№46 რა ოპერაცია ჩაატარა საბჭოთა დაზვერვამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველების მონაწილეობით
გასული საუკუნის სამოციან წლებში საბჭოთა დაზვერვამ შეერთებულ შტატებში უნიკალური ოპერაცია ჩაატარა. მის წარმატებაში ლომის წილი ქართველებს მიუძღვით, რომლებმაც ამერიკული სპეცსამსახურები ძალიან ოსტატურად გააცურეს.
პროგრამა „მეტეორი“
1969 წლის იანვარში საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვაში ზესაიდუმლო, დაშიფრული დეპეშა მიიღეს. აგენტი „ჯოკერი“ „ლენგლიდან“ შეერთებული შტატების მიერ წარმოებულ ზესაიდუმლო პროექტ „მეტეორზე“ იტყობინებოდა... „ლენგლი“ შეერთებული შტატების „ცენტრალური დაზვერვის“ („ცეერუ“) შტაბ-ბინაა, „ჯოკერი“ კი საბჭოთა მზვერავ ნუგზარ იოსელიანის ფსევდონიმი იყო, რომელიც „ცეერუში“ მუშაობდა და „კაგებეს“ უძვირფასესი ინფორმაციებით ამარაგებდა. პროგრამა „მეტეორი“ იმ პერიოდისთვის უახლესი სარაკეტო სისტემის შექმნის პროცესს წარმოადგენდა. „ჯოკერის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამერიკელების ეს სარაკეტო სისტემა კოსმოსურ ორბიტაზე უნდა გაშვებულიყო, საიდანაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებდა, ბირთვული დარტყმა მიეყენებინა დედამიწის ნებისმიერი წერტილისთვის. ნუგზარ იოსელიანის ცნობით, სისტემის გამოცდა დიდი წარმატებით მიმდინარეობდა და „ცენტრს“ მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ მიეღო გადამწყვეტი ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, ამ სისტემის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოეთს გაანადგურებდა. „ჯოკერის“ ინფორმაცია საბჭოთა დაზვერვის მესვეურებმა თავდაპირველად „შემოგდებულ“ დეზინფორმაციად მიიჩნიეს. თუმცა, მისი უყურადღებოდ დატოვება ვერ გაბედეს და გადამოწმება სცადეს.
დაკარგული ძმა
ნუგზარ იოსელიანმა „ცენტრს“ იმ მეცნიერების სია მიაწოდა, რომლებიც პროგრამა „მეტეორში“ იყვნენ ჩართულები. საბჭოთა დაზვერვას განზრახული ჰქონდა, რომ „მეტეორის“ რეალობა ამ პროგრამაში მომუშავე მეცნიერებთან გადაემოწმებინა. ამისთვის კი მათთან უშუალო კონტაქტი იყო საჭირო. ასეთი რამ დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან მეცნიერებს ამერიკული სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. მათთან მოკონტაქტე პირებს კი აუცილებლად კონტრდაზვერვა დააჯდებოდა კუდზე და საბჭოთა მზვერავი შეიძლება, გაშიფრულიყო. ამიტომ, ამ საკითხს უფაქიზესი მიდგომა ესაჭიროებოდა და სპეცოპერაციების განყოფილებაში გულდასმით შეუდგნენ მის დამუშავებას. „მეტეორში“ მომუშავე მეცნიერების დოსიეების შესწავლისას საბჭოთა მზვერავების ყურადღება 30 წლის ინჟინერ-კონსტრუქტორმა ფილიპ დოსტმა მიიპყრო. როგორც გაირკვა, ის მარტოხელა მამაკაცი იყო. 1944 წელს, როდესაც ფილიპი 5 წლის იყო, მისი 18 წლით უფროსი ძმა, მაიკლი მეორე მსოფლიო ომში წავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ფილიპ დოსტი თავის ძმას უკვე დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა...
შემოწმების ოპერაციის დაგეგმვისას დაზვერვის პოლკოვნიკმა მერაბ შურღაიამ ითხოვა სიტყვა და თქვა:
– ამხანაგებო, ვფიქრობ, რომ ფილიპ დოსტს უგზო-უკვლოდ დაკარგული ძმა უნდა გამოვუჩინოთ და სწორედ ამ ხერხის მეშვეობით ჩავატაროთ შემოწმება. ძმა რომ დაეკარგა, ფილიპი ხუთი წლის იყო და მასზე თვრამეტი წლით უფროს ძმას, რომელიც ახლა ორმოცდარვა წლის იქნებოდა, ვერასგზით ვერ გაშიფრავს. მთავარია, ჩვენმა კაცმა უზადოდ შეასრულოს თავისი როლი.
და მართლაც, ერთ მშვენიერ დღეს ნიუ-იორკში მცხოვრებ ფილიპ დოსტს დაკარგული ძმა გამოეცხადა, რომლის როლსაც საბჭოთა დაზვერვის ოპერატიული თანამშრომელი, პოლკოვნიკი კარლო პაპიძე ასრულებდა. „უფროსი ძმის“ თქმით, ის ჯერ ფაშისტურ ტყვეობაში მოხვდა, შემდეგ გაიქცა და ავსტრალიაში ცხოვრობდა. მოგვიანებით კი სამშობლოში დაბრუნდა და როდესაც თავისი ოჯახი ვერ აღმოაჩინა (მშობლები გარდაცვლილები იყვნენ, ფილიპი კი გაუჩინარდა) ალასკას შტატში დასახლდა. მაგრამ მაინც არ მოუსვენა გულმა. უმცროსი ძმის ძებნას შეუდგა და როგორც იქნა, მას ნიუ-იორკში მიაგნო. სინამდვილეში, ნამდვილი მაიკლი ომში დაიღუპა, რაც ზუსტად დაადგინა „კაგებემ“ და სწორედ ამიტომ მიუგზავნეს პაპიძე ფილიპ დოსტს. ნიჭიერმა მეცნიერმა დიდი სიხარულით მიიღო თავისი „ძმა“ და ალასკიდან ნიუ-იორკში გადაბარგება შესთავაზა, რაზეც მან „უფროსი ძმის“ თანხმობა მიიღო.
გაქცევა
„ძმები“ შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ნიუ-იორკის პრესტიჟული სახლის აპარტამენტებში. ფილიპი მთელ დღეს სამსახურში ატარებდა და ზოგჯერ საიდუმლო ნახაზები და სხვა საბუთები მიჰქონდა სახლში და ღამით აგრძელებდა მასზე მუშაობას. მაიკლი კი, როდესაც „უმცროს ძმას“ კონიაკში გარეული ბანგით აძინებდა, მინი ფოტოაპარატით სურათებს უღებდა საიდუმლო საბუთებს და მოსკოვში ფარულად აგზავნიდა. ამგვარად, კარლო პაპიძემ არა მხოლოდ „მეტეორის“ რეალობა დაადგინა, არამედ ამ სისტემის დოკუმენტაციის დიდი ნაწილიც მოიპოვა. ეს კი საშუალებას იძლეოდა, რომ საბჭოთა მეცნიერებს ანალოგიური სისტემაც შეექმნათ და ამ სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტი არ დაეშვათ. ამიტომ, 1969 წლის ივლისში, მოსკოვიდან პაპიძეს მოსკოვში დაბრუნება, მანამდე კი ფილიპ დოსტის ლიკვიდაცია უბრძანეს, რათა მას ამერიკულ „მეტეორზე“ აღარ ემუშავა. პაპიძემ ცენტრს ლიკვიდაციის ბრძანების გაუქმება სთხოვა და არწმუნებდა, რომ ფილიპ დოსტი უფრო დიდ სარგებელს მაშინ მოიტანდა, თუკი მას გადაიბირებდნენ და საბჭოეთში გაქცევას დათანხმდებოდა. „ცენტრში“ ეს წინადადება უხალისოდ მიიღეს, მაგრამ პაპიძეს მაინც დართეს ნება, რომ დოსტის გადაბირება ეცადა. ხოლო თუ ეს არ მოხერხდებოდა, მაშინ „უმცროსი ძმა“ მოეწამლა და თავად კი მოსკოვში დაბრუნებულიყო... კარლო პაპიძემ ბრწყინვალედ შეასრულა დოსტის გადაბირების ოპერაცია: 30 წლის ინჟინერს 24 წლის რუსი ოლგა კარენინა მიუგზავნა, რომელიც საბჭოთა დაზვერვის ოპერი იყო. კარგად გაწვრთნილმა, ლამაზმა მზვერავმა გოგონამ ისე მოხიბლა მარტოხელა დოსტი, რომ ფილიპმა იქით გადაიბირა „უფროსი ძმა“ და საბჭოეთში გაქცევაზე „დაიყოლია“...
1969 წლის 9 ოქტომბერს „ძმები“ და ოლგა ნიუ-იორკიდან გემით ჯერ კუბაში ჩავიდნენ, იქიდან კი მოსკოვში ჩაფრინდნენ და მას მერე, რაც ფილიპი ოლგაზე დაქორწინდა, საბჭოთა სარაკეტო სისტემების შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ამ წარმატებული ოპერაციისთვის კი მის მონაწილე ქართველებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცეს.