კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ ეტრფოდნენ ქართველ მატა ჰარის სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და როგორ გადაურჩა მარიამ კერესელიძე სიკვდილს რამდენჯერმე

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

მარიამ კერესელიძე ამტანობითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. ამბობენ, რომ უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე განთქმული ჯაშუში მატა ჰარი. დაუდგენელია, ზუსტად რამდენი ქვეყნის დაზვერვასა და პოლიტიკურ წრეებთან ჰქონდა კავშირი. მასზე ნადირობდა საბჭოთა „კაგებე“, ინგლისის დაზვერვა, საფრანგეთის პოლიცია და გერმანელი ფაშისტებიც კი. მარიამი ხელმძღვანელობდა ფაშისტების წინააღმდეგ პარტიზანულ მოძრაობას, მონაწილეობდა პერუში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებში და წარსულში საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგე, სიცოცხლის ბოლო წლებში კომუნისტებს უჭერდა მხარს.
    ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის ლეო კერესელიძის ერთადერთი ქალიშვილი, მარიამი 1956 წელს მამიდას, ელენე კერესელიძე-გლურჯიძეს პერუდან გამოგზავნილ  წერილში სწერდა: „ჩემი აქ ცხოვრება, ესე იგი, საზღვარგარეთ, სულ უმიზნოდ და უინტერესოდ მიმაჩნია. ყველა ჩემსავით ემიგრაციაში დაბადებული ადამიანი შეეჩვია სხვა ქვეყანას. მე ვერც ერთ ერს ვერ ვეგუები, არც სულიერად და არც აზროვნულად. მე მიზიდავს და მაინტერესებს მხოლოდ საქართველო, ის ხალხი, რომელიც მანდ ცხოვრობს“. მარიამის შესახებ ინფორმაცია მწირია. ისტორიკოსი, ტელედოკუმენტალისტი ბესო გაფრინდაშვილი მის ისტორიას რამდენიმე წელი იკვლევდა.

ბესო გაფრინდაშვილი: მარიამის შესახებ ინფორმაცია პირველად გელა სულაძის წიგნში – „ქართული ემიგრაცია და სპეცსამსახურები“ გამოჩნდა. მას გამოქვეყნებული აქვს ძალიან საინტერესო ცნობები საბჭოთა მზვერავ „შახოვსკიზე“. 1990-იან წლებში, როდესაც უშიშროების არქივები გაიხსნა, მათში აღმოჩნდა პავლე ჯორჯაძის („შახოვსკის“) ჩვენება. სწორედ, აქედან ვიგებთ მარიამ კერესელიძის შესახებ. საბჭოთა სპეცსამსახურების გადაბირებულ ჯორჯაძეს დავალებული ჰქონდა ანტისაბჭოთა ქართულ ემიგრაციაში შეღწევა და ლიდერების განადგურება. 1943 წელს პავლე ჯორჯაძე იღებს დავალებას, ჩადის ბერლინში და გერმანელებს ბარდება. მან დაარწმუნა ისინი, რომ სანდო იყო. აქედან იწყება „შახოვსკისა“ და მარიამის ურთიერთობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. ბოლოს მარიამი მიხვდა, ვინ იყო „შახოვსკი“. ეს იყო ერთგვარი ტრაგიკული ისტორია, რადგან ისინი საპირისპირო მხარეებს წარმოადგენდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, სიყვარული „შახოვსკის“ მხრიდან უფრო ძლიერი იყო, რადგან მისგან განსხვავებით, მარიამი მას თითქმის არასდროს ახსენებს.
მარიამ კერესელიძის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადავიღეთ. სწორედ მისი ჩვენების შემდეგ გამომეხმაურნენ „შახოვსკის“ შვილები – საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას ცოლი შეურთავს. როგორც ჩანს, მარიამზე ფიქრი არ ასვენებდა, მაგრამ თავისი გრძნობების შესახებ ოფიციალურ ანგარიშში ვერაფერს იტყოდა, ამიტომ მოგვიანებით, სხვა გვარით გამოსცა წიგნი – „სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია“, სადაც კარგად ჩანს, რას გრძნობდა მარიამის მიმართ.
– რით იყო გამორჩეული მარიამ კერესელიძე?
– მარიამმა განათლება რომში მიიღო, შემდეგ მშობლებთან ერთად, ჩრდილოეთ მაროკოში, ქალაქ ტანჟერში ჩავიდა. პავლე ჯორჯაძის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ის გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან, ანუ ტანჟერში ცხოვრების პერიოდში თანამშრომლობდა. ქართული ემიგრაციის ნაწილი ფიქრობდა, რომ გერმანიის საშუალებით მოახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ლეო კერესელიძე, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, 1906 წელს იძულებული გახდა, შვეიცარიაში გახიზნულიყო. სწორედ ჟენევაში გაიცნო მომავალი მეუღლე მართა და ჟენევაშივე 1922 წლის 12 ივლისს დაიბადა მათი ერთადერთი ასული. მარიამ კერესელიძეს მამა ისეთი სულისკვეთებით ზრდიდა, რომ ის უნდა ყოფილიყო მამის პოლიტიკური კურსის გამგრძელებელი და თამარ მეფე თუ არა ქართველი ჟანა დარკი მაინც. ქართული მამამ პარიზში ბავშვობაშივე შეასწავლა. განათლება რომში „წმიდა მარიამის“ სახელობის მონასტერში მიიღო. კარგად ფლობდა როგორც ევროპულ, ასევე აღმოსავლურ ენებს. „წმიდა მარიამის“ სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მშობლებთან ერთად, ჩრდილოეთ მაროკოში, ქალაქ ტანჟერში ცხოვრობდა. ტანმაღალი, მუქთაფლისფერთვალება, გრძელი შავთმიანი და მომხიბლავი მარიამი მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. „კაგებეს“ მასალებზე დაყრდნობით, მარიამ კერესელიძეს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ეტრფოდნენ, მათ შორის: ფრანკოს ხელისუფლების მინისტრი, ესპანეთის მაროკოს მმართველი, ესპანელი, ინგლისელი და იტალიელი გავლენიანი პირები. ის საკმაოდ საინტერესო პიროვნება გახლდათ, ფიზიკურად ძლიერი და ნებისყოფიანი. მამას მუდმივად
გვერდით ედგა და ქართველთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მასში განსაკუთრებით მიმზიდველი იყო ქალური სინაზისა და მამაკაცური ძალისა და შეუპოვრობის სინთეზი. ტანჟერში მარიამი შვეციის დესპანზე დაინიშნა, მაგრამ მათი ურთიერთობა მალე დამთავრდა. შემდეგ ცოლად გაჰყვა ერთ-ერთ მსხვილ ინგლისელ ჩინოვნიკს, თუმცა არც ეს კავშირი აღმოჩნდა მტკიცე.
1940 წელს ლეო კერესელიძემ ტანჟერი დატოვა და ჯერ საფრანგეთში გაემგზავრა, შემდეგ გერმანიაში. აქედან მოყოლებული, მარიამ კერესელიძემ თანამშრომლობა დაიწყო ტანჟერსა და ესპანეთის მაროკოში მოქმედ გერმანიის დაზვერვასთან. 1942 წელს მარიამი დედასთან ერთად ბერლინში გადავიდა. მამის სურვილით, ტყვეთა ბანაკში ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა. 1945 წელს მარიამი, დედასთან ერთად, ჩრდილოეთ იტალიაში გაემგზავრა, სადაც 150 იძულებით გადაადგილებულ თანამემამულეს შეუერთდა. იტალიაში ჩამოყალიბებულ სათვისტომოში იგი ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა, რადგან როგორც წერს, გერმანული სიმღერა ის არ აღმოჩნდა, რაც ჩანდა. მარიამის წერილებიდან ირკვევა, რომ ის იტალიაში პარტიზანების მხარდამხარ იბრძოდა: „ალბათ, არ იცი, რომ იტალიის მთებში პარტიზანი ვიყავი. 800 ქართველი ბიჭი წავიყვანე და ვიბრძოდი ფაშისტების წინააღმდეგ. გერმანელმა ესესელებმა კინაღამ დამხვრიტეს, მაგრამ როგორღაც გადავრჩი. დედა სულ ელოდა, რომ ჩემს სიკვდილს შეატყობინებდნენ, მანდ, იტალიის მთებში ქართველებს აღმერთებენ და ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ „ქართველების წყალობით და მარიამის წყალობით ჩვენ გადავრჩითო.“ – წერს წერილში 1956 წელს, პერუში უკვე დიდი ხნის გადასახლებული... როგორც კი შეამჩნია, რომ გერმანელების საქმე ცუდად იყო, მარიამმა ამერიკელებსა და ინგლისელებთან ურთიერთობა სცადა, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც გიბრალტარს მისი ინფორმაციების საფუძველზე ბომბავდნენ.
გერმანელების დამარცხების შემდეგ მარიამი ქართველ ჯარისკაცებთან (რომელთა ხელმძღვანელი ფრიდონ წულუკიძე იყო) ერთად იტალიაში ჩავიდა და პარტიზანებს შეუერთდა. მოგვიანებით კი მამიდას სწერს, დამიჭირეს და ძლივს გადავურჩი სიკვდილსო. რაშიც ფრიდონ წულუკიძეს სდებს ბრალს, მან ჩამაბარა თავის ხელით გერმანელებსო, საბედნიეროდ, ქართველი ესესელების დახმარებით მარიამი გაქცევას ახერხებს...
მარიამის სადაზვერვო საქმიანობას ხელს უწყობდა ისიც, რომ მან კარგად იცოდა იტალიური, ინგლისური, ესპანური, გერმანული და არაბულიც კი, ქართული კი, როგორც ვთქვით, მამამ პარიზში ბავშვობაშივე ასწავლა. ერთ-ერთ წერილში, რომელსაც მარიამი მამიდას სწერს, ვკითხულობთ: „როცა პატარა ვიყავი, ქართულად ლექსებს ვწერდი და ფანდურზე ვმღეროდი. უკვე 14 წელიწადი გავიდა, უკანასკნელად რომ ველაპარაკე ქართველ ადამიანს. ახლა 38 წლის ვარ, ყოველდღე მავიწყდება მშობლიური ენა და ამის გამო მიკვდება გული. 11 წელია, ქართული წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა ვკითხულობ და ყოველდღე ჩემს თავს ქართულად ველაპარაკები...“
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მარიამ კერესელიძეს დევნილობამ მოუწია, რომლის მიზეზიც  მეორე მსოფლიო ომში  ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გარკვეული ნაწილის, მათ შორის, მამა-შვილ კერესელიძეების, ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობა იყო. საბჭოთა კავშირი ევროპის მრავალ ქვეყანაში ინტენსიურად აწარმოებდა ფაშისტური გერმანიის მომხრე პოლიტიკური ემიგრანტების, ტყვედჩავარდნილებისა და გერმანიის მხარეზე გადასული საბჭოთა მეომრების დაჭერასა და დახვრეტას. მარიამ კერესელიძემ ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად სამხრეთ ამერიკას მიაშურა, პერუში დამკვიდრდა და ლიმას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. ის პოლიგლოტი იყო, საკმაოდ ბევრი ენა იცოდა და პერუში კეჩუას ენის შესწავლაც დაიწყო. მარიამი მონაწილეობდა პერუში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებში და ოდესღაც საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგე, სიცოცხლის ბოლოს, კომუნისტებს უჭერდა მხარს. დიდ პატივს სცემდა ფიდელ კასტროს.
რევოლუციურ-პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულმა მარიამ კერესელიძემ იმ პერიოდში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, წარმოშობით ესპანელი მანუელ
ჰერერა ასპაუზა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მანუელ ჰერერასთან ერთად პარიზში გაატარა. იგი მარიამ ჰერერას სახელით სორბონის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. ყოველთვის ოცნებობდა საქართველოში ჩამოსვლაზე. მამიდას სწერდა: „იქნებ ერთხელ მაინც დავადგა ქართულ მიწას ფეხი. ვერ ვეგუები აქაურობას... მე ქართველად ვარ დაბადებული. თუნდაც მანდ გზის დამგები მუშა ვიყო, მირჩევნია, მანდ ვიყო...“ ბოლო წერილი 1972 წელს გამოგზავნა. საქართველოდან წერილების გაგზავნა კი 1965 წელს შეწყდა – როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველ ემიგრანტებთან მიმოწერა გაამკაცრა. მარიამი შვიდი წლის განმავლობაში მაინც სწერდა მამიდას და სთხოვდა, ეპასუხა. იქნებ იფიქრა კიდეც, რომ აღარავის ახსოვდა, მაგრამ მის მამიდაშვილს, ლეო გლურჯიძეს ყველა წერილი შენახული ჰქონდა. მარიამი 2002 წელს 82 წლისა გარდაიცვალა.
– სიცოცხლეში ვერა, თუმცა გარდაცვალების შემდეგ მაინც ასრულდა მისი ოცნება და მარიამი სამშობლოს დაუბრუნდა, არა?
– რამდენიმე წლის წინ გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში, სამხრეთამერიკელმა მამაკაცმა ჩანთიდან პატარა ყუთი ამოიღო. ცოტა ხანს ეფერა, მერე თავი მოხსნა და სვეტებთან ახლოს რაღაც მოაფრქვია. კაცი პერუელი, ყოფილი რევოლუციონერი, საფრანგეთში იმიგრირებული მანუელ ჰერერა იყო, ეზოში კი გარდაცვლილი მეუღლის – მარიამ კერესელიძე-ჰერერას ფერფლი მოაბნია. თითქმის 100 წელს მიღწეულმა მოხუცმა მეუღლის ანდერძი შეასრულა, თუმცა, ზუსტად – ვერა. მარიამი ოცნებობდა, მისი ფერფლი გორში კერესელიძეების საგვარეულო სასაფლაოს შერეოდა. ქვრივმა საფლავს რომ ვერ მიაგნო, ეკლესიას სთხოვა დახმარება. როგორც თვითონ უთქვამს, სასულიერო პირებმა უარი უთხრეს, როგორც კათოლიკეს, ფერფლს აქ ვერ დაგამარხვინებთო. რის შემდეგაც მეუღლის ფერფლისთვის მისთვის ყველაზე ცნობილი ქართველის, იოსებ ჯუღაშვილის ეზოში მოუძებნია უკანასკნელი განსასვენებელი. ის თავად კომუნისტია. ქვრივს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიც მოუნახულებია და მარიამის შესახებ მასალები გადაუცია. ფილმის შემდეგ, მარიამის ცხოვრების შესახებ წიგნის გამოცემა გადავწყვიტე, რაც უკვე ძალიან მალე მოხდება. „დაკარგული ქართველი ქალი“ ასე ჰქვია ფილმს და იგივე სახელი ექნება წიგნსაც, რადგან ერთ-ერთ წერილში მარიამი ასე უწოდებდა საკუთარ თავს. ჩემს წიგნზე მუშაობისას ჰერერას წერილი მივწერე, რადგან დღევანდელი მონაცემებით, ისაა ერთადერთი ადამიანი, ვინც შეიძლება, მარიამის შესახებ კიდევ ბევრი რამ იცოდეს. თუმცა, არ ისურვა: ქართველებთან ურთიერთობის სურვილი არ მაქვს, მე მხოლოდ მარიამის ანდერძი შევასრულეო.
скачать dle 11.3