№46 როგორ ამოვიცნოთ ფსიქოზი
ფსიქოზი ფსიქიკის მძიმე დარღვევაა, რომლის დროსაც ავადმყოფის მიერ რეალური სამყაროს აღქმა მკვეთრად არის დარღვეული. ეს ვლინდება ქცევისა და გარემოსადმი დამოკიდებულების ცვლილებით, სხვადასხვა სიმპტომითა და სინდრომით. ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორთა ურთიერთქმედება გავლენას ახდენს დაავადების დასაწყისზე, მიმდინარეობასა და შედეგზე. ენდოგენური ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში დაავადების განვითარება დამოკიდებულია ორი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის ზემოქმედებაზე. ესენია: თანდაყოლილი მიდრეკილება და გარეგანი მიზეზებით განპირობებული სტრესი.
ფსიქოზის ძირითადი ნიშნებია:
* ჰალუცინაციები – ანალიზატორის მიხედვით გამოყოფენ სმენით, მხედველობით, ყნოსვით, ტაქტილურ-სომატურ ჰალუცინაციებს. ყველაზე ხშირია სმენითი ჰალუცინაციები, ეგრეთ წოდებული, ხმები. როდესაც საქმე ეხება სმენით ჰალუცინაციებს, ადამიანს შეიძლება ესმოდეს ხმები, რომლებიც კარნახობენ, რა გააკეთოს და რა – არა; ხმებმა შეიძლება, მიაყენონ შეურაცხყოფა, აიძულონ გარკვეული ქმედების ჩადენა. თუ ეს მხედველობითი ჰალუცინაციებია, ადამიანი შეიძლება, ისეთ რამეს ხედავდეს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, მაგრამ მისთვის ეს ჰალუცინაცია სრულიად რეალურია.
* აბნეული აზროვნება – ავადმყოფს უჭირს გამართულად აზროვნება საათების ან, შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მისი ფიქრები აბნეულად და სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს. დარღვეულია ლოგიკური თანმიმდევრობა. წინადადებები ფრაგმენტული და არეულ-დარეულია.
* არაადეკვატური ემოციები – მაგალითად, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი შეიძლება იცინოდეს, როდესაც ვითარება ტირილს მოითხოვს და პირიქით, ტიროდეს, როცა სატირალი არაფერია. ზოგჯერ შესაძლოა, სრულიად უემოციოც იყოს.
* ნეგატიური სიმპტომები – აპათია. ავადმყოფი შეიძლება ემოციურად და სოციალურად პასიური იყოს. ამ მდგომარეობას მოტივაციის დეფიციტი, შემცირებული სამეტყველო ლექსიკა და უემოციობა ახასიათებს. ამ დროს პაციენტებს დაქვეითებული აქვთ ურთიერთობის უნარი, ამასთან ერთად კი თავის მოვლისა და ჰიგიენის დაცვისაც.
* ბოდვითი იდეები – ადამიანს შეიძლება, შთაგონებული ჰქონდეს მცდარი რწმენა ან წარმოდგენები. მაგალითად, ჰგონია, რომ მის აზრებს ტელევიზია ან რადიო გადასცემს, ანდა მის მოქმედებას სპეციალური სამსახური აკონტროლებს სხივების, რადიაციის მეშვეობით. შეიძლება, თავი მიაჩნდეს იესო ქრისტედ ან უცხოპლანეტელად, გადაჭარბებულად ეჭვიანობდეს და საჩუქრად მორთმეულ შოკოლადის კოლოფში მოწამვლის მცდელობას ხედავდეს (პარანოია ან დევნის მანია). ფიქრობდეს, რომ დაავადებულია უკურნებელი სენით, დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები და ოპერაციულ ჩარევას ითხოვდეს. არსებობს, აგრეთვე, ცოლქმრული ეჭვიანობის, გამომგონებლობის, განდიდების, სასიყვარულო ბოდვითი იდეები.
* გუნება-განწყობის აშლილობა - გამოიხატება დეპრესიული ან მანიაკური მდგომარეობით. დეპრესიის დროს აღინიშნება გუნება-განწყობის მკვეთრი დაქვეითება, მელანქოლიური, დაწეული, სევდიანი განწყობილება. გარე სამყარო ეხატებათ შავბნელ ფერებში, წარსული აღიქმება, როგორც შეცდომებისა და ცოდვათა ჯაჭვი. დაქვეითებულია მადა და დარღვეულია ძილი. დეპრესიისთვის დამახასიათებელია, ასევე, ინტელექტუალური და მოტორული შენელება, თვითბრალდების იდეები, ფიქრები თვითმკვლელობაზე. მანიაკური მდგომარეობა კი ვლინდება გუნება-განწყობის უსაფუძვლო აწევით, აზროვნებისა და მოძრაობების აჩქარებით. ამ დროს ადამიანს აქვს ძილის ნაკლები მოთხოვნილება, არაადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და აქედან გამომდინარე, სახავს არარეალურ, ზოგჯერ ფანტასტიკურ გეგმებს. ხშირია ნარკოტიკების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, განურჩეველი სქესობრივი კავშირების დამყარება.