კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 სიყვარული კულისებში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44-46(933)


​ჯერ ცხვირში ძალიან მწარედ მოხვდა მუშტი. მერე მუშტს წიხლებიც მოჰყვა... თვალებზე სქელი, ბლანტი სითხე ჩამოეღვარა და გვიან მიხვდა, რომ ეს სისხლი იყო. თავიდან ტკივილს ვერ გრძნობდა. გაცილებით მძაფრი იყო შეურაცხყოფისა და წყენის განცდა. სანამ გონებას დაკარგავდა, ერთხელ კიდევ გაიბრძოლა. ხელები რამდენჯერმე ანგარიშმიუცემლად გაიქნია.
***
– პაატა, რაღაც გააკეთე, ბავშვს რამე უშველე! ამის ატანა აღარ შემიძლია...
სიტყვები ბუნდოვნად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩაესმოდა. რეალობას ვერ აღიქვამდა. თუმცა დედის ტირილნარევ ხმას ათას სხვა ხმაში გამოარჩევდა, გონდაკარგულიც კი.
– პაატა, სადმე დარეკე, ასე ნუ დგახარ. შედი, ექიმს დაელაპარაკე! რატომ არაფერს გვეუბნებიან? ნახე, შეხედე, რას ჰგავს... ასე ვინ გაიმეტა, რატომ?
– მარიკა, დამშვიდდი. გადარჩენილები ვართ. ექიმმა ხომ თქვა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებაო.
– ნუ ცდილობ, დამამშვიდო, გესმის? ჯერ გამოკვლევების პასუხებიც არ გვინახავს. ვაიმე, ჭკუიდან შევიშლები, ეს რა დაგვემართა... გონზე რატომ ვერ მოდის ბავშვი? პაატა...
– მარიკა, გეყოფა ისტერიკები. გონზე იმიტომ ვერ მოდის, რომ ტკივილგამაყუჩებლები და დამამშვიდებლები აქვს გაკეთებული. წადი სახლში, ყავა დალიე, ცოტა დაისვენე... მერე დაბრუნდი. ამასობაში ნიკაც გაიღვიძებს.
– შენ რა, სრულ ჭკუაზე ხარ? ბავშვს დავტოვებ და ყავის დასალევად წავალ? ბიჭები სად არიან, ბიჭებს მაინც დაელაპარაკე. გამომძიებელი მოვიდა?
ნიკა თვალდახუჭული იწვა. მძიმედ სუნთქავდა. რეალობას ნელ-ნელა უბრუნდებოდა. მაგრამ ცდილობდა, ისევ ეს მდგომარეობა შეენარჩუნებინა. უნდოდა, ჯერ თავად გარკვეულიყო ყველაფერში. იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ქალი მის საწოლს და სახეზე ფრთხილად შეეხო.
– პაატა, ასე ვინ გაიმეტა, რა მოხდა, რატომ მიკლავდნენ?
– ყველაფერს გავარკვევთ, მარიკა, ახლა მთავარია, ნიკა გონს მოვიდეს და დაგველაპარაკოს. ცოტა დრო მივცეთ. ხომ იცი, ამ ამბავს ასე არ  დავტოვებ...
პალატის კარი გაიღო და რამდენიმე თეთრხალათიანი შემოვიდა.
– პატონო პაატა, შეიძლება, ერთი წუთით...
– არა, არა, მეც უნდა გავიგონო, რას იტყვით, – გააპროტესტა მარიკამ და წამოხტა, – დედა ვარ და ყველაფერი უნდა ვიცოდე...
– არ ინერვიულოთ, ქალბატონო მარიკა. გადავრჩით. პატარა ჰემატომა არის, მაგრამ გაივლის. სერიოზული არაფერია.
– ჰემატომა არაფერია? ან რას ნიშნავს, გაივლის? სახლში გვატანთ? ანუ, თუ კარგად არის, თვალებს რატომ არ ახელს?
– აუცილებლად გაახელს, თანაც მალე. ამის პირობას მე გაძლევთ. რაც შეეხება პაციენტის სახლში გაწერას, ასე მარტივადაც არ არის საქმე. დაჟეჟილობები არის, ერთი ნეკნი გაბზარულია. მოკლედ, ჩვენი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.
მარიკა აქვითინდა. ნიკას შეეცოდა დედა. ქუთუთოები შეარხია, ტუჩები ააცმაცუნა... საკუთარი ხმა ვერ იცნო.
– მარიკა, ცოცხალი ვარ, ნუ გეშინია.
– ნიკუშა, საყვარელო... – ქალი შვილს მივარდა და სახეზე შეშლილივით დაუწყო კოცნა.
პაატამ ექიმებს რაღაც ანიშნა და დერეფანში გაიხმო.
– აქ მოწევა სად შეიძლება? – იკითხა და მძღოლს ანიშნა, სიგარეტი მომეციო.
– მხოლოდ ეზოში, ბატონო პაატა.
– ჩავიდეთ ეზოში, რაღაც მინდა გკითხოთ, ისე რომ ჩემმა მეუღლემ არ გაიგოს.
– დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა თქვენი ვაჟის ჯანმრთელობას თუ გულისხმობთ, არაფერი დამიმალავს.
– არა. მაგასთან დაკავშირებით მარიკასთან დასამალი არაფერია. თქვენ იყავით, როცა ნიკა მოიყვანეს?
– დიახ, ბატონო პაატა.
– ხომ არაფერი უთქვამს ისეთი, რაც შეიძლება გამოძიებას გამოადგეს. ხვდებით, ხომ? მე არ ვიცი, რა მოხდა. ამიტომ, სანამ გამმომძიებელი დაჰკითხავს, მინდა, დეტალები ვიცოდე.
– მესმის, ბატონო პაატა, მაგრამ ნიკას არაფერი უთქვამს. გონება ჰქონდა დაკარგული.
– რას ფიქრობთ, რა შეიძლებოდა დამართნოდა? – პაატამ სიგარეტი თითებშორის მოსრისა.
ექიმი შეყოყმანდა, თითქოს რაღაცის თქმას ერიდებოდა. პაატა მიუხვდა.
– ნაცემია, ხომ ასეა?
– იცით, დაზიანებები სწორედ ამაზე მიგვანიშნებს, – უხალისოდ დაეთანხმა ექიმი, – კარგია, რომ თავზე არ აქვს მიყენებული მძიმე დაზიანება. როგორც ჩანს, ძირითადად სახეში ურტყამდნენ და თქვენი შვილი თავს იცავდა. მუცლის ღრუც დავათვალიერეთ... ნეკნი, ალბათ, დაცემისას გაიბზარა...
კაცმა კბილები გააღრჭიალა.
– ნაძირლები. გავიგებ, ვინ იყვნენ და თავ-ბედს ვაწყევლინებ. გაჩენას ინანებენ, ჩემს შვილს რომ შეეხნენ...
ექიმი შეყოყმანდა.
– ბატონო პაატა, მე ვალდებული ვარ, პოლიცია გამოვიძახო. როცა ასეთი შემთხვევაა, სამართალდამცავი უწყება საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ. ეს კანონია.
– მოდი, შენ ჩემს შვილსა და პაციენტებს მიხედე, მაგაზე მე ვიზრუნებ.
პალატიდან მარიკა გამოვიდა.
– ექიმო, მგონი, გონს მოვიდა. თვალები გაახილა და რაღაც მანიშნა. გარკვევით ვერ ლაპარაკობს... რა ხდება, ძალიან მეშინია?
– ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო, მეტყველების პრობლემა ნამდვილად არ ექნება.
– აბა, რისი პრობლემა ექნება. გთხოვთ, არ დამიმალოთ. პაატა, უთხარი, ყველაფერი გვითხრან, – მარიკა ქმარს მკლავზე ჩამოეკიდა და გაფითრებული, მუდარით მიაჩერდა.
– ექიმმა გვითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო და უნდა დავუჯეროთ. გთხოვ, დამშვიდდი, ნიკა გონს მოვა და ასეთი შეშინებული თვალებით თუ დაუწყებ ყურებას, კარგად ნამდვილად ვერ გახდება. შედი მასთან და შემოვალ.
ქალი დაემორჩილა ქმრის მკაცრ ტონს, შებრუნდა და პალატაში შევიდა.
– თქვენც შებრძანდით, ექიმო. ჩემი შვილის მეგობრებს დაველაპარაკები და პოლიციასთან დაკავშირებითაც მივიღებ გადაწყვეტილებას. ნუ ინერვიულებთ. თქვენ პრობლემა არ შეგექმნებათ...
ბიჭები კლინიკის ეზოში ბორდიურზე ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ, თან რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ. პაატა რომ დაინახეს, წამოხტნენ და უხერხულად გამწკრივდნენ მის წინ. კაცმა გამომცდელი მზერით სათითაოდ შეათვალიერა.
– სიგარეტს რომელი მომაწევინებთ? – სამივემ ჯიბეზე იტაცა ხელი. კაცმა გაიღიმა, – ახლა, რომელი მეტყვით, რა მოხდა.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.
პაატამ წარბები გაოცებით ასწია.
– რა, არაფრის თქმას არ აპირებთ? არ გამოვა ეს ამბავი. ყველაფერი უნდა თქვათ ახლა და ჩემთან. ხომ არ გინდათ, პოლიცია გამოვიძახო. მე მარტო ის მაინტერესებს, ვინ ჰყავს ასეთი მტერი ჩემს შვილს. ექიმმა თქვა, რომ ძალიან არის ნაცემი და გაუმართლა, რომ საერთოდ ცოცხალია, ინვალიდობას გადაურჩა.
– ბატონო პაატა, ჩვენ არაფერი ვიცით, – დაიწყო მიხომ და მეგობრებს ანიშნა – ჰე, ახლა თქვენც შემომაშველეთ ერთი-ორი სიტყვაო. იმათაც სასწრაფოდ დაუქნიეს თავი.
– მოიცა, რას ნიშნავს, არაფერი იცით? ხომ ხვდებით, რომ ამას არ დავიჯერებ. შეუძლებელია, არ იცოდეთ. თქვენც მასთან ერთად იქნებოდით. თუმცა... – პაატა ჩაფიქრდა და შვილის მეგობრები კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეათვალიერა, – თუ ერთად იყავით, თქვენ რატომ არაფერი გეტყობათ. არ გიჩხუბიათ? ნიკა ჩხუბობდა და თქვენ უყურებდით?
– ბატონო პაატა, ჩვენ მართლა არაფერი ვიცით. არც მის გვერდით ვყოფილვართ. როგორც თქვენთვის იყო მოულოდნელი, ისე ჩვენთვის.
– ეს როგორ?
– ჩვენთვის არაფერი უთქვამს, თუ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა... ზოგადადაც, მარტო როგორ დავტოვებდით ჩხუბში. წარმოუდგენელია...
– აბა, რა მოხდა, ვინ სცემა ან თქვენ როგორ გაიგეთ?
– ნიკას ტელეფონიდან დარეკა ვიღაც ქალმა.
– ბიჭებო, რას მიმალავთ? – პაატამ წარბი შეიკრა, – მითხარით, რა იცით.
– უნდა დაგვიჯეროთ, არ ვიცით, არაფერი... დარეკეს გიოსთან, უფრო სწორად, ქალმა დარეკა, ჰოდა... – მიხო გაჩუმდა და გიოს მიუბრუნდა, – ახლა შენ გააგრძელე, შენთან დარეკა ბოლოს და ბოლოს.
– გიორგი, ვინ ქალი იყო?
– ცისფერთვალა, გარუჯულმა ბიჭმა შემოტმასნილი პერანგიდან შთამბეჭდავად რომ მოუჩანდა ნავარჯიშები სხეული, მხრები აიჩეჩა.
– რა ვთქვა, ვიღაც ქალი იყო, რა. მგონი ნერვიულობდა... ნიკას უჭირს და მიხედეთო, თან მისამართი მითხრა. სულ ეს იყო. ნოდოსა და მიხოს დავურეკე. ჰოდა, გავქანდით. ჩვენ და სასწრაფო ერთად მივიჭერით. ცუდად გამოიყურებოდა. ახლოს სასწრაფოს ექიმებმა არ მიგვიშვეს. მერე აქ წამოვედით და მოკლედ, რა...
– სასწრაფო ვინ გამოიძახა.
– ალბათ, იმ ქალმა ან მეზობელმა.
– მეზობელმა?
გიომ ამოიოხრა.
– ბატონო  პაატა, იქნებ თავად ნიკას ჰკითხოთ. მე მართლა არ ვიცი დეტალები. ბოლო დღეები ვიღაცას ხვდებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცნობთ, არც არაფერს გვიყვებოდა.
– ანუ, ამით რისი თქმა გინდა? ქალის გამო სცემეს?
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
– ვერაფერს დავამტკიცებ. ხომ გითხარით, ჩვენ დეტალები არ ვიცით.
პაატამ თავი გადააქნია.
– კარგი. არ გინდა, მითხრა, მაშინ შეკითხვას ასე დაგისვამ, – ეს ამბავი შემთხვევით, იმას ხომ არ უკავშირდება, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა – მანქანა რომ მიუტოვა პატრულს და გაიქცა?
– ბატონო პაატა...
– კარგი, კარგი... ვატყობ, თქვენგან მეტს ვერაფერს გავიგებ. წახვალთ თუ აქ იქნებით?
– ვიქნებით. ნიკას მდგომარეობა გვაინტერესებს. თუ მერე ნახვის ნებასაც დაგვრთავენ, შევალთ მასთან.
პაატამ თავი დაუქნია და შენობაში შებრუნდა. გიო დანარჩენებთან მივიდა და უსაყვედურა:
– ბიჭო, ხელში რომ ჩამიგდო ამ კაცმა და შეკითხვებით სული ამომხადა, ერთი სიტყვა მაინც ვერ წამაშველეთ?
– შენ გეკითხებოდა, ძმაო და ჩვენ ხომ არ „ვიტრიპაჩებდით“. რა უთხარი?
– რას ვეტყოდი? რაც ვიცი, ის ვუთხარი, ანუ, რომ არაფერი ვიცი, ეგ ვუთხარი.
 – ჰო, აბა, რა. ხომ არ გადავრევთ კაცს. თვითონ უთხრას, შვილიანი და ასაკით უფროსი ქალი რომ უყვარს. სულ რომ გამოშტერდა, ჩვენ ხომ არ მოვუყვებით?
– ნოდო, მომისმინე, როდის მერე გახდი ასეთი? სიყვარული შეკვეთით არ მოდის ან რატომ ხედავ ტრაგედიას იმაში, რომ იმ გოგოს შვილი  ჰყავს. არც ვიცნობთ.
– ჰო, რა თქმა უნდა, არც ვიცნობთ, იმიტომ, რომ მალავს ვაჟბატონი. დარწმუნებული ვარ, ის გოგოა მიზეზი, რომ გაილახა, თორემ მოვა გონს და მოყვება.
მიხომ სიგარეტის ნამწვი გადააგდო და დაიღრიჯა.
– რა აზრი აქვს ამ ლაპარაკს, ჯერ კარგად გახდეს. მერე, თუ უნდა, მოგვიყვება, რა მოხდა, თუ უნდა – არა.
– მოიცა, რას ნიშნავს, არ მოყვება. ძმაკაცის ცემა უნდა შევარჩინოთ ვიღაც ტიპს? ასე არ გამოვა... – აღშფოთდა ნოდო.
მიხომ ჩაიცინა.
– იცი, რას გეტყვი? პაატა იმ ტიპს გააქრობს. ჩვენ საჭირო არ გავხდებით. როგორ ფიქრობ, გაუჭირდება?
– რას გააქრობს, ტო, მინისტრის მოადგილეა, კანონიერი ქურდი ხომ არა?!
– ვითომ არ იცი, როგორც ხდება. ეგენი კანონიერ ქურდებზე უარესები არიან.
გიომ მხრები აიჩეჩა.
– ასეა თუ ისე, ნიკუშას პრობლემები აქვს და გვერდით უნდა დავუდგეთ...
– ბიჭებო, შეხედეთ... – ნოდო შებრუნდა და მეგობრებს კლინიკის ეზოს შემოსასვლელისკენ მიუთითა, – ეს ვინ არის?
მიხომ დაუსტვინა.
– აუ, რა ნაშაა... მგონი, აქეთ მოდის. ბიჭებო, მიჩქმიტეთ, ძალიან ლამაზია და სიზმარში ხომ არ ვხედავ? მე ამას ვერ გავუძლებ, გული გამიჩერდება.
დეა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მისი სილამაზით გაოცებულ და გაშტერებულ ბიჭებს.
– გამარჯობა, აქ მუშაობთ? – ჰკითხა და სათითაოდ შეათვალიერა.
პირველი ნოდო მოეგო გონს.
– თქვენ, ალბათ, ნიკას ამბავი გაინტერესებთ. ჩვენ მისი მეგობრები ვართ. სიგარეტი გინდათ?
– არა, გმადლობთ, როგორ არის?
– ჯერ არ ვიცით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. არც გვინახავს. მშობლები არიან მასთან. ასვლა გინდათ?
– არა, არა, მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, როგორ არის.
– აჰა, გასაგებია, – გიომ გოგო შეათვალიერა, – ესე იგი, თქვენ გამო სცემეს ასე უმოწყალოდ? ჩვენთანაც თქვენ დარეკეთ...
დეას თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
– მე არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, ძალიან დავიბენი, ნიკას მობილური ავიღე და პირველივე ნომერზე დავრეკე. შეშინებული ვიყავი, დაბნეული. მითხარით, კარგად იქნება?
ნოდომ ბიჭებს გადახედა.
– თუ ასეთი ლამაზი გოგო იტირებს ჩემთვის, მზად ვარ, დღესვე ვიცემო.
– ნოდო, მოიცა, – შეაჩერა მიხომ, – აქ სერიოზულად არის საქმე. თქვენ, ალბათ, იცით, ვინ სცემა ნიკას, ხომ ასეა? – მიუბრუნდა დეას, ცრემლიან თვალებს რომ იწმენდდა.
ქალმა თავი დაუქნია.
– ჩემმა ყოფილმა ქმარმა.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. გიომ ხელი ხელს შემოჰკრა და ისევ დაუსტვინა.
– აუჰ, პაატა რომ გაიგებს, გაგიჟდება. მარიკაზე არაფერს ვამბობ.
– უკაცრავად, პაატა ვინ არის ან მარიკა? – მორიდებით, გაუბედავად იკითხა დეამ და გაწითლდა.
– ნიკას მშობლები, – მიუგო გიომ, – ასე რომ, მაგარ შარში ხართ, შენც და შენი ყოფილი ქმარიც...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3