№47 როგორ ჩაუყარა საფუძველი ლავრენტი ბერიამ თბილისის მეტროპოლიტენს
საინტერესო და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტია, რომ ლავრენტი ბერია თბილისში მეტროს მშენებლობას ჯერ კიდევ 1935 წელს გეგმავდა, რაც მას სასამართლო პროცესზე სოციალისტური წყობის რღვევის მცდელობად ჩაუთვალეს... პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი კლიმენტი პოკორონნიკოვსკი წერს: „ძალიან სასაცილო და საბჭოური სამართალწარმოებისთვისაც კი მიუღებელი ფაქტია, რომ ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე ბერიას უამრავ ცოდვაში, მათ შორის, სამშობლოს ღალატშიც სდებდნენ ბრალს, ერთ-ერთ პუნქტში ეწერა, რომ ბერია სოციალისტური წყობის რღვევას ცდილობდა არც მეტი და არც ნაკლები იმით, რომ აპირებდა თბილისში მეტროპოლიტენი აეშენებინა. სასაცილოა არა? ერთი შეხედვით კი, მაგრამ უფრო სატირალია, რადგან ასეთი გაგების ბრალმდებლებმა (უფრო სწორად კი ბინძურმა შეთქმულებმა) გაანადგურეს ნამდვილი შემოქმედი, მეურნე და კრეატიული ადამიანი, რომელმაც სტალინთან ერთად რუსეთს ისეთი სიძლიერე მოუტანა, რაც ამ ქვეყანას დღემდე შემორჩა და მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოების რიგში ამყოფებს“.
1953 წლის დეკემბრის ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე თითიდან გამოწოვილი ბრალდება – სოციალისტური წყობის რღვევის მცდელობის თაობაზე თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის გზით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ შეთქმულებმა პირწმინდად გაყიდეს საკუთარი თავები, რადგან ვერ აიტანეს, რომ მოსკოვის შემდეგ სწორედ საქართველოს დედაქალაქში ჩაეყარა საფუძველი რიგით მეორე მეტროპოლიტენს. კლიმენტი პოკორონნიკოვსკი წერს: „მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი 1935 წელს გაიხსნა და ლავრენტი ბერიას სწორედ მაშინ დაებადა იდეა, რომ მეტროპოლიტენი თბილისშიც გაეყვანა. იმ პერიოდში ბერია საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი იყო და საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სტალინთან. მან ეს კავშირი კარგად გამოიყენა და თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად არა მარტო ნებართვა, სახსრებიც მიიღო“.
კლიმენტი პოკორონნიკოვსკი რატომღაც გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ როდესაც ბერიამ თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის ნებართვა მიიღო და ამის შესახებ მასალები პრესაშიც გამოქვეყნდა და რადიოშიც გამოაცხადეს, ჩვენი მოძმე სომხეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აბუნტდა და მათაც მოისურვეს ერევანში მეტროპოლიტენის მშენებლობა. ეს ისტორია კი იმით დასრულდა, რომ „ბუნტარი“ (ბუნტის თავი) სომეხი მოქალაქეების ერთი ჯგუფი თავად სომხეთის „ენკავედემ“ დააპატიმრა და ისინი მას მერე არავის უნახავს. არც მათ ახლო ნათესავებს გამოუთქვამთ რაიმე პრეტენზია და მხოლოდ საბჭოეთის დაშლის შემდეგ გაირკვა, რომ ცამეტი ადამიანი თავად ადგილობრივმა „ჩეკისტებმა“ ერევნის „ენკავედეს“ ჯურღმულში დახვრიტეს და იქვე ჩააცემენტეს...
კლიმენტი პოკორონნიკოვსკი წერს: „სტალინის ბრძანებით, ბერიას მეტროპოლიტენის საწყისი მშენებლობის სამუშაოს შესასრულებლად საკავშირო ბიუჯეტიდან 12 მილიონი მანეთი გამოუყვეს. ბერია კი მოსკოვში „მეტრომშენის“ სამმართველოში“ 30 წლის ვენიამინ მაკოვსკის მოელაპარაკა, რომ თბილისის მეტროპოლიტენის საწყისი სამუშაოებისთვის ჩაეყარა საფუძველი. მაკოვსკის მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღოდა. მას თავად სტალინიც კარგად იცნობდა და სწორედ საბჭოთა ბელადმა ურჩია ლავრენტი ბერიას მაკოვსკის კანდიდატურა. იმავე წლის მიწურულს, მაკოვსკი თბილისში ჩამოვიდა და გულდასმით შეისწავლა საქართველოს დედაქალაქის გრუნტი. საცდელი სამუშაოებიც ჩაატარა და წინასწარი სამშენებლო სამუშაოების გეგმა, ხარჯთაღრიცხვიანად, პირადად შეადგინა. ბერიამ კი მას „ზღაპრული პირობები“ შეუქმნა. მოსკოველ, ებრაული წარმოშობის ინჟინერს საუცხოო კერძო სახლი გამოუყო და იმ პერიოდისთვის ძალიან სარისკო ნაბიჯიც გადადგა. იცოდა რა, რომ ეგრეთ წოდებული, „სოციალისტური მეტროპოლიტენის“ მშენებარე ინჟინერი რელიგიური პიროვნება იყო, ბერიამ თავად შესთავაზა, ჩუმად ევლო რაბინთან თბილისის სინაგოგაში, რომელიც ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა.. მაკოვსკი იმდენად კმაყოფილი იყო თბილისური ყოფით, რომ მოსკოვში დაბრუნება აღარც სურდა. ახალგაზრდა ინჟინრის ხელმძღვანელობით, 1936-1938 წლებში თბილისში გრანდიოზული მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა და გარდა ოფიციალური მეტროს ხაზისა, გაითხარა საიდუმლო ბუნკერები და გვირაბები, რომლებიც ომის შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ. ორნახევარი წლის განმავლობაში სამშენებლო ჯგუფს უკვე ათვისებული ჰქონდა 67 მილიონი მანეთის სამუშაოები, ძირითადი საქმე გაკეთებული იყო... თუმცა, 1939 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ეს სამუშაოები შეწყდა და მაკოვსკი მოსკოვში გამოიძახეს. აღარც ლავრენტი ბერია იყო საქართველოს მეთაური, რადგან სტალინმა ის „ენკავედეს“ უფროსად გადაიყვანა და თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა თითქმის 30 წლით დაკონსერვდა...“
მეოცე საუკუნის სამოციან წლებში, როდესაც თბილისის მეტროპოლიტენი გაიხსნა, სიტყვაც არავის დაუძრავს, რომ ამ უდიდესი პატრიოტული საქმის თავკაცი და სულისჩამდგმელი შერისხული ლავრენტი ბერია იყო. თბილისის მეტროს გახსნაზე უკვე სახელოვანი ვენიამინ მაკოვსკიც მიიწვიეს. ის საზეიმო ბანკეტსაც დაესწრო და ვასილ მჟავანაძესთან ვახტანგურადაც კი დალია და მხოლოდ მაშინ, როცა საკმაოდ შექეიფიანდა, კოლეგების ვიწრო, მეგობრულ წრეში თქვა: ამ მშვენიერ თბილისურ მეტროპოლიტენს ლავრენტი ბერიას სახელი უნდა ერქვასო.