კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 სიყვარული კულისებში

ნინო კანდელაკი ნინო წულიკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44-45(932)


​ნიკასთვის ზედმეტად ბევრი აღმოჩნდა დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებები. საერთოდ, ერჩივნა ბევრი საფიქრალი არ ჰქონოდა. მარტივი რაღაცები უყვარდა. გაურკვევლობა დეპრესიაში აგდებდა. მეგობართან საუბარში მარტო ის გაარკვია, რომ წინა დღეს მარიხუანა მოსწია და თრობისას რა ჩაიდინა, ვერავინ ეტყოდა. მით უფრო ძნელი გასარკვევი იყო, რით დაეხმარა დეას და კონკრეტულად რა დააშავა პატრულთან. სახლში რომ დაბრუნდა, თერთმეტის ნახევარი ახალი შესრულებული იყო. მარიკას ასეთ დროს, ჩვეულებისამებრ, ან ეძინა, ან თავის ოთახში შეკეტილი საყვარელ სერიალებს უყურებდა. ხოლო, როცა პაატა სახლში ჰყავდა, ქმარს  ერთგული „ძაღლივით“ დასდევდა. ნიკას ძალიან აღიზიანებდა დედის ასეთი საქციელი. ზოგადად, ვერ იტანდა „დაშაქრულ“ ურთიერთობასა და მარიკას მოგონილ გულუბრყვილობას. ქალი არც ისეთი მიამიტი იყო, როგორც თავს აჩვენებდა, მაგრამ ასე „აწყობდა“.
ნიკამ შიმშილი იგრძნო. არ უნდოდა მანანას გაღვიძებოდა, ამიტომ უჩუმრად შევიდა სამზარეულოში და ისე, რომ სინათლე არ აუნთია, პირდაპირ მაცივრისკენ დაიძრა. მამას ხმა მაშინ გაიგონა, როცა შემწვარი ქათმის მეორე ბარკალი გააქანა პირისკენ. გაშეშდა და ნელა შემობრუნდა. პაატა ფანჯარასთან იდგა, გულზე ხელებდაკრეფილი. შვილს ირონიანარევი ღიმილითა და რაღაცნაირი სიბრალულითაც კი უყურებდა.
 – რამდენჯერ უნდა გითხრან, რომ ფეხზე მდგარმა არ უნდა ჭამო. უზრდელობას რომ თავი დავანებოთ, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
– სახლში ხარ? სამინისტრო დახურეს? – ნიკამ სცადა, არ შეემჩნია მამასთან მოულოდნელად პირისპირ რომ აღმოჩნდა.
– იუმორის გრძნობა არ გივარგა, შვილო. ჩაი დაგისხა?
– შენ? – ნიკას აშკარად ცუდად ენიშნა პაატას მზრუნველი ტონი.
– ჰო, რა მოხდა?! იქნებ გგონია, ჩაის დაყენება არ შემიძლია. ისე, დროა, შენც რაღაც ელემენტარული ისწავლო.
– რა გინდა, მამა?
 პაატამ ჩაიცინა. მაგიდასთან მივიდა, სკამი გამოწია და შვილს ანიშნა.
– დაჯექი. სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.
– ჩაის დაყენების ტექნოლოგიაზე?
– არ ვარ ხუმრობის გუნებაზე. თან, ხომ გითხარი, იუმორში მოიკოჭლებ.
ნიკამ ამოიოხრა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა. დაჯდა, ფეხი გამომწვევად გადაიდო ფეხზე და მამას უტიფრად მიაჩერდა.
– კიდევ რაში მოვიკოჭლებ, ძვირფასო მამიკო?
– არ გინდა. ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი. იცი, როგორ შემრცხვა, შუა თათბირზე რომ დამირეკეს და მამცნეს, როგორ აგინა ჩემმა შვილმა პატრულს, მერე როგორ გაიქცა და მანქანა მიატოვა. საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე.
– პირიქით, სულ შენზე ვფიქრობ, მაშინაც კი, როცა პატრულს ვაგინებ.
– ნიკუშა, ნუ მაიძულებ, ის გავაკეთო, რისი გაკეთებაც არ მინდა. მაგალითად, ქეჩოში ხელი წაგავლო და ერთი კარგად შეგაჯანჯღარო, რომ როგორმე აზრზე მოგიყვანო.
– ძალადობის მომხრე ხარ, მამა? შენ? პროგრესულად მოაზროვნე, მინისტრის მოადგილე, წარმატებული ჩინოვნიკი?
– როგორ იქცევი, ნიკა? – პაატამ წყალი მოსვა და მოიღუშა.
– ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც ამ ქვეყნის კორუმპირებული ჩინოვნიკის შვილი უნდა იქცეოდეს, – წარბშეუხრელად მიუგო ნიკამ.
ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ ბოლო წვეთი ჩაუშვა მის ფიალაში და დაელოდა, როდის დაიღრიალებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პაატა გაფითრდა, ოდნავ შექანდა და სკამის საზურგეს  ღონეწართმეული მიეყუდა. ნიკამ შეჰყვირა, წამოხტა და მამას მივარდა.
– მამა, რა გემართება?! მამა! აუ, რა ფერი გაქვს? დედას დავუძახო? სასწრაფო გამოვიძახო?
– წყალი დამალევინე, – ჩამწყდარი ხმით სთხოვა პაატამ. ნიკამ წყლით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიუტანა.
– აუ, კარგად ხარ? რატომ მაშინებ? დავუძახებ მარიკას...
– არა, არ დაუძახებ. დაჯექი და მომისმინე. თუ ისევ ასე გააგრძელებ, რადიკალური ზომების მიღება მომიწევს.
– ჰო, კარგი, მარიხუანას აღარ მოვწევ... გეთანხმები, აშკარად მწყენს. მეც არ მომეწონა.
– აჰა, ესე იგი, პატრულთან შენი არაადეკვატური საქციელის მიზეზი მარიხუანა იყო? სად მოსწიე და ვინ მოგცა, იყიდე?
– მოიცა, რა... სად მოვწევდი, ბიჭებთან ვიყავი.
– მოკლედ, ძალიან არ მომწონს შენი ცხოვრების სტილი. ამას რამე უნდა ვუშველოთ. მუშაობას დაიწყებ. პრობლემა ის არის, რომ ბევრი თავისუფალი დრო გაქვს და სისულელეების კეთებით ხარ დაკავებული.
– უნივერსიტეტში დავდივარ, ვსწავლობ...
– მოიცა ერთი, რას სწავლობ. იქაც სასეირნოდ დადიხარ. მოკლედ, ვიზრუნებ იმაზე, რომ სამსახური გქონდეს. ახლა წადი და დაიძინე. ოღონდ საწოლში და არა იატაკზე.
– ესეც იცი? ოჰ, მარიკა, მარიკა...
– დედაშენი შენზე ძალიან დარდობს.
ნიკას ჩაეცინა.
– ჰმ, მარიკას შუბლზე გაჩენილი ნაოჭი უფრო ადარდებს, ვიდრე საკუთარი შვილი.
– უსამართლო ხარ. მარიკა გადაყოლილია შენზე. სულ გიცავს, უმადურად ნუ მოიქცევი.
– ჩემი არ ესმის. რეალობის აღქმა არა აქვს. თუმცა, ზოგჯერ ეს მომწონს კიდეც. როცა მარიკას ვუსმენ, თავი მითიურ სამყაროში მგონია, რომელიც მარტო კეთილი ადამიანებით არის დასახლებული.
– რა პრობლემა გაქვს, ნიკა, მითხარი.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
– აზრს ვერ ვხედავ. შენც შენს ნაჭუჭში ხარ ჩაკეტილი. რომ გკითხონ, რასაც აკეთებ, ჩემთვის აკეთებ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს, რა მინდა სინამდვილეში.
– ვიცი, რაც გინდა, – პაატამ შვილს გამომცდელად შეხედა.
– ჰო? რა მინდა? – ოღონდ ახლა არ მითხრა, რომ შენს ხარჯზე ხელგაშლილ ცხოვრებაზე ვარ ორიენტირებული. მაცადეთ ცოტა, დავამთავრებ უნივერსიტეტს, დავიწყებ მუშაობას და აღარ შეგაწუხებთ.
– ძალიან კარგი, მაგრამ მუშაობას მანამდე დაიწყებ, სანამ უნივერსიტეტს დაამთავრებ. ამაზე უკვე ვიზრუნე.
– მოიცა, რაზე იზრუნე?
– შენს სამსახურზე. დრო ბევრი რომ აღარ გექნება, სისულელეებს ვეღარ გააკეთებ.
– ანუ, აღარაფერს მეკითხები? იქნებ, მე არ მინდა, შენი პატრონაჟით ნაშოვნ სამსახურში ვიხარჯებოდე.
– ამ პათეტიკას მოეშვი და ჭკუით იყავი. ხელფასიც ნორმალური გექნება. უკმაყოფილო არ დარჩები, ხალხსაც გაიცნობ. ხომ გინდა, შენი საკუთარი შემოსავალი გქონდეს და სულ  მარიკას არ სთხოვდე ფულს. მით უმეტეს, რომ შეყვარებული გყოლია.
– ეს მარიკამ გითხრა?
– დავუშვათ, ამას რა მნიშვნელობა აქვს. არა, მე მახარებს ეს ამბავი. სიყვარული სტიმულია მამაკაცისთვის. იმედი მაქვს, ის გოგო სულელი არ არის. მიხვდება, რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაშიც და ურთიერთობაში.
– აჰა, ახლა უკვე პირად ცხოვრებას მიგეგმავთ? რამდენი წლის გგონივარ, ან შენ, ან დედაჩემს? ფიქრობთ, ამას მოვითმენ?
– ოჰო, არ მოითმენ? და, რას იზამ? სახლიდან წახვალ? ჩემს მოცემულ მანქანაზე და ფულზე უარს იტყვი? რაღაც ეჭვი მეპარება. გიყვარს კარგი ცხოვრება და ასე ადვილად ვერ შეელევი.
ნიკა წამოხტა. პაატას ჯერ ჩაეცინა, მერე თვალები დაუბრიალა შვილს და ხელი გამეტებით დაარტყა მაგიდაზე.
– აბა, რა დღეში ხარ? დაჯექი მანდ და ყურადღებით მომისმინე, – აღარ ვაპირებ შენი ხუშტურების ატანას და შენი საქციელის გამო გაწითლებას.
– მინისტრის მოადგილეებიც წითლდებიან? არ ვიცოდი, – გამომწვევად წაგესლა შვილმა და სიბრაზისგან გაწითლებულ პაატას ენა მოუჩლიქა, – კარგი რა, მამიკო, ასეთი სერიოზულიც ნუ იქნები. გაიღიმე და მოგეშვება.
– ნიკა, მომისმინე, დროა ჭკუას მოუხმო. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. შენს პირად ცხოვრებაში რომ მინდოდეს ჩარევა, გეტყოდი, ის გოგო მოიყვანე და გამაცანი-მეთქი, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. ჯერ ერთი, რომ არ მგონია, ასეთი სერიოზული იყოს. მეორეც – დრო იყო, ქალის მიმართ გრძნობა გაგჩენოდა. ანუ, მე ამ ამბავს ისე არ ვუყურებ, როგორც დედაშენი.
– და... დედაჩემი როგორ უყურებს ამას? – თვალები მოჭუტა ნიკამ და დეა გაახსენდა. უცებ ისე მოუნდა მისი ნახვა, რომ გულიც კი ეტკინა, – მოკლედ, რა გინდა, მამაჩემო, ჩამოყალიბდი და კონკრეტულად მითხარი, – გაღიზიანდა და ვეღარც დამალა უარყოფითი ემოცია, – მანქანა ჩამომართვი?
– კარგი, გეტყვი. მანქანას დაგიბრუნებ, ოღონდ იმ პირობით, რომ წესიერად მოიქცევი.
– ქვეყანას როდის ვამხობდი? რაღაც არ მახსენდება, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში შევემჩნიე ვინმეს.
– მუშაობას დაიწყებ. მარიკას ზარებს უპასუხებ, პატრულთან მეტ სიფრთხილეს გამოიჩენ...
– გასაგებია. კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი თუ საფინალო შემაჯამებელ აკორდად კუთხეში დამაყენებ?
კაცმა თავი გადააქნია.
– არა, შენ იმის ნახევარი ვერ გაიგე, რაც გელაპარაკე, მაგრამ როცა მუშაობას დაიწყებ, პრობლემა ნელ-ნელა მოგვარდება. შენთან ლაპარაკიც უფრო ადვილი გახდება.
ნიკამ თავი გადააქნია.
– ახლა შეიძლება, დავიძინო? თუ ამაზეც ნებართვა მჭირდება?
– წადი, წადი, დაიძინე. ხვალ ჩემი მდივანი დაგირეკავს და გეტყვის, სად უნდა მიხვიდე.
– აჰა, როგორც მივხვდი, უარის თქმის უფლება არ მაქვს.
– გეყოფა, წადი, დაიძინე, მშვიდად მინდა, ერთი ჭიქა ყავა დავლიო. მერე სამუშაო მაქვს.
ნიკამ მხრები აიჩეჩა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა. თან, დეაზე ფიქრი მოუნდა. იქნებ, დაერეკა და დალაპარაკებოდა. რაღაც უშლიდა ხელს. პირველად ცხოვრებაში ისეთი უცნაური განცდა ჰქონდა, როგორც პატარა ბავშვს – მორიდების, სირცხვილისა და გაუბედაობის, მაგრამ  ეს არანორმალურად მოსწონდა.
***
ნიკა თვალმოუცილებლად შეჰყურებდა ქალს, მისი ნაზი თითები თავის ხელისგულში ჰქონდა მოქცეული და სიამოვნების ჟრუანტელი მთელ სხეულში სასიამოვნო, თბილ ტალღებად უვლიდა.
– შენ მე არ მისმენ, – დეა გაჩუმდა და ბიჭს წყრომით შეხედა.
– როგორ არა, რას ამბობდი?
– აბა, გისმენდიო? – გადაიკისკისა დეამ, – მატყუარა. მაინც არ მეუბნები, რას საქმიანობ, რითი ხარ დაკავებული, რატომ გაგიჩნდა სურვილი, რომ დაგეცავი...
–  მოიცა,  შენი დაცვის სურვილთან, ჩემი საქმიანობა რა კავშირშია? რაღაც ვერ გავიგე. ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ. არაფერი განსაკუთრებული. ისე ვცხოვრობ, როგორც სხვა დანარჩენი ყველა. ასე რომ, მოდი ჩემი ცხოვრების ქრონოლოგია და ათვლა ჩვენი შეხვედრიდან დავიწყოთ,  – ნიკამ გოგოს შესცინა. დაიხარა და თითებზე ტუჩები  შეახო.   
დეამ  გაიცინა, თავი გადააქნია და ხელი ფრთხილად გაითავისუფლა.
– ხომ გითხარი მატყუარა ხარ-მეთქი. ჩვეულებრივი სტუდენტები ასეთი მანქანებით არ დადიან. არც ასეთი ბრენდული ტანსაცმელი აცვიათ.
– ბებო მყავს მდიდარი. უცხოეთში ცხოვრობს და იქიდან მიგზავნის ფულს. ბევრს არა, მაგრამ მყოფნის, რომ ტანსაცმელი ვიყიდო. ახლა ვეტყვი, ცოტა უფრო მეტი გამომიგზავნოს, რომ შოკოლადები გიყიდო.
– მე არ მიყვარს შოკოლადი. მაგრამ ჩემს შვილს უყვარს.
– შვილი გყავს? მართლა? – ნიკას შეეტყო, რომ რაღაცის გახსენებას ცდილობდა.
დეიკომ გაოცებით შეხედა.
– არ მითქვამს? მახსოვს, რომ გეუბნებოდი... ჰო, პატარა შვილი მყავს და მარტო ვზრდი. ძალიან საყვარელი ვინმეა და თუ რამეს ვაკეთებ, მხოლოდ მისთვის. რა თქმა უნდა, მშობლებიც მყავს, მეგობრებიც,  ახლობლებიც, მაგრამ მე და ჩემი შვილი მარტო ვცხოვრობთ, საკუთარი თავის ბატონ-პატრონები ვართ და ეს ძალიან მომწონს... – დეა, მოულოდნელად გაჩუმდა და ბიჭს ცხვირზე წაკრა თითი.
– ასე რატომ მიყურებ?
– ძალიან ლამაზი ხარ. ისეთი ლამაზი, რომ გიყურებ და სუნთქვა მეკვრის.
– ნიკა, არ გინდა ასეთი ლაპარაკი.
– რატომ? წეღან ხომ მისაყვედურე, მატყუარა ხარო. აი, ახლა ნამდვილად არ ვტყუი და მეტსაც გეტყვი – ასეთი გულახდილი არასოდეს ვყოფილვარ. ერთი ფაქტიც უნდა ვაღიარო, ეს რეალობა მომწონს და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. თუ არ გამაგდებ, სულ შენ გვერდით ვიქნები
– მერე ლექციები? აღარც ისწავლი?
– ლექციების მერე მოვალ და ყველაფერში დაგეხმარები.
– ნიკა, მეორედ ვხვდებით ერთმანეთს, თუ იმ პირველ შეხვედრას არ ჩავთვლით, როცა თავი გადადე ჩემთვის.
– მერე, ეგ ცოტაა? კიდევ შემიძლია შენთვის იგივე გავაკეთო. ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში დაგიცვა.
– ბავშვი ხარ. არც კი გესმის რას ლაპარაკობ, – ქალი მოიღუშა და თვალები ცრემლებით აევსო.
– რას ნიშნავს, ბავშვი ხარ? გგონია, ამას ისე ვლაპარაკობ, რომ საკუთარ სიტყვებზე პასუხს არ ვაგებ? მითხარი და ნებისმიერ დროს დაგიმტკიცებ ამას.
– როგორი საყვარელი ხარ, – დეა ლოყით მხარზე მიეხუტა. მისმა სითბომ, ბიჭს კინაღამ გული გაუჩერა. ანგარიშმიუცემლად მოხვია ხელი და ტუჩებით მისი ტუჩები მოძებნა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3