№47 როგორ დაუგეგმა ამერიკიდან თაფლობის თვე თიკო მოსემღვდლიშვილს შეყვარებულმა და რატომ უწევთ მათ ნიშნობის შემდეგაც ცალ-ცალკე ცხოვრება
ცოტა ხნის წინ მომღერალი და მსახიობი თიკო მოსემღვდლიშვილი და ზვიად ლურსმანაშვილი დაინიშნენ. ზვიადმა თიკოს მალიორკაზე სთხოვა ხელი. წყვილს ერთმანეთთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, მათ საკმაოდ ბევრი სირთულის გავლა მოუწიათ. დაახლოებით ერთი წლის წინ ზვიადი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, თბილისში დაჭრეს, სწორედ იმ დროს, როდესაც თიკო მის გვერდით იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ზვიადი გადარჩა, მან მკურნალობა და რეაბილიტაცია ამერიკაში გააგრძელა, თიკოს კი თბილისში მოუწია დარჩენა. ამ ეტაპზე შეყვარებული წყვილი კვლავ ცალ-ცალკე ცხოვრობს, ზვიადი – ამერიკაში, თიკო – თბილისში, თუმცა ცოტა ხნის წინ მათ ევროპაში საოცნებო და ზღაპრული თაფლობის თვე მოიწყვეს. „თბილისელები“ ულოცავს ორივეს და დიდ ბედნიერებას უსურვებს.
თიკო მოსემღვდლიშვილი: დიდი ხანია, ვგეგმავდით სადმე ერთად წასვლას. თუმცა ყველაფერი მაინც მოულოდნელი იყო. რადგან ერთი კვირით ადრე მითხრა ზვიადმა: მივდივართ. ეს შენი ბილეთებია – ამა და ამ დღეს აქ ვიქნებითო. მოკლედ, მთელი ტური იყო დაგეგმილი. მოვემზადე, როგორც შემეძლო და წავედი. ზვიადი ამერიკიდან ჩამოფრინდა, მე – საქართველოდან გავფრინდი. ამერიკიდან დამიგეგმა ყველაფერი. ერთმანეთს იბიცაზე, აეროპორტში უნდა შევხვედროდით. მადრიდში მიწევდა გადაჯდომა. დავდიოდი, ჩემს გასასვლელს ვეძებდი და უცებ ვიღაც მეძახის. მოვიხედე და მადრიდის აეროპორტში არ დამხვდა?! ასეთი სასიამოვნო სიურპრიზი მომიწყო და უკვე ერთად გადავფრინდით იბიცაზე.
– ხელი სად გთხოვა?
– ხელი მალიორკაზე მთხოვა. იბიცაზე ვიყავით ერთი კვირა. ძალიან კარგი დრო ვატარეთ. ერთმანეთი წელიწადზე ცოტა მეტი არ გვყავდა ნანახი და მონატრებული ვიყავით. იქიდან მალიორკაზე წავედით, სადაც ხელი მთხოვა. მოდი აქო, – დამიძახა, გახსნა ყუთი და გამიკეთა ბეჭედი. ფაქტის წინაშე დამაყენა. რომანტიკული მუსიკა, დაჩოქება მისი სტილი არ არის. ჯერ კიდევ შარშან, ახალი წლის მერე დავგეგმეთ სადმე ერთად წასვლა და ამიტომაც, არც მიფიქრია, რომ რამეს აპირებდა. თან, ზვიადი ისევ ამერიკაში უნდა დაბრუნებულიყო, მე – საქართველოში. ადამიანს ხელს რომ სთხოვ, გინდა, მასთან ერთად იცხოვრო, ერთად იყოთ, ამიტომ მსგავსი ფიქრები არც მქონია. ისე, არც უკითხავს: თანახმა ხარ თუ არაო. მე, რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ მერე დამარტყა თავში და ვუთხარი: არაფერი რომ არ გიკითხავს, იქნებ არ ვარ თანახმა-მეთქი. მალიორკადან იბიცაზე დავბრუნდით. საოცარ ადგილას ვცხოვრობდით. ყველაფრისგან ვიყავით მოწყვეტილი, ძალიან რომანტიკული გარემო იყო. თან, მე ვარ ასეთი ტიპი. ერთი თვე რომ ერთ ადგილას ხარ, შეიძლება, სიტუაცია მოგბეზრდეს. ამიტომ ყოველ კვირაში ვიცვლიდით სიტუაციას. ძალიან საინტერესოა ასე ცხოვრება. მალიორკა განსაკუთრებით მომეწონა, პირადად ჩემთვის უფრო მაგარი გართობა იყო. იბიცაზე ისეთი მოწყვეტილები ვიყავით ყველაფერს. მთაზე ვიყავით, ჩვენ ირგვლივ კაციშვილი არ ცხოვრობდა. საწოლიდან გადავყურებდი საოცარ ხედს: დიდი კუნძულია წყალში. ერთხელ ისეთი ნისლი იყო, არაფერი ჩანდა, გული გამისკდა. სამოთხეა მართლა, ზღაპრული ადგილი. ყოველთვის რომ ოცნებობენ ხოლმე, ასეთი თაფლობის თვე გამოგვივიდა. ზვიადი არ არის რომანტიკული ტიპი, მაგრამ იცის, როგორ გაგახაროს, რა გააკეთოს.
– ალბათ, რთულია ერთმანეთისგან ასე შორს ყოფნა.
– კი, რთულია, მაგრამ საინტერესოა. ზოგადად, არ მიყვარს ბანალური რაღაცები და ჩვენი ურთიერთობაც არ არის ბანალური. უფრო საინტერესოა, დაუგეგმავი. სიახლეები მიყვარს, უცნაური სიტუაციები. წყვილები ერთმანეთს ცოტა ხნით რომ შორდებიან და მერე ხვდებიან – ასეთი სიტუაციებიც მომწონს. რა თქმა უნდა, ორივეს გვინდა, ერთად ვიყოთ, მეც მინდა, სულ მასთან ვიყო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
– ერთი წლის წინ ორივე საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით. როგორ გაიარეთ ის პერიოდი?
– ზოგადად, ერთმანეთს ტელეფონით ვუკავშირდებოდით ხოლმე. მერეც, როდესაც საავადმყოფოში იწვა, სულ გვქონდა კავშირი, მაგრამ სანამ სიტუაცია დასტაბილურდებოდა, ძალიან ვნერვიულობდით. როცა სახლში გადავიდა და რეაბილიტაცია დაიწყო, შიშის განცდა გაქრა და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მერე უკვე ყველაფერი დალაგდა. თან, ჩვენ მიჩვეულები ვართ ასეთ ურთიერთობას, ის – იქით, მე – აქეთ. ეს არ იყო პრობლემა. უბრალოდ, სანამ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, მანამდე ძალიან განვიცდიდი. სამწუხაროდ, როდესაც ზვიადი სამკურნალოდ ამერიკაში გადაიყვანეს, მე ვერ წავედი. ორი კვირა საქართველოში რომ იყო, თავზე ვედექი, ფაქტობრივად, სახლშიც კი არ მივდიოდი. რომ წავიდა, უცებ მოვეშვი, ვერ ვზრუნავდი, ვეღარ ვუვლიდი, ვნერვიულობდი, გაურკვეველ სიტუაციაში ვიყავი და ეს იყო ყველაზე რთული მომენტი.
– დაჭრის შემდეგ ზვიადის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. ახლა, როგორ არის?
– ახლა რეაბილიტაციას გადის ამერიკაში. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე თავისუფლად შეუძლია წავიდეთ, ვიმოგზაუროთ. წვრილმანებია დარჩენილი და იმასაც მიხედავს. მერე, იმედია, მეც მომიწევს მასთან წასვლა. იმედია, ყველაფერი „ჰეფი ენდით“ დამთავრდება. ჩვენი 9-წლიანი, წყვეტილ-წყვეტილი ურთიერთობა საბოლოოდ ასე კარგად დამთავრდა. ყველა მიხვდა და დარწმუნდა, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია. ბევრმა წელმა ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა. ზოგადად, არასტანდარტულად წავიდა ჩვენი ურთიერთობა, დავშორდებოდით, მაგრამ მაინც ერთად გვინდოდა ყოფნა, ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით. ამ ყველაფერმა ჩვენს ურთიერთობას შეუწყო ხელი – უკვე კარგად გავიცანით ერთმანეთი. შეიძლება, ამაზე კარგი მოხდეს, მაგრამ იმაზე ცუდი, რაც ჩვენ გამოვიარეთ, არ მგონია, რამე მოხდეს.
– მეორედ ოჯახის შექმნისგან ზოგჯერ თავს იკავებენ ხოლმე ადამიანები?
– იმდენად მიჩვეული ვარ ამ ადამიანს, რომ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამდენი წელია, ჩემი ქმარია. არც ფურცელი ნიშნავს ჩემთვის რამეს, არც გვირგვინი თავზე. ჩემთვის ისევ ის არის, ვინც ნიშნობამდე იყო. როგორც აქამდე მიყვარდა, ისე მეყვარება და როგორც აქამდე ვჩხუბობდით, ისევ ისე ვუჩხუბებთ.
– როგორია შეყვარებული თიკო?
– ძალიან მზრუნველი ვარ – ეს ყველაზე კარგად გამომდის. შეიძლება, ხშირად ვერ ვუთხრა: მიყვარხარ, რადგან სიტყვებით მიჭირს გამოხატვა, ქცევით უფრო შემიძლია. მეც საყვარელი ადამიანისგან გვერდში დგომა მჭირდება და მისი მხრიდან იმაზე ფიქრი, რომ მე ბედნიერი ვიყო, ალბათ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემ გვერდით მყოფი ადამიანის ბედნიერებაზე.