№46 მკვლელი ფსიქიატრიულიდან
მიტჩელ დერიკი
მას შემდეგ, რაც ქალაქმა თავის მთავარი ღირსშესანიშნაობა, მის კასელსი დაკარგა, ხალხმა ძალიან მოიწყინა. ეს არც იყო გასაკვირი. მორალის დამცველის „დამსახურებებში“, მინიმუმ, თერთმეტი გაყრა, სამი თვითმკვლელობა და ის სამი მღვდელი შედიოდა, რომელთაც ქალაქიდან სხვაგან გადაყვანა ითხოვეს. კიდევ თუ არ ჩავთვლით ყველა ინსტანციაში გაგზავნილ ასეულობით წერილს, რომლებმაც ბევრს გაუფუჭეს რეპუტაცია.
მის კასელსი შვიდი წლის წინ დაიღუპა. ქალაქი ზეიმისთვის ემზადებოდა და როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი გამოცოცხლება ქალაქის სამხრეთ ნაწილში იგრძნობოდა. სწორედ იქ იპოვეს პირველი გვამი. პოლიციამ გაარკვია, რომ საგიჟეთიდან ერთ-ერთი ყველაზე საშიში ავადმყოფი გაიქცა. გარდაცვლილი კი ჯო დიკსი აღმოჩნდა – უწყინარი მათხოვარი. ჯოს კისერზე საავადმყოფოსდამღიანი წინდა ჰქონდა შემოხვეული. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ მკვლელი გაქცეული გიჟი იყო, ისიც დარწმუნდა ამაში. ყველა სახლში ჩაიკეტა. ქუჩაში მარტო პოლიციელები და მოხალისეების ჯგუფი თუ შეგხვდებოდათ, რომლებიც გაქცეულს ეძებდნენ.
ნაშუადღევს ხმა გავრცელდა, რომ გიჟმა მკვლელმა ქალაქი, ალბათ, უკვე დატოვაო. ზოგმა ფანჯრის გაღება გაბედა. ემელინ ლორინგი, კი საერთოდ ეზოში გამოვიდა, რათა ქათმებისთვის ეჭმია. წინდაუხედავი ნაბიჯი მის ცხოვრებაში ბოლო აღმოჩნდა. იგი საქათმეში გაჩეჩქვილი თავით იპოვეს. ქალაქი შოკში ჩავარდა: ღამით სადღაც ნაგავსაყრელზე მათხოვრის მკვლელობა, დღისით, მზისით კი – კეთილი ქალბატონის საკუთარ ეზოში.
იმ დროისთვის ქალაქის ყველა გასასვლელი უკვე ჩაკეტილი იყო.
ქალაქი შიშმა მოიცვა. მხოლოდ ერთეულებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა სახლიდან მის კასელსი და ვითომც აქ არაფერიაო, ეკლესიისკენ გაემართა. სურათი მართლაც დასამახსოვრებელი იყო. თერმომეტრი ორმოც გრადუსს უჩვენებდა, ქალაქში მანიაკი დაძრწოდა, ხოლო მის კასელსი, ისე იყო გამოწყობილი თითქოს მასკარადზე მიდისო. იგი მინიმუმ ექვსმა მოქალაქემ დაინახა. თავიდან საკუთარ თვალებს არ დაუჯერეს, როდესაც მარტო მიმავალი ქალი დაინახეს, თუმცა როდესაც დააკვირდნენ და მის კასელსი იცნეს, გაკვირვებამ გაუარათ. ისინი მყარად იყვნენ დარწმუნებული, რომ არცერთ მანიაკს, თუნდაც ყველაზე თავზეხელაღებულს, აზრად არ მოუვიდოდა, თავს დასხმოდა ამ ბებერ კუდიანს. მის კასელსი ყოველდღე, ხუთის ნახევარზე ეკლესიაში ორღანზე უკრავდა და არ აპირებდა, ვიღაც მანიაკის გამო ჩვეულებისთვის ეღალატა.
იმავე საღამოს მის კასელსმა პოლიცილებს მოუყვა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც იგი ეკლესიაში შევიდა. ისე, რომ შუქი არ აუნთია, მეორე სართულზე ავიდა, სადაც ორღანი იდგა. შემდეგ გასავარჯიშებლად, ბახის პრელუდია დაუკრა, რის შემდეგაც იმ მუსიკალური ნაწარმოების დაკვრა დაიწყო, რომელიც მომავალ კვირას უნდა შეესრულებინა. დაკვრის დროს მის კასელსი დროდადრო, ორღანის კიდეზე მიკრულ სარკეში იხედებოდა ხოლმე და ხედავდა, ქორო ან პატარძალი გასასვლელში გამოდიოდა თუ არა. ამით ხვდებოდა, როდის უნდა დაეწყო დაკვრა. თუმცაღა ჩვენი მორალისტი ამ სარკეს სხვა მიზნებისთვისაც იყენებდა, მაგალითად, რომ გაერკვია, ვინ მოვიდა ეკლესიაში და ვინ არა. შემდეგ ეს ინფორმაცია ქალაქში ზნეობის დაცემის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინა. იმ დღეს მის კასელსი ორღანზე უკრავდა და ჩვეულებისამებრ, დროდადრო სარკეში იყურებოდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ მან კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში და მოულოდნელად საკურთხეველთან მამაკაცი დაინახა.
მოგვიანებით პოლიცია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გიჟი, ალბათ, ეკლესიაში სარდაფის ღია ფანჯრიდან ჩაძვრა და დაიძინა, ხოლო რამდენიმე საათში ორღანის ხმამ გამოაღვიძა.
თავიდან მის კასელსი ისე უკრავდა, თითქოს აქ არაფერიაო და სარკეს თვალს არ აშორებდა. გიჟი თავაწეული იდგა, თითქოს მუსიკისკენ მიისწრაფვისო. სახეზე იმ გაბუტული ბავშვის გამომეტყველება შეყინვოდა, რომელიც უდროო დროს გააღვიძეს. ალბათ, მის კასელსმა იფიქრა, რომ თუ დაკვრას გააგრძელებდა, გიჟი ცოტა ხანში თავად წავიდოდა. მაგრამ მანიაკმა ფეხი მოინაცვლა და ქალმა მის მარჯვენა ხელში დანა დაინახა. კასელსი ფრთხილად ადგა და უხმაუროდ გაემართა მარცხენა კიბისკენ, მაგრამ როდესაც იქამდე მივიდა, კაცი უკვე მის ძირში იდგა და ელოდებოდა, თან თავდახრილი იატაკს დასცქეროდა. მაშინ მის კასელსი შემობრუნდა, რათა მარჯვენა კიბისკენ წასულიყო, მაგრამ გიჟიც იქით გაეშურა. შეიძლებოდა, ეს უაზრო თამაში დაუსრულებლად გაგრძელებულიყო. მკვლელი თავდახრილი იდგა და ქალს არ უყურებდა, მაგრამ რომელიღაც მეექვსე გრძნობით მის ყველა ნაბიჯს ხვდებოდა. გიჟი დაქოქილი ავტომატივით მოძრაობდა.
მოკლე, ვიწრო დერეფანი, ზედა სართულიდან კიბეების გარეშე გასვლის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, რადგან არავინ სარგებლობდა, ბოლო რემონტის დროს კარს პანელი ააფარეს, ხოლო თავად დერეფანი საწყობად გადააქციეს. რაღაც დროის განმავლობაში მის კასელსი და გიჟი ამ საშინელ თამაშში იყვნენ ჩართული, შემდეგ ქალს მხსნელი დერეფანი გაახსენდა. იგი კედელთან მივიდა და რამდენიმე წუთში ის პანელი იპოვა, რომელიც კარზე იყო აფარებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში გიჟი იატაკს დასჩერებოდა. მის კასელსმა კარი გააღო და შიგნით შევიდა. მას დერეფანი ციდან მოვლენილ ხსნად მიაჩნდა, ვიდრე რაღაც მაგარს არ დაეჯახა. დაფიქრდა და გაახსენდა ის დღე, როდესაც დერეფანში ჭერამდე დაალაგეს ჰიმნებისა და ნოტების კრებულები. მიხვდა, რომ ხაფანგში მოყვა.
– მაშინ ლოცვა დავიწყე, – მოუყვა მის კასელსი პოლიციელებს, – ვლოცულობდი, რათა ღმერთს ჩემი უმწიკვლო ცხოვრება გაეხსენებინა.
როდესაც კარი გაიღო და ზღურბლზე თეთრ პიჟამაში გამოწყობული გიჟი გამოჩნდა, მის კასელსმა შიშისგან კინაღამ გრძნობა დაკარგა. ქალი მუხლებზე დაეშვა და მხურვალედ ლოცვას მოყვა. თან დანას თვალს არ აცილებდა. მკვლელიც დანას უყურებდა, თითქოს მისი ცქერით ტკბებოდა. შემდეგ მისი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო. მან უკან მიიხედა, დანა დააგდო და დერეფნიდან სასწრაფოდ გავიდა.
მანიაკი მაშინ დაიჭირეს, როდესაც წყნარად მიდიოდა მოედანზე. ხუთი წუთის შემდეგ ედ ბერნსი და ტომ ნიკოლსი ეკლესიაში შევიდნენ და მის კასელსი იპოვეს. მას ორჯერ ჰქონდა დანა ჩარტყმული და ბევრი სისხლი დაკარგული. რა თქმა უნდა, ქალი მათ საავადმყოფოში წაიყვანეს. რამდენიმე საათი ექიმებს კიდევ ჰქონდათ სასწაულის იმედი და ამბობდნენ, გადარჩენის შანსი აქვსო. ამ დროს იგი გონზე მოვიდა და პოლიციელებს მოუყვა იმის შესახებ, რაც ეკლესიაში მოხდა.
პოლიციელები მკვლელის დაკავებას ცდილობდნენ. მათ ისინი დაჰკითხეს, ვინც მის კასელსზე იყო ნაწყენი. საუბედუროდ, ასეთი ქალაქში ძალიან ბევრი იყო. მკვლელი წინდახედული აღმოჩნდა და დანიდან ანაბეჭდები წაშალა. დამნაშავის ძებნა გართულდა, რადგან თითქმის ყველა მცხოვრებს შეეძლო, სახლიდან გამოსულიყო ან მოხალისეთა რაზმი დაეტოვებინა და რამდენიმე წუთით ეკლესიაში შესულიყო. ქალაქში ყველამ იცოდა, რომ ბებერი კუდიანი ყოველდღე ხუთის ნახევრიდან ექვსის ნახევრამდე ეკლესიაში მუზიცირებდა. ნამდვილად ვიღაცამ გადაწყვიტა, სიტუაციით ესარგებლა და მასთან ანგარიში გაესწორებინა, თან, ყველაფერი გიჟს დაბრალდებოდა.
ასე დაიღუპა დაუვიწყარი მის კასელსი. ქალაქში, რა თქმა უნდა, მოიძებნა რამდენიმე ცინიკოსი და ფსიქოანალიტიკოსი, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ იგი მანიაკმა მოკლა, ხოლო მან ჩვეულებისამებრ, თავისი საძაგელი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, ყველაფერი ვიღაცისთვის დაებრალებინა. ვისაც არ უნდა მოეკლა ქალაქის მთავარი „ღირსშესანიშნაობა“, ახლა უკვე ქალაქის ერთი ნახევარი მეორეს სიცოცხლის ბოლომდე ეჭვის თვალით შეხედავდა. თავისი სიკვდილით მის კასელსმა მორალს საუკეთესო ძეგლი დაუდგა. მკვლელი კი უჩინარი დარჩა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ