№47 შეთანხმებული მკვლელობა
დარნელია ჰოლივი
მარგარეტმა ქმარს გაბოროტებით შეხედა
– შენი და, მგონი, სამუდამოდ აპირებს ცხოვრებას!
კაცმა მხრები აიჩეჩა.
– ექიმმა თქვა, რომ მისი გული ძალიან დასუსტებულია.
– არ ვიცი, რა დაუსუსტდა, მაგრამ თუ კიდევ ერთი თვე იცოცხლებს, შეიძლება, მემკვიდრეობა ბრიჯიტს დარჩეს, იმ ძუკნას, ვითომ მწერალს, გვერდიდან რომ არ სცილდება.
– ბრიჯიტი სილვიას მოგონებებს იწერს და ძალიან კარგადაც უვლის.
– უკეთესი იქნებოდა, ცუდად მოევლო, – არ ნებდებოდა მისის პონფილდი, – შენი დისთვის ის საზიზღარი ძაღლიც უფრო ძვირფასია, ვიდრე ჩვენ, ნათესავები. იქნებ, სილვიას ცოტა ხელი ვკრათ და კიბეებზე დავაგოროთ ან როცა დაიძინებს, ბალიშით გავგუდოთ.
მისტერ პონფილდმა, რომელიც ტანით პატარა კაცი იყო, ამოიოხრა და ცოლს შეხედა.
– ეს ძალიან სარისკოა. იმდენი ხანია, ვითმენთ, ცოტაც გავუძლოთ. ბოლოს და ბოლოს სილვია 83 წლისაა.
– ჰო, მას მშვენიერი ცხოვრება ჰქონდა. ცნობილ მსახიობს თაყვანისმცემელთა არმია ჰყავდა და მთელი ტომარა ძვირფასეულობა დააგროვა, რომელსაც კაცმა არ იცის, ვის დაუტოვებს. სილვიას ისე უყვარს თავის ძაღლი, რომ შეუძლია, ყველაფერი ძაღლების რომელიმე თავშესაფარს დაუტოვოს. ძაღლი მაინც რომ მოვწამლოთ არ შეიძლება?
ცოლ-ქმარი პონფილდები უკვე მრავალი წელი თავიანთ სახელგანთქმულ ნათესავთან, თანაც, მის ხარჯზე ცხოვრობდნენ. სილვია შანსს არ უშვებდა ხელიდან, მათთვის ეს შეეხსენებინა. პონფილდები, რომლებიც იოლ ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულები, მის კაპრიზებს იტანდნენ და ელოდებოდნენ, ქალი ფეხებს როდის გაჭიმავდა. მაგრამ სილვია სიკვდილს არ აპირებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ სახლში ბრიჯიტ მიშემი გამოჩნდა და სილვიას მემუარების დაწერა შესთავაზა, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და უფრო ენერგიული გახდა. მით უმეტეს, რომ ბრიჯიტმა სილვიასთანაც და მის საყვარელ ძაღლთანაც საერთო ენა მალე გამონახა.
ერთ დღეს, როდესაც ბრიჯიტი ეზოში ძაღლს ასეირნებდა, მოხუცის ოთახიდან შეკივლების ხმა გაიგონა. ცოლ-ქმარი სასტუმრო ოთახში იჯდა და ადგილებზე დარჩნენ, ვიდრე ოთახში ბრიჯიტი არ შემოვარდა.
– არაფერი გაგიგიათ? მომეჩვენა, რომ ვიღაც ყვიროდა.
– არა, არაფერი გაგვიგია.
ბრიჯიტმა კიბეზე აირბინა და იქიდან დაიძახა:
– სასწრაფოდ ექიმი გამოიძახეთ, სილვიამ გონება დაკარგა!
– ამჯერად გადარჩა, მაგრამ შემდეგი შეტევა შეიძლება, სასიკვდილო აღმოჩნდეს, – თქვა ექიმმა, – მის დიურანი აშკარად რაღაცამ ძალიან შეაშინა.
– ობობა, – ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ავადმყოფმა, – კედელზე ობობა დავინახე. მათი ისტერიკულად მეშინია. რუპერტ, თქვენ რატომ არ მოხვედით ჩემს დასახმარებლად? ბრიჯიტ, ჩემი ძაღლი, ჩერჩილი მოიყვანეთ და დარჩით. თქვენი დანახვა კი არ მინდა.
სილვია ორ დღეში სრულიად გამოჯანმრთელდა და უკვე ბაღში საქმიანობდა.
– ნახე, როგორ გაყოჩაღდა. ხვალ მაღაზიებში აპირებს გავლას, – ჩურჩულით უთხრა ქმარს მარგარეტმა, – უნდა ვიმოქმედოთ. სახლში არავინ იქნება. ბრიჯიტიც მასთან ერთად აპირებს წასვლას.
კაცმა თავი დაუქნია და ჯიბიდან ქილა ამოიღო, რომელშიც რაღაცები დახოხავდნენ.
– ხუთი ობობა, – ამაყად თქვა მან. – მთელი სხვენი გადავაქოთე მათ ძებნაში.
ცოლ-ქმარი სილვიას საძინებელში შეიპარა. ოთხი ობობა ლოგინზე დასვეს, ხოლო ერთი ჭიქაში. საღამოს, როდესაც სილვია საძინებელში ავიდა, პონფილდები ბაღში სასეირნოდ წავიდნენ. დაბრუნებულებმა ძაღლის გაბმული ყმუილი გაიგონეს. ნელა ავიდნენ კიბეზე და ფრთხილად შეიხედეს საძინებელში. სილვია დიურანი საწოლზე იწვა. სახე შიშისგან დამანჭვოდა. ის მკვდარი იყო. საწოლზე ობობები დახოხავდნენ. რუპერტმა ობობები ფრთხილად ჩამოფერთხა, გასრისა და გადაყარა. ცოლმა ძვირფასეულობების ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერც უჯრებში და ვერც სეიფში ვერაფერი იპოვა. სეიფში მხოლოდ ფულით სავსე კონვერტი იდო და წერილი: „ძვირფასო ძმაო, მიმაჩნია, რომ ჩემი ვალი შენს წინაშე ბოლომდე მოვიხადე. ეს ფული შენ ახალი სახლის მოსაძებნად და ცოტა ხნით თავის გასატანად გეყოფა, ვიდრე სამსახურს იშოვი. მოსიყვარულე სილვია.“ მარგარეტ პონფილდი პანიკაში ჩავარდა:
– ამით რისი თქმა უნდოდა? რომ მეტს ვერაფერს მივიღებთ? და როგორ მიხვდა, რომ სეიფში შევძვრებოდით?
სილვია დიურანის სიკვდილს ეჭვი არ გამოუწვევია. დადგინდა, რომ მას გული გაუსკდა, რაც მის ასაკში აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. შესაძლო მოულოდნელობების გათვალისწინებით, ანდერძის გახსნაზე ძაღლიც დაასწრეს. ანდერძის კითხვამ ცოტა დრო წაიღო. სილვია დიურანი მთელ თავის ქონებას უტოვებდა იმას, ვინც ჩერჩილს მოუვლიდა, ხოლო ძაღლის ბუნებრივი გზით სიკვდილის შემდეგ (სიკვდილის მიზეზი აუცილებლად კონკრეტულ ვეტერინარს უნდა დაედგინა), იმ ადგილზე დამარხავდა, სადაც ძაღლს სეირნობის დროს, ყველაზე მეტად უყვარდა ჯდომა, ასევე დაუდგამდა ძეგლს, რაზეც ცალკე თანხა იყო გამოყოფილი.
ვიდრე ტექსტს კითხულობდნენ, მის პონფილდი ბრიჯიტთან მივიდა. მის მუხლებზე დასკუპებული ჩერჩილი, ძაღლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელში აიყვანა და მაგრად ეჭირა, ვიდრე არ გაიგონა, რას წარმოადგენდა თავად ქონება – ეს მსახიობის ბიბლიოთეკა იყო. სახლი, მთელი თავისი მოწყობილობით, სილვიას მხოლოდ სიცოცხლის განმავლობაში ეკუთვნოდა. მან ის დიდი ხნის წინ თავის მშობლიურ თეატრს გადასცა. რათა იქ სახლ-მუზეუმი გაეხსნათ. ძვირფასეულობაზე სიტყვაც კი არ იყო ნათქვამი. ადვოკატის თქმით, წინა ანდერძში ძვირფასეულობა მოხსენიებული იყო, მაგრამ ბოლოს ქალმა თავისი სურვილით, ეს პუნქტი ამოიღო. მარგარეტ ბონფილდმა ძაღლს ხელი უშვა, ისიც ბრიჯიტისკენ გაიქცა. ბრიჯიტი ძაღლის ასაყვანად დაიხარა და გაქვავდა. მერე წამოდგა და რუპერტ პონფილდს შეხედა. დაინახა, მისი ფეხსაცმლიდან უზარმაზარი ბანჯგვლიანი ობობა როგორ გამოხოხდა.
პონფილდებმა რამდენიმე დღე დაკარგეს სახლში ძვირფასეულობის ძებნაში. მთელი სახლი გადააქოთეს, მაგრამ ვერაფერს მიაკვლიეს. სახლის დაცლის დროც მოვიდა. პონფილდებმა გადაწყვიტეს, ბრიჯიტისთვის ეთვალთვალათ. მარგარეტი დაწმუნებული იყო, რომ ის გოგო მათ ძვირფასეულობის კვალზე დააყენებდა. პონფილდები არ ნებდებოდნენ და მთელ დატოვებულ ფულს ბრიჯიტის თვალთვალზე ხარჯავდნენ. ბრიჯიტის საქმეები კი, სულ უფრო კარგად მიდიოდა. სილვიას მემუარები დაბეჭდა. წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. შემდეგ მისი გვარი ბესტსელერების ჩამონათვალშიც მოხვდა. ბრიჯიტმა დეტექტივების წერაც დაიწყო. სილვიას მიერ პონფილდებისთვის დატოვებული ფული ნელ-ნელა ქრებოდა. ისინი პატარა სახლში, ძალიან ეკონომიურად ცხოვრობდნენ და სიღარიბეს მიუჩვეველები სულ უფრო ხშირად ჩხუბობდნენ. ურთიერთობა უარესდებოდა. ერთხელ მარგარეტმა ქმარს ჟურნალი მოუქნია დასარტყმელად. მოულოდნელად გაჩერდა და ფოტოს დააკვირდა. ჟურნალის უკანა ყდაზე ბრიჯიტის ფოტო იყო, რომელსაც სილვიას ბრილიანტები ეკეთა.
– როგორც იქნა, – იყვირა მარგარეტმა და პოლიციაში დარეკა.
პოლიციაში ვითარების გარკვევას დაჰპირდნენ და მოგვიანებით, როდესაც პონფილდები განყოფილებაში დაიბარეს, აუხსნეს, რომ ბრიჯიტ მიშემი ამ ძვირფასეულობის კანონიერი მფლობელი აღმოჩნდა.
– სამე ისაა, რომ ჩვენ მის დიურანის ადვოკატს დავუკავშირდით, რომელმაც განგვიმარტა რომ მთელი მისი ქონება დარჩა მას, ვინც ძაღლს მოუვლიდა და წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე დამარხავდა. ძაღლი ორი თვის წინ მოკვდა და მის დასაფლავებას ადვოკატიც ესწრებოდა. როდესაც ორმო ამოთხარეს ძვირფასეულობით სავსე რკინის ყუთი იპოვეს, მას მის მიშემი კანონიერად ფლობს.
პონფილდები გაოგნებისგან გაქვავდნენ.
– სხვათა შორის, – განაგრძო პოლიციელმა, – მის მიშემმა ძალიან საინტერესო რამ მიამბო ობობებზე. კარგია, რომ თავად დამიკავშირდით. თქვენი დის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს. ობობებით მისი თავიდან მოცილება საინტერესო და ორიგინალური იდეა იყო.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ