კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 დაანონსებული შურისძიება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #39-45(932)


„გორგასალს“ მოთმინების ფიალა აევსო და მალიკს უთხრა:
– მისტერ მალიკ, სამ დღეში „მეტროპოლიტენში“ გრანდიოზული კონცერტია და „გიურზა“ იქ აპირებს თავისი მიზნის მიღწევას.
მალიკმა მწველი მზერა მიაპყრო პატარიძეს და მშრალად ჰკითხა:
– „გიურზას“ მიზნის ვინაობა დამისახელეთ.
„ღმერთო, რა ბრიყვი ვინმეა“, – გაიფიქრა „გორგასალმა“, მალიკს კი უთხრა:
– სწორედ ამის გაგებას ვცდილობთ და თქვენ კი ხელს გვიშლით.
მალიკს არ ეპიტნავა პატარიძის ბრალდება, მაგრამ უკმაყოფილება არ გამოუხატავს. გაიღიმა და უპასუხა:
– კეთილი, იმოქმედეთ თქვენი შეხედულებისამებრ, მაგრამ ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენეთ.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – მიუგო მალიკს კარამ და საპასუხოდ გაუღიმა კიდეც.
***
„მეტროპოლიტენის“ გრანდიოზულ კონცერტამდე ერთი დღე იყო დარჩენილი. ყველაფერი შემუშავებული გეგმის მიხედვით მიდიოდა და მას მერე, რაც საიდუმლო სამსახურმა შენობის ყველა კუთხე-კუნჭული საგულდაგულოდ შეამოწმა და საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ყველგან თავიანთი ხალხი განალაგა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „მეტროპოლიტენი“ „სუფთა“ იყო და შენობიდან პრეზიდენტის წასვლამდე იქ ჭიანჭველაც კი ვერ შევიდოდა სპეციალური საშვის გარეშე, რომელსაც საიდუმლო სამსახური გასცემდა. „მეტროპოლიტენი“ ყველაზე გვიან მისტერ ჰიუმ დატოვა. დირექტორი კარამდე თავად სტივერ მალიკმა მიაცილა და ჯერ ჰიუს გამოემშვიდობა, შემდეგ კარი ჩაკეტა, ბოლოს კი საგუშაგოების შესამოწმებლად გაემართა. მისტერ ჰიუ კი თავისი სპორტული „კადილაკით“ ფეშენებელური ბინისკენ გაემართა, რომელიც მანჰეტენის ცენტრში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სახლში მდებარეობდა. მარტოხელა, ქვრივი ჰიუ ეულად ცხოვრობდა ექვსოთახიან აპარტამენტებში და ძალიან იშვიათად ჰყავდა სტუმრები. „კადილაკი“ მან მიწისქვეშა ავტოსადგომზე დააყენა და მანქანიდან რომ გადმოვიდა, პირდაპირ „გიურზას“ შეეფეთა. ის მისკენ ღიმილით მიდიოდა და სიტყვა შეაგება:
– უკვე საათ-ნახევარია, რაც გელოდებით და რომ არ გამოჩენილიყავით, მივდიოდი.
– ო, მისტერ გროვს, როგორ გიკითხოთ, – გულწრფელად გაუხარდა ჰიუს. „გიურზას“ ხელი ჩამოართვა და დაამატა, – რამ შეგაწუხათ, რამე ხომ არ შეცვლილა?
– ძირითადი არაფერი შეცვლილა, მისტერ ჰიუ. უბრალოდ, რაღაც დეტალები მინდა დავაზუსტო. მინდა, რომ ესა თუ ის პასაჟი კონკრეტულად შევათანხმო თქვენთან, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან დაღლილი არ ხართ და სახლში დამპატიჟებთ.
– რა თქმა უნდა, რა სალაპარაკოა, არტურ, – ჰიუმ „გიურზას“ მეგობრულად მოუთათუნა ზურგზე ხელი, – მობრძანდით, ჩემი სტუმარი იქნებით.
წყვილი სწრაფმავალი ლიფტით ავიდა ოცდამეორე სართულზე და ბინაში რომ შევიდნენ, ჰიუმ გიურზას რბილი სავარძელი შესთავაზა, დაბრძანდიო, თვითონ კი გავიდა, თუმცა სულ მალე დაბრუნდა, თან ოთახში ვერცხლისფერი ურიკა შეაგორა, რომელიც ძვირფასი სასმელებით იყო სავსე და სტუმარს უთხრა:
– თქვენ თვითონ დაისხით, არტურ, ვფიქრობ, აქ თქვენი გემოვნების შესაბამის სასმელს ადვილად მოძებნით.
„გიურზამ“ არაყი დაისხა. მასპინძელი ადღეგრძელა და ცოტა მოსვა. შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დადგა და ჰიუს უთხრა:
– სანამ დეტალების შეთანხმებას შევუდგებოდეთ, იქნებ ჯერ თქვენ მომიყვეთ, რა ხდება „მეტროპოლიტენში“? ხომ არაფერი შეცვლილა და ხომ მართლა შევძლებ ყველაზე დაცულ სექტორში მუშაობას?
ჰიუს ეშმაკურად გაეღიმა და „გიურზას“ უთხრა:
– შეძლებთ, აუცილებლად შეძლებთ. მართალია, იქაურობა ყველა ჯურის ძალოვნებითაა გატენილი, მაგრამ თქვენთვის მაინც მოვახერხე სპეციალური საშვის შოვნა, რომელსაც საიდუმლო სამსახური გასცემს, – ჰიუმ „გიურზას“ საშვი გაუწოდა და დააყოლა, – როგორც შეგპირდით, ეს საბუთი ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ძმის, არნოლდ კულოკის სახელზეა რეგისტრირებული და თავად სტივენ მალიკმა გადმომცა. მასვე აქვს ვიპ სტუმართა სია და პირადად მე გავატარებინებ თქვენს თავს. ვეტყვით, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სახლში დაგრჩათ და არ მგონია, გაჯიუტდეს და მოტანა მოგთხოვოთ.
– მალიკი ვინაა? – იკითხა გიურზამ.
– საიდუმლო სამსახურის უფროსი, – ღიმილით მიუგო ჰიუმ.
– „მეტროპოლიტენი“, ალბათ, პოლიციელებითაა სავსე.
– მთავარი იქ საიდუმლო სამსახურია და ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. „ეფბეერი“ და პოლიცია კი, უბრალოდ, ეხმარებიან მათ.
– ალბათ, ყველაფერს საგულდაგულოდ ამოწმებენ.
– საგულდაგულოზე მეტად, – გაიცინა ჰიუმ და დააყოლა, – გუშინწინ რომ დაკითხვა მომიწყვეს, ის ხალხი დღესაც იყვნენ და ისევ გამომკითხეს რაღაც-რაღაცები.
– ვინ ხალხი, მისტერ ჰიუ? – დაიძაბა „გიურზა“, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და ვერც დირექტორმა შეატყო რამე.
ჰიუმ კი დაწვრილებით მოუყვა „გიურზას“, თუ რაზე და როგორ ესაუბრა მას „გორგასალი“, დეტალურად აღუწერა მისი გარეგნობა და ბოლოს დააყოლა:
– დიდი უცნაური ვინმე იყო ის კაცი, შემომიჩნდა – ამ ბოლო დღეებში თქვენთვის უცნობი პიროვნება ხომ არ დაგეკონტაქტათო. მე კი ვუთხარი, არა-მეთქი. დღესაც გამიმეორა და მეც რომ იგივე ვუპასუხე, როგორც იქნა, თავი დამანება.
– ანუ, მან არ იცის, რომ თქვენი ცოლის ძმისთვის ვიპ საშვი გაქვთ, ხომ? – ღიმილით იკითხა „გიურზამ“.
– არა. არ იცის, მაგრამ ეს  რა შუაშია? – შეცბა ჰიუ და გამომცდელი მზერა მიაპყრო „გიურზას“.
– არაფერ შუაშია. ისე, უბრალოდ, გკითხეთ, მისტერ ჰიუ, – კვლავ ღიმილით თქვა „გიურზამ“, – ხვალ რა დროს უნდა მიხვიდეთ თეატრში?
– როგორც ყოველთვის – დილის რვაზე, – მიუგო ჰიუმ, თან, თვალს არ აცილებდა „გიურზას“  ღიმილიან სახეს.
– მე, რომელზე უნდა მოვიდე?
– საღამოს შვიდისთვის, – თქვა ჰიუმ, რომელსაც „ბრიტანელი ჟურნალისტის“ მიმართ საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა და თვალს არ აცილებდა მას.
„გიურზა“ მიხვდა, რომ მისტერ ჰიუს მის მიმართ ეჭვები გაუჩნდა. უფრო ადრე კი, ჰიუს მონაყოლიდან და პატარიძის აღწერილობიდან მიხვდა, რომ მასზე „ეფბეერი“ ნადირობდა და ამაში მათ „გორგასალი“ ეხმარებოდა. „გიურზამ“ თავი გააქნია და გაიფიქრა: „ესე იგი, „ეფბეერმა“ მაინც გაიგო, რომ შემსრულებელი მე ვარ და ხაფანგებს მიგებენ, ამაში კი „გორგასალს“ იყენებენ. მაგრამ ვერ მოგართვით. ხვალ იქით დაგიგებთ მახეს“.
ჰიუ თვალს არ აშორებდა „გიურზას“, რომელიც კვლავ იღიმებოდა, მაგრამ იმდენად საშინელი სახით, რომ დირექტორს გააჟრჟოლა. თუმცა, ძალები მოიკრიბა და მას უთხრა:
– მოდი, საქმეზე გადავიდეთ და მითხარით, რისი დაზუსტება გინდათ.
– გადავიდეთ საქმეზე, – გაიმეორა „გიურზამ“. შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტი ამოაცურა და ერთი ყრუ გასროლით მისტერ ჰიუს შუბლი გაუხვრიტა...
***
„გორგასალი“, კარა და „ეფბეერის“ ყველაზე გამოცდილი თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ. თვალიც კი არ მოუხუჭავთ და ერთი ლუკმაც კი არ ჩაუდევთ პირში. „ბიუროელთა“ გამოწვრთნილ რამდენიმე თანამშრომელს ზეზეულადაც კი ჩამოეძინათ და მათი გაღვიძება არავის უცდია, რადგან გამოუძინებელ-გამოფიტულები კოლეგებს მაინც ვერანაირ სარგებელს მოუტანდნენ. ყველაზე ფხიზლად პატარიძე და კარა გამოიყურებოდნენ, რომლებსაც დაღლილობის ნატამალიც კი არ ეტყობოდათ. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ სწორედ მათ აწვათ კისერზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ეს ტვირთი ძილსაც წონიდა და დაღლილობასაც. კონცერტის წინა დღეს, როდესაც „მეტროპლიტენში“ მხოლოდ ძალოვნები დარჩნენ, კარა და „გორგასალი“ თეატრის დარბაზში განმარტოვდნენ, ინკუსტრირებულ სკამებზე ჩამოსხდნენ და „ეფბეერის“ დირექტორის მოადგილემ პატარიძეს უთხრა:
– ნეტავ, ხომ არ ვცდებით და ამხელა ამბავი ტყუილად ხომ არ ავტეხეთ?
– რას გულისხმობთ? – კითხვა შეუბრუნა კარას პატარიძემ.
– რას და დაანონსებულ შურისძიებას, – თქვა კარამ.
– ეგ უკვე თქვენს ანალიტიკოსებს უნდა ჰკითხოთ, – მიუგო „გორგასალმა“.
– ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ანალიტიკოსებს ასეთი რამ შეშლოდეთ და არც ამჯერად მგონია, – თქვა კარამ. წინ წამოიწია და დაამატა, – მე ვგულისხმობ „გიურზას“. გადაჭარბებულად ხომ არ ვაფასებთ მის შესაძლებლობებს? ხომ ხედავთ, აქ როგორი კონტროლია და შეუმჩნევლად, შეუმოწმებლად პატარა წრუწუნააც კი ვერ შემოვა „მეტროპოლიტენში“.
„გორგასალი“ სკამიდან წამოდგა, კარას წინ ჩაიცუცქა და უთხრა:
– მე ერთადერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით,– პატარიძემ ამოისუნთქა და დაამატა, – თუკი თქვენი ანალიტიკოსები არ ცდებიან და შურისძიების დაკვეთა ნამდვილად „გიურზას“ აქვს აღებული, გარწმუნებთ, რომ ის ხვალ ამ შენობაში აუცილებლად შემოვა და შეეცდება თავისი მიზნის მიღწევას, ხოლო ჩვენ კი ყოველმხრივ უნდა შევუშალოთ ხელი და ამის განხორციელების საშუალება არ მივცეთ.
– როგორ უნდა შემოაღწიოს ამ ციტადელში, ჩემთვის წარმოუდგენელია, – მხრები აიჩეჩა კარამ.
– ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ასე იქნება. ამიტომ კონტროლი და დაცვა უნდა გაძლიერდეს და კიდევ ერთხელაა საჭირო უმკაცრესი ინსტრუქტაჟის ჩატარება, – თქვა „გორგასალმა“ და მოშორებით, სკამზე ჩაძინებულ იმ „ეფბეერელს“ გახედა, ვისაც პატარიძეზე მუდმივი თვალთვალი ჰქონდა დავალებული, რათა საშიშ ტერორისტს გაქცევა არ ეცადა.
ჩაძინებულს კარამაც გახედა და „გორგასალმა“ მას უთხრა:
– ქუჩაში, სუფთა ჰაერზე გასეირნებას ვაპირებ და ხომ არ გავაღვიძო?
– არაა საჭირო, – ხელი ჩაიქნია კარამ. გაეცინა და დააყოლა, – იძინოს, დაისვენოს,  ისეა გამოფიტული, რომც გავაღვიძოთ, მაინც ვერ შეძლებს თავისი დავალების სრულად შესრულებას. თქვენ კი გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და იმედია, ასეთ მძიმე ჟამს არ მიგვატოვებთ.
– არ მიგატოვებთ, –  მიუგო „გორგასალმა“ და დარბაზიდან გავიდა.
***
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ზუსტად მაშინ გამოჩნდა „მეტროპოლიტენის“ ვიპ-ლოჟაში, როდესაც დარბაზში შუქი ჩაქრა და კონფერენსიემ კონცერტის დაწყება გამოაცხადა. ისედაც ციხესიმაგრედ ქცეულ შენობაში პრეზიდენტის შემოსვლამ ძალოვანთა უზარმაზარი კორპუსი კიდევ უფრო გააფაციცა და ყურადღებიანი გახადა. „გორგასალი“ საიდუმლო სამსახურის სპეციალურ მანქანაში იჯდა და ათეულობით მონიტორს ათვალიერებდა, რომლებშიც კარგად ჩანდა შენობის ყველა წერტილი და ყველა ადამიანი. საკმარისი იყო, რომელიმე მათგანს საეჭვო მოძრაობა გაეკეთებინა, რომ მეთვალყურის სიგნალი საიდუმლო აგენტებს მიუვიდოდათ და საეჭვო პირს ოპერატიულად გაკოჭავდნენ. კარგად მოჩანდა მონიტორზე თავად პრეზიდენტიც, რომელიც წინასწარი განცხადების მიუხედავად, კონცერტს ცოლ-შვილის გარეშე ესწრებოდა  და მშვიდად ადევნებდა თვალ-ყურს მის მიმდინარეობას. პატარიძემ მონიტორზე კიდევ ერთხელ შეათვალიერა ის ადამიანები,  რომლებსაც „ა“ სექტორში ყოფნის უფლება ჰქონდათ და მათში ჰიუ ვერ აღმოაჩინა. ამიტომ სტივენ მალიკს დაუკავშირდა, რომელიც პრეზიდენტის ლოჟასთან იდგა და ჰკითხა:
– მისტერ ჰიუ ხომ არ შეგინიშნავთ სადმე?
– ჰიუ თავის კაბინეტშია. ორიოდე საათის წინ შევიდა იქ, რადგან კბილი საშინლად სტკიოდა და მითხრა, – უნდა შევიხვიო და წამოვწვე, რომ გამიაროსო.
– სწრაფოდ შეამოწმებინეთ ვინმეს ჰიუს კაბინეტი  და ბინა! – უთხრა აღელვებულმა „გორგასალმა“.
– ბინის შემოწმება რაღა საჭიროა? – გაუკვირდა მალიკს.
– საჭიროა, მისტერ მალიკ. გამორიცხული არაა, რომ „გიურზა“ ჰიუს გარეგნობით შემოიპარა თეატრში, – უთხრა „გორგასალმა“ საიდუმლო სამსახურის უფროსს და დააყოლა, – პრეზიდენტის დაცვა გააძლიერეთ.
ორიოდე წუთის შემდეგ გაირკვა, რომ ჰიუ კაბინეტში არ იმყოფებოდა, კიდევ ათი წუთის შემდეგ კი საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მალიკს აცნობეს, – ჰიუ საკუთარ ბინაში მოკლული და საცვლებისამარა ვიპოვეთო.
ეს ინფორმაცია რომ მიიღეს, ბოლო გამომსვლელი ამთავრებდა კონცერტის პირველ განყოფილებას და შესვენება უნდა დაწყებულიყო. „გორგასალმა“ მალიკს უთხრა, – „გიურზა“ ჰიუს ნიღბით პრეზიდენტის მოკვლას შეეცდება და მოძებნეთო და თავად კი უკვე  ეძებდა უზარმაზარ შენობაში. ამ დროს შუქი აინთო და პატარიძემ ვიპ-ლოჟის მოპირდაპირე ლოჟაში ფარდის რხევა შენიშნა და იქით გაემართა, თან მალიკს გადასცა, – პრეზიდენტი ლოჟიდან გაიყვანეთო. ლოჟაში კი მექანიკური თოჯინის მეტი არაფერი აღმოჩნდა, რომელიც კარადას არხევდა. ამიტომ „გორგასალი“ ვიპ-ლოჟისკენ გაქანდა და იმ დროს „დააფარა“ ჰიუს სამოსში გადაცმულ, თეატრის დირექტორის გრიმში გამოწყობილ „გიურზას“, როდესაც ის შხამიანი ავტომატიდან აპირებდა ლოჟიდან გამოყვანილი პრეზიდენტის ლიკვიდაციას. „გიურზა“ გაკოჭეს და ჰიუს კაბინეტში შეიყვანეს. იქვე მივიდნენ „ეფბეერის“ დირექტორი, კარა და „ბიუროს“ დაზვერვის უფროსი, ნოელ ბანი. კარი გადარაზეს. გარეთ დაცვა დააყენეს. შემდეგ „გიურზა“ გააშიშვლეს და გაჩხრიკეს. თუმცა მას ჩამორთმეული ავტოკალმის გარდა, სხვა იარაღი არ აღმოაჩნდა და ბანმა მას ინგლისურად ჰკითხა:
– თქვენი ვინაობა და პრეზიდენტის მკვლელობის შემკვეთი.
„გიურზას“ ხმა არ ამოუღია და მხოლოდ ირონიულად გაიცინა, თან „გორგასალს“ შეხედა, რომელმაც მას უკვე რუსულად უთხრა:
– „ჯიხვმა“ შეგიკვეთა, ხომ, პრეზიდენტის მკვლელობა? თქვი, რომ დააფიქსირონ და რესეთს გადასცენ. სამაგიეროდ, შენ გაგიწევენ შეღავათს.
„გიურზა“ კვლავ დუმდა. ბანმა კი ირონიით თქვა:
– „ჯიხვი“ მკვდარია და მისი ცხედარი არაფერში გვჭირდება.
 – ვინ მოკლა? – იკითხა პატარიძემ.
– ვინ და მისმა ძმისშვილმა, კოტიკო ხვადაგიანმა. მას ჩვენმა პარიზელმა აგენტმა აუწყა, რომ მამამისი ბიძამისმა მოკლა და კოტიკომ მამის სისხლი აიღო.
– მერე, კოტიკო? – იკითხა პატარიძემ.
– კოტიკო საიმედო ადგილზეა და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – გაეცინა ბანს.
– მაშინ, გამოდის, რომ „გიურზას“ აღიარება არაფერში გვჭირდება და მას გაასამართლებენ კანონის მთელი სიმკაცრით, – თქვა პატარიძემ.
უცებ „გიურზამ“ ქართულად თქვა:
– ოქმში შეიტანეთ, რომ მე, ანზორ კარიანი, ნებაყოფლობით ვიძლევი ჩვენებას და ვაღიარებ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მკვლელობის შეკვეთა ავთო ხვადაგიანმა, მეტსახელად „ჯიხვმა“ მომცა.
„გორგასალს“ ამ სიტყვებზე გაეცინა და თავი გააქნია, მალიკს ინგლისურად უთხრა:
– რა უბედურებაა, შეერთებული შტატების პირველ პირს უკვე მეორედ უპირებდა მოკვლას საქართველოს მოქალაქე და მეორედვე ის ქართველმა გადაარჩინა.
მალიკს კი გაეცინა და „გორგასალს“ მიუგო:
– რას იზამ, ჩემო მეგობარო, საქართველო და ამერიკა არა მარტო პარტნიორები, ახლო მეგობრები ვართ და მეგობრებმა კი ერთმანეთს ყოველმხრივი დახმარება უნდა გაუწიონ, – საიდუმლო სამსახურისთვის უფროსმა პატარიძეს თვალი ჩაუკრა და დააყოლა, – სხვათა შორის, ბატონმა პრეზიდენტმა უკვე ხელი მოაწერა თქვენი შეწყალების განკარგულებას. ხვალვე შეგიძლიათ თქვენი მილიონი დოლარი აიღოთ და სამშობლოში გაემგზავროთ...
დასასრულიскачать dle 11.3