№46 „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ – ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის სამსახურში
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. ამჯერად, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ მამოლოგი, ონკოქირურგი ქალბატონი სალომე ნიჟარაძე გვესაუბრა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სიმპტომებზე, გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობის მეთოდებსა და ბევრ საინტერესო თემაზე.
– ქალბატონო სალომე, რა სიმპტომები ახასიათებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები?
– სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარება 4 სტადიად იყოფა. პირველ სტადიაში დაავადების სიმპტომები თითქმის არ არსებობს და მათი აღმოჩენა ხდება მამოგრაფიული და სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის საფუძველზე. დაავადების გავრცელების პროგრესირების შედეგად ჩნდება ძუძუს კიბოს სიმპტომები, როგორიცაა სიმსივნური კვანძის არსებობა სარძევე ჯირკვალში, სარძევე ჯირკვლის კონტურის დეფორმაცია, ძაბრისებრი ჩაღრმავება, ლიმონის ქერქი, კანის ინფილტრაცია, ფიქსაცია, სისხლიანი გამონადენი დვრილიდან, ლიმფური ჯირკვლების გადიდება იღლიის ფოსოში და ასე შემდეგ.
კიბო პოლიეტიოლოგიური დაავადებაა და მას ერთი მიზეზი არ იწვევს. მიიჩნევა, რომ სარძევე ჯირკვლის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ადრეული მენსტრუალური ციკლი, ხშირი აბორტები, უშვილობა, გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი, სტრესი, გენეტიკური ფაქტორი და ცხოვრების არასწორი წესი. სარძევე ჯირკვლის ქსოვილისთვის აუცილებელია ძუძუთი კვება, ეგრეთ წოდებული, ლაქტაცია, რომლის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 9-12 თვეს. რეკომენდებულია, ასევე, 3-4 შვილის ყოლა 3-4 წლის ინტერვალით.
– როგორია მკურნალობის მეთოდები და ასრულებს თუ არა გენეტიკური ფაქტორი გარკვეულ როლს?
– სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობაში გამოიყენება როგორც ქირურგიული, ასევე ქიმიო-, სხივური, იმუნო- და ჰორმონოთერაპია, ანუ ყველა ის მეთოდი, რომელიც თანამედროვე ონკოლოგიაში არსებობს. გენეტიკური ფაქტორის როლი დიდია. მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, გენეტიკური კიბო პაციენტების 10-30 %-ში გვხვდება. კიბოს მემკვიდრული წინასწარგანწყობის აღმოსაჩენად ტარდება გენეტიკური კვლევები. აღნიშნული კვლევების საშუალებით დგინდება გენეტიკური მუტაციები, ადამიანის წინასწარგანწყობა სხვადასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნეებისა და გენეტიკურად დეტერმინებული დაავადებების მიმართ. წერტილოვანი მუტაციები და ქრომოსომული დარღვევები ზუსტად ადგენენ სიმსივნის ბუნებას, იძლევიან დაავადების წარმოშობისა და მიმდინარეობის პროგნოზს და უზრუნველყოფენ მაქსიმალურად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მკურნალობის პროცესში. გენეტიკური კვლევის ლაბორატორია უკვე მეორე წელია, წარმატებით ფუნქციონირებს „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“. აღნიშნული კვლევები ზოგავს პაციენტის რესურსებს და ზრდის წარმატებული მკურნალობის ალბათობას.
– როდის ხდება კვანძის ამოკვეთა და რა შემთხვევაშია საჭირო ქიმიოთერაპიით მკურნალობა?
– სარძევე ჯირკვლის კვანძთა 70-80 % კეთილთვისებიანი სიმსივნეებია, ხოლო დანარჩენი – ავთვისებიანი, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კიბო და სარკომა. ნებისმიერი კეთილთვისებიანი სიმსივნე პოტენციურად ავთვისებიანია. ამიტომ, უჯრედების ტრანსფორმაცია რომ არ მოხდეს, რეკომენდებულია მათი ამოკვეთა. არსებობს წინასაოპერაციო ანუ ნეოადიუვანტური და ოპერაციის შემდგომი, ეგრეთ წოდებული, ადიუვანტური ქიმიოთერაპიის კურსები, რომელთა გამოყენება ხდება პაციენტის ასაკის, დაავადების სტადიურობის, მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მონაცემების გათვალისწინებით. ამავე კვლევებით ინიშნება ჰორმონო- და იმუნოთერაპიის მკურნალობაც. არსებობს მკაფიოდ გაწერილი რეკომენდაციები, ხოლო კონკრეტიზაცია ხდება ქირურგის, ქიმიოთერაპევტისა და რადიოლოგის ერთობლივი გადაწყვეტილებით.
– არის თუ არა ძუძუს კიბო განკურნებადი და რას ურჩევდით ქალბატონებს?
– ადრეულ სტადიაში სარძევე ჯირკვლის კიბოს 90-95 % განკურნებადია. სტადიურობის მატებასთან ერთად მცირდება განკურნების პროცენტი. ლოგიკურად, სასურველია დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენა. ამის საშუალებას იძლევა დაავადებათა სკრინინგი, რაც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში უფასოა.