№46 რა პრობლემები შეიძლება, განავითაროს შვილების აღზრდაში მამის პასიურობამ
ნელ-ნელა იმსხვრევა, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში დედა აქტიურად უნდა მონაწილეობდეს, ხოლო მამების ჩართულობა ნაკლებად საჭიროა. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მამები, რომლებიც შვილების აღზრდის პროცესში აქტიურ როლს ასრულებენ, პოზიტიურ (პირდაპირ ან არაპირდაპირ) გავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე. რამდენად უნდა იყოს მამა ჩართული შვილის აღზრდაში და როგორ აისახება ეს ბავშვზე, გვესაუბრა ფსიქოლოგი
ნინო კერესელიძე: ბავშვის პიროვნებად ფორმირებაში თანაბრად ღირებულია დედისა და მამის ჩართულობა. მამასთან მაღალი ინტერაქციული ჩართულობით გამორჩეული ჩვილები თამაშისა და მზრუნველობითი აქტივობების მაღალ დონეს ავლენენ, უფრო ჭკვიანები ხდებიან, აქვთ მაღალი აიქიუ.
– თქვენი აზრით, რა როლი აკისრია მამას შვილის აღზრდაში? რა პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ის შვილის მიმართ?
– როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გრძნობა ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის. ბავშვის წინაშე მამას, ისევე როგორც დედას, თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს, რაც გულისხმობს როგორც თანაბარ ჩართულობას ბავშვის აღზრდის საკითხებში, ასევე ემოციურ მხარდაჭერას. მამის ჩართულობა დაკავშირებულია ბავშვების საერთო სოციალურ კომპეტენციასთან და მათ ინიციატივიანობასთან. ეს გავლენა იწყება ადრეული ბავშვობიდანვე. იდეალურ შემთხვევაში მამის პასუხისმგებლობა შვილის მიმართ გულისხმობს დაცვას, მზურნველობას, გამოკვებასა და უსაფრთხოების განცდის შექმნას. ასევე, ჩართვას კოგნიტური უნარების განვითარებაში და რაც მთავარია, მშობლის პირველი პასუხისმგებლობაა შვილი პიროვნებად აღიქვას. გაითავისოს, რომ ეს არის დროებით მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. დაეხმაროს მას საკუთარი გზის პოვნაში და მისით არ დაიწყოს საკუთარი აუხდენელი ოცნებების ახდენა, ან უარეს შემთხვევებში – არ აიძულოს, იზიარებდეს მის ხედვას ყოველგვარ საკითხზე.
– რა პრობლემები შეიძლება, შეუქმნას ბავშვს აღზრდისას მამის პასიურობამ?
– მამის პასიურობამ გოგონებში შეიძლება, განავითაროს საპირისპირო სქესის მიმართ ისეთი ტიპის პრობლემები, როგორიცაა უნდობლობა, უინტერესობა, შიში. გარკვეულ ასაკში აუცილებელია მამის ხატის არსებობა და ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ მას არ ულანძღონ მამა, რომელიც არსებობს, მაგრამ წასულია. სჯობს, სიფრთხილით მოვეკიდოთ მამის გაიდეალებას ან პირიქით, გაუფასურებას. ერთიც და მეორეც გარკვეული სახის პრობლემებს ქმნის. საჭიროა, 6-7 წლის ასაკში ბავშვს ჯანსაღი მამის ხატი ჰქონდეს, ხანდახან მამებს ბაბუები ანაცვლებენ და ბავშვებსაც მიმბაძველობის განცდა მათ მიმართ უჩნდებათ.
– საზოგადოების გარკვეულ ჯგუფში არსებობს შეხედულება იმის შესახებ, რომ ბავშვის აღზრდა მხოლოდ დედის მოვალეობაა და მამა ნაკლებად უნდა ერეოდეს მასში. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება შევცვალოთ ეს წარმოდგენა?
– ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია მეტი განათლება და სოციალური აქციები, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რომ მამა და დედა თანაბარი უფლებისა და მოვალეობების მქონე მშობლები არიან. მამა შვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ისევეა პასუხისმგებელი, როგორც დედა. მისი როლი არსებითად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში და როდესაც მამა ფიზიკურად არ არის გვერდით, მას მაინც განსაკუთრებული ადგილი აქვს ბავშვის ცხოვრებაში.
– კონკრეტულად რაში ვლინდება აღზრდის პროცესში მამების აქტიური მონაწილეობის პოზიტიური შედეგები?
– ადრეულ ასაკში ბავშვის მოვლის პროცესში მამების ჩართულობას და პოზიტიური ემოციებით დატვირთულ ურთიერთობას დიდი წვლილი შეაქვს ჩვილის უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. დედებს და მამებს განსხვავებული თამაშის სტილი აქვთ და ბავშვები ორივესგან იღებენ სარგებელს. მაგალითად, მამები ენერგიულ თამაშებს ამჯობინებენ, რაც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, ხოლო დედებს, უმეტესად, მშვიდი თამაშები ურჩევნიათ, მეტ სათამაშოებსა და წიგნებს იყენებენ. შესაბამისად, მამები ხელს უწყობენ შვილების მსხვილი მოტორიკის განვითარებას; მამები ხშირად გაცილებით მეტს აკეთებენ ბავშვის დამოუკიდებლობის წასახალისებლად, მაშინ, როცა დედები უფრო ფრთხილები არიან. შესაბამისად, მამა-შვილის ასეთი ურთიერთობა ზრდის თვითშეფასებას, თავდაჯერებულობას და ავითარებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს; მამების საუბარი ბავშვებთან განსხვავებული ხმის ტემბრისა და სხვა თავისებურებების გავლენით უფრო მეტად უწყობს ხელს მეტყველების განვითარებას. ბავშვებს, რომლებსაც მამები ხშირად უკითხავენ წიგნებს უკეთესი ვერბალური უნარები აქვთ; ბავშვებს, რომლებსაც მამების მხრიდან სწავლის პროცესში რეგულარული სათანადო მხარდაჭერა აქვთ, უკეთეს კოგნიტურ (შემეცნებითი) უნარებსა და აკადემიურ მიღწევებს ავლენენ. ბავშვები, რომელთა აღზრდაში მამებს აქტიური წვლილი შეაქვთ, სოციალურადაც უკეთესად მომზადებული არიან, რაც ვლინდება თანატოლებთან და დედმამიშვილებთან ურთიერთობის პროცესში. აღზრდის პროცესში მამების აქტიური ჩართულობა ამცირებს ფსიქოლოგიური (ქცევითი, ემოციური) სირთულეების გაჩენის ალბათობას გარდატეხის ასაკში. შემდგომში უფრო ღია, თავისუფალი და კომუნიკაბელურები არიან, ასევე, ნაკლებად აქვთ სამყაროსადმი უნდობლობის განცდა ან თუნდაც ჰიპერკომპენსირების მოთხოვნები, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე ნებისმიერ ასაკში. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მამის სიმბოლო დაკავშირებულია ადამიანის საყრდენთან, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო თავდაჯერებული არიან ის ადამიანები, ვის ცხოვრებაშიც მამა პოზიტიურ გავლენას ახდენს, ეს, რასაკვირველია, არ გულისხმობს მხოლოდ მამის გადმოსახედიდან პოზიტიურ გავლენას. შეიძლება, მამა იყენებდეს აღზრდის ისეთ სტილს, რომელიც სრულიად შეუსაბამო იყოს სიტუაციისთვის, ასეთ შემთხვევებში უმჯობესია, მამის როლი საერთოდ სხვამ „გადაიბაროს“.
– როგორი უნდა იყოს მამის ურთიერთობა შვილთან და რამდენად შეუძლიათ დედებს, განსაზღვრონ მამის მოტივაცია, მონაწილეობა მიიღონ ბავშვის აღზრდის პროცესში?
– შვილს უნდა შეეძლოს მამამასთან მისვლა და ყველა თემაზე საუბარი. აუცილებლად უნდა იყოს მისი მხარდამჭერი, თუმცა, ასაკის შესაბამისად, შესაძლებელია, ჰქონდეს აკრძალვებიც, რაც მოზარდობის ასაკში მისაღებია. დედები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ მამების მოტივაციას, მონაწილეობა მიიღონ ბავშვის აღზრდის პროცესში. ზოგჯერ დედები არც კი აძლევენ მამებს საშუალებას, აქტიურად ჩაერთონ, არ აღიარებენ რა მათ კომპეტენციას ბავშვზე ზრუნვის საკითხში. რაც უფრო მეტად ინაწილებს დედა შვილის აღზრდის პასუხისმგებლობას მამასთან, აღიქვამს მას კომპეტენტურ მშობლად, აქეზებს და მხარს უჭერს მას, მით უფრო კარგად ირგებს და ეფექტურად ართმევს თავს მამა მშობლის როლს. ცხადია, ბავშვის აღზრდის პროცესში მამების მხოლოდ ფიზიკური ჩართულობა თავისთავად არ არის ზემოთ ნახსენები პოზიტიური შედეგების გარანტი. ეფექტურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორები, უპირველეს ყოვლისა, მშობლობის უნარი, ის მიდგომა და ტექნიკა, რასაც მამა იყენებს შვილების აღზრდისას. არასწორმა აღზრდის სტილმა და მიდგომამ შესაძლოა, არათუ პოზიტიური, ნეგატიური გავლენაც კი მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობაზე. შესაბამისად, მშობლობის პოზიტიური მიდგომების ათვისება და გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც დედებისთვის, ისე მამებისთვის.