კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 როგორ მუშაობდა გვანცა ზაკალაშვილი რომის სახელმწიფო ოპერაში ვალენტინოსთან ერთად და რის გამო დაუკოცნა მას ხელები ჯანკარლომ

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

გვანცა ზაკალაშვილი წარმატებული და ნიჭიერი სცენოგრაფია, საინტერესო და განსხვავებული ხედვით. მისი კარიერა თბილისში დაიწყო, თუმცა შემდეგ იტალიაში კიდევ უფრო წარმატებულად განვითარდა. ის არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობდა, არაერთ ცნობილ ადამიანთან, ისეთებთან, როგორებიც: სოფია კოპოლა და ვალენტინოა. ნიჭიერი გვანცა ამჟამად ძალიან საინტერესო ზღაპარზე მუშაობს, რომლის ავტორიც ექიმი-ორთოდონტი მარიამ სიჭინავაა და რომელიც მალე დაიბეჭდება. გარდა ამისა, ის ძველ თბილისში საკუთარი სტუდიის გახსნას გეგმავს, სადაც მასტერკლასებს უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები ჩაატარებენ.
გვანცა ზაკალაშვილი: ბავშვობიდან ხელოვნებით ვიყავი დაინტერესებული, დავდიოდი ხატვაზე, ცეკვაზე, მოკლედ, ყველაფერზე. თუმცა ყველაზე მეტად მაინც ხატვა მაინტერესებდა. საბოლოოდ გადავწყვიტე, დაზგურ ფერწერაზე მესწავლა. „ნიკოლაძეში“ ჩავაბარე და გურამ ქლიბაძის ჯგუფში მოვხვდი. შემდეგ მისი ქალიშვილი, გურანდა ქლიბაძე მასწავლიდა. სწორედ მათ გამიორმაგეს დაზგური ფერწერის მიმართ სიყვარული. „ნიკოლაძეში“ სწავლის პარალელურად, რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ჩამოდიოდნენ უცხოელები, არჩევდნენ სტუდენტებს, ყიდულობდნენ მათ ნამუშევრებს. მახსოვს, როგორ გაიყიდა ჩემი პირველი ნამუშევარი. დღეს ის ნახატი ამერიკაშია, ერთ-ერთ ოჯახში. 2015 წელს, როდესაც ამერიკაში ჩავედი, „ჰოლივუდში“ ჩვენი ფილმის პრეზენტაციაზე, მათ ოჯახში მივედი სტუმრად და ჩემი ნახატი ვნახე. „ნიკოლაძის“ შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. როდესაც საქართველოში კლაუს ჰიპი ჩამოვიდა, მაგისტრატურაზე ვსწავლობდი. მან დადგა „მაკბეტი“, რომელზეც აკადემიაში, ლაბორატორიაში ვიმუშავეთ – გავაკეთეთ დეკორაციები, კოსტიუმების გარკვეული ნაწილი. შემდეგ მან წაიღო და დადგა სპექტაკლი.
– როგორც ვიცი, ძალიან წარმატებულად მოღვაწეობდი იტალიაში. როგორ დაიწყო შენი იტალიური კარიერა?
– როდესაც სადიპლომო თემაზე ვმუშაობდი, მაშინ გოჩა კაპანაძემ რუსთაველის თეატრში „მოხუცი ჯამბაზები“ დადგა. დავიწყე „მოხუც ჯამბაზებზე“ მუშაობა, მხატვარი იყო ანა ნინუა. გავაკეთე ჩანახატები, ასევე, ქალბატონი ზინაიდა კვერენჩხილაძის პორტრეტი, რომელიც მას საჩუქრად გადავეცი. ჩემი ხედვით შევქმენი 4 კომპოზიცია, რომელიც შემდეგ სადიპლომო ნამუშევარში გამოვიყენე. რაც შეეხება რომს, ვსწავლობდი რომის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სამაგისტრო-სადოქტორო ფაკულტეტზე – თეატრისა და კინოს სცენოგრაფიაზე,  ფრანჩესკო ძიტოს ჯგუფში, რომელიც ძალიან ცნობილი სცენოგრაფია. მან მითხრა: უცხოელებს ვერიდები და მაინცდამაინც მე რატომ ამირჩიე, ბევრი იწყებს და მერე ვეღარ ამთავრებენო. მე ვუპასუხე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოგყვეთ, რასაც მირჩევთ, იმას გავითვალისწინებ და თუ ჩათვლით, რომ არ ვარ ამ ხარისხის მიღების ღირსი, დავტოვებ აკადემიას-მეთქი. საბოლოოდ, ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგად აეწყო. სხვებისთვის თუ 2-3 წიგნს მოიტანდა, ჩემთვის ჩემოდნით მოჰქონდა. დამირეკავდა: დღეს ჩემოდანი წამოიღეო. ყველანაირად მიწყობდა ხელს. სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი სხვადასხვა თეატრში: პიერო გაბრიელის თეატრში, პალერმოს, ტორინოში, ლაბორატორია გავიარე ფლორენციაში. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომის ოპერის სახელმწიფო თეატრში მუშაობა. იქ კოსტიუმების მიმართულება ავირჩიე. მოდის მიმართ არასდროს ვიყავი გულგრილი. აკეთო ისტორიული კოსტუმები, სულ ერთი და იგივეს გავლაა, თუმცა შეიძლება, შექსპირს ძალიან თანამედროვეც არ მოუხდეს. ზოგადად, გამიჯვნა ხდება ხოლმე. მაგალითად, როდესაც ვალენტინომ „ტრავიატას“ კოსტიუმებზე იმუშავა, სცენოგრაფი აბსოლუტურად სხვა პიროვნება იყო. ამ კოლაბორაციის შემდეგ სპექტაკლზე ბევრი კრიტიკა დაიწერა.
– ვალენტინოსთან ერთად მუშაობა შენც მოგიწია.
– ვალენტინოც და ჯანკარლოც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. მე ვმუშაობდი სპექტაკლის კოსტიუმებზე და უშუალოდ მიწევდა მთთან შეხება. ვალენტინო მოდიოდა ლაბორატორიაში, გვიტოვებდა მასალას. რა თქმა უნდა, ასისტენტები ჰყავდა, მაგრამ თვითონაც სულ ამოწმებდა. ყოველდღე იცვლებოდა სიტუაცია, დეტალები, საკმაოდ რთული იყო მასთან მუშაობა. ძალიან დახვეწილი მანერების ადამიანია. ამ სპექტაკლისთვის თავად შექმნა წითელი კაბა, რომელიც „ტრავიატაში“ ვიოლეტას როლის შემსრულებელს ეცვა. ყველა დეტალზე ზრუნავდა და ამიტომაც სცენაზე ძალიან ლამაზი იყო. ყოველდღიურად ნახულობდა, რას ვაკეთებდით. დღე და ღამე ვმუშაობდით. საღამოს 11 საათზე კი რეპეტიციები იყო და იმასაც ვესწრებოდით. მახსოვს, გენერალურ რეპეტიციაზე ჩემი მეგობარიც წავიყვანე, რომელსაც მისი ნახვა ძალიან უნდოდა. საკმაოდ წინ დავსხედით. შემოვიდნენ ჯანკარლო, ვალენტინო და ჩვენთან ახლოს დასხდნენ.  ჩემმა მეგობარმა მთხოვა: მივიდეთ, კომპლიმენტი ვუთხრათო. მივედით. ჯანკარლოს უთხრა, რომ ძალიან უყვარს. ჯანკარლომ კი ჰკითხა: აქ მუშაობო? არა, ჩემი მეგობარი მუშაობსო – ჩემზე მიუთითა. შემომხედა და თქვა: კი, მახსოვსო. მეც მივედი, ორივეს ხელები დაგვიკოცნა და ვალენტინოს უთხრა: ეს ის გოგონაა, ლაბორატორიაში რომ მუშაობსო და მანაც მადლობა გადამიხადა: დიდი მადლობა მოთმინებისთვის. მიხარია, რომ ახალგაზრდები  ამ საქმით  ხართ დაინტერესებულიო. ასევე ვიმუშავე ფრანგ დიზაინერთან, ფედერიკო ოლივეირთან, რომელმაც „მაკნატუნა“ დადგა. ძალიან უბრალო ადამიანები არიან, თბილები. მოდიოდა ხოლმე, გვეფერებოდა: რამე პრობლემა ხომ არ არისო. ვალენტინოსთან ერთად „ტრავიატაზე“ სოფია კოპოლა მუშაობდა, სპექტაკლის რეჟისორი იყო. იმ დროს სადიპლომო თემაზე ვმუშაობდი. ჩანახატებს ვაკეთებდი. ერთი კოსტიუმი გავაკეთე ამ ჩანახატიდან – 1800-იანი წლების პუშკინის „ყვავის ქალი“. ერთ დღეს სოფია კოპოლა სპექტაკლის შესვენებაზე იყო, მის წინ რიგი იდგა – ავტოგრაფებს სთხოვდნენ. მეც იქვე ვიდექი. ეგონა, ავტოგრაფი მინდოდა. დამიძახა: მოდიო. ავტოგრაფი გამოვართვი და ვუთხარი: მე აქ ვმუშაობ-მეთქი. კი, ვიცი, გხედავ ხოლმეო. შემდეგ ვუთხარი, რომ  ფრანჩესკო ძიტოს მოსწავლე ვიყავი. ძალიან გაუხარდა. ვუთხარი რა თემაზეც ვმუშაობდი. შეიძლება, მაჩვენოო. ტელეფონში მქონდა, ვაჩვენე, ძალიან მოეწონა. იშვიათია სცენაზე და კოსტიუმებზე ერთად რომ მუშაობდეს ადამიანიო. კაბა ძალიან მოეწონა, ეპოქას ემთხვევაო.
– ცნობილ საოპერო მომღერლებთანაც გიწევდა მუშაობა. მათ  თავისი შტრიხები თუ შეჰქონდათ მუშაობის დროს ან რამდენად პრეტენზიულები იყვნენ?
– 2015-2016 წლებში რომის სახელმწიფო ოპერაში რაც კი სპექტაკლი დაიდგა, თითქმის ყველაზე მიწევდა მუშაობა. ხშირად ეს სპექტაკლები შემდეგ „ლა სკალაში“ მიჰქონდათ, თუ „ლა სკალაში“ იდგმებოდა, ჩვენთან მოჰქონდათ. მახსოვს, პლასიდო დომინგო რომ ჩამოვიდა რეპეტიციაზე. მე ქალის ხაზზე ვმუშაობდი და რომ ვიცოდით, თეატრში იყო, მის ოთახს არ ვცილდებოდით. მასთან ჩემი ლექტორი, ფრანჩესკო ძიტო მუშაობდა. ძალიან თბილი, უშუალო, მოსიყვარულე ადამიანია, ყოფით თემებზეც დაგელაპარაკება. როცა კოსტიუმს მოირგებდა, შევდიოდით, ვნახულობდით. რაც შეეხება ქალის ხაზს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თეატრში ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ და მათთან მიწევდა მუშაობა. ძალიან პრეტენზიულები არიან. მახსოვს, სოფია კოპოლას რომ უქმნიდნენ კაბას, ამბობდნენ: ეს არ მოეწონება, არც ესო. ბოლოს ყველაზე სადა აირჩია და პრემიერაზე ის ჩაიცვა. მეცო-სოპრანოების დიდ ნაწილს წონის პრობლემა აქვს. დეტალებზე პრეტენზიებს გამოთქვამდნენ და რა თქმა უნდა, ყველა ვითვალისწინებდით.
– „ჰოლივუდის“ ფილმზეც მოგიწია მუშაობა.
– ფილმს ჰქვია The Secret of Joy. მასზე ბევრი ადამიანი მუშაობდა. ძალიან წარმატებული ფილმია, არაერთი პრიზის მფლობელი გახდა. ლაბორატორიაში რომში ვმუშაობდით, გადაღებები ამერიკაში დაიწყო. პრეზენტაცია კი „ჰოლივუდში“, ერთ-ერთ თეატრში გაიმართა. მე დავაგვიანე, რადგან ჩემი ჩემოდანი დაიკარგა. ჯინსითა და ჩექმებით მომიწია წასვლა, არადა, წინასწარ რომ არჩევ, რა ჩაიცვა. შემდეგ გადარეკეს გავლენიანმა ადამიანებმა, სასწრაფოდ მომიტანეს ჩემოდანი და მეორე დღეს უკვე ის ჩავიცვი, რაც მინდოდა. კოსტიუმებზეც, რომელმაც არაერთი ჯილდო მიიღო, ბევრი ადამიანი მუშაობდა. ძალიან საინტერესო კოსტიუმები იყო. იაპონიიდან ჩამოსულ აბრეშუმს ვღებავდით, ვამუშავებდით, შემდეგ ვკერავდით და დეკორაციას ვაწყობდით. ბევრი დეტალი იყო გასათვალისწინებელი. საბოლოოდ ძალიან კარგი გამოვიდა. ამერიკის შემდეგ იტალიაში, ოპერაში დავბრუნდი. ასევე, ვმუშაობდი, კერძო შეკვეთებზე  – ძირითადად, მაღალ მოდას რაც ეხება.
– ვინ არიან შენი შემკვეთები?
– იტალიის საკმაოდ ცნობილი, გავლენიანი ადამიანები, მათი შვილები. ივენთების, ნათლობების მოწყობაზე ვმუშაობდი. როცა დეკორაციას ქმნი, კაბა და ინვენტარიც უნდა შეესაბამებოდეს. მახსოვს, ერთ ნათლობაზე ვიმუშავე, დამკვეთი იტალიაში ძალიან ცნობილი ადამიანი იყო. ჩემი შეკერილი პალტო მეცვა, გაციებული ვიყავი. მან მითხრა: თხელი პალტო გაცვია და ამიტომ ცივდებო. სულაც არა, ჩემი შეკერილი პალტოა და ძალიან თბილადაც ვარ-მეთქი, – ვუპასუხე. ივენთი რომ დამთავრდა, ის თანხაც გადამიხადა, რაზეც მოლაპარაკებული ვიყავით და პლუს მომცა საჩუქარი, რითიც შემეძლო „არმანიში“ მეყიდა ის, რაც მე მინდოდა. საჩუქარზე ეწერა: გთხოვ, თბილი ქურთუკი იყიდეო. მეც ვიყიდე მის სახელზე  თბილი ქურთუკი.
скачать dle 11.3