№47 რატომ ურჩევნიათ რუსეთსა და თურქეთს ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში და მოახერხებს თუ არა მოსკოვი ბაქოსა და ერევნის მორიგებას საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე
აზერბაიჯანის მედია ძალიან აქტიურად უჭერს მხარს გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას, თუ იქაურ მედიაში გამოქვეყნებული მასალებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოსაზრებას კი იქაური მედია ვერ გააშუქებს. მეორე მხრივ, ბაქო არის როგორც თურქეთის, ისე რუსეთის მოკავშირე და, ამდენად, შესაძლოა, რუსეთის ინტერესიც იყოს აზერბაიჯანის მიერ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მხარდაჭერა. ამის პარალელურად, ცნობილია, რომ ბაქოსა და ერევნის მორიგება ვერ ხერხდება ყარაბაღის პრობლემის გამო და არსებობს ვერსია, რომ მხარეები შესაძლოა, დაკმაყოფილდნენ საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე, საქართველოსი, ვინაიდან ის ყველაზე სუსტი რგოლია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. არის თუ არა ეს სცენარი რეალური და, აქედან გამომდინარე, ვისი ინტერესი შეიძლება, იყოს საქართველოში წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და არეულობის შექმნა, მარტივად რომ ვთქვა, ვინ იხეირებს ამით? – ამ თემებზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად ვისაუბრებთ.
– რატომ უჭერს ბაქო ასე აქტიურად მხარს ერთ-ერთ კანდიდატს და იკითხება თუ არა აქ რუსეთისა და თურქეთის ზეგავლენაც?
– თქვენმა მკითხველმა ბრალი რომ არ დაგვდოს სუბიექტურობაში, ხმამაღლა ლოგიკურად ვიფიქროთ ყველამ ერთად და გავიაზროთ, რა ხდება სინამდვილეში, რა შეიძლება მოჰყვეს ამას და რა არის გამომწვევი მიზეზი. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები მხარს უჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ვაშაძე სიმბოლური პიროვნება მგონია და, ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მას არ აღიქვამს მნიშვნლოვან ფიგურად, თორემ 2004 წლიდანვე დაიყენებდა გვერდით. ვაშაძე უბრალოდ ჩამოაყოლა ნინო ანანიაშვილს და, ამდენად, ვაშაძეს დამოუკიდებელ ფიგურად არ განვიხილავ, თუმცა არ გამოვრიცხავ, თუ სტატუსი მიიღო, რაშიც ეჭვი მეპარება, დაიწყოს თავისი თამაში.
– თან, გვაქვს გიორგი მარგველაშვილის მაგალითი.
– რა თქმა უნდა. საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დღევანდელ ხელისუფლებას მხარს რომ არ უჭერენ, იმის ბრალია, რომ „ოცნებას“ არ აქვს განსაზღვრული ეთნორეგიონული პოლიტიკა და არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ამაზე მუშაობს. არც ერთი კონფლიქტის განხილვა არ შეიძლება ცალკე. ყველა კონფლიქტი რეგიონში არსებობს იმისთვის, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაიბრუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაზე, რის ალტერნატივაც არის თურქეთი და ამ დროს ჩვენ თითქოს არ ვარსებობთ, თითქოს ამ ქვეყანაზე რუსებზე ან თურქებზე ადრე არ გავჩნდით და მათზე მეტი წვლილი არ შეგვიტანია კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. მეორე ინსტიტუტი, რომელიც ამ პრობლემებს უნდა აგვარებდეს, არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო, რომელიც ოროსანი სამინისტროა. ის ვერც შეასრულებს ამ ფუნქციას იმ მარტივი მიზეზით, რომ არ იციან, რა უნდა აკეთონ. მეორე – მმართველმა პარტიამ ვერ მოიგო არჩევნები ზოგ რეგიონში, ქალაქსა და სოფელში, ეს ნიშნავს, რომ იქ ადგილობრივი ხელმძღვანელები არიან შესაცვლელები, იმიტომ რომ ისინი დაშორდნენ ხალხს. გადასახედია იმ რაიონების დეპუტატების საქმიანობაც, რომლებიც მოკალათდნენ დახურულ სივრცეში და პირადი ცხოვრება მოიწყვეს. მესამე მიზეზი არის ის, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის დროს უფრო კარგად გრძნობდა თავს მორალურადაც და მატერიალურადაც.
– ამას დაემატა ბოლო პერიოდში „სოკარის“ მონოპოლისტური მადის შეკვეცაც?
– არა მარტო „სოკარის“, ბევრი აზერბაიჯანული კომპანია საქმიანობდა საქართველოში პრივილეგირებულად. ისინი, უპირველესად, ასაქმებდნენ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და ამის შემდეგ – ქართველებს. მიმოსვლა იყო გაიოლებული და თამამად შეიძლება, ითქვას, რომ აზერბაიჯანის ბევრი მოქალაქე, არა მხოლოდ ინვესტიციებს ახორციელებდა საქართველოში, არამედ საცხოვრებლადაც მოდიოდნენ. ეს არგუმენტები სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ აზერბაიჯანული მოსახლეობის მხარდაჭერისა და თვითონ აზერბაიჯანში არსებული მედია-საშუალებების აქტიურობის მოტივი. თუმცა ამას აუცილებლად უნდა დავამატოთ სააკაშვილისა და ალიევის პიროვნული ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურის ინტერესი და გავლენა. ოღონდ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ თურქეთის ინტერესიც იყოს სააკაშვილის რჩეული კანდიდატის გამარჯვება საქართველოში, თუნდაც იმიტომ, რომ მორალურ ბალანსს მიაღწიონ და 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში არაპირდაპირი გზით ჩაერიონ.
– დაეხმარონ „ნაციონალებს“, დისკომფორტი შეუქმნან „ოცნებას“, რომ 2020 წელს უფრო იოლად მოახერხონ ზეწოლა?
– რა თქმა უნდა, რაც მეტად დაეხმარება არჩევნებში, მომავალში მით მეტი ვალდებულება ექნებათ მის მიმართ. მოგეხსენებათ, ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას – რუსული გამონათქვამია. თქვენ ბრძანეთ, რომ აზერბაიჯანში კონტროლდება მედია, გეთანხმებით, მაგრამ არიან ცალკეული ჟურნალისტები, ბლოგერები, გამოცემები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს, რა თქმა უნდა, მორგებულს აზერბაიჯანის ინტერესებთან და, ასევე, ისეთები, რომლებიც ასრულებენ თურქეთის სპეცსამსახურების დავალებებს, რა თქმა უნდა, მორგებულს აზერბაიჯანის ინტერესებთან. ამდენად, თამამად შეიძლება, ვთქვათ, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. ამას უნდა დაუპირისპირო ეთნორეგიონული პოლიტიკა, საქართველოში კი არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ რეალობას შეისწავლის და კონკრეტულ ქმედებებს დაუპირისპირებს. მომავალში, რაც მეტი ფასი დაედება საქართველოს, მით მეტ ქვეყანას გაუჩნდება ინტერესი. ამიტომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი ეთნორეგიონული პოლიტიკა სამოქმედო პროგრამითა და მოკლევადიანი დარგობრივი პროექტებით.
2012 წლის წლის შემდეგ არავის მოუკითხავს, რატომ აიღო „ოცნებამ“ ქვემო ქართლში ცოტა ხმა, არ არსებობს მონიტორინგის ჯგუფი, ამიტომაც მივიღეთ ლოგიკური შედეგი, თუმცა საბოლოო ლოგიკური შედეგი მეორე ტურის შემდეგ დადგება. არ გვაქვს ილუზია, რომ მეორე ტურის შემდეგ რამე დაწყნარდება, პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2019 წელი პოლიტიკურად ბევრად აქტიური და აგრესიული იქნება, ვიდრე 2018 წელი იყო და თუ 2019 წლისთვის დაპირებული არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა, იქნება კატასტროფა. მოგეხსენებათ, ოპოზიცია მოვლენებს ვერ ქმნის, ის ჩასაფრებულია ფაქტებზე, რომ შემდეგ რეაგირება მოახდინოს. დააკვირდით წინასაარჩვენო კამპანიას – მათ მოვლენა ვერ შექმნეს. ტელევიზიითა და მედია-საშუალებებით ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის თემებად, უბრალოდ, ინციდენტებსა და მომხდარ უსიამოვნო ფაქტებს იყენებენ. ნაცვლად იმისა, რომ გააკეთონ ის, რასაც ვერ აკეთებს ხელისუფლება და პოზიტიური ქმედებით მოაწონონ თავი ამომრჩეველს, კამპანია ნეგატივზე აქვთ აწყობილი. ეს სისუსტის ნიშანია, თქვენ მხოლოდ ქვემო ქართლზე ბრძანეთ, არ შეშინდეს მკითხველი, ვაკონტროლებთ ყველაფერს, მაგრამ იგივე პროცესები არის ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონებში და იწყება პანკისის ხეობაში.
– მხოლოდ აზერბაიჯანი იმიტომ ვახსენე, რომ ბაქო ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორია, გასაგებია, სომხეთი და რუსეთი როგორც იმოქმედებენ.
– აშკარად რომ უჭერენ მხარს, ის ნაკლებად საშიშია, აშკარად რომ არ ჩანს, ის უფრო სახიფათოა.
– ვერსიაა, რომ საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე მოიგოს რუსეთმა ბაქოსა და ერევნის გული. ეს რამდენად რეალურია?
– რუსეთს რომ უფლება მისცე, საქართველოს აქამდე დაშლიდა მარტივ მამრავლებად და ამას აკეთებს კიდეც. საქართველოში აქტიურად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გაქეზებული ადამიანები, მეგრელობისა და სვანობის პროპაგანდას ეწევიან, რომ თითქოს ისინი არაქართველები არიან.
– ამაზე ისინი მუშაობენ იმპერიიდან მოყოლებული.
– ასე გაუკეთეს აფხაზებს, მოლდაველებს… როდესაც დაიპყრეს მოლდავეთი, ანბანი შეუცვალეს, ენა შეუცვალეს და უთხრეს, რუმინელები არ ხართო, ამ დროს კი ეთნიკურად რუმინელები არიან. ეს რუსული სტილია და უფლება რომ მისცე, ნაწილ-ნაწილ დაგვჯიჯგნიან, თუმცა აღარ არის 90-ანი წლები, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილიც კი არ იყო, რა ხდებოდა რეგიონში. ყარაბაღის პრობლემა საერთაშორისო სამართლის მეთვალყურეობის ქვეშ არის და დაკონსერვებულ კონფლიქტად ითვლება, როგორც ცხინვალი და სოხუმი და აშკარად იმის გაკეთება – იმას მიწა მიეცი და დაკმაყოფილდეს, რუსეთს ძალიან გაუჭირდება, მაგრამ, თუკი მოახერხებს და ჯერჯერობით ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიიყვანოს, როგორც 1992 წელს, ქართველების ერთმანეთის მიმართ ზიზღი გამოიყენოს და ამის შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი. თოფი თუ გავარდა და სისხლი დაიღვარა, მერე ვეღარ გაარკვევ, ვინ იყო დამნაშავე და ვინ მართალი, ვინ ისროლა პირველმა და ვინ – მეორემ. ასე რომ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს გაცნობიერებული თავისი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, შეიძლება, წინდახედულობა ვერ მოსთხოვო, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმი, რომლითაც მოახერხებს ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების პრევენციას როგორც მთელ საქართველოში, ისე რეგიონებში და უზრუნველყოფს მყარ და ურთიერთმომგებიან სოციალურსა და ეკონომიკურ ურთიერთობებს კავკასიაში.
– გასაგებია, რომ არეულობა მეტ-ნაკლებად ბევრისთვისაა ხელსაყრელი, ამღვრეულ წყალში ბევრი ხეირიცაა, მაგრამ თვითონ ჩვენი პოლიტიკური კლასი თუ წავა ამ სცენარზე იმისთვის, რომ მიიღოს ძალაუფლება?
– ჯერ დავსვათ კითხვა: იმ ინფორმაციებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაჟღერდა, რასაც დაემატა რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ყველაზე მეტად ვინ დააზარალა?!
– ცხადია, ხელისუფლება.
– დიახ, მმართველი პარტია და ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს რუსეთის სპეცსამსახურები ოპოზიციაზე დებენ ფსონს, მაგრამ საერთოდ არ ანაღვლებთ არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება, მათთვის მთავარია, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველი სტაბილურად არასტაბილური ვითარება იყოს. ხომ გვახსოვს, რომ 1992 წლის სამხედრო გადატრიალებით მოსული ხელისუფლება თანდათან მოაშორეს და ხალხს პრორუსულები დაასვეს თავზე. ასე მოხდა 2003 წელს, როდესაც აშკარად დაუჭირეს სააკაშვილს მხარი და ახლაც ასე ხდება. როგორც ჩანს, ეს ტაქტიკა აქვთ: ხელისუფლების საწინააღმდეგო ძალა გააძლიერონ, ამით დაასუსტონ ხელისუფლება და შემდეგ დაიყოლიონ იმ პირობებზე, რაც უნდათ, რომ შეუსრულონ. მოკლედ, არ არის დაინტერესებული რუსეთის ხელისუფლება, რომ საქართველოში იყოს სტაბილური სიტუაცია, რასაც მოჰყვება ინვესტიციები და საქართველოს გაწევრიანება საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ხმამაღლა ვიფიქრეთ, იმიტომ რომ, თუ რამე გვეშლება, შევუსწოროთ ერთმანეთს. ვისთვისაა ხელსაყრელი რაც ხდება?! ხელისუფლებისთვის?!