კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რამდენჯერ დგება ბავშვის ცხოვრებაში ასაკობრივი კრიზისი და როდის არის ის ყველაზე რთული

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

გაგჩენიათ განცდა, რომ თქვენი დამჯერი შვილი ერთ დღეში შეიცვალა? ერთ დროს მშვიდი და დამჯერი შვილი, რომელიც აქამდე ხელჩაკიდებული დაგყვებოდათ და თქვენს ყველა სურვილს სიხარულით ასრულებდა, დღეს გაბრაზებული ისვრის სათამაშოებს და ქუჩაში ისტერიკებს აწყობს. რა თქმა უნდა, ცვლილებები ნელ-ნელა იწყება, უბრალოდ, ყურადღების გამახვილება უკვე გამწვავებულ პერიოდში ხდება. ამ დროს სწორედ ასაკობრივ კრიზისებთან გვაქვს საქმე. რას გულისხმობს ის და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მსგავს სიტუაციასთან გვექნება საქმე, გვესაუბრა ფსიქოლოგი ანა ქურდაძე-კუხაშვილი:კრიზისული პერიოდი – ეს არის განვითარების ახალი ეტაპი, გამოცდილების მიღების შესაძლებლობა და შესაბამისად, ახალი დასკვნების გამოტანის რესურსიც. ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრ სხვადასხვანაირ კრიზისს განიცდის. ასეთი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაშიც კი რამდენჯერმე დგება. კრიზისის პერიოდები ასე შეიძლება გადანაწილდეს: პირველი წლის კრიზისი, 3-4 წლის კრიზისი (სკოლამდელი ასაკის), 7 წლის კრიზისი და 12-15 წლის (მოზარდობის) კრიზისი. სწორედ ამ კრიზისული ასაკით ხსნიან მეცნიერები ბავშვის ხასიათის ცვლილებებს.
– რომელ ასაკშია კრიზისი ყველაზე მწვავე?
– სპეციალისტების განმარტებით, სკოლამდელი ასაკის (3-4 წლის) კრიზისი ყველაზე მწვავეა. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია საკუთარი პიროვნებისა და მშობლისგან დამოუკიდებლობის გააზრება, კრიზისს კი მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა ამწვავებს. იგი ვერ იღებს მშობლებისგან წახალისებას, შექებას მის მიერ დამოუკიდებლობის გამოვლენის მცდელობებზე. სკოლამდელი ასაკის კრიზისის შემდეგ დგება 7 წლის კრიზისი, რომლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მშობლები ბავშვს, როგორც მცირეწლოვანს, ისე ექცევიან, ამავდროულად, მას სკოლის გარემო უყენებს მაღალ მოთხოვნებს, როგორც აკადემიური ნაწილის მხირვ, ასევე ქცევის კუთხითაც. ეს საკმაოდ სერიოზული მოთხოვნებია და ამ ასაკის ბავშვს უჭირს, გამიჯნოს ერთმანეთისგან სკოლის თვისობრივად განსხვავებული გარემო და სახლი, სადაც მას, ისევ როგორც პატარა ბავშვს, ისე ექცევიან. სწორედ ეს განსხვავებები ქმნის კრიზისს, რომელსაც ბავშვი საბოლოოდ პროტესტამდე მიჰყავს. ის ხშირად კამათობს უფროსებთან, აპროტესტებს მათ მოთხოვნებს, აგროვებს არგუმენტებს თავის დასაცავად. ცდილობს, დაემსგავსოს უფროსებს, მოიქცეს  და იმეტყველოს მათსავით.
– რამდენად ნორმალურია ასაკობრივი კრიზისები?
– უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ცვლილებები ბუნებრივივი და კანონზომიერია. ბავშვის განვითარება არათანმიმდევრულია – იგი ხან მშვიდ ეტაპზეა, ხან კი – კრიზისულზე. ყოველი კრიზისული ეტაპის დასრულებისას მშობლები აღმოაჩენენ, რომ მათი შვილი განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა. ამის შემდეგ ბავშვისა და ოჯახის ცხოვრებაში დგება მშვიდი პერიოდი. ამ ეტაპზე ბავშვი ეუფლება ახალ უნარებს, იღებს მის ორგანიზმში მიმდინარე ფსიქიკურ თუ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს.
– რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს კრიზისული პერიოდი აქვს?
– კრიზისის დადგომას ოჯახის წევრები, უმეტეს შემთხვევაში, ადვილად ამჩნევენ. ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი დამჯერი შვილი ერთ დღეში შეიცვალა. ბავშვი უცებ ხდება ჯიუტი, პრეტენზიული, მომთხოვნი, აგზნებული. რა თქმა უნდა, ცვლილებები ნელ-ნელა მწიფდება, უბრალოდ, შესამჩნევი ხდება გამწვავებულ პერიოდში. კრიზისის გადალახვაში მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა, მისი მხარდაჭერა. კრიზისს ამწვავებს მისი გამოვლენის შეზღუდვა მშობლის მხრიდან, მაგალითად, როდესაც მშობლები ბავშვს ხმამაღლა მიმართავენ, ამით გამოხატვის თავისფლებას უზღუდავენ.
– როდის ხდება ბავშვის კრიზისი გამწვავების საფრთხის წინაშე?
– ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვს უჩნდება დამოუკიდებლობის მოთხოვნილება და როდესაც მისი მოთხოვნილება ოჯახის მხრიდან ვერ კმაყოფილდება, ბავშვის კრიზისი გამწვავების საფრთხის წინაშე დგება. მოზარდობის ასაკს თან ახლავს თვითგამორკვევის პრობლემები. ამ ასაკში დგას სულიერი, პიროვნული, სოციალური, პროფესიული თვითგამორკვევის ეტაპი. მოზარდისთვის წამყვანია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადება. მოზარდთა ნაწილი აუჩქარებლად მიიწევს განვითარების მომდევნო ეტაპისკენ და შედარებით იოლად ერთვება სოციალურ ურთიერთობებში, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ეს პერიოდი მღელვარე და დაძაბული აღმოჩნდეს. მოზარდი თითქოს სცილდება გარემოს, გაღიზიანებულია, მიდრეკილია ჩხუბისა და დისციპლინის დარღვევისკენ. ხშირად აქვთ შფოთვა და  მარტოობის მოთხოვნილება, ცვლილებებს განიცდის სწავლისადმი დამოკიდებულება, ქვეითდება სწავლის მოტივაცია და შრომისმოყვარეობა. მოზარდი ხშირად აკრიტიკებს სხვის მოსაზრებებს და მათ დასაბუთებას ითხოვს. აზროვნების განვითარებას თან ახლავს გაძლიერებულად საკუთარი თავის აღქმა და განცდების სიღრმისეული შესწავლა. მათი მკვეთრად ნეგატიური ქცევა, შესაძლოა, რამდენიმე კვირა ან შედარებით დიდი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს. ამ დროს საჭიროა მშობელთა მობილიზება, მათი მაქსიმალური სიმშვიდე, ემპათია და მხარდაჭერა შვილისადმი. ამ პერიოდს სპეციალისტები მოიხსენიებენ, როგორც სქესობრივი მომწიფების ნეგატიურ ფაზას.
– როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა ასაკობრივი კრიზისის დროს?
– ცალსახაა, რომ კრიზისული პერიოდი მხოლოდ ბავშვის გადასატანი არაა. ამ ეტაპს გადის ბავშვის გარემოცვის ყველა წევრი, ვინც მის აღზრდაშია ჩართული. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა კი მშობლებს აკისრიათ. ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ გრძნობენ გაუცხოვებას შვილთან და მათი აღზრდის პრინციპები ჩიხშია შესული. მნიშვნელოვანია, მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ კრიზისული პერიოდის გადავლის შემდეგ შვილისადმი ქცევაც უნდა შეიცვალოს, ეს გააადვილებს ურთიერთობას და უფრო კოსნტრუქციულს გახდის. მაგალითად, შეცვალეთ მიმართვის, თხოვნის ფორმები, დაინტერესდით მისი შეხედულებებით ამა თუ იმ მოვლენაზე. მშობლები ბავშვებს უნდა ესაუბრონ თანატოლებივით – ეს ნებისმიერი ასაკისთვის გასათვალისწინებელი რჩევაა, მათ შორის სკოლამდელი ასაკის კრიზისისთვისაც. ბავშვმა მცირე ასაკიდან უნდა იცოდეს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ეს გააფართოებს და გაამდიდრებს მის უფლებებსა და მოვალეობებს, აამაღლებს თვითშეფასებას. აუცილებელია, პატივი ვცეთ მათ პირად სივრცეს, თუ ვამჩნევთ, რომ რაიმე კონკრეტულ თემაზე მათთვის საუბარი უხერხულია, ზედმეტად არ ჩავუღრმავდეთ კითხვებით, უბრალოდ, შევახსენოთ, რომ მათი მოსმენისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ, და როდესაც თავად ჩათვლიან საჭიროდ, მათთვის მნიშვნელოვანი ამბები მაშინ გიამბონ. მშობლებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება, მზად იყვნენ განმარტებებისა და არგუმენტებისთვის. ასე რომ, მშობლის ჩართულობა, მისი მხარდაჭერა ძალიან დაეხმარება როგორც შვილს, ასევე ოჯახის ზოგად კლიმატსაც. თუ ოჯახი ბავშვს საკუთარი აზრის გულწრფელად გამოხატვის საშუალებას მისცემს, შექმნის პატივისცემასა და ემპათიაზე დაფუძნებულ, თანასწორუფლებიან ოჯახურ გარემოს.
                     
скачать dle 11.3