№46 როგორ ვლინდება შური
შურიანი, ჩვეულებრივ, იკვლევს სხვის ცხოვრებას და თავისას ადარებს. როცა დარწმუნდება, რომ თავის თანამოძმეს აღემატება, მაშინ წყვეტს შურის გამოვლინებას. პირველი გამოვლინება ყოველთვის არის მოღუშულობა, დამწუხრება და უხასიათობა. უხასიათობის მიზეზი ხდება სხვების ხორციელი და სულიერი ღირსებები. ასევე, მწუხარების მიზეზია სხვების ქონება. ამიტომ შურიანი ადამიანი არ განსხვავდება შიშველი კაცისაგან, რომელსაც ჭრილობებს აყენებენ სხვები. ამიტომ ეს ჭრილობა არის ძალიან ღრმა და აღწევს გულში. „ეს ჭრილობები და ტრავმები აღიბეჭდებიან გულში“ (წმიდა ბასილი დიდი).
შურიანი მრავალთვალიანია. ყოველთვის ეძებს მიზეზს განსჯისთვის. აკვირდება სხვის ლაპარაკს, ქცევას, მზად არის, განსაჯოს სხვების თანდასწრებითაც, რათა დაამციროს და საკუთარი თავი ააღმაღლოს. როცა შურის ობიექტს აქებენ, მაშინ შურიანი ადამიანი საპირისპიროს გამოხატავს. ამბობს, – „კი მაგრამ...“ ბასილი დიდი ნათლად წარმოაჩენს შურიანი ადამიანის სომატურ გამოვლინებებსაც, რადგან ასეც ხდება, როცა სულის ვნებები ხორციელადაც ვლინდება. მათ შორის ხომ მჭიდრო კავშირია. წმიდა ბასილი დიდი ამბობს, რომ შურიანებს გარეგნულადაც შეამჩნევთ: „მათი თვალები მშრალია და უსინათლო, სიარული მოღუშული, სული დამწუხრებული. მათ არ აქვთ ჭეშმარიტების კრიტერიუმები“. შურიანები სხვებში კარგს ვერ ხედავენ. „ჰგვანან იმ მტაცებელ ფრინველებს, მშვენიერი ხეების თავზე რომ დაფრინავენ, მაგრამ მარტო უსიცოცხლო ცხოველებს ამჩნევენ და ამით ჰგვანან ბუზებს, რომლებიც სისუფთავეს ვერ ამჩნევენ და სიბინძურისკენ იწევენ“. ამგვარად, შურიანები მხოლოდ სხვების ცუდს ხედავენ და ეძებენ მიზეზს მათ განსასჯელად. იმავდროულად, უგულებელყოფენ მათი ცხოვრების კარგ მხარეებს. შური ვლინდება უხასიათობითა და უჟმურობით, რაც გულს ჭამს და ზოგჯერ ხორციელადაც ვლინდება. შური, აგრეთვე, გამოიხატება განკითხვისმოყვარეობაში, ანუ როცა მზად ვართ, განვსაჯოთ და განვიკითხოთ სხვები. მწუხარებასა და დარდიანობაში იმალება შურის ვნება. ხშირად სხვების ქებაშიც მალავს თავს.
როგორ იკურნება შურის ვნება
არ არის საკმარისი, აღვწეროთ შურის მასშტაბი და არ ვისაუბროთ მის განკურნებაზე. თავს ვალდებულად ვთვლი, ვაღიარო, რომ კურნება არის რთული. რადგან შურიანი „არც ექიმს და არც წამალს არ იღებს“. როცა კითხვას უსვამენ, შურიანს არ სურს აღიარება (წმ. ბასილი დიდი). შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე წამალი.
საჭიროა ვუჩვენოთ განსა კუთრებული სიყვარული იმ ადამიანებს, ვის მიმართაც ვგრძნობთ ამ ვნებას. ისინი გვიყვარდეს მეტად და ვაქებდეთ მთელი გულით. განსაკუთრებულად ვილოცოთ ამ ვნებისთვის და მათთვისაც, ვისიც გვშურს.
ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს მოძმეს აქვს, ღმერთის წყალობაა. იგი აძლევს ყველაფერს. ვის შეუძლია, შეწყვიტოს წყლის წყარო? ამგვარი ერთია ღმერთი, რომელიც იძლევა სულიერ და ხორციელ წყალობას და არ უნდა აღვიძრათ თანამოძმის წინააღმდეგ, რადგან ამგვარად ვხდებით ღმერთის მებრძოლნი, აღვიძვრებით ღმერთის წინააღმდეგ, აგრეთვე ფული, ქონება და მატერიალური სიმდიდრე არ უნდა ჩავთვალოთ მარტო საუნჯედ. სიმდიდრე გვიბიძგებს სიქველისკენ. წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „წყაროს სათავეს ვერავინ დააშრობს და მზის სხივებს ვერავინ დაგვიფარავს“. საჭიროა მართლმადიდებელი წინამძღოლის სულიერი წინამძღოლობა, იმ გზით და იმ საშუალებებით შურის დამღუპველი ვნებისგან გასათავისუფლებლად და ქრისტიანული ცხოვრებისთვის. კითხვა, რომელიც ახლა დაიბადება, მდგომარეობს იმაში, თუ რა უნდა გავაკეთოთ, როცა სხვისი გვშურს?
უპირველესად, საჭიროა მოთმინება და დიდსულოვნება. გვიხაროდეს ჩვენს ცხოვრებაში მოსული განსაცდელი. ვილოცოთ ღვთის წინაშე მოთმინებისა და დიდსულოვნებისთვის. ვინც მოითმენს ამ განსაცდელს მადლით, ის მიიღებს ნუგეშს ღმერთისგან და მიაღწევს ნეტარ თავმდაბლობას. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ამ მოთმინებას აქვს ღვთისმიერი „გამბედაობა“. ეს არის სულიერი სიმამაცე, ამიტომ, ვინც დაითმენს თანამოძმის შურიან მდგომარეობას, ის მიიღებს მარტვილის გვირგვინს. მეორე, რასაც გვასწავლის წმიდა მამათა მოძღვრება, არის განშორება მათგან, ვისაც ჩვენი შურს. წმიდა ბასილი დიდი ამ თემასთან დაკავშირებით ამბობს: როგორც ვცდილობთ, რომ შორს დავდოთ აალებადი საგნები ცეცხლისგან, ასევე უნდა შევიკავოთ თავი შურიან ადამიანებთან მეგობრული ურთიერთობისგან.
ამბა პიმენი ურჩევდა ერთ ადამიანს, არ დასახლებულიყო ისეთი ადამიანის გვერდით, ვისაც მისი შურდა.
იეროთეოს ვლახოსი
„სულიერი მედიცინის მეცნიერება“