№47 ამერიკული „კარუსელი“
ანუ დემოკრატიის აკვანშიც ტირიან?!
ჩვენ კი გვგონია, რომ საკუთარი არჩევნები გაგვჭირვებია, თუმცა აღმოჩნდა, რომ „მდიდრებიც (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დემოკრატიის აკვანშიც) ტირიან“.
სახელდობრ, „კარუსელები“, განვითარებადი ქვეყნების სავიზიტო ბარათი რომ გვეგონა, თურმე, სცოდნიათ იქაც, სადაც დემოკრატია დაიბადა და ყვავის.
ჰოდა, რაკი სცოდნიათ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის არჩევნებში „რესპუბლიკელების“ დამარცხება იმით ახსნა, რომ „არჩევნებში მონაწილეობას ისინი იღებდნენ, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა“ და, მეტიც, რამდენჯერმე მისცეს ხმაო.
მომყავს ციტატა დონალდ ტრამპის განაცხადიდან: „ეს ხალხი წრეზე დადიოდა. სხდებოდნენ მანქანაში, ქუდს იხურავდნენ, სხვა პერანგს იცვამდნენ, შემდეგ შედიოდნენ საარჩევნო უბანზე და კვლავ ხმას აძლევდნენ. რაც ხდება, სამარცხვინოა.“
ერთი მხრივ, დემოკრატიის აკვანსა და უკვე აყვავებული დემოკრატიის სავანეში ხმის მიცემა დისტანციურადაც შეიძლება (ანუ გაყალბება, თუ მაინცდამაინც, უფრო დახვეწილადაც შეიძლებოდა), რაც, ცხადია, არ გამორიცხავს საარჩევნო უბანში ხმის მიცემას, მეორე მხრივ კი, არც არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ ვენდოთ აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებს.
ჰოდა, დემოკრატიის აკვანში თუ ტირიან (მაინც შეგახსენებთ, რომ თავის ოპოზიციას აბრალებს არჩევნების შედეგების გაყალბებას), თავად განსაჯეთ, ცრემლთა რა შმაგი ფრქვევაა ნაშუქურალში?!