№46 კოსმოსური ვნებები
„გზები მაინც გამინათე, მთვარეო“
ჯერ კიდევ 2017 წელს დაგეგმეს აშშ-მა და რფ-მ მთვარეზე კოსმოსური სადგურის აგება, სამუშაოების დაწყებას კი 2022 წლისთვის იმედოვნებდნენ, მაგრამ 2018 წელს წაკინკლავდნენ, როგორც „როსკოსმოსის“ წარმომადგენელი განმარტავს, ამერიკელებს კოსმოსში გასასვლელი ამერიკული სტანდარტებით უნდოდათ, რომელიც მხოლოდ ამერიკულ სკაფანდრებს ატარებს.
ეს, ცხადია, ჩრდილოელებს არ მოეწონათ, ამიტომაც, როგორც გაირკვა, რფ დამოუკიდებლად აპირებს მთვარის ათვისებას.
შესაბამისად, ოქტომბერში დმიტრი როგოზინმა („როსკოსმოსის“ თავკაცმა) განაცხადა, რომ უახლოეს წლებში რფ შეძლებს, მიუახლოვდეს მთვარის ორბიტას: რაკეტა „ანგარითა“ და ხომალდ „სოიუზით“.
ნოემბერში კი ბრძანა, რომ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ და „როსკოსმოსმა“ ორ კვირაში უნდა მოამზადოს მთვარის ათვისების კონცეფცია.
საბოლოოდ კი, ირწმუნება, რომ მთვარეს მთლად არ დაასახლებენ, მაგრამ ხშირად მოინახულებენ ამ ეტაპზე რობოტიზებული სისტემები, ანუ ავატარები.
თავისთავად ცხადია, არც აშშ-ელები სხედან უქმად და ისიც გასაგებია, რომ კოსმოსსაც ინაწილებენ და ყველაფერი, ბუნებრივია, დასწრებაზეა.
თუმცა აი, თუ ოკუპანტებმა დაასწრეს ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს, არც ისაა გამორიცხული (რაკი „ღამით გზები გამინათე, მთვარეო“), ღამღამობით დედამიწაც დააბნელონ, ოღონდ იდეალური ვარიანტი, ალბათ, მაინც ის იქნებოდა, თუკი მთვარეზე გასახლდებოდნენ: დედამიწაც დაისვენებდა და მზეც.