№46 იყო თუ არა ბერიას ლიკვიდაცია „ცეერუს“ მიერ ჩატარებული ოპერაცია
ბერიას ვერაგული მკვლელობიდან რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება ის ყველაფერი, რაც საფუძვლად დაედო ანტიბერიულ სისხლიან შეთქმულებას. ისტორიის დოქტორი პროხორ მაიდანოვსკი წერს: „უამრავ საფუძვლიან თუ უსაფუძვლო ბრალდებებს შორის, რაც ბერიას წაუყენეს, მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების საფუძველი არცერთ მათგანში არ იკვეთება. ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბერია „მყარი სოციალიზმის“ ქვეყანაში ლიბერალიზაციის კურსის გატარებას გეგმავდა. ასეთი რამ პარტიის გავლენის შემცირების გარეშე გამორიცხული იყო. პარტიის დაკნინებას კი კომპარტიის ბიუროკრატია არავითარ შემთხვევაში არ შეელეოდა და სწორედ ამან გამოიწვია ბერიას ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან. საგულისხმო ფაქტია და ჯერჯერობით ბოლომდე გასაჯაროებული არაა ის, რომ 1953 წლის 13 მარტს ლავრენტი ბერია სოხუმის მახლობლად საიდუმლოდ შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირს ენდრიუ ნოისს, რომელთანაც ორდღიანი საიდუმლო მოლაპარაკება ჰქონდა და სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს თავად ბერიამ ჩაუყარა საფუძველი საკუთარ განადგურებას. ბერიას ყოფილი თანაშემწე სანდრო გოცირიძე თავის მემუარებში წერს: „სტალინი ოთხი დღის დასაფლავებული იყო და ქვეყანა ჯერ კიდევ შოკში იმყოფებოდა, როდესაც ბერიასთან ერთად სოხუმში მომიწია გადაფრენა და სრულიად საიდუმლო შეხვედრაზე დასწრება ტრუმენის ნდობით აღჭურვილ დესპანთან, ენდრიუ ნოისთან. ბერიამ მე თან იმიტომ მიახლა, რომ ამერიკანისტი ვიყავი და კარგად ვიცნობდი ამ ქვეყანას. სხვათა შორის, 1948 წელსაც მე ვახლდი ბერიას ვაშინგტონში, როდესაც ის იქ სტალინის დავალებით გაემგზავრა. ბერია და ნოისი ორი დღის განმავლობაში პირისპირ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და ამ საუბრების შინაარსი მათ ორის გარდა, რა თქმა უნდა, არავინ იცოდა. თუმცა, ჩემი ვარაუდით, ტრუმენი ბერიას აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა რეჟიმის ლიბერალიზაციას სთავაზობდა. სანაცვლოდ კი დიდ ფინანსურ დახმარებას ჰპირდებოდა საბჭოეთის სრულად აღსადგენად.“
სანდრო გოცირიძე გამოცდილი მუშაკი იყო და თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით გამოიცნო სოხუმში ენდრიუ ნოისის საიდუმლო ვიზიტის მიზეზი: მოგვიანებით, უკვე თავად ღრმად მოხუცებული, 94 წლის ნოისი აღიარებდა – პრეზიდენტმა ბერიას შეუთვალა: აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის მშენებლობას მოეშვით და დანგრეულ საბჭოთა კავშირს ჩვენი თანხებით აგაშენებინებთო, რაზეც ბერიამ თანხმობა განაცხადა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც დაუყოვნებლივ დაიწყო, რაც გერმანიის გაერთიანების იდეის წამოყენებასა და პროსაბჭოურ ქვეყნებში თავისუფალი არჩევნების ჩატარების წინადადებაში გამოიხატებოდა... ცნობილი საბჭოთა გენერალი პავლე სუდოპლატოვი ძალიან საინტერესო ვერსიას ახმოვანებს. ის ამბობდა: „ნოისის სოხუმში საიდუმლო ვოიაჟის შესახებ პირადად ბერიამ ჩამაყენა საქმის კურსში. ამერიკელის აქ საიდუმლოდ ჩამოყვანა და გამგზავრება მე და ჩემმა ხელქვეითებმა უზრუნველვყავით. ბერია მენდობოდა და სწორედ ამიტომ დამავალა მე ეს საქმე. თუმცა, არ ვიცოდი, რაზე ილაპარაკეს მათ და მხოლოდ ვარაუდით ვხვდებოდი ყოველივეს. ამასთან დაკავშირებით კი ერთი ვერსია მაქვს, რომელიც ძნელი დასამტკიცებელია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან რეალური უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ ჩემი აზრით, ამერიკაში დაბრუნებულმა ნოისმა ბერიას დადებითი პასუხი ტრუმენსა და სხვა განდობილებს აუწყა. ამ სხვებს შორის იყო „ცეერუს“ დირექტორი, ალან დალესი, რომელიც ბერიამ არა ერთხელ გააცურა და ის მას ძალიან საშიშ მტრად მიიჩნევდა. ჩემი აზრით, დალესმა ეს ინფორმაცია კარგად შეფუთა და საკუთარი არხებით თავად ხრუშჩოვს მიაწოდა. ხრუშჩოვმა კი შეთქმულება მოუწყო ბერიას და ამით ამერიკელების წისქვილზე დაასხა წყალი. არაა გამორიცხული, რომ ამ კომბინაციის თაობაზე არაფერი სცოდნოდა პრეზიდენტ ტრუმენს და ეს ყოველივე ძმები დალესების „გაჩარხული“ იყო... ამის ვარაუდის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ ზუსტად ვიცი, დალესს დაფიცებული ჰქონდა, ბერიას მოვსპობო და ამის დასასრულებლად თვით ტრუმენსაც კი გადაახტა თავზე...“
სუდოპლატოვი ძალიან ინფორმირებული, წონიანი გენერალი იყო და მრავალ საიდუმლოს ფლობდა, ამიტომ მისი სიტყვები გასათვალისწინებელია და საგულისხმო. მით უმეტეს, რომ იმავე აზრის იყო საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი პავლე ფიტინი, რომელიც პირდაპირ აცხადებდა: „რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ლავრენტი ბერია შეეწირა ამერიკის შეერთებული შტატების „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს“ გონივრულად ჩატარებულ ოპერაციას, რომელშიც არ გამოვრიცხავ, რომ თავად პრეზიდენტი ჰარი ტრუმენიც იყო ჩათრეული და მთავარ როლს ასრულებდა. ეს კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ბერიასთან საიდუმლო შეხვედრაზე ნოისი გამოგზავნა.“
ძალიან დამაინტრიგებელია საბჭოთა დაზვერვის ამ ორი გენერლის განცხადებები, რომლებიც ბერიას უახლოესი თანამშრომლები იყვნენ და კარგად იცნობდნენ მას. მართალია, ამერიკელები არაფერს ამბობენ ამ ფაქტის შესახებ და არც უარყოფენ და არც ადასტურებენ მას, მაგრამ თუკი ბერია ნამდვილად მათ მიერ შემუშავებულ ამ კომბინაციას ემსხვერპლა, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერიას ლიკვიდაცია მათივე თანამოაზრეების ხელით, „ცეერუს“ ყველაზე წარმატებული ოპერაცია იყო ამ სამსახურის ისტორიაში. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, სწორედ ბერიას ლიკვიდაციით დაიწყო ის პროცესი, რასაც საბჭოეთის დაშლა ჰქვია და რამაც შეერთებული შტატები მსოფლიოში კონკურენციის გარეშე დატოვა“.