კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რატომ უპირისპირებს თბილისი დუმილს სეპარატისტების ვერსიას აფხაზეთში ომის შესახებ

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

რუსული მედია ამ ბოლო დროს გამორჩეულ ყურადღებას უთმობს ყოფილ აფხაზ სეპარატისტ პოლიტიკოსებს. სერგეი შამბას ინტერვიუს შემდეგ „ეხო კავკაზა“ სტანისლავ ლაკობას ნააზრევით დაინტერესდა, რომელიც 1991-1996 წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი და თავჯდომარის მოადგილე იყო, ხოლო 2005-2009 და 2011-2013 კი – ეგრეთ წოდებული უშიშროების საბჭოს მდივანიც. სტანისლავ ლაკობა 1992-1993 წლებში აფხაზეთში დატრიალებულ ომზე ლაპარაკობს და მის გაჩაღებაში რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტ ელცინსა და, რასაკვირველია, დასავლეთს ადანაშაულებს. რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუს მსმენელსა და მაყურებელს დიდად აინტერესებდეს აფხაზეთის ომის დეტალები, ცხადია, რომ ამ საინფორმაციო შემოტევას სულ სხვა მიზანი აქვს. თუ რა, ამის შესახებ სოსო ცინცაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც იმხანად ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გახლდათ.
– „ეხო კავკაზა“, არ მგონია, მაინცდამაინც, მკაცრად კონტროლდებოდეს კრემლისგან, თუმცა არც იმას ვფიქრობ, რომ მათ მსმენელს ლაკობას ნაამბობი აინტერესებს. რატომ მიეძალნენ სეპარატისტების მოგონებებს რუსი ჟურნალისტები?
– ამიტომაცაა, რომ ამ ინფორმაციას ავრცელებს „ეხო კავკაზა“ და არა, ვთქვათ, „ეხო მოსკვი“. სეპარატისტული აფხაზური რეჟიმის ყოფილი მაღალიჩნოსნების ნაამბობები უკვე მემუარული ლიტერატურაა, რომელსაც თავისი შარმი აქვს. მით უმეტეს, მკითხველისთვის, რომელსაც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს გასული საუკუნის 90-ანი წლების მოვლენებზე. მემუარულ ლიტერატურას თითქოს პრეტენზია აქვს პირველწყაროობაზე, მაგრამ ამავე დროს ამისადმი ძალზე ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ბატონი ლაკობა რომ წერს, მე ჯაბას ვუთხარი, მან ის მიპასუხაო, ვინც კარგად იცნობდა ჯაბას, ვერ დაიჯერებს, ჯაბა ლაკობასთან ასეთი გულახდილი ყოფილიყო, რომ ერთი რამ იქ ეთქვა და მეორე – თბილისში. გარდა ამისა, საინტერესოა, რატომ ერთხელაც არ იმოწმებს ლაკობა ლევან ალექსიძეს, რომელიც ჯაბაზე აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში ზვიადის დროსაც კი?! პროექტ „28/26/11-ის“ ავტორი ლევან ალექსიძეც იყო. ასევე, ლაკობა კრინტს არ ძრავს, თუ როგორ წარმოიშვა აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობა გასული საუკუნის 80-ან წლებში. ისე გამოჰყავს, რომ ლიხნის წერილი იყო ზვიადის მოქმედების შედეგი, მაგრამ იმ პერიოდში ზვიადს არ ჰქონდა ისეთი გავლენა, რომ მთელი აფხაზეთი ყურებზე დაეყენებინა. გაკვრით ახსენებს ვორონოვს, თუმცა, მაშინ ვორონოვი იყო არძინბას კურატორი მოსკოვიდან და შუამავალი – არძინბასა და ელცინის ადმინისტრაციას შორის. როდესაც შევარდნაძე ხვდებოდა ელცინს, ერთი სართულით მაღლა აფხაზეთის დელეგაცია, მათ შორის, ვორონოვიც შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს. რამდენჯერმე ახსენებს დესანტს: მაგრამ არ ვიცი, რომელ დესანტს გულისხმობს, რადგან მე ვიცი, რომ ტამიშში რუსებმა გადმოსხეს დესანტი, რომლებიც ქართულმა მხარემ გაანადგურა. სიმართლეა, რომ დსთ-ში შესვლაზე შევარდნაძე ფეხს ითრევდა. კარგად მახსოვს, როდესაც ბეპაევმა კიტოვანს 60 ტანკი გადასცა, თქვა: თქვენ მიიღეთ შესანიშნავი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც გადაწყვეტთ ყველა ამოცანასო, მაგრამ იმ ტანკების ნახევარი სამტრედიამდეც ვერ ჩავიდა. კიტოვანი შევარდნაძეს არ შეეკვრებოდა: შევარდნაძემ თავის დროზე დაიჭირა კიტოვანის მამა და ამიტომ კიტოვანს ჭირის დღესავით ეჯავრებოდა შევარდნაძე.
– ოთხეულში სიმპათიები ასე იყო გადანაწილებული: სიგუა-კიტოვანი და შევარდნაძე-იოსელიანი.
– იოსელიანი ცოტა ცალკე იყო, მაგრამ უფრო შევარდნაძესთან. ლაკობა ტყუის, როცა ამბობს, რომ შევარდნაძე ომის მომხრე იყო, ვინაიდან, როდესაც კიტოვანი აფხაზეთში შევიდა, შევარდნაძისთვის მოულოდნელობა იყო, თუმცა სახელმწიფო საბჭოს სხდომებზე ეს საკითხი განიხილებოდა.
– მე წამიკითხავს სახელმწიფო საბჭოს, თუ არ ვცდები, 10 აგვისტოს სხდომის სტენოგრამა, როდესაც გადაწყდა აფხაზეთში შესვლა რკინიგზის დაცვის მოტივით და იქ ნათლად ჩანს, რომ შევარდნაძე აჩქარებდა კიტოვანს, კიტოვანი კი პასუხობდა, რომ ვერ მოასწრებდა თოთხმეტისთვის. თუმცა ისიც ვიცი, რომ, როდესაც აფხაზეთისკენ დაიძრა კიტოვანი, შევარდნაძე ურეკავდა, ის კი არ მიდიოდა ტელეფონთან.
– დიახ, უნდა შესულიყო, მაგრამ სროლა არ უნდა ამტყდარიყო. არიან მოწმეები, რომლებიც ყვებიან, როგორ ეუბნებოდა კიტოვანი, თუ დარეკავს თეთრი მელა, უთხარით, რომ მე არ ვარო.
ლაკობა ხმას არ იღებს, როგორ მოექცნენ აფხაზები მშვიდობიან ქართველებს. როგორ მიმდინარეობდა უმაღლესი საბჭოს სხდომები აფხაზეთში, როდესაც თბილისმა შესთავაზა 26/28/11 პრინციპი. გათვლილი იმაზე, რომ აფხაზეთში მცხოვრები დანარჩენი ეთნოსების 11 ხმიდან ქართველები სამს მაინც თუ გადმოიბირებდნენ, გავიდოდა ქართველების გადაწყვეტილებები, მაგრამ რეალურად სამი კი არა, იმ თეთრთმეტიდან ერთი ხმაც ვერ მოაგროვეს. მეტსაც გეტყვით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხდომებს 26 ქართველი დეპუტატი არასდროს დასწრებია. მე კარგად მახსოვს არძინბას იმდროინდელი განცხადებები: ქართველები არიან აფხაზეთის კანონიერი მოსახლეები და მე პირადად ვაგებ პასუხს მათ კუთვნილ მანდარინის თითოეულ ხეზეო. მანდარინის ხე კი არა, ქართველებს სახლები არ დაუტოვეს. ცხადია, ლაკობა არაფერს ამბობს ქართველების გენოციდზე და მუდმივად იმოწმებს გენერალ შარაშენიძეს, რომელიც რუსი გენერალი და გარუსებული ქართველი, პანტელეიმონ გიორგაძის გადაბმული მეგობარი იყო.
– აფხაზეთში ომის დაწყებაში ადანაშაულებს ელცინსა და დასავლეთს. როგორ უნდა გავიგოთ ეს?
– ელცინს არაფერი აქვს სასაყვედურო და ტყუილად აბრალებს. ელცინი გამოდიოდა და საჯაროდ ამბობდა: მოაშორეთ ჯარები, ედუარდ ამბროსის ძევ. ელცინის წინააღმდეგ ამერიკა არანაირ ზომებს არ მიიღებდა, იმიტომ რომ სწორედ ელცინზე დებდნენ ფსონს. მერე რა, რომ ლოთია, მთავარია, რეფორმები გაატაროსო. დასავლეთის დადანაშაულება კი, უბრალოდ, მოდაა.
– რა არის ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელების მიზანი?
– დამუხრუჭდა აღიარების პროცესი, აფხაზებს მეტი ფულის იმედიც ჰქონდათ. მხოლოდ სამმა ქვეყანამ აღიარა და სირიამ, მაგრამ, თუ ვითარება ოდნავ შეიცვალა, ასადი თავის აღიარებას უკან წაიღებს. ჩემთვის საინტერესო იყო „ეხო კავკაზას“ საიტზე ამ ინტერვიუს ქვეშ ორი გამოხმაურება: ერთი ეკუთვნოდა რუსეცკის, პრორუსს, რომელიც წერდა, აქ რა არის ტყუილიო, არადა ლაკობას ნაამბობში ნახევარზე მეტი ტყუილია. და მეორე – ქართულ ენაზე დაწერილი კომენტარი, აფსუების გინება. ჩვენ დღეს რას ვუპირისპირებთ ასეთ ინფორმაციებს, რომელშიც ტყუილ-მართალი კოქტეილივითაა აზელილი?! დედის გინებას?! შეიძლება, მართლაც არ არიან აფხაზები და აფსუები არიან, მაგრამ უკვე არაპროდუქტიულია ამაზე ლაპარაკი. ან, თუნდაც, საქართველოს ნებისმიერ ადგილას გააჩერეთ ნებისმიერი და ჰკითხეთ, აფსუა რით განსხვავდება აფხაზისგანო, არავინ იცის. არადა გვყავს ამ დარგის სპეციალისტები, გვაქვს სოხუმის უნივერსიტეტი. წერენ ქართულად, მაგრამ ამ პოლემიკაში ჩვენი სპეციალისტები დროს ჩამორჩნენ. სოციალური ქსელები ჩვენთან შიდა პოლიტიკისთვის გამოიყენება: მიშას საგინებლად, სალომეს საგინებლად, პოლიტიკოსების საგინებლად და არ ვიყენებთ საერთაშორისო არენაზე გასასვლელად. დღეს აღარ არის ტანკებისა და ავტომატების ომი, ახლა არის საინფორმაციო ომი. ლაკობას იაპონიაში გამოუშვია წიგნი. ნუთუ ჩვენს ხელისუფლებას იმდენი ფული არ აქვს, რომ გამოაცემინონ წიგნები სპეციალისტებს, რადგან, თუ ფულს გადაიხდი, მოსკოვშიც კი გამოსცემ ნებისმიერ წიგნს. საქართველოს პარლამენტში რომ ორმოცი მილიონერია, დააფინანსონ დოკუმენტურად კარგად დასაბუთებული წიგნი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, ოღონდ გინება კი არა, მეცნიერული ანალიზი. ნებისმიერი გამომცემლობა დაბეჭდავს, თუ ფულს გადაიხდი. თან, მოსკოვში არის ჩვენი დიასპორა და მათ შეუძლიათ, უფასოდ გაავრცელონ. ჩვენ ვპასიურობთ და ამიტომაც ვაგებთ ამ საინფორმაციო ომს. ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება შედეგი. ობიექტურად განწყობილი რუსებიც კი ამბობენ, როდესაც ვეკამათები, თქვენ დიდები ხართ, აფხაზეთი მცირე ეთნოსია, რატომ არ გამონახეთ საერთო ენა, რატომ შეხვედით ტანკებით და მოუწყვეთ გენოციდიო, მაშინ, როდესაც პირიქითაა საქმე: ქართველებს მოუწყვეს გენოციდი. რა გახდა ერთი მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება ჭუბერის ტრაგედიაზე?! გააგებინე ყველას, რა მოხდა! მაგრამ ჩვენ ანალიტიკოსებიც კი არ გვყავს: ჩვენთან არიან ამა თუ იმ პარტიის დამცველები. მიშისტი ანალიტიკოსები და ანტიმიშისტი ანალიტიკოსები, საქართველოს ინტერესების დამცველი არავინაა, იმიტომ რომ ამაში არავინ იხდის ფულს. ნუთუ, ასე ძნელია, შეიქმნას ასეთი სამსახური?! მთავარი პრობლემა ესაა ჩვენთვის და არა ის, რას იტყვის ლაკობა.
– მეც ეს მაინტერესებს, როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია.
– ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მემუარული გამოსვლა. ის კაცი აღარავის ახსოვს, საჯარო პოლიტიკაში აღარ არის წამსვლელი, ამიტომ გადაერთო მემუარულ ჟანრზე. ცდილობს არძინბას გამართლებას, მაგრამ არსად წერს, რომ პრიმაკოვმა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, არძინბას დისერტაცია არ მიიღო, გადმოუგდო, იმიტომ რომ უვარგისი იყო. ამიტომ არძინბას მხარდამჭერებმა ძეგლი უნდა დაუდგან ორ ქართველ აკადემიკოსს: კუკური გიორგაძესა და თამაზ გამყრელიძეს. მათ გახადეს დოქტორი არძინბა, ჩვენ დავაცვევინეთ დისერტაცია, იმ იმედით, იქნებ ჩვენკენ შემობრუნდესო.
– და, როგორც ჩანს, მწარედ შევცდით.
– ის ხმას არ იღებს ქართველების გენოციდსა და ლტოლვილების დაბრუნებაზე. მეტიც, მოსკოვში მცხოვრებ ყველა ეროვნების აფხაზეთიდან ლტოლვილს დაუბრუნეს სახლები, გარდა ქართველებისა. ლაკობა რომ იხსენებს, ესა და ეს მითხრა გივი ლომინაძემო. გივი ლომინაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, სოხუმში, საკუთარ კაბინეტში სცემეს და ისე გამოაგდეს. მახსოვს, არძინბას გამოსვლა ამ ფაქტის გამო: ერთხელ წამოარტყეს, დიდი ამბავიო. ჩვენ კი ნაცვლად იმისა, რომ ამას ღირსეული პასუხი გავცეთ და გავავრცელოთ სიმართლე, უმდაბლესი ხარისხის ლანძღვა-გინებით ვპასუხობთ ხოლმე. ჟურნალისტებმაც უნდა იაქტიუროთ სოციალურ ქსელებში და გასცეთ პასუხი დეზინფორმაციას.
– მე სულ ვებრძვი სეპარატისტებსა და ოკუპანტებს სოციალურ ქსელებში და ჯეროვან პასუხსაც ვცემ.
– სპეციალისტებიც უნდა ჩაერთონ, აფხაზეთიდან გამოყრილი მაღალკვალიფიციური ისტორიკოსები, რომელთა თვალწინაც ეს მოვლენები ვითარდებოდა. მათ უამრავი ფაქტი აქვთ აფხაზი სეპარატისტების მემუარული ზღაპრების გასანეიტრალებლად, მაგრამ ჩვენ არაფერს ვპასუხობთ და ამ ფონზე ისიც კი მიკვირს, ასე ცოტა ქვეყანამ რატომ აღიარა ჩვენი სეპარატისტული რეგიონები. ეტყობა, ისევ აშშ მუშაობს. ერთხელაც რომ ხელი ჩაიქნიოს, ალბათ, ნახევარი მსოფლიო ერთ დღეში აღიარებს სოხუმსა და ცხინვალს.
скачать dle 11.3