კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ვინ შეუწყო ხელი ქართული სახელმწიფოებრიობის ჩასახვას და რატომ გადამალეს 3 წლის ფარნავაზი მთაში

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

დიდი მსოფლიო მოვლენები, ყოველთვის მოქმედებს ხალხების ბედ-იღბალზე. აქემენიდების დიდი იმპერიის არსებობის ხანაში ჩვენს რეგიონში ქვეყნების სახელმწიფოებრიობის განვითარებას დიდი პერსპექტივები არ ჰქონდა. ირანი ყველას და ყველაფერს ყლაპავდა ან იქვემდებარებდა რაიმე ფორმით მაინც. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორია სპარსეთს ჰქონდა დაპყრობილი, კოლხეთი ნებაყოფლობით გარკვეულ ხარკს უხდიდა. აღმოსავლეთ საქართველოზეც ექნებოდა გავლენა ირანს.
 მაგრამ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 331 წელს ყველაფერი შეიცვალა, ალექსანდრე მაკედონელმა აქემენიდების ირანიც დაიპყრო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მალე, ალექსანდრეს დიდი იმპერია რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა და სხვადასხვა ხალხებს, მათ შორის, ჩვენს წინაპრებს, საკუთარი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა გაუჩნდათ. მათ უკვე შეეძლოთ ლავირება სხვადასხვა სახელმწიფოების ინტერესებს შორის. ალბათ, ამის გამოძახილია, რომ ქართული გადმოცემებით, ალექსანდე მაკედონელი, – მიუხედავად იმისა, რომ ქართლში შემოსვლისას, თითქოს, კლავს მცხეთელ მამასახლისს და მის ძმას და ქართლის მმართველად სხვას, ბერძენს ან არიან-ქართლის მეფის შვილს ტოვებს, – მაინც დადებით კოტექსტშია მოხსენიებული. ქართლში შემოსახლებული ბუნ-თურქებში და ჰონებში, რომლებიც გამაგრებული იყვნენ ციხე-ქალაქებში, შესაძლოა, აქემენიდთა გარნიზონები იგულისხმებოდეს, რომლებიც ალექსანდრე მაკედონელმა გაყარა. ქართველებს და ებრაელებს არ შეეხო. ალექსანდრე მაკედონელმა ჩვენს წინაპრებს რჯულიც დაუტოვა და აზონს უბრძანა, დაეცვა ქართველები.
სინამდვილეში, მაკედონელი საქართველოში არ შემოსულა. თუმცა, შესაძლოა, ჩვენს რეგიონში რომელიმე მისი ან ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრის, რომელიმე დიადოქოსის სარდალი შემოვიდა და აქ თავისი ინტერესების გატარება სცადა. ანდა ისარგებლეს რა ალექსანდრეს მიერ სპარსეთის იმპერიის დამხობით, ქართველებმა გაყარეს.
ქართლში ტახტისთვის ბრძოლა გაიმართა. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით, ქართლის პირველი მეფეა აზო, არიან-ქართლის მეფის ძე. მეორე მეფეა ფარნავაზი. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, აზონი ბერძენი იარედოსის ძეა, უზურპატორი.
შეუძლებელია, ორი სხვადასხვა ინტერესი არ დაჯახებოდა ერთმანეთს, ადგილობრივი – სამარა მამასახლისის ძმისწულის, ფარნავაზის დინასტიური ინტერესი და მოსულის – (არიან-ქართლის მეფის ძის თუ ბერძენი იარედოსის ძის) აზოს (აზონის) ინტერესი. ჩვენს სამშობლოში დინასტიური ომი გაიმართა.
აზო დაუნდობელი კაცი ყოფილა. ქართლის მოსახლეობას აუკრძალა იარაღის ტარება და სიკვდილით სჯიდა, ვინც დაარღვევდა მის ბრძანებებს.
როცა სამარა მამასახლისი და მისი ძმა მოკლეს მომხვდურებმა, სამარას რძალი, ძმის ცოლი, სამი წლის ვაჟთან ერთად მთაში გაიქცა და იმალებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქალი სპარსია, ასპანელი. თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით – სპარსეთის შაჰის ასული. ვაჟს ერქვა ფარნავაზი.
 ფარნავაზი ერთადერთიღა დარჩა ქართლის მამამთავრების დინასტიიდან, ქართლოსის შთამომავალთაგან. ამიტომ თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ დედაც და კავკასიის მკვიდრი ტომებიც, სადაც ის თავის ორ დასთან ერთად იზრდებოდა.
 რომ წამოიზარდა, დედასთან და დებთან ერთად დაბრუნდა მცხეთაში. ვერ გაძლო უსამშობლოდ ჭაბუკი ფარნავაზის გულმა. მიუხედავად ჭაბუკობისა, ყოფილა გონიერი, კარგი მხედარი და ჩინებული მონადირე. როგორც ჩანს, მშვილდისარი და ნადირობა, განსხვავებით ხმლის ტარებისგან, აზონს აკრძალული არ ჰქონდა.
აზონსაც ჰყვარებია ნადირობა, ამიტომ, როცა შეიტყო ფარნავაზის დახელოვნებული მონადირეობის შესახებ, გაიცნო და მასთან ერთად ნადირობდა ხოლმე, თუმცა, მის წარმომავლობაზე ეჭვი არ აუღია.
ფარნავაზის დედა საგონებელში ჩავარდა, იცოდა, აზონის უხიაგი ხასიათის შესახებ და ეშინოდა, შურით არ მომიკლას შვილიო.
 ფარნავაზმა დაუჯერა დედას და გადაწყვიტა გასცლოდა ქართლს და სპარსეთში, დედის მამულში წასულიყო. ძალიან უჭირდა ფარნავაზს მამულის დატოვება. კი გრძნობდა პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე, დინასტიის წინაშე, მაგრამ, რა უნდა ექნა ღარიბს ჭაბუკს კბილებამდე შეიარაღებილი აზონის ჯარის წინააღმდეგ. ვერ შეძლებდა სამშობლოს გამოხსნას. უნდა წასულიყო, გადაერჩინა თავი და ამგვარად დინასტიის მომავალი.
ამ განცდებში იყო, როცა დაეძინა და სიზმარში იხილა: თითქოს რაღაც უკაცურ სახლში იყო გამოკეტილი, საიდანაც გამოსვლას ვერ ახერხებდა. მაშინ სარკმლიდან შემოვიდა მზის სხივი, შემოევლო წელზე ფარნავაზს და გაიყვანა გარეთ. დაინახა ფარნავაზმა, მზე მიწასთან ახლოს ჩამოსულიყო, მიჰყო ხელი, მოჰხოცა მზეს პირიდან ცვარი და იცხო სახეზე. ამ დროს გაეღვიძა ქართლოსიან ჭაბუკს. გაკვირვებული იხსენებდა სიზმარს. დაასკვნა: „ეს სიზმარი ნიშნავს, წავალ სპარსეთში და იქ სიკეთეს ვიპოვიო“.
თუმცა, ეს ჩვეულებრივი სიზმარი არ გახლდათ, ეს იყო გამოცხადება: ფარნავაზი მზის, ზეცის რჩეულად გამოცხადდა. მას მიანიშნა ზეცამ, რომ განსაკუთრებული მისიის ადამიანი იყო. ტყვეობიდან გამოიყვანა მზემ და მერე მისცა საშუალება, ცხებულად შექმნილიყო. ეს იყო ფარნავაზის მეფედ კურთხევის მისტერია. ფარნავაზმა ინიციაცია გაიარა. იგი მზესთან წილნაყარი გახდა, მზის წილი, მზის შვილი, ზეცის რჩეული. თუმცა, ჭაბუკმა ქართლოსიანმა ჯერ ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცოდა. მას ასეთი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია სიზმრისთვის.
იმ დღეს ფარნავაზი მარტო გავიდა სანადიროდ. დიღმის ველზე დაინახა ირმები და გამოეკიდა მათ ტფილისის ხევებში. ერთ ირემს ესროლა ისარი და დაჭრა. ცოტა გაირბინა ირემმა და დაეცა ერთი კლდის პირას. ფარნავაზი მივიდა ირემთან. ამასობაში მოსაღამოვდა. გაწვიმდა. გადაწყვიტა ღამის გასათევზე ეზრუნა. შეამჩნია, კლდის ძირში გამოქვაბული იყო, რომელიც ამოშენებული გახლდათ. სიძველისგან ცოტათი ჩამოშლილიყო შესასვლელი. ამოიღო ჩუგლუგი ჭაბუკმა და გამოანგრია გამოქვაბულის კარი. შევიდა გამოქვაბულში გასაშრობად და ღამის გასათევად ქართლოსიანი, აანთო კვარი და გახევდა. დაინახა, გამოქვაბული გადავსებულიყო განძით, ოქრო-ვერცხლით.
გაახსენდა სიზმარი ფარნავაზს და იფიქრა, ზეცამ დამასაჩუქრაო. სხვათა შორის, დიღმის მიმდებარე გორებზე რამდენიმე გამოქვაბული იპოვეს არქეოლოგებმა. ზოგიერთ მათგანს გაუჩნდა ვარაუდი, რომ ფარნავაზის სიზმარში მოთხრობილი ამბავი შეიძლება, მართალი ყოფილიყო. ამ ადგილებში რამდენჯერმე შემოიჭრნენ მეომარი ტომები ჩრდილოეთიდან. გარკვეული პერიოდი აქ ცხოვრობდნენ, შემდეგ ისინი სხვა მომხვდურებმა ან ადგილობრივებმა გაანადგურეს. განძი დარჩა, რათა ფარნავაზს ეპოვა.
რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, ფარნავაზის სიზმარი და ცხოვრება გამოგონილი იყოს, თუმცა, არ არის გამორიცხული, მასში სინამდვილის ელემენტებიც ერიოს. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, „ფარნავაზის ცხოვრება“ უნდა იყოს ქრისტიანობამდელი ნაწარმოები, რომელიც შემდეგში ლეონტი მროველმა გადაწერა და რედაქტირებული შეიტანა „ქართლის ცხოვრებაში“.
ფარნავაზის საიდუმლოებზე გაგრძელება იქნება.
скачать dle 11.3