენიმე სამსახურში მუშაობს და მოდუნებული არასდროსაა, თუმცა ახლა განსაკუთრებით ცდილობს, ბოლომდე საქმეებში გადაეშვას, რადგან მისი ცხოვრების ტკივილიან პერიოდში ფიქრისთვის ნაკლები დრო დარჩეს.
ბახვა ბრეგვაძე: „დღის იმედი“ შაბათ-კვირის გადაცემაა, რომელიც ჯერჯერობით დილის ეთერში გავა და შემდეგ შუადღესაც მოვიცავთ. ყოველთვის მიმართლებს სამუშაო გარემოში. ახლაც არაჩვეულებრივ პროფესიონალებთან ერთად მიწევს მუშაობა. წამყვანებს რაც შეეხება, ჩემთან ერთად კახა კინწურაშვილი, მანიკა ასათიანი და სალომე არშბა იქნებიან. სამივე ჩემი მეგობარია, ამიტომ განსაკუთრებულად მიხარია. გარდა ამისა, გადაცემაში იქნება ბახუტას, დუტასა და გია კობახიძის რუბრიკები – ერთად ვეცდებით, რომ მაყურებელს ხალისიანი განწყობა შევუქმნათ. ბევრი სიახლე გვექნება: მაყურებელი დუტას ახალ ამპლუაში იხილავს – ის კერძებს საკუთარი რესტორნიდან მოამზადებს. ბახუტას ექნება რუბრიკა „მსახიობის პირისპირ“ –  მის პირისპირ ხელოვანი ადამიანები დასხდებიან და ახლებური კუთხით წარმოჩინდებიან.
– ეთერისთვის  განსაკუთრებულად ემზადები?
– ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები ახალი პროექტისთვის. ეკრანს არ უხდება ზედმეტი კილოგრამები, გამოუძინებელი სახე, მოუწესრიგებელი თმა ან წვერი. ამიტომ ვცდილობ, ყველაფერი წესრიგში მქონდეს. როგორც იქნა, ვარჯიშიც დავიწყე წელიწად-ნახევრიანი პაუზის შემდეგ. ძალიან გამიჭირდა, ახლა ყველა კუნთი მტკივა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. წონაშიც დაკლებული ვარ.
– როგორ ახერხებ, რომ კონკურენტ არხებს შორის ძალიან მშვიდად და ყოველგვარი სკანდალის გარეშე მოძრაობ?
– არ ვიცი, ალბათ, იმიტომ, რომ არც მაქვს სასკანდალო თემა და ძალით ხომ არ გავამწვავებ სიტუაციას?! გულწრფელად, ყველას მადლობელი ვარ, ვისთანაც მიმუშავია. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს განვითარებაში. ყველას ძალიან ვგულშემატკივრობ, რა გვაქვს გასაყოფი? ყველგან მეგობრები მყავს, ასე რომ, ამ თემაზე პრობლემა არასდროს მქონია.
– მამა...
– ახლა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალიან დაკავებული ვიყო. რადგან ეს წელი ძალიან რთული და ალბათ, ყველაზე ცუდი აღმოჩნდა ჩემთვის. მშობლების დაკარგვა ისაა, რისიც მთელი ცხოვრება ძალიან მეშინოდა და ეს წელს მოხდა – მამა აღარ მყავს. ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო და მის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. საუბარიც ძალიან მიჭირს. ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავეფლო საქმეებში, რომ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო.
– არასდროს გითქვამს, რომ მამას რამე პრობლემა ჰქონდა.
– არ არის დიდი ხნის ამბავი. ერთი-ორი წელია, რაც გავიგეთ, რომ სიმსივნე ჰქონდა. თუმცა პროცესი ცუდად არ მიდიოდა. თითქოს მოვერიეთ  კიდეც, მაგრამ მერე ახალი პრობლემა გამოჩნდა. ძალიან ვერაგი დაავადებაა – იცი, რომ ვერაფერს შველი. ადამიანს გგონია, რომ ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეგიძლია და ამ დროს, წამებში აცნობიერებ, რომ სრულიად უძლური ხარ. ძალიან უცებ, ერთ კვირაში გაქრა ადამიანი. თავი ძალიან უსუსურად ვიგრძენი. ყველაზე საშინელი გრძნობაა – ყველაფერს მისცემდი რამის გაკეთება, რამის შეცვლა რომ შეგეძლოს. თუმცა, ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ყოველთვის მჯერა, რომ რაღაცის გამოსწორება მაინც შეიძლება. ბევრი მაგალითი მინახავს, პირადად ჩემი მეგობრებიც გადარჩენილან და ამ დიაგნოზით დღეს ნორმალურად ცხოვრობენ. თუ ადრეულ ეტაპზე გაიგებ, 21-ე საუკუნეში სიმსივნის მართვაც კი შეიძლება. მაგრამ, როცა უკვე რთულ ფორმასთან გაქვს საქმე, ვეღარაფერს მოუხერხებ. ძალიან ცუდი წელი იყო, გიო ხუციშვილიც წავიდა, რომელიც უზომოდ მიყვარდა და ძალიან დამწყვიტა გული, ახლა – მამა. მაგრამ მჯერა, რომ ძალიან ცუდს ყოველთვის კარგი მოჰყვება და 2019 წელი განსაკუთრებული იქნება.
– ძალიან კარგი მამა იყო, ნეტავ ოდესმე მეც მისნაირი ვიყოო, წერდი.
– ძალიან მეგობრული მამა იყო. წყნეთში გვქონდა აგარაკი. მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი და სიცხე მქონდა. საერთოდ, ყოველთვის ძალიან მიყვარდა, როცა ოჯახში თავს დამტრიალებდნენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი, მით უმეტეს, როცა ცუდად ვიყავი. მაშინაც, ავად რომ გავმხდარვარ, მიკითხავს: მამა აქ რატომ არ არის-მეთქი? ის იმ დროს თბილისში იყო. მაშინ მანქანა არ ჰყავდა, იმდენად მორიდებული კაცი იყო, მეგობარსაც ვერ სთხოვა და ჩემს სანახავად ღამე ფეხით ამოვიდა თბილისიდან წყნეთში. მახსოვს, კოცნით რომ გამაღვიძა და ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ შვილს უნდოდა, მამა მის გვერდით ყოფილიყო. რა პრობლემა იყო, დილითაც შეეძლო ამოსვლა, თან გაცილებით მარტივად, მაგრამ ასეთი იყო, ვერ მოითმინა და მახსოვს, როგორ ამიჩუყდა გული. იმ დღიდან მამა ჩემთვის გმირია და ასე იქნება სიცოცხლის ბოლოდე.
უკვე შინაგანი დამცავი მექანიზმი მაქვს, რომელიც მსგავს სიტუაციებში მიცავს. წლების წინ ბიძაშვილი დავკარგე, რომელიც ჩემთვის ძმასავით იყო. მას შემდეგ, როცა ძალიან ბედნიერი ვარ, რაღაც უზომოდ რომ მიხარია, ყოველთვის ის მახსენდება და ჩემი ბედნიერება არასდროსაა სრულყოფილი. მისი სახით, რაღაც დიდი ნაწილი აკლია და ახლა ვგრძნობ, რომ ეს ნაწილი კიდევ უფრო გაიზარდა. დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ, მაგრამ მგონია, რომ ასეთი იარები არასდროს შუშდება. ვერასდროს გადახარშავ, უბრალოდ, დრო რომ გადის, ეჩვევი ასე ცხოვრებას. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდებია, რომელსაც ვერაფერს მოვუხერხებ. ყველანაირი სირთულე ყელში მახრჩობს და ვცდილობ, ჩანასახშივე გავაქრო და საბედნიეროდ, ვახერხებ ხოლმე, თუ საქმე საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ეხება.
– ალბათ, ყველაზე ბედნიერი იყო, როცა შენ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას ხედავდა.
– ძალიან უხაროდა, ხანდახან გული მიჩუყდებოდა, რომ ვხედავდი. ყველაფერს უყურებდა და კითხულობდა, სადაც მე ვიყავი. ძალიან ხშირად ვეჩხუბებოდი ხოლმე, რატომ უყურებ-მეთქი, იმიტომ, რომ მე თვითონ არ მიყვარს ჩემი თავის ყურება, დღემდე უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები.
– სიმკაცრეს არ იჩენდა?
– კი, ბიჭების მიმართ მამები, ძირითადად, მკაცრები არიან ხოლმე. მე და ჩემი ძმის მიმართ ყოველთვის მკაცრი იყო, მაგრამ ზომიერად. ძალიან შეძლებული ოჯახი არასდროს გვქონია, მაგრამ მშობლები ყოველთვის ახერხებდნენ, რომ ბედნიერებისთვის ყველაფერი გვქონოდა. რაც გავიზარდე, ვხვდები, რამდენად რთულია ამის გაკეთება. ბედნიერი ვიქნები, მე იმის ნახევრის გაკეთება რომ შევძლო ჩემი შვილისთვის, რაც მამამ გამიკეთა.
– შენ როგორი მამა იქნები?
– მგონია, რომ ძალიან კარგი მამა ვიქნები. ჩემი მეგობრის შვილები საოცრად მიყვარს და შემიძლია, საათები გავატარო მათთან. რა თქმა უნდა, საკუთარი შვილისთვის დრო არ დამენანება და მის აღზრდაში მაქსიმალურად ვიქნები ჩართული. მომწონს, როცა წყვილი თანაბრად მონაწილეობს როგორც ბავშვის აღზრდაში, ისე სახლის საქმეებში. ვისაც რა გამოგვივა უკეთ, იმას გავაკეთებთ. „ქალი ვიცი მე კუხნაში“ იდეოლოგიით არ ვცხოვრობ. პირიქით, ძალიან მომწონს რეალიზებული ქალები.
скачать dle 11.3