№46 როგორ შევიდა კესარია აბრამიძე „მის ტრანს მსოფლიოს“ საუკეთესო ხუთეულში და რატომ არ გაატანეს მას კონკურსზე ეროვნული სამოსი
ცოტა ხნის წინ კესარია აბრამიძე ბარსელონაში იმყოფებოდა, სილამაზის კონკურსზე – Miss Trans Star International. „სტერეოტიპი – „ქართველი ოცეულშიც ვერსად ვერ ხვდება, მე დავამსხვრიე“, – წერდა კესარია სოციალურ ქსელში. მართლაც, ის კონკურსიდან „წლის ვარსკვლავი 2018-ის“ ტიტულით დაბრუნდა და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.
– შენ მიმართ მოლოდინი ძალიან დიდი იყო თავად ორგანიზატორების მხრიდან.
კესარია აბრამიძე: როდესაც კონკურსანტებს გადავხედე, არ მქონია ის მომენტი, რომ შეიძლება დავჩაგრულიყავი. არც დავჩაგრულვარ. შევედი მსოფლიო ხუთეულში, რაც ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოსთვის და ჩემთვის. გარდა ამისა, ავიღე „მსოფლიო სტარის“ წოდება. მე ვიყავი ყველაზე აქტიური, პოზიტიური, გიჟი კონკურსანტი, ყველაზე თავნება და დაუმორჩილებელი. მე რომ ჩუსტებით ჩავდიოდი საუზმეზე, ისინი სამსართულიანი ვარცხნილობებით ისხდნენ. გაოცებულები მიყურებდნენ, მაგრამ ყველას მოვწონდი უმაკიაჟოდ.
– ფოტო გააზიარე, სადაც შენ და გამარჯვებული „ტაილანდი“ ერთად უმაკიაჟოდ ხართ გადაღებული. წერდი: ვულოცავ გამარჯვებასო, ორივე უმაკიაჟოდ ვართო.
– დილით ახალგაღვიძებულები ერთმანეთს ვუღებდით ფოტოებს. ეს ფოტო გამარჯვებამდე დავდე, იმიტომ არა, რომ გაიმარჯვა და დავდე. ვიღაცები წერდნენ: რა სიბოროტეაო. სხვებსაც ედოთ მასთან გადაღებული უმაკიაჟო ფოტოები. იქ ისეთი დონის მაკიაჟი კეთდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაკიაჟის სპეციალისტი ვარ, მეც კი გაოცებული ვიყავი. ლეიკოთი იწყობდნენ სახეს: ყურებს იწევდნენ, თვალებს, ლოყებს. თითოეულს თავისი სახელმწიფოსგან დაფინანსება ჰქონდა, 8-10 კაცი ახლდათ თან. თავისი სტილისტი, ვიზაჟისტი ჰყავდათ და გარდასახვა ხდებოდა ხოლმე, აბსოლუტურად სხვანაირები გადიოდნენ სცენაზე. ამის გამო სულ არ მიფიქრია, რომ ვერ გავიმარჯვებდი. ინტერვიუებში რამდენიმემ ისიც თქვა, რომ მე ვიყავი მათი ფავოროტი და რომ პირველ ადგილზე გავიდოდი. რა თქმა უნდა, გამარჯვებულად მივიჩნევ თავს, რადგან ასეთი რამ არცერთ სილამაზის კონკურსზე არ მომხდარა. დავასმხვირე სტერეოტიპი და მოვხვდი ხუთეულში. ვიღაცები მეუბნებოდნენ: რატომ არ იყავი აქტიურიო. ძალიან რთულია აქტიური იყო, როცა გამოუძინებელი ხარ, ასეთ რთულ რეჟიმში, თან ზღვისპირა ქალაქში, სადაც ძალიან ციოდა, გაციებას გაციება ემატებოდა. ძლიერ გამაყუჩებლებზე ვიჯექი. მხარი და კისერი გაშეშებული მქონდა.
– ხშირად ამბობენ, რომ ასეთ კონკურსებზე ჩაწყობა არისო.
– ყოველ წელს ტაილანდი იმარჯვებს, რადგან იქ დიდი კულტურა აქვთ, ბევრი სპონსორი ჰყავთ, დიდ ფულს დებენ. ძალიან ბევრი ადამიანი ახლდა, რომლებიც ვარცხნილობებს უკეთებდნენ, მაკიაჟს, უცვლიდნენ. მე კი აბსოლუტურად ყველაფერს თავად ვიკეთებდი, თმის დაბანის დროც კი არ იყო. კონკურსის ბოლო დღეებში, დროის სიმცირის გამო, თავიც ვერ მოვიწესრიგე. ვიღაცები მწერდნენ: გადაცემებში რომ მიდიხარ, რა მაგარ ფორმაში ხარ, იქ რა დაგემართაო. გადაცემაში რომ მივდივარ, მაქვს მოსამზადებელი დრო და იქ კი, აბსოლუტურად არაფრის დრო არ მქონდა. თან, მარტო რომ ხარ, არავინ გეხმარება... ერთადერთი კონკურსანტი ვიყავი, ვისაც ცხვირის ოპერაცია არ ჰქონდა გაკეთებული. თითქმის ყველას ჰქონდა ისეთი პლასტიკები გაკეთებული, თავის ქალას რომ ხსნიან, იმსხვრევა შუბლის ძვლები, შუბლი, ყბა, ყველაფერი თავიდან კეთდება. ბევრი იყო მომზადებული ჩამოსული, მაგრამ ოცეულშიც ვერ მოხვდა, მე მარტო ვიყავი და ხუთეულში მოვხვდი. „მის ტაილანდიც“ ძალიან კარგი ადამიანია, მოტივირებული, მომზადებული, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვიზუალურად განსაკუთრებულად გამორჩეული იყო მანამ, სანამ გამოეწყობოდა.
– იმ ვიდეომ, სადაც კითხვა დაგისვეს, დიდი კრიტიკა გამოიწვია.
– ვინც მითარგმნა, ის გოგო 25 წელია იქ ცხოვრობს, ქართული დავიწყებული ჰქონდა და არასწორად მითარგმნა. ცოტა ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდნენ. ქართველების 90 პროცენტი მგულშემატკივრობდა. 10 პროცენტმა გამაგიჟა, ისეთებს წერდნენ. ასეთ უაზრო კითხვას რომ მისვამდნენ, ძალიან გავბრაზდი, დავუბღვირე, ჟიურის წარბები შევუკარი, მერე მივხვდი, რომ თარჯიმანი მითარგმნიდა არასწორად. ჟიური უნდა მომეხიბლა და სიტუაცია უფრო მეტად რომ არ დამეძაბა, ამ უაზრო კითხვაზე უაზრო პასუხი გავეცი. ეს თავისთავად დამაკლებდა ქულებს. ამას ემატებოდა ნაციონალური კაბა. ისეთი კაბები ჰქონდათ წამოღებული, იმხელა ფრთებით, ბრჭყვიალა... მე არ გამატანეს ნაციონალური კაბა: არატრადიციულ კონკურსზე არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს ტრადიციულ სამოსს არ გაგატანთ, ქართული ადათ-წესების შელახვა იქნებაო. შელახვა კი არა, შემეძლო დიდი პლუსები დამედო, იმდენად ლამაზი ქართული სამოსი გვაქვს. საბოლოოდ მათხოვეს ქართულ სამოსს მიმსგავსებული სადა კოსტიუმი, რითიც დავიჩრდილე და ქულები დამაკლდა. ამ კონკურსზე ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რამდენად საინტერესო ისტორია გაქვს. ყველა ყვებოდა: მე დედა მენატრება, მამამ მიმატოვა, ქვეყანამ ასე მიქნაო და ამით დიდ პლუსებს იწერდნენ. მე რომ მქონდა მოსაყოლი ისეთი უნდა... როგორ კლავენ ტრანსებს, ურტყამენ, არ იძიებენ საქმეს, შემეძლო, ეს ყველაფერი მეთქვა. ქართული რეალობა რომ მომეყოლა, შეიძლება, გვირგვინიც დამედგა, მაგრამ მე ამ თემებზე არ ვისაუბრე. ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყანა არის ტრადიციული, ჰომოფობიაც არის, ტრანსფობიაც, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან ლოიალურები, ნელ-ნელა ვვითარდებით. სხვათა შორის, ძალიან ბევრი შემოთავაზება მივიღე. ერთ-ერთი – ოსკაროსანი რეჟისორისგან, მეორეც, ასევე, ძალიან ცნობილი, წარმატებული რეჟისორია. გადავაბარე ეს საქმე კომპეტენტურ ხალხს, მიდის მოლაპარაკებები.
– შენი საყვარელი მამაკაცი არ ეჭვიანობდა?
– ყველაფერში იყო ჩართული და ძალიან ნერვიულობდა. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ადამიანს, რომელიც იყო ჩემთვის საქართველო, ყველაფერი მან გამიკეთა. გაუხარდა მსოფლიო ხუთეულში რომ მოვხვდი, თუმცა მისთვისაც ისედაც „მის სამყარო“ ვარ. ყოველ წუთს მირეკავდა, მწერდა. რაც შეეხება ეჭვიანობას, გარშემო თითქმის ყველა გეი იყო და საეჭვიანოც არაფერი ჰქონდა.