№46 როგორ ამყოფებს ქმარს გამუდმებულ სტრესში მაკა გიორგობიანი და რატომ არის მისთვის აუცილებელი საყვარელ მამაკაცთან განშორებები
ახლახან, ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ქართველი მოცეკვავე წყვილი გრან-პრის ფინალში გავიდა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, მაკა გიორგობიანი ამბობს, ეს დიდი მიღწევა და საამაყო ფაქტია მისთვის, როგორც ყოფილი მოციგურავისთვის და ფედერაციის პრეზიდენტისთვის. ცოტა ხნის წინ მაკა ბებიაც გახდა. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს, ულევ სიხარულსა და ბედნიერ ბებიობას უსურვებს.
მაკა გიორგობიანი: ბედნიერი ვარ, რადგან ყველაფერი მაქვს, რაც ჩემი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. გამიმართლა, როგორც ქალურ ბედნიერებაში, ისე საქმეში. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ჩემი ბედნიერების განმსაზღვრელი – ოჯახი, ქმარი, შვილები, საყვარელი საქმე – ეს ყველაფერი ერთადაა. ვფიქრობ, ოჯახში რომ ყველაფერი კარგად იყოს, ქალს აუცილებლად სჭირდება პროფესია და საყვარელი საქმე. ქალი თუ რეალიზებულია, ის წარმატებულიცაა. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ასეა. ოჯახში დალაგებული სიტუაცია მაძლევს სტიმულს, საქმეშიც ბოლომდე დავიხარჯო. ზოგადად, ბრძოლისუნარიანი, ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ და ეს ყველაფერში მეხმარება.
– მაკა, რა პროფესიის ხარ? და შენმა გარეგნობამ თუ ითამაშა როლი შენს წარმატებულ კარიერაში?
– დასავლეთევროპული ენების სპეციალისტი ვარ. ამ პროფესიით არ მიმუშავია, მაგრამ დღევანდელ საქმეში, რასაც ვაკეთებ, ძალიან მადგება. ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტი ვარ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიწევს ჩასვლა და მოლაპარაკებები. ენების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როცა საქმის მოგვარებისა და მოლაპარაკებების დროს ადამიანს მის ენაზე ესაუბრები, ბევრად მომგებიანი და დამაჯერებელია საქმის დადებითად გადასაწყვეტად. გარეგნობა და ჩაცმის სტილი კი ნამდვილად მოქმედებს ადამიანის წარმატებაზე და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. იმიჯი ძალიან ბევრს ნიშნავს. მთელი ცხოვრება ციგურებზე ვიდექი, შეკრებებზე ქვეყნიდან შორს თვეობით მიწევდა ყოფნა და უცხოეთში, ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე, უკვირდათ, რომ ქართველი ვარ (იცინის). ფაქტობრივად, მთელმა ცხოვრებამ და ბავშვობამ ასე მისვლა-მოსვლაში გაიარა. საქართველოს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავდა და ახლა მსოფლიო დონეზე გავხდით ცნობილები. ეს ფაქტი ძალიან მახარებს.
– გილოცავთ, წელს პირველად ქართველმა მოციგურავე წყვილმა დიდ წარმატებას მიაღწია. ფაქტია, ამაში დიდი წვლილი შენც მიგიძღვის, ხომ ასეა?
– ფიგურულ ციგურაობაში ბევრი წარმატებული ქვეყანა ვერ აღწევს იმ წარმატებას, რასაც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში მივაღწიეთ. სხვათა შორის, ეს დიდ გაკვირვებას იწვევს უცხოელებში. ჩვენ მოვხვდით გრან-პრის სერიების ფინალში, სადაც მთელი მსოფლიოდან 50 წყვილი ასპარეზობდა და ფინალში მხოლოდ ოთხი ქვეყანა მოხვდა – რუსეთი, კანადა, ამერიკა და საქართველო. ჩემთვის, როგორც ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ეს განსაკუთრებული ემოცია და სიხარულია, რადგან ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი ფაქტია, როცა საქართველო უძლიერეს ქვეყნებს შორის მოხვდა. ეს სერიოზული განაცხადია. გიორგი რევია და მარია კაზაკოვა ჩვენი საამაყო მეწყვილეები არიან.
– მაკა, როცა ციგურებზე დგახარ და ყინულზე გადიხარ, ეს შენთვის რა გრძნობაა?
– პროფესიულად აღარ ვვარჯიშობ, მაგრამ ციგურებზე როცა ვდგები და ყინულზე გავდივარ, ყველა პრობლემა მავიწყდება, განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპმა ყინულზე გაიარა და დღესაც, როცა მასზე ვდგები, ვმშვიდდები, მეტ ენერგიას ვიღებ და სტიმულს მაძლევს. მოკლედ, იმ ენერგეტიკას, რაც სასიცოცხლოდ მჭირდება, ყინულზე დგომა მაძლევს (იცინის).
– ახლახან შვილიშვილი შეგეძინა. ისე გამოიყურები, წარმოუდგენელია გაიაზრო, რომ ბებია ხარ. როგორ შეეგუე ამ სტატუსს?
– ორი შვილი მყავს, ქალ-ვაჟი. ახლახან ქალიშვილისგან შემეძინა შვილიშვილი, ულამაზესი გოგონა – ბარბარე. საოცარი გრძნობაა, როცა ახალი წევრი შემოდის სახლში და ახალი სტატუსი – ბებიობა, ძალიან მომწონს (იცინის). ძალიან საამაყო სტატუსია. სამშობიაროში ექიმები რომ იგებდნენ, ბებია მე ვიყავი, არ იჯერებდნენ, შოკში ვარდებოდნენ (იცინის).
– როგორი დედა ხარ, ეს ვიცი, მაგრამ როგორი სიდედრი ხარ?
– ეს ჩემს სიძეს უნდა ჰკითხოთ. ჩემთვის ოჯახური იდილია ძალიან მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ ქალის მთავარი დანიშნულება არის კარგი დედობა, მეუღლეობა, ბებიობა და გნებავთ, სიდედრ-დედამთილობა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ვცდილობ, ჩემს ოჯახში ყველაფერი დალაგებული იყოს და სადილი თუ ვახშამი ჩემი ხელით მოვამზადო და ოჯახი სასადილო მაგიდასთან შევკრიბო. ეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, დამხმარეც მყავს და დედამთილიც მეხმარება, რადგან ხშირად მიწევს უცხოეთში ვიზიტები.
– ბიზნესმენი მეუღლე როგორ ეგუება შენს ასეთ ტემპს და საჩუქრებით თუ განებივრებს?
– მეუღლე რომ არ მეხმარებოდეს, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. მიუხედავად იმისა, რომ ლაშას ბევრი საქმე აქვს და ძალიან დაკავებულია, ჩემთვის სულ სცალია, ჩართულია ჩემს პროფესიულ საქმიანობაში და არ მახსენდება ფაქტი, აეროპოტში თავად არ გამაცილოს და არ დამხვდეს. მისი თანადგომა რომ არ ყოფილიყო, რასაკვირველია, მე, პროფესიით ასე შორს ვერ წავიდოდი. კიდევ ვამბობ, ხშირად მიწევს უცხოეთში წასვლა და მეუღლის გვერდით დგომა, გაგება და ნდობა რომ არ მქონდეს, ვერ შევძლებდი. თავადაც ჩამოდის ხოლმე ტურნირებზე და მონაწილეებს საქართველოს დროშით გულშემატკივრობს. ისე შევაყვარე ციგურები, თავადაც დადგა ყინულზე (იცინის). რაც შეეხება განებივრებას, ლაშა რომანტიკული ადამიანია და ხშირად მიწყობს სიურპრიზებს, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ცოლ-ქმარი ვართ. ჩემს დაბადების დღეზე სამსახურში მიმიყვანა, შევედი ოთახში და მაგიდაზე დამხვდა ლამაზად შეფუთული ყუთი. გავხსენი და შიგნით „რეინჯ როვერის“ გასაღები იდო. ნამდვილად არ ველოდი. ლაშას ჩემი მანქანის მეორე გასაღები აქვს და ხშირად, საქმიანი შეხვედრიდან გამოსულს, მანქანის საჭეზე დამაგრებული ვარდი მხვდება. ვფიქრობ, რომ პატარ-პატარა განშორებებს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში კარგი მუხტი შეაქვს და ამას ყოველთვის ვგრძნობ, როცა უცხოეთიდან დაბრუნებული აეროპორტში ლაშას დავინახავ. თან, როცა ცაში ვარ, ძალიან ეშინია და საყვარელი მამაკაცი, ფაქტობრივად, სულ სტრესში მყავს (იცინის).
– საოცარი გარეგნობა გაქვს. უცხოეთში კი მარტოს გიწევს ვიზიტები. მეუღლე არ ეჭვიანობს?
– ხანდახან ვფიქრობ, ხომ შეიძლება მშვიდად ვიცხოვრო-მეთქი, მაგრამ ორი დღე რომ მშვიდად ვარ, ვხვდები, მშვიდი ცხოვრება არ მომწონს (იცინის). გამიმართლა, რომ ასეთი აქტიური ქმარი მყავს. ჩვენს შორის ნდობაა და როცა ერთად მივდივართ და თვალს აყოლებენ, მეამაყება. მე მას თვალდახუჭული ვენდობი. შეიძლება, ეჭვიანობს, როცა მამაკაცი მზერას მაყოლებს, მაგრამ ჩემთვის არ უგრძნობინებია. ლაშა არის ადამიანი, ვინც ყოველ დღეს მივსებს და მილამაზებს. ყოველი დღე ერთმანეთის ცხოვრებით თენდება