№47 როგორ დავძლიოთ ხორციელი ვნებები
ძმაო ჩემო, გმართებს, ხორციელ ვნებებს, სხვა ვნებებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული ხერხით ებრძოლო.
ყოველმხრივ მოერიდე:
ა) ურთიერთობას პირებთან, რომლებიც შეიძლება ცდუნების მიზეზი გახდნენ. თუკი გულწრფელად გსურს, არ ჩავარდე ცოდვის ტყვედ და არ გადაუხადო სასყიდელი იმას, რაც სულიერი სიკვდილია. ბრძენს უწოდებს ბრძენი სოლომონი იმას, ვისაც ცოდვის ჩადენის ეშინია და გაურბის. ხოლო თავდაჯერებულთ, ვინც ცოდვას არ ერიდება, უწოდებს უგუნურს: „ბრძენსა შეეშინა და მოაქვს ბოროტებისაგან. ხოლო უგუნური აღერია მოსავად“ (იგ. სოლ. 14,16). ამას ხომ არ გულისხმობდა მოციქული, როდესაც ამცნობდა კორინთელებს: „ველტოდეთ სიძვას“ (I კორ. 6, 18).
ბ) უქმად ყოფნასა და მცონარებას: იფხიზლე, თვალყური ადევნე შენს ზრახვებს და ბრძნულად წარმართე საქმეები, შენი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად.
გ) არასოდეს ეურჩო სულიერ მოძღვარს, არამედ დაემორჩილე ყველაფერში. სწრაფად და მზადყოფნით შეასრულე მისი რჩევა, განსაკუთრებით ის, რაც მორჩილებაში მოგიყვანს და შენი ნებისა და მიდრეკილებების საწინააღმდეგოა.
დ) ნურასოდეს მისცემ შენს თავს უფლებას, კადნიერად იმსჯელო მოყვასის შესახებ, არავინ განსაჯო, არ განიკითხო, განსაკუთრებით ხორციელი ცოდვის გამო, რომელზეც გვაქვს საუბარი. თუნდაც სხვა აშკარად დაეცეს ამ ცოდვით. მის მიმართ თანაგრძნობა და შეცოდება იქონიე. ნუ აღშფოთდები და ნურც დასცინებ. არამედ მოიღე შენთვის თავმდაბლობის გაკვეთილი, როდესაც იცი, რომ თვითონაც უკიდურესად სუსტი ხარ და ბოროტისკენ მიდრეკილი, როგორც გზაზე მიმოფანტულმა მიწის მტვერმა. უთხარი საკუთარ თავს: „ამჟამად დაეცა ის, ხვალ დავეცემი მე“. იცოდე, რომ თუკი მოსწრაფე ხარ სხვების განკითხვასა და სიძულვილში, ამისთვის ღმერთი მტკივნეულად დაგსჯის, დაუშვებს შენს დაცემას იმავე ცოდვით, რისთვისაც სხვას განიკითხავდი: „ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ“ (მთ. 7,1). საკუთარი დაცემიდან შეიცნობ ამპარტავნების დამღუპველობას. დამორჩილდები რა, შეიძენ კურნებას ორი სენისგან: ამპარტავნებისა და სიძვისაგან. მაგრამ თუკი უფლის მოწყალება გიფარავს დაცემისაგან და უცვლელად და მტკიცედ ინარჩუნებ უბიწო ზრახვას, მაინც ანებე თავი სხვათა განკითხვას, თუკი აქამდე განიკითხავდი და ნუ იქნები თავდაჯერებული, არამედ უფროისად გეშინოდეს და ნუ მიენდობი საკუთარ სიმტკიცეს.
ე) ყურადღებით და ფხიზლად იყავი, თუკი მოიპოვე ღრმთაებრივი სათნოება ან კეთილი სულიერი განწყობილება გაქვს, ნუ აღიმაღლებ თავს ამაო ზესთმჩენობით და ნუ მიეცემი მეოცნებე ზრახვებს, რომ რაიმეს წარმოადგენ, რომ მტრები ვერ გაგიბედავენ თავდასხმას, და ამდენად გძულს და უგულებელჰყოფ მათ, რომ მყისვე უკუიქცე, როდესაც გაკადნიერდებიან და მოგიახლოვდებიან. როგორც კი ესრეთ დაიწყებ ფიქრს, ისე ადვილად დაეცემი, როგორც ვარდება შემოდგომის ფოთოლი ხიდან.
აი, რისი ცოდნა გმართებს ხორციელი ვნების თავდასხმამდე.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი