№46 ექიმის რჩევები
კითხვა: გთხოვთ გვაცნობოთ, თუ არის რაიმე სიახლე პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ ან როგორ მოვიქცეთ მკურნალობა რომ ეფექტური იყოს?
პასუხი: სამწუხაროდ, პარკინსონისგან ბოლომდე განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია. სხვადასხვა სახის მედიკამენტის („ოქროს სტანდარტს“ ჯერჯერობით პრეპარატი „ლევოდოპა“ წარმოადგენს) მიღებით, ვარჯიშითა და ზოგ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევით მხოლოდ სიმპტომების შესუსტებაა შესაძლებელი. პროფესორ თეიმურაზ კურცხალიას, გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის უჯრედული ბიოლოგიის მკვლევარს და ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მიაჩნია, რომ პარკინსონის დაავადების პრევენცია შესაძლებელია დღეში 1 ქილა სოფლის მაწვნის მიღებით. მაწვნის გარდა, ასევე, სასარგებლოა ვაზის ფოთოლი.
კითხვა: შეიძლება პროსტატის კიბო განვითარდეს 18 წლის ასაკში? ზუსტად იგივე სიმპტომები მაქვს თუ ერთი ორს არ ჩავთვლით.
პასუხი: პროსტატის კიბო, ძირითადად, 45 წლის ასაკის ზევით გვხვდება, მაგრამ არც უფრო ახალგაზრდა ასაკშია გამორიცხული. ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან რაღაც ტიპის დისკომფორტი გაქვთ, აუცილებლად და დროულად მიმართეთ უროლოგს, თვითდიაგნოსტიკას ვერ შეძლებთ.
კითხვა: მაინტერესებს, ეფექტური რა შეიძლება, გამოვიყენო ფრჩხილების გასამაგრებლად, მაქვს ძალიან თხელი ფრჩხილები და მალე მტყდება?
პასუხი: ფრჩხილების მტვრევადობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა გამოიკვლიოთ ფარისებური ჯირკვალი. მანამდე კი გირჩევთ, ზღვის მარილის აბაზანებს; ამასთან, ფრჩხილებში დღეგამოშვებით შეიზილეთ ჩაის ხის ზეთი და ზეთოვანი ვიტამინი A; ასევე, დალიეთ აევიტი (1 აბი 2-ჯერ დღეში), ან მერცი სპეციალური დრაჟე (60 ცალი) 1 დრაჟე 2-ჯერ დღეში. ეს კომპლექსური მკურნალობა ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში.
კითხვა: გაზაფხულზე გავიკეთე ცხვირის ოპერაცია – ძგიდისა და პლასტიკური. თითქმის 1 თვეა, ცხვირიდან უსიამოვნო სუნს ვგრძნობ. ვერ ვხვდები რატომ. რა ვქნა?
პასუხი: აუცილებლად უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს. ცხვირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესი ცხვირის ღრუში: ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ჩირქოვანი ანთება (მაგალითად, ჰაიმორიტი). ცალკე უნდა გამოვყოთ ოზენა ანუ სურდო ცუდი სუნით, რასაც ცხვირის ღრუს ლორწოვანის ატროფიული პროცესი ახასიათებს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე