№47 კლინიკა „ინ ვიტრო“ - საუკეთესო ადგილი უშვილობის პრობლემის დაძლევისთვის
ინ ვიტრო განაყოფიერების მეშვეობით უამრავ წყვილს მიეცა საშუალება, მშობელი გამხდარიყო. თუმცა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც ეს მეთოდი ფეხს იკიდებდა საქართველოში, ყველა ეჭვის თვალით უყურებდა და ბევრ წარმატებულ ექიმსაც კი მტკიცედ სჯეროდა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. კლინიკა „ინ ვიტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია ცაგარეიშვილი გვესაუბრა, რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ ინ ვიტრო განაყოფიერების დანერგვის პროცესში, როგორ ვებრძოლოთ უშვილობას და რა უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემებისგან დავიცვათ თავი.
გია ცაგარეიშვილი: მე და ქალბატონმა ნატალია ხონელიძემ დიდი ხნის ოცნება ავისრულეთ, როცა კლინიკა „ინ ვიტრო“ გავხსენით. მაშინ ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო ჩენი მხრიდან. ქალაქის ცენტრიდან – ჟორდანიას ინსტიტუტიდან, დიღომში გადმოვედით და სრულიად დამოუკიდებლად გავაგრძელეთ ჩვენი საქმის კეთება. ამ პროცესში დიდი იყო ალბათობა, რომ პაციენტები დაფანტულიყვნენ, მაგრამ საბედნიეროდ, წამოგვყვა ჩვენი სახელიც და ჩვენი პაციენტების დიდი უმრავლესობაც. თანდათან წელში გავიმართეთ და დღემდე ფინანსური დივიდენდის უდიდეს ნაწილს ისევ კლინიკის განვითარებას ვახმართ. თუ ერთი ნაბიჯით ჩამორჩი ინოვაციებს, მალე ძალიან უკან აღმოჩნდები.
– გაიხსენეთ, როგორ იწყებოდა ინ ვიტრო განაყოფიერების ეპოქა საქართველოში?
– თავის დროზე, როდესაც ჟორდანიას ინსტიტუტში მივედი, პროფესორმა არჩილ ხომასურიძემ დამისვა საკითხი: ან ააწყობ ინ ვიტრო განაყოფიერებას, ან წახვალ ამ ინსტიტუტიდანო. მოსკოვში გამიშვა და ამ მეთოდზე მუშაობა იქ დავიწყეთ. პირველი ბავშვებიც იქ გაჩნდნენ 80-იანი წლების ბოლოს. შემდეგ თბილისში დავბრუნდით იმ იმედით, რომ აქ შევქმნიდით ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ხელი შეგვიშალა. უცხოეთიდან გამოწერილი ძვირად ღირებული სამედიცინო აპარატურა, ქვეყანაში შექმნილი ქაოსის გამო ჩვენამდე ვერ აღწევდა. როდესაც საქართველოში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერების კეთება დავიწყეთ, თავდაპირველად ყველა ეჭვის თვალით გვიყურებდა, არავის სჯეროდა, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდოდა. იმ პერიოდში ჩვენ რეკლამის გაკეთებას ვერ ვახერხებდით, რეალურად ჩვენთან პაციენტები ისევ პაციენტებმა და დაბადებულმა ბავშვებმა მოიყვანეს. ხელოვნურ განაყოფიერებაზე კურიოზული წარმოდგენები ჰქონდათ, მახსოვს, პაციენტმა მკითხა: მეზობელი რომ მოჰკიდებს ბავშვს ხელს, ხომ არ მიხვდება, რომ ხელოვნურიაო (იცინის).
– როგორ ფიქრობთ, რატომ იმატა უშვილო წყვილების რიცხვმა?
– ძალიან შეცვლილია გარემო პირობები, რომელშიც ცხოვრება გვიწევს – საკვები, ჰაერი, წყალი და ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა მამაკაცებისთვის, ვინაიდან მამაკაცის სათესლე ჯირკვლები უფრო ძლიერად რეაგირებს ყველა იმ პათოლოგიურ მოვლენაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ძველ დროში თუ წყვილს ბავშვი არ უჩნდებოდა, მიზეზად ყველა ქალის პრობლემას მიიჩნევდა, და ამის გამო მათ სახლიდანაც კი უშვებდნენ. სინამდვილეში, სტატისტიკურად, უშვილობის დროს 40 პროცენტი ქალის მიზეზია, 40 – კაცის და 20 პროცენტში ორივეა მონაწილე.
თავის დროზე ამიერკავკასიაში იოსებ ჟორდანიამ ჩამოაყალიბა უნაყოფობის კვლევის ინსტიტუტი, სადაც ქალისა და მამაკაცის გამოკვლევა ერთობლივად ხდებოდა.
– რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტების სქესობრივი აღზრდა?
– პაციენტების სქესობრივი აღზრდა და განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები ქუჩიდან არ უნდა იღებდნენ ამ ტიპის ინფორმაციას. არასწორი სქესობრივი კავშირებით იზიანებენ რეპროდუქციულ სისტემას. თუ ადამიანს ამ მიმართულებით სწორი განათლება აქვს, მან იცის, რა პერიოდში უნდა ჩამოუყალიბდეს გოგონას მენსტრუალური ციკლი და თუ დაგვიანდა, აუცილებლად მიმართავს ექიმს. შესაძლოა, დროულად დაეწყოს მენსტრუალური ციკლი, მაგრამ აღენიშნებოდეს მტკივნეულობა, მენსტრუაციის გახანგრძლივება ან მენსტრუაციის შეწყვეტა, სახლში კი ბებიის ან მეზობლის კონსულტაციით ამის კორექციას ცუდ შედეგებამდე მივყავართ. ამისთვის არსებობს შესაბამისი კლინიკები, გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები, ენდოკრინოლოგები, მათ შორის ბავშვთა გინეკოლოგები, რომლებიც გამოკვლევების საფუძველზე პაციენტს სწორ მიმართულებას მისცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ მოუგვარებელ პრობლემას მოყვება მეორე, რომელიც უკვე სიღრმისეულ პრობლემაში გადადის და მათი აღმოფხვრა ძალიან რთულდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკის გავლენა უნაყოფობის პრობლემაზე. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რომ უკვე 35 წლიდან მცირდება ორსულობის დადგომის შესაძლებლობა და იმატებს უნაყოფობისა და მთელი რიგი სამეანო პრობლემების ალბათობა.
– ხშირია არასწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა, ამასობაში პაციენტები კარგავენ დროს, ფულსა და ჯანმრთელობას. როგორც პროფესიონალს და კლინიკა „ინ ვიტროს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს გკითხავთ, საქართველოში გვაქვს თუ არა ამ მიმართულებით ექიმების პრობლემა?
– სამწუხაროდ, დღეს ამ კუთხით გარკვეული პრობლემები არსებობს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, რადგან ქალის ასაკი უმნიშვნელოვანესია შვილოსნობის თვალსაზრისით, ექიმმა დროულად უნდა შეაფასოს, ფლობს თუ არა პაციენტის პრობლემის წარმატებით გადაწყვეტის მექანიზმებს, რადგან არ მოხდეს დროისა და ფინანსების არაეფექტური კარგვა.
ჩემთვის ბევრად ადვილია ისეთ პაციენტებთან მუშაობა, ვისაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ექიმებთან არ უვლია. დღეს კლინიკებში ხსნიან ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილებებს და არ ჰყავთ ემბრილოგები და მათ ქირაობენ. კლინიკის დონე კომფორტითა და დიზაინით კი არა, მისი მედპერსონალის კვალიფიკაციითა და სამედიცინო აღჭურვილობით უნდა ისაზღვრებოდეს. მე ვფიქრობ, რომ კლინიკა, სადაც წელიწადში 500-ზე ნაკლები
პუნქცია (კვერცხუჯრედის ამოღება, შემდგომ ინ ვიტრო განაყოფიერების ჩასატარებლად) კეთდება, დასახურია!
– რას იტყვით არასწორად დანიშნულ მედიკამენტებზე?
– დღეს არის შესანიშნავი, ძალიან მაღალი დონის პრეპარატები, მაგრამ მათი გამოყენება ძალიან სპეციფიკურია, რასაც შესაბამისი ცოდნა სჭირდება. ყურს მოჰკრავენ, რომ კონკრეტულ პაციენტს ესა თუ ის მედიკამენტი დაენიშნა და მიაჩნია, რომ მისი მიღება ყველა შემთხვევაში შედეგიანი იქნება, რეალურად კი შესაძლოა, პირიქით მოხდეს.
– კლინიკა „ინ ვიტრო“ ისრაელის წამყვან კლინიკებთან თანამშრომლობს, რაში გეხმარებათ ეს კავშირები?
– არა მხოლოდ ჩვენ ჩავდივართ ისრაელში, ისინიც ისეთივე სიხშირით ჩამოდიან ჩვენთან. გვაქვს ინფორმაციისა და გამოცდილების მუდმივი გაცვლა-გამოცვლა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სასარგებლო პარტნიორობაა. ისრაელიდან პაციენტებს გვიგზავნიან, როგორც ჩვეულებრივი ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის, ასევე სუროგაციისთვის და დონაციის პროგრამისთვის. მათ აარჩიეს კარგი ცენტრები მსოფლიო მასშტაბით, სადაც მათ მოსახლეობას ამ მომსახურებების მიღება შედარებით იაფად და ძალიან მაღალი ხარისხით შეუძლია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რთული ოპერაციების დროს პირდაპირ რეჟიმში ვიკონტაქტოთ უცხოელ კოლეგებთან. მაგალითად, ხშირად საოპერაციოდან გვაქვს პირდაპირი გადაცემა საფრანგეთში.
– თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ უნიკალურ კლინიკას, რომელიც მშენებლობის პროცესშია, საუბარია ისეთ ცენტრზე, სადაც შესაძლებელი იქნება პაციენტების მართვა დაფეხმძიმებიდან მშობიარობამდე.
– ახალი კლინიკა დიღომში, ნოდარ ბოხუას 21 ნომერში შენდება, მშენებლობა ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. ამ სტანდარტების დასაცავად ყველაფრის შეძენა უცხოეთში გვიწევს, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. გახსნას 2019 წლის ივნისში ვგეგმავთ. ახალ კლინიკაში ინ ვიტრო განაყოფიერების ორი დიდი განყოფილება გვექნება. გავაფართოებთ ენდოსკოპიურ ქირურგიას და რაც მთავარია, ჩვენი პაციენტებისთვის ვიმატებთ სამეანო განყოფილებას – დიდი ხანია, ეს მოთხოვნა არსებობს და მათ ამ მიმართულებითაც დავაკმაყოფილებთ.
ქ.თბილისი, ლუბლიანას 2/6
ქ.ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 159ბ
+995 577 71 17 50, +995 32 2 15 77 77.
www.invitro.ge
In Vitro Clinic.კლინიკა ინ ვიტრო