№47 უაზროდ აზრიანები
ვინ უნდა უცქიროს ფილმებს ომებზე
ისე მოხდა, რომ წინასაარჩევნო აღტკინებამ (მაგრამ ეს უკვე გასცდა აღტკინების ზღვარსაც) სამხედროებიც ჩაითრია და თუმცა ჩვენს იავარქმნილ ჯარს (წაგებული ომების რაოდენობით უახლეს ისტორიულ ანგარიშზე) პრობლემები არ აკალდა (შევადაროთ საქართველოს დე-ფაქტო და დე-იურე რუკები), ახალი უბედურებაც დაემატა (ყველა დანარჩენზე უარესი): სამხედროები პოლიტიკურ მხარეებად დაიყვნენ (არადა, წესითა და რიგით, მათ ნებისმიერი პოლიტ და სექსუალური ორიენტაციის მოქალაქის გამო უნდა გაწირონ თავი).
სამწუხაროდ, ეს გაუგებრობა ოპოზიციური კანდიდატის საარჩევნო ბანაკიდან წამოვიდა, მეტიც (რაკი უბედურება მარტო არ მოდისო), თითქოს ქართველ სამხედროებს ჰააგის ტრიბუნალი უპირებს გასამართლებას 2008 წლის ომში მონაწილეობის გამოო და თვით იმ ზომამდეც კი მივიდა ზოგიერთის ფანტაზია (უფრო ზუსტად, პროპაგანდა), რომ ისიც კი ამოთქვა, გიორგი ანწუხელიძეა გასასამართლებელთა სიის პირველ ნომრადო.
ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა (თუმცა ჯარით მანიპულაცია, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფოზე მიტანილი მასირებული შეტევაა), რომ არა ის სავალალო ფაქტი, რომ ამ ჩვენი, როგორც ჩანს, არჩევნებით გონებაშეწუხებული საზოგადოების ნაწილმა ეს დეზინფორმაცია ინფორმაციად მიიღო (თვით ამ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ყველაფრის გადამოწმებაა შესაძლებელი ინტერნეტით).
ამიტომაც მოგახსენებთ, რომ სამხედროებს არასდროს ასამართლებენ იმის გამო, რომ იომეს, თუ მათ არ ჩაუდენიათ კონკრეტული დანაშაული (არ უწამებიათ, არ უძალადიათ, არ გაუძარცვავთ), მხოლოდ მხედართმთავრები სამართლდებიან, ისიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს კი ჰააგის სასამართლომ უნდა დაადგინოს (რომელზეც პირდაპირ ზეწოლას, ფაქტობრივად, ვერავინ მოახდენს).
ამასაც რომ თავი დავანებოთ, თვით ის გერმანელი სამხედროებიც კი არ გაუსამართლებიათ, რომლებმაც მხოლოდ იომეს ჰიტლერის არმიაში (თუ კონკრეტული დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი), ვინც კანონებს არ კითხულობს (და ფაქტია, რომ არც თუ ცოტა არ კითხულობს), მაგრამ მაინც გამოთქვამს აზრებს, მხატვრულ ფილმებს მიეძალეთ მეორე მსოფლიო ომზე (აზრის გაცილებით კომპეტენტურად გამოსახატავად მაინც).