№45 როდის აპირებდა თამარ ივერი აივნიდან გადახტომას და რა ტკივილი გასდევს მას მთელი ცხოვრება
წარმატებული, ხალისიანი ქალბატონის, თამარ ივერის ცხოვრება უამრავი ტკივილით არის აღსავსე, რამაც ის ძლიერ ადამიანად აქცია.
თამარ ივერი: ისეთ ოჯახში გავიზარდე და ისეთი ადამიანები მყავდა გარშემო, რომ ლამაზი ბავშვობა მქონდა, არ ვიყავით შეძლებულები, იმიტომ რომ მამა მომღერალი იყო, მცირე ხელფასი ჰქონდა. ბაბუა – ჟურნალისტი, გვიჭირდა. მახსოვს, მარწყვი და „დათუნია“ კანფეტი ჩემთვის ბავშვობის დელიკატესი იყო, ამით განებივრებული არ ვიყავი. ძალიან მიყვარდა სიმღერა. დავყვებოდი მამას რუსეთსა და სხვადასხვა ქვეყნებში ფილარმონიის ხაზით კონცერტებზე და სულ ზეპირად ვიცოდი მამას რეპერტუარი. მამა რომ იმღერებდა სოლო კონცერტს, ბოლო ნომრად ყოველთვის მე მამღერებდა. მაშინ რომ ვამბობდი: რა ბედნიერია, ვისაც ბევრი შოკოლადი და კანფეტი აქვს-მეთქი, ახლა ვფიქრობ, მაშინ რა ბედნიერი ვყოფილვარ, როცა გვერდით მყავდნენ საყვარელი ადამიანები – მამა, ბებია, ბაბუა... გამომეცალნენ ხელიდან.
– როდის იცინით?
– ვიცინი, როცა ბედნიერი ვარ, ზოგჯერ რაღაც მომენტებში ჩემს თავზეც ვიცინი, ვცდილობ, რომ ყველაფერს მსუბუქი თვალით ვუყურო, ვიცინი, როცა პოლიტიკოსს ვუყურებ და რაღაცას იტყუება, შავზე თეთრს ამბობს და პირიქით, ძალიან სარკასტულად და ირონიულად.
– რისი გრცხვენიათ?
– უცხოეთში უთქვამთ ხოლმე, ქართველები ერთმანეთს ცუდად ექცევითო და ამ დროს მრცხვენია.
– ჭორების მსხვერპლი ყოფილხართ?
– ვყოფილვარ. ვითომ კარიერა გამიკეთა აჭარის ლიდერმა და მისი ფავორიტი ქალი ვიყავი, რომ მან დამაფინანსა და ალბათ, რაღაც იყო ჩვენს შორის. ვბრაზდებოდი, მინდოდა, ამ ხალხისთვის მეპასუხა, მაგრამ ახლობლებმა დამაწყნარეს. მაშინ ძალიან განვიცდიდი, ახლა მეცინება.
– რეპრესირებული წინაპრები...
– ბაბუა იყო ცნობილი ჟურნალისტი – ვანო ჯავახიშვილი. ბებო ყვებოდა, რომ ღამის ორ საათზე დაადგნენ თავზე ჩინოვნიკები იარაღებით. ბაბუა ლობიოს და რაღაც საჭმელებს აცხელებდა და ერთადერთი გამორთვა მოასწრო. უთხრეს: გარეთ გელოდებით, ათ წუთში ჩაალაგეთ და ბავშვებთან ერთად წამოდითო. ბებიამ მხოლოდ ბავშვების ერთი-ორი ხელი ტანსაცმელი აიღო და ათ წუთში რასაც დაავლო ხელი. ასე ჩაყარეს მთელი ოჯახი საქონლის ვაგონში. რამდენიმე დღე, კვირები, ასე მიდიოდნენ სუნში, ფანჯრების გარეშე, ბევრი გზაში ცუდად გახდა, ბევრი მოხუცი გარდაიცვალა, მერე ჩამოყარეს ყაზახეთში, რაღაც მინდვრებზე და სტეპებზე, სადაც 40-45 გრადუსი სიცხე იყო. ძალიან მძიმე ცხოვრება გაიარა ბაბუამ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეეტყო კიდეც, ძილის დროს გააღებდა ფანჯარას და ყვიროდა: პავლე, არ ისროლო, დაიმალე, ახლა მოდიან მარცხნიდან! ეტყობა, სიზმარსა და ზმანებებში ხედავდა ომის თემას, თანამოსანგრეებს. ბოლოს აგონიაში იყო და ეს ყველაფერი ეჩვენებოდა. იმ დღეებში გარდაიცვალა კიდეც. ეს ჩემი ოჯახის ძალიან დიდი ტრაგედია იყო და მე მადლობელი ვარ, რომ ფსიქიკურად არ დაავადდნენ. საქართველოში სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდნენ.
– რაზე გწყდებათ გული, რისი გაკეთება გინდოდათ და ვერ შეძელით?
– მე არ ვიცოდი, დამირეკეს, ჟურნალში ვიღაც ვეტერანი, კარლო ქველაძე წერს ყაზახეთში თავის გადასახლების წლებზე, ზუსტად იგივე ისტორიასო: პატარა ბავშვი ვიყავი, იქ შემერყა ჯანმრთელობა და პრაქტიკულად ვკვდებოდი, ისეთი დაავადებები დამემართა, რისგან გამოძრომაც ძნელი იყო. მითხრეს, რაღაც სპეციფიკური, მარილიანი წყალია, რომელიც ბევრ დაავადებას ჰკურნავდა და იმ პრობლემასაც არჩენდა, რომელიც მე მქონდა. მაგრამ ეს წყარო ძალიან შორს იყო. მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, ორი პატარა ძმა რომ არ დამხმარებოდა. ესენი ჩემთან ბანაკში ცხოვრობდნენ – ავთანდილ და იაზონ ჯავახიშვილები, რომლებმაც ისე გულთან მიიტანეს ჩემი ავადმყოფობა, რომ მძიმე ვედროებით, დღეში ერთი კილომეტრი მიდიოდნენ, რომ ჩემთვის წყალი მოეტანათ, გზაში იღლებოდნენ, ცუდად ხდებოდნენ, ზოგჯერ ნახევარი ვედრო ექცეოდათ, მაგრამ სიკეთით მოჰქონდათ და დღეს რომ ცოცხალი ვარ, იმათი დამსახურებაა. მათი ასავალ-დასავალი არ ვიცი, მე მგონი, ერთ-ერთი გარდაცვლილაო. ავთანდილი მამაჩემი იყო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი, მამას არასდროს უთქვამს და ისე განვიცადე, ტირილი მინდოდა, მინდოდა ამ კაცს დავკავშირებოდი, რაც მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შევძელი და მისმა ქალიშვილმა მითხრა, ორი თვეა დავასაფლავეთო. ვერ მოვახერხე ამ ადამიანთან შეხვედრა. ვინ იცის, რამდენ საინტერესოს მეტყოდა მამაჩემზე.
– როდის ტირით?
– რაღაცისგან დიდ სიამოვნებას რომ ვიღებ და კულმინაცია მაქვს, ცრემლები მომდის, გულჩვილი გავხდი. სიამოვნების ტირილი უფრო მაქვს, საკმარისია „ტიტანიკი“, ან „რომეო და ჯულიეტა“ და ცხვირსახოცი მზად უნდა მქონდეს.
– ქალის ბედნიერებისთვის მამაკაცი აუცილებელია?
– ალბათ, კი. ზოგჯერ შეიძლება, იფიქრო, მარტოობაა ბედნიერება: არავინ გეკითხება, სად მიდიხარ, სად მოდიხარ. ზოგჯერ, გასტროლზე რომ მივდივარ და მარტო ვრჩები, ეგეც მსიამოვნებს, რა ბედნიერებაა, რომ გადავვარდები ტახტზე... მაგრამ, მაქსიმუმ – ორი კვირა, მერე უკვე მბეზრდება და ვფიქრობ, რა მოსაწყენია. თუმცა, ძალიან რთულია შესაფერისი პარტნიორის პოვნა. დედაჩემი მეტყოდა ხოლმე: „შვილო, ჯობია, რომ ამაყი იყო და მარტოხელა, ვიდრე ყველასგან ნათრევი“ – ამ მენტალიტეტით გამზარდა დედამ.
– მეუღლე სიურპრიზებით განებივრებთ?
– რაულს ეხერხება რომანტიკული სიურპრიზების მოწყობა. ჩემი დაბადების დღეზე დამირეკა, ჩამსვა მანქანაში, რაღაც საქმეზე გამყევიო და წავიდა კახეთისკენ, ვეკითხები: რა ხდება? არაფერი, იქ ძმაკაცი მელოდებაო. მივედით ლოპოტაზე – შეკვეთილი ჰქონია ტორტი, ტორტში – მხოლოდ ერთი სანთელი, რომ ასაკზე ხაზი არ გაესვა და მაგიდაზე – მიმობნეული ვარდის ფურცლები...
– რთულია თქვენთან ურთიერთობა?
– არ მაქვს ადვილი ხასიათი, დედისერთა ვარ და რაღაც ჩემი პეპლები მაქვს. როგორც მარტოხელა მგელი, რომ იტყვიან, „ადინოკი ვოლკ“, ისე ვიცხოვრე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. 19 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. 22 წლიდან ბათუმის თეატრის სოლისტი გავხდი. რაღაც პერიოდი მარტო თუ არ დავრჩი, არ ჩავიკეტე და ჩემს თავს არ მივუძღვენი, შეიძლება გადავიწვა, მეკარგება კონცენტრაცია.
– ცხოვრების მძაფრი მოგონება...
– მამის სიკვდილი. მთელმა საოპერო მომღერლებმა იციან, მამა იყო ჩემთვის ყველაფერი. ამბობდნენ: სადაც ავთოა, იქ არის თამრიკოო. არ დამავიწყდება, მოვიდა ვიღაც ქალი და მეკითხება: ვინმე უფროსი არის სახლშიო? კი. პაპა-მეთქი, დაუძახეო, მე მითხარით-მეთქი. არა, დაუძახეო. შევედი და ვუთხარი: პაპა, გეძახიან, ალბათ, რაიმე კომუნალურების ამბავია-მეთქი. თან ინტუიცია მკარნახობდა, რომ რაღაც სხვა ამბავი იყო, ამ ქალის სახე არ მომეწონა. ფარდა გავწიე და დავიწყე ფანჯარაში ყურება. მიესალმა ეს ქალი, თქვენი ვაჟი არის ავთანდილ ჯავახიშვილი? დღეს ქუჩაში გარდაიცვალაო. პროზექტურა უხსენა და თითქოს „რკინის ფარდა“ ჩამომეფარა. ისეთი მძაფრი შეგრძნება იყო, რომ აივნიდან ვხტებოდი. ეს შეგრძნება, რაც მაშინ, 19 წლის ასაკში განვიცადე, ფეხქვეშ რომ მიწა გამომეცალა, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება. ასეთი არ მქონია. კარგა ხანი ადამიანად არ ვვარგოდი, ამაზე ფიქრს გავურბოდი – ან „მიკი მაუსი“ უნდა ჩამერთო, ან რამე სისულელისთვის უნდა მეყურებინა. საკმარისი იყო, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, ავტომატურად მეწყებოდა დეპრესია. ეს რომ გადამეტანა, სულელივით დავბორიალებდი ქუჩაში, ღამე ძილი არ ვიცოდი. ერთი თვე შუქს ვანთებდი, ვკითხულობდი. მერე ვაპირებდი, რომ სიმღერისთვის თავი დამენებებინა – პირველი ნაბიჯები მამამ გადამადგმევინა, ის იყო ჩემი პირველი ვოკალის მასწავლებელი და ხელიდან გამომეცალა. მერე დედისა და ყველას თხოვნით, რომ მამის ოცნება იყო, მემღერა და ეს მას გააბედნიერებდა, გავაგრძელე სიმღერა, იმავე წელს ჩავაბარე.