კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რატომ მიჰქონდათ ლეკების მოჭრილი თავები თავად გრიგოლ ორბელიანთან და როგორ შენატროდა იგი გრიბოედოვის ცოლს, ნინო ჭავჭავაძეს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

კიტა აბაშიძე: „... დედამიწაზედ ერთადერთ საყურადღებო ცენტრად, ერთადერთ წერტილად თავისი ოჯახებრივი ინტერესი მიაჩნდა და ზურაბიანთ გვარეულობის დაცემასა და საქართველოს დაღუპვას ერთმანეთს უკავშირებდა. აბა, მიბრძანეთ ერთი, რა არის საერთო იმ პოეტს შორის, რომლის ქნარიც ნაზისა და მომხიბლავის მელოდიებით აღსავსე ჰანგებს გვასმენს, და იმ სასტიკ, გამხეცებულ მეომარს შორის, რომელმაც სხვადასხვა მხარის მმართველობის დროს ,,დრაკონის კანონები შემოიღო”? აბა, რარიგად შეგიძლიათ მოათავსოთ ერთ არსში მაღალგრძნობიერი მგოსანი, რომელიც გულზვიად და გულგრილ სატრფოსაც კი გზას ულოცავს, და ის გაშმაგებული სისხლის მსმელი მეომარი, რომელსაც თავისი  სიმხეცით თავი მოსწონს. ლეკებთან ბრძოლის დროს აი, რა უცნაურის სისხლის მელნით აჭრელებს თავის წერილებს მახლობლებთან სარდალი თავადი გრიგოლ ორბელიანი: ესა და ეს სოფელი „სულ მოვახნევინოთ ნიშნად სრულიად აოხრებისა, ამათი სისხლი დავლიოთო“. ანა და: „რატომ მეც მანდ (ომში) არა ვარ, რომ ერთი მათგანის (ლეკების) სისხლი დავლიო და შეუბრალებლად ვტანჯვიდე ცოცხლათაო“ და კიდევ უსაშინელესი: „ნელ-ნელად თავებს ვაჭრევინებ (ქარობელქანში წესიერების დამარღვეველთ) და აქამდის გავაბედვინე, რომ თვითვე გამოაშკარავებით მოაქვსთ ჩემთან თავები და ხელები ყაჩაღებისა“.  ამის დამწერ კაცს ვერ უნდა შესძლებოდა ვერც ერთის სტრიქონის დაწერა, რომელშიაც ადამიანური გრძნობა სჩანდეს. გრიგოლ ორბელიანის პოეზია კი სავსეა ღრმა გრძნობიერებითა და მაღალ აზროვნებით… (თავადის დღიურებს ნაწილებად წარმოგიდგენთ: გრიგოლ ორბელიანი – პოეტი, მიჯნური და გრიგოლ ორბელიანი – სარდალი და მთავარმართებელი – ავტორი) მეტად დიდი ბედნიერი კაცი იყო, ბევრად უფრო ბედნიერი ყველა მის თანამედროვე მწერლებზე. ეს ბედნიერება კი იმაში იხატებოდა, რომ   პირადადაც მეტად დაკმაყოფილებული კაცი იყო და საზოგადოებისა, კიდევ მეტი, მთელი ერის სიყვარული და თაყვანისცემაც მოიპოვა… მთელის მისი თანამედროვე ახალგაზდობის ცხოვრებას გვერდს ისე ვერ აუვლით, თუ 1832 წლის შეთქმულობა არ მოვიხსენიეთ… შეთქმულობამ იქამდის მიაღწია, შეთქმულთა წესდება დაიწერა, წრეს „ფარული მეგობრობა“ ეწოდა სახელად… ორბელიანებს გაეგზავნათ უმაღლესს მთავრობასთან საჩივარი – გვტანჯავენ და გვაწამებენ საპყრობილეშიო. სხვა რომ არა იყოს-რა, ის სულიერი ტანჯვაც საკმარისია, რომელსაც იტანდა ჩვენი პოეტი და მასთან ყველანი ამ დროს…“
იონა მეუნარგია:
„... გრიგოლ სიყმაწვილეში ერთობ პატარა ტანისა იყო, ასე რომ შინაურობაში იმას „კურკას“ ეძახდნენ. თოთხმეტის წლისა რომ შეიქნა, დიმიტრი ორბელიანმა დანიშნა იგი თავის ძმის ყაფლანის ქალზე – სოფიოზე, რომელიც მაშინ სამის წლისა იყო, მაგრამ ეს ქორწილი არ მოხდა, რადგანაც როდესაც გრიგოლ რუსეთში იყო, სოფიო მიათხოვეს ერთს რუსის ჩინოვნიკს, ბეზაკს...  კეთილშობილთა სასწავლებელი ჯერ არ დაესრულებინა გრიგოლ ორბელიანს, რომ ქალაქში გაიხსნა არტილერიის სასწავლებელი. გახსნისთანავე გრიგოლ გადავიდა ამ სასწავლებელში, რადგანაც საკუთარი მისი სურვილიც სამხედრო დიდებისკენ მიისწრაფებოდა და დიდ-მამასაც ეს უნდოდა. ჩვიდმეტი წლისა ის შევიდა იუნკრად 21-ს არტილლერიის ბრიგადაში; ოცდაერთის წლისა ის განწესდა პორტუპეი-უნკრად საქართველოს გრენადერის პოლკში; ოცდაორის წლისას იმას მისცეს პრაპორშჩიკობა და ამ წელში მიიღო იმან პირველად „ცეცხლით ნათლის ღება“ მტრისაგან, ესე იგი, ომში მონაწილეობა. აი, რა საქმეში და ბრძოლაში ერია გრიგოლ ორბელიანი თავის მსახურების პირველ წლებში: 1822-ს ის იყო მონაწილე გენერალ-ლეიტენანტის თავადის ერისთავის რაზმისა, როდესაც ამან დაამარცხა და ციხე წაართვა ჭარის ლეკებს… ამას აქეთ მთელი შვიდი წელიწადი გრიგოლ ორბელიანი რუსეთში მსახურებდა. 1831-ს გრიგოლ ორბელიანი მივიდა ნოვგოროდს, საცა ჰქონდა ბანაკი საგანგებო პოლკს, და თავის ტომისაგან მოსშორებული, ღარიბ-ღატაკი პრაპორშჩიკი გაერთო თავის სამსახურს... უდარდელად, უზრუნველად ლხინის მოყვარე, დაუდევნელ ჭაბუკ აფიცერთა ამხანაგობაში, პოეტი ვერც კი ამჩნევდა, რა მალე მიდიოდა დრო-ჟამი, როდესაც 1833-ს „უცებ გრიგალმა უბედობისა“ დაჰქროლა მისს სიცოცხლეს, „ძლივს გაშლილს სასიხარულოდ“. პოეტს დასწამეს პოლიტიკური ორგულობა და დაიჭირეს. ის ჯერ პეტერბურგს წაიყვანეს ნოვგოროდიდამ და იქიდამ გამოაგზავნეს ქალაქს, საცა უნდა გარჩეულიყო საქმე სხვათა პოლიტიკურთა დამნაშავეთა, ორგულობის მონაწილეთა. 1829 წელს თბილისში დაარსდა ფარული საზოგადოება, რომელსაც უნდოდა გაეთავისუფლებინა ჩვენი ქვეყანა რუსეთის დამოუკიდებლობიდამ. ამ საზოგადოების მოთავენი იყვნენ: ბატონიშვილები: ოქროპირ და დიმიტრი და თავადნი: ალექსანდრე ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ია ფალავანდოვი, გიორგი ერისთავი, მამუკა ორბელიანი და სხვანი მრავალნი. შეთქმულების უმთავრესთა მონაწილეთაგანნი იყვნენ ეგრეთვე ქართულ გაზეთის რედაქტორი სოლომონ დოდაევი, მასწავლებელი სოლომონ რაზმაძე და ბერი ფილადელფოსი, გვარად კიკნაძე. 1830 წელს, როცა პოლშაში არეულობა მოხდა ამ საზოგადოებამ უფრო დიდის გულს-მოდგინებით მოჰკიდა ხელი თავის საქმეს. შეთქმის მოთავედ გადასწყვიტეს, არეულობა მოეხდინათ 1832 წლის დამლევს, როცა თავად-აზნაურების კრება იყო დანიშნული ქალაქში. ამ დროისათვის თითოეულს ამათგან უნდა ეშოვნა საკმაოდ დაიარაღებული ხალხი და მისთვის მიჩენილი საქმე აესრულებინა. დანიშნულს საათს უნდა დასცემოდნენ ხაზინას, არსენალს, მაღაზიებს, უნდა გაევრცელებინათ ხმა დაბალ ხალხში, რომ ქართველების სალდათად გაყვანას აპირებენ რუსები და მოემხროთ დაბალ ხალხს გარდა თბილისში მყოფი პოლაკები. არეულობა უნდა დაწყობილიყო ბაღში, რომელიც უნდა გაემართა თავად-აზნაურობას და რომელზედაც უნდა მოეწვიათ ყველა თბილისში მყოფი მართებლობის უმაღლესნი წევრნი რუსთაგან. ყველა ესენი და ამათ მომხრნე ქართველები უნდა დაეხოცათ ამ ბაღში. მერე უნდა შეექმნათ ქალაქში ზარების რეკვა, გამოესვენებინათ ეკლესიიდან ხატები, დაეფიცებინათ ხალხი და ამ სახით მოეხდინათ არეულობა საქართველოს გათავისუფლებისათვის. მაგრამ შეთქმულთ გაუცუდთა თავიანთი განზრახვა. ერთმა მოთავეთაგანმა, ია ფალავანდოვმა, 6 დეკემბერს, ყოველივე ამ საქმის გარემოება მოახსენა მთავრობას. 1833 წლის ოქტომბერში საქმის წარმოება გათავდა. გრიგოლ ორბელიანი ჩარიცხულ იქმნა მეშვიდე წყობის დამნაშავეებთან (სულ იყო ათი წყობა), იმ დამნაშავეებთა, რომელთა შორის იყო თავადი ალექსანდრე
ჭავჭავაძეც მთავარ-მართებულმა გრიგოლ ორბელიანი გაათავისუფლა საპყრობილედამ, როგორც მცირე დამნაშავის მექონი და გააგზავნა სამსახურებლად კავკასიის ლინიაზე… საპყრობილედან რომ გამოვიდა გრიგოლ ორბელიანი, მოუკვდა იმას საყვარელი დედა, ერთადერთი იმედი, რომელიც „ახარებდა გულსა მისსა“. ამ ორმა ზედი-ზედ წარსულმა ჭირმა სულ ჩაუშხამეს პოეტს ყმაწვილი კაცობა, მამამისი მკვდარი იყო, ძმა სხვაგან მსახურებდა, ოჯახი ვალით იყო სავსე… მე დანაშაული არა მქონდაო, სწერდა პოეტი საქართველოს დედოფალს… „სწრაფად მოვფრინდი ტიფლისს, მაგრამ უფრო სწრაფად ავლაბრის ყაზარმებში ამოვყავ თავი, სადაც სამი თვე ვიჯექ… სწორედ ამ დროს დედაც მომიკვდა. ვხედავდი ჩემის ფანჯრის პატარა ჯუჯრუტანიდან როგორ გაასვენეს მისი კუბო. მტერსაც კი არ ვუსურვებ გამოსცადოს ჩემი ტანჯვა. ქვად ვიქეც, ყველა დავივიწყევი, დედის სიკვდილიც კი და რამდენსამე დღეს უჭმელ-უსმელი, უძილო და უტყვი ვიყავი, ცრემლი არ გადმომიგდია, რამდენისამე დღის შემდეგ გამომიშვეს კიდეც, თითქოს დედის სიკვდილით მეყიდოს ეს თავისუფლება. მამის სახლი დაცარიელებული და დამწუხრებული დამხვდა, სადაც 28 დღე დავყავი, ვითომ აწეწილი საქმეების გასარიგებლად, მაგრამ ნამდვილად კი, ვგონებ, სულ არა გამიკეთებია-რა. ღამე, მთვარის შუქზედ, თვალცრემლიანი ვეამბორე დედის საფლავსა და წაველ კავკასიას ნავაგინსკის რაზმში სამსახურად, სადაც დროებით ვიქმენ გამწესებული...“ კავკასიის ლინიაზე პოეტს არ უნდოდა დარჩენა მეტადრე მისთვის, რომ ის იქ სულ ავად იყო. ამისთვის მოუვიდა თუ არა ბრძანება რუსეთში გადასვლისა, პოეტი ჯერ კიდევ ავადმყოფი გაემგზავრა პოლკში. ეს მოგზაურობა დაწვრილებით აქვს აწერილი პოეტს. უგზოობისა და უცხენობისა გამო იგი ხან ურმით მიდიოდა რუსეთში, ხან აქლემით, ხან ნავით. დონზე რომ მივიდა, ეს „მშვიდი“ მდინარე… დაუხვდა გადასული 11 ვერსტზე. ცოტა დააკლდა, რომ მისმა მოზღვავებულმა ტალღამ სულ არ იმსხვერპლა პოეტის  სიცოცხლე. ნავი გადაბრუნდა და პოეტი თავის ბიჭით და მთელის თვისის ბარგით ჩავარდა წყალში, რომელსაც ის გადაურჩა მხოლოდ ყაზახების წყალობით… პოლშაში სამი წელი დაჰყო პოეტმა. ის ქვეყანა იმას დიდად მოსწონდა. „პოლშა საქართველოს ჰგვანდა“. „პოლშელები ქართველებსავით სტუმრის და ლხინის მოყვარენი იყვნენ“. „პოლშას ქალნი – ჩვენებსავით, ლამაზნი“. მაგრამ საქართველო სულ სხვა ანდამანტი იყო პოეტისთვის. მისკენ „მიისწრაფიდნენ ფიქრნი და სურვანი მისნი“… სადაც ცხოვრობდნენ პოეტის გულის ვარდნი: სოფიო ორბელიანისა, ნინო გრიბოედოვისა… სოფიო ორბელიანზე, როგორცა ვთქვით ზემოთ, პოეტი ჯერ აკვანშივე იყო დანიშნული, „ძველთა ქართველთა ჩვეულებისამებრ“, როგორც იტყოდა პლატონ იოსელიანი. არ ვიცი, როგორი იყო ამ ორთა ურთ-ერთ შორის მიმართულება ყმაწვილობის დროს, მაგრამ პოეტის მიერ მიწერ-მოწერისაგან სჩანს, რომ კნევის პოლკში მყოფობის დროს პოეტის გრძნობა ჯერ ისევ დიდი იყო მისადმი. 1835 წელში ის სწერს ალექსანდრე ჭავჭავაძის ცოლს, სალომეს…  1835 წელს კნეინა მანანა ორბელიანისა სწერს რიგაში მყოფ პოეტს: „...შენი სოფიკო აქ არის და ვნახე; კიდეც დაველაპარაკეთ მე და ეკატერინე შენზედ. ის უარს არ ამბობს. კიდეც შევირთამო ოღონდ ვნახოო. აბა სადა ხარ, ჩემო სიცოცხლე, რომ ერთს საათს ჯვარს გადაგწერდით და იქნებოდით ბედნიერი... აბა, ეხლა, ჩემო კურკავ, ეცადე, რომ მოხვიდე მალე, თორემ რვა თვეზედ წამოვლენ პეტერბურგში და დამრჩები ცალიერი”… იმან ითხოვა მთავრობისაგან ერთი წლის „ოტპუსკი“ და იმედი ჰქონდა, რომ დასტურს მიიღებდა, მაგრამ… პოეტმა ახალი თხოვნა შეიტანა, მაგრამ გვიანღა იყო! სოფიო გათხოვილიყო ქალაქში მთავარ-მართებლის კანცელარიის მმართველზე, ბეზაკზე. კნეინა მანანა ორბელიანი სწერდა პოეტს. „შენი საყვარელი სოფიო გაგითხოვდა!“ და შემდეგ მის გულის დასამშვიდებლად უმატებდა: „მე მიხარიან ამისთვის, რომ შენ უკეთესის ღირსი ხარ მე და ნინოს (გრიბოედოვისა) კიდეცა გვყავს მომზადებული შენთვის ცოლი, თუ გახსოვს გულბაათის ძმისწული ლიზინკა. ასეთი გალამაზებული არის, რომ ნახო მოგეწონება. მოგვწერე ჩვენი აზრი, როგორ მოგეწონა. თუ მოგვწერ, მოგიცდიან, არ გაათხოვებენ. შენც მოხვალ, ნახავ და ჯვარსაც დაგწერთ.“ ზაქარია მისი ძმა სწერდა: „ჰა! გრიგოლ, ტირილს ნუ მოჰყვები, თორემ ფულს არ გამოგიგზავნი.“ იგივე მეორე წერილში... „გრიგოლ, რაც ნივთები გიჩუქნია სოფიოსათვის, მინდა ვსთხოვო უკანვე, რადგანაც იგი გათხოვდა და შენ არ გაგიშვია. ესე არის ჩვეულება, რას მეტყვი?“ რუსთაველის თქმისა არ იყოს, „ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან“, ვის არ გამოუცდია ერთხელ მაინც გულით საყვარელი ქალის გათხოვება… ვერ ინუგეშებდა პოეტი ვერც გრიბოედოვის ქვრივის ნინოს სიყვარულით, რადგანაც ამათ მიწერ-მოწერა არა სჩანს, რომ მშვენიერებით შესანიშნავ ქვრივს, რომელიც იყო კერპად თანამედროვეთა მისთა საქართველოს თავადთა, ყვარებოდეს პოეტი. პოეტს კი, ეტყობა, დიდად მოსწონდა ნინო, თუმცა ერთ წრეში კი ფიცავს – არ მიყვარსო. მისი ძმა ზაქარია, რომელიც იმავე ტაფაზე იწვოდა, რომელზედაც პოეტი, სწერს, ცოლის შერთვის შემდეგ თავის ძმას: ბიჭო! არა გრცხვენიან? რათ მატყუებდი? შენ ჩემზე მეტად გყვარებია ნ. და ჩემ წინ მალაყებს რათ თამაშობდი? ეხლა შენ დაგრჩა ბურთი და მოედანი“. ამას შემდეგ პოეტს ცოლის შერთვის სურვილიც დაეკარგა. სიყმაწვილემ თან წაიღო მისი ეშხიც და ლაზათიც. ამასთან, თმაში თეთრი გამოერია და პოეტმა დაიწყო: „სახით და გულით უდროოთ დაბერებაზე“ ჩივილი…
 …პოლკში ყოფნის დროს ერთხელ პოეტისათვის რაღაცები მოეპარათ და ამაზე ყორღანოვისთვის მოეწერა. ყორღანოვი სწერდა პასუხად (1835 წელი): „გაქურდვა შენი, რომელიც მოგეწერა, ჰგავს ჩემს თავრიზში გაქურდვასა, სადაც ერთი და უკანასკნელი ჩაის კოვზი მომპარეს, და მთელი თაერიზი პუბლიკაციებით შევარყიე, რომ ამდენი ვერცხლის სერვიზი მომპარეს და ფულიც. აბა, ჩაის ყუთში ფული რათ იქნებოდა. შენს გამქურდავს შენთვის სიკეთე უქნია, რადგანაც ვიცი, რომ მრავალს მათ შესჩივლებ, მითომ კნიაზი ხარ, პომეშჩიკი და იმ ქურდს საპალნეებით შკატულკები გაუზიდნია შენგან და ძვირფასი ნივთეული. ახლა ვოზდუშნის ზამკებსაც იმედიანად დააწყობ, რომ მანდ ზოგიერთი მდიდარ მცნობთაგან მოგივა ასიგნაციებით გატენილი კანვერტები და ეს იმედი მცირეს ხანს გამხიარულებს. ის კი არ იციან მაგათ პომეშჩიკობა ჩვენი, რომ პახოდში ანტონს ხელები დაჰგლეჯოდა ბევრის ფალნის დაკერებით... და ყარდა ცხენის ზურგისთვის ქონის წამლების გაკეთებით. რამდენს ინანიდა შენი ქურდი, როდესაც ნაპარავს გასჩხრეკდა.“ ორბელიანის ქაღალდებში არა ერთი ამგვარი სასაცილო ეპიზოდები არის აწერილი. მისი ქალაქელი მეგობრები ხშირად სწერდენ იმას და აუწერდენ ქალაქის განცხრომას, ლხინს, არშიყობას და მით უფრო უძლიერებდნენ პოეტს საქართველოში წამოსვლის სურვილს…   მთელი თავისი ღონისძიება თავის დაცემულის ოჯახისა და გვაროვნობის აღდგენას მოახმარა. ვერ წარმოიდგენს, ვერ დაიჯერებს დღევანდელი ქართველი, რომ შეიძლებოდეს ასეთი თავგანწირული სიყვარული ძმათა და ნათესავთა, როგორსაც ვხედავთ ჩვენ პოეტის წერილებში და ცხოვრებაში…1857 წელს ორბელიანმა „კახეთის სისხლი აიღო!“ იმან რამდენჯერმე დაამარცხა სალათავიაში შამილის ჯარი… აი როგორი ცხოვრება მოჰყვა იმ შიშით და გაჭირვებით სავსე ცხოვრებას, რომელსაც თავისი სპეციალური გემო და სიამოვნება ჰქონდა, რომელიც თითონ პოეტმა ასეთის ხელოვნებით აღწერა ერთს თვის ზემოთ-მოყვანილს დღიურში...“

скачать dle 11.3