კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა დანაშაულის გრძნობა სტანჯავს სანდრო კაკულიას გარდაცვლილი ძმის გამო და რატომ მოიფიქრა მან პრემია „იკა“

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სანდრო კაკულია, იგივე სანდრექსა, „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ ისე აქტიურად აღარ ჩანს. მის ცხოვრებაში მოხდა ტრაგედია – ძმა გარდაეცვალა და სანდრომ გადაწყვიტა, დამწყები ხელოვანებისთვის თავისი ძმის სახელობის პრემია – „იკა“ დაეარსებინა.
სანდრო კაკულია: სერიალიდან წამოსვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მახსოვს პერიოდი, როცა პოპულარობის პიკში ვიყავი, ქუჩაში ჩვეულებრივად ვერ დავდიოდი, ყველა მეძახდა, ვიღაც ფოტოს იღებდა. დღემდე ასეა, მაჩერებენ, სელფს იღებენ, მაგრამ იმ დროს თავისუფლად გავლა მიჭირდა. დავუბრუნდი იმას, რასაც ბოლო 15 წელია, ვაკეთებ – სარეკლამო ინდუსტრიაში ვარ მარკეტინგის სპეციალისტი, ვმუშაობ რამდენიმე კომპანიასთან, მაქვს ჩემი პატარა ბრენდინგ სარეკლამო კომპანია და მაქვს კერძო შეკვეთები. 13 წლის ასაკიდან ვწერ და ეს წერა ჩემი ცხოვრებიდან არ გამქრალა და ძალიან მინდა და ვგეგმავ, გამოვუშვა ჩემი მოთხრობების პირველი კრებული.
– სანდრექსა არ მოგენატრა?
– სანდრექსა – არა, გადაღებები მომენატრა. სერიალმა მანამდე რა ადამიანიც ვიყავი, ის ადამიანი გადაფარა. სერიალის პერიოდიდან მოყოლებული და კიდევ ერთი წელი თუ წელიწად-ნახევარი ეს სანდრექსობა ძალიან ამყვა, ჩემში ყველა სანდრექსას ხედავდა. ღამე რომ ვწვებოდი, სულ მქონდა განცდა, რომ სანდრექსას პოზიცია მოერია ჩემს ტიპს და ნამდვილი სანდრო კაკულია სადღაც მიიჩქმალა. „ბაბულიკობა“, გოგონებთან, „კამანდასთან“ ურთიერთობა, ტექსტები, მისი ცხოვრებისეული ხედვა ძალიან განსხვავდებოდა ჩემი ხედვებისგან. ერთადერთი, რაშიც ვგავდით ერთმანეთს, იყო ქცევა, ჟესტიკულაცია, მიმიკები. მე სხვანაირი შინაგანი სამყარო მაქვს, სანდრექსას თავისებური ჰქონდა. ძალიან გამიჭირდა, პირველ რიგში, დამჭირდა, ეს სანდრექსა საკუთარი თავიდან გამედევნა. შემდეგ იმ ძველი სანდროს რეანიმაცია დამეწყო, მეზობლებთან, ახლობლებთან. ოჯახის წევრებიც კი ხანდახან ჩემში სანდრექსას ხედავდნენ – ახლა სანდრექსასავით იქცევი, სანდრექსასავით ამბობ.
– „ბაბულიკების“ ბედი უცნაურად წარიმართა...
– კოტეს გარდაცვალების შემდეგ „ბაბულიკების“ თემა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კოტე იყო მთავარი „ბაბულიკა“, ნელ-ნელა „ბაბულიკების კამანდამ“ დაშლა დაიწყო. სულ ვგრძნობდი, რომ ამ ბიჭების გარეშე, მე ისეთი „ბაბულიკა“ ვეღარ ვიყავი. ამას სერიალის შემქმნელებიც მიხვდნენ. კოტეს მიერ შექმნილი ეს „ბაბულიკობის“ სტანდარტი დარჩა. მე მაქვს მაგალითი, რომ ტიპებმა, ოფიციალურ საბუთებში თავის შვილებს სანდრექსა დაარქვეს. ასეთი სახელი რეალურად არ არსებობდა. პირდაპირ გამოგზავნილი აქვთ: „ნახე, შენი სახელი დავარქვი“. კოტეს ძალიან დიდი ხანი ვიცნობდი – სანამ სერიალში მივიდოდი, დაახლოებით ათი წლით ადრე, იმიტომ რომ კოტე იყო ადამიანი, რომელმაც ითამაშა ჩემს ერთ-ერთ სადებიუტო სპექტაკლში და მაშინ გავიცანი. იმის მერე სულ ვმეგობრობდით და ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. ჩემთვის ის ძალიან დიდი არტისტული ნიჭის მქონე ადამიანი იყო. ასევე, კოტე ძალიან მეხმარებოდა როლის გაკეთებაში – გადასაღებ მოედანზე ჩემი პროფესიული მენტორი იყო. უცნაური იყო ის, რომ ერთ დღეს მე ვიყავი დრამატურგი, რომლის დაწერილ ტექტებს კოტე კითხულობდა და გადასაღებ მოედანზე კი სამსახიობო პარტნიორები გავხდით. მახსოვს, კოტე მიყვებოდა, როგორ დაამტკიცეს რუსეთში როლზე და როგორი აღტაცებული იყო, როგორები იყვნენ ქასთინგის ტიპები, როგორ მუშაობდნენ სცენარზე, როგორი პროფესიონალები იყვნენ... დღემდე მახსოვს მისი სახე. რომ ვუსმენდი, ვხვდებოდი, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი წარმატების პერიოდი იწყებოდა. ბოლოს ასე დავშორდი – წარმატება ვუსურვე. ვუთხარი, შენი მჯერა და ვიცი, რომ ძალიან მაგარ რაღაცებს გააკეთებ-მეთქი. წავიდა და მერე რაც მოხდა, უკვე ყველამ ვიცით. ჩემთვის კოტე განუხორციელებელი ოცნების მაგალითად დარჩა.
– შენ ისტორიკოს ზაზა აბაშიძის სიძე ხარ, როგორ სთხოვე ქალიშვილის ხელი?
– ზაზა აბაშიძის, დოდო აბაშიძის სიძე ვარ, ჩემი მეუღლე – ნუცა ზაზას შვილია. მე და ნუცა ძალიან დიდი ხანია, ერთად ვართ, პირველი კურსიდან მოყოლებული ვიცნობთ ერთმანეთს და უკვე მეცამეტე წელი იწყება. დავამთავრეთ უნივერსიტეტი და დავქორწინდით. ჯერ ნუცას ვუთხარი, რომ ხელის თხოვნას ვაპირებდი. მითხრა, საღამოს ზაზა სახლში იქნებაო. ავედი სახლში. ზაზა დიდ ოთახში იჯდა. ძალიან ვნერვიულობდი და ცოტა ხანი ოთახებში ვიარე. როგორც იქნა, ძალები მოვიკრიბე, გვერდით მივუჯექი, მეც ვითომ ტელევიზორს ვუყურებ და ამ დროს ვფიქრობ, როგორ ვუთხრა. რაღაც მომენტში მივუტრიალდი და ვეკითხები: ზაზა, რას ფიქრობ, რომელ ეკლესიაში ჯობია, რომ ჯვარი დავიწეროთ-მეთქი. კი არ მითხოვია და კი არ მიკითხავს, რადგან საპატრიარქოსთან შეხება აქვს, ეკლესიის გავლით შევაპარე. უცებ ადგა, გავიდა, ვფიქრობ, სად გავიდა ახლა, რა უნდა? რამდენიმე წუთში დაბრუნდა ძალიან დიდი ენციკლოპედიით. პასუხი იყო ის, რომ თანახმაა და დაიწყო ეკლესიის ძებნა, გადაგვიწყვიტა ეკლესიაც, მამაოც. ოჯახს რამდენიმე წელი ვიცნობდი, სახლშიც ავდიოდი, თუმცა ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო.
– ამდენი წლის შემდეგ როგორია თქვენი ურთიერთობა?
– მე და ნუცა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით. ერთმანეთის თვალწინ მოხდა ჩვენი ტრანსფორმაცია, გაზრდა. პრობლემები ერთად გადავიტანეთ. ძალიან დიდი სიყვარული, შვილი... მე მგონია, რომ ახლანდელი ჩვენი ცოლქმრული მდგომარეობა იდეალურ ფაზაშია, იმიტომ რომ სიყვარულის გარდა ძალიან დიდი მეგობრობა მოვიდა და მე ნუცაში აღმოვაჩინე ახალი თვისებები, რომელსაც მანამდე ვერ ვხედავდი, თუმცა, ნუცას სულ ჰქონდა ეს თვისებები. მივხვდი, რამდენად ძლიერი ადამიანია.
– სიურპრიზებით  თუ ანებივრებ მეუღლეს?
– მთელი ცხოვრება ერთმანეთს სულ რაღაცებს ვჩუქნით – დაწყებული ტანსაცმლიდან, დამთავრებული ძალიან პატარა ნივთით. მე მივაბამ რაღაც წერილს და ამით ვფუთავ. შემიძლია, უმნიშვნელო, იაფიანი ნივთიც სიურპრიზად ვაქციო. ღამე დავუტოვო და დილით ბალიშის ქვეშ დახვდეს. გვერდით ოთახებში ვართ და წერილებს ვუწერთ ერთმანეთს.
– სანდრო მოგვიყევი პრემია „იკაზე“?
– ჩემი ძმის, იკას გარდაცვალების მერე, ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა მისთვის, იმიტომ რომ მის დახმარებას სულ ვგრძნობ ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ საკითხში, პირადში, საქმეშიც კი. ავდივარ ხოლმე მასთან სასაფლაოზე და ვუყვები, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, ვთხოვ რაღაცებს და რასაც ვთხოვ, მერე ის მისრულდება. ხანდახან ღმერთთან შუამდგომოლობასაც ვთხოვ: თუ შეგიძლია, მიდი და უთხარი, რომ ამაში დამეხმაროს-მეთქი. დავრწმუნდი, რომ იკა სულ ჩემ გვერდით არის და ის რომ იქიდან მეხმარება, მომინდა, მეც აქედან ისეთი რაღაც გავუკეთო, რისი გაკეთების შესაძლებლობაც მაქვს. გადავწყვიტე, ჩემს მეგობრებთან, მის მეგობრებთან ერთად დავაარსოთ იკას სახელობის პრემია, რომელსაც ერქმევა პრემია „იკა“ და ვფიქრობ, მისი სახელის უკვდავსაყოფად იდეალური საშუალებაა. წელს ვაკეთებთ, რვა ნომინაცია იქნება – მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა, პოსტერის დიზაინი, ილუსტრაცია, ხელნაკეთი ნივთების ავტორი, ფოტოგრაფია და კინო. ანუ ახალგაზრდა, დამწყებ არაცნობილ შემოქმედებს გადავცემთ ამ პრემიას, იმიტომ რომ სწორ დროს გვინდა, რომ აღმოვაჩინოთ ახალგაზრდა, საინტერესო ადამიანები და პრემიის გადაცემის შემდეგ ამ აღმოჩენილებს ჩვენ მთელი წლის განმავლობაში დავეხმარებით გამოფენის მოწყობაში, პიარში. ჩვენი სლოგანია „შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია”. ყოველწლიური პრემია იქნება. 18 ნოემბერს იკას დაბადების დღეა და ეს ნომინაცია იმ დღეს აიღებს სტარტს. სხვა ხელოვნების პრემიებისგან განსხვავებით აქ არ აგზავნიან ნამუშევრებს, ეს არ არის კონკურსი, არ გვინდოდა შეჯიბრი, პრემია „იკა“ თვითონ პოულობს ნომინანტებს. „იკა ავიღე“ გახდება კარგი ტონი, გაიზრდება მასშტაბები, მე ამით ჩემი ძმის პატარა ნაწილს ვატან სახლში, „იკა“ მალე იქნება თბილისის სხვადასხვა ადგილებში, მომავალი წლიდან – რეგიონებშიც.
– გვიამბე იკაზე...
– იკა ძალიან შემოქმედებითი ადამიანი იყო, ხატავდა, აკეთებდა პოსტერებს, გრაფიკოსი-დიზაინერი იყო, დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. გიჟდებოდა ხელოვნებაზე. ძალიან საინტერესო, ღრმა ადამიანი იყო. ეს ახლა კი არ გამიცნობიერებია, დაბადებიდანვე, პატარა ბავშვობიდანვე იგრძნობოდა, რომ მისი შინაგანი სამყარო უზომოდ დიდი იყო. იკას წასვლის შემდეგ ეს უფრო მეტად გავაცნობიერე და რაც დრო გადის, ძალიან მიჭირს. პირველი წელი საერთოდ ვაგდებდი ჩემი გონებიდან, იმდენად ვდევნიდი ამ ფიქრებს, რომ მეგონა, დედმამიშვილი არც მყავდა და ჩემს მშობლებს მარტო მე ვყავდი, მაგრამ დროთა განმავლობაში და ამ პრემია „იკას“ კეთების დროს, ძალიან ხშირად მიწევს მისი სახელის ხსენება და ნელ-ნელა ვეჩვევი იკაზე ასე გახსნილად ლაპარაკს, თუმცა, ძალიან მიჭირს. მიჭირს უფრო იმიტომ, რომ მე მაქვს დიდი დანაშაულის გრძნობა, რადგან ბევრი რამ ვერ გავუკეთე, შეიძლება, სწორ დროს ვერ დავეხმარე. სულ ვფიქრობ, რომელ დღეს რა ვუთხარი, რა ვუპასუხე თხოვნაზე. საკუთარი თავის მიმართ ბევრი შენიშვნა მაქვს. ახლა რომ დრო უკან დავაბრუნო, ბევრ რამეს სხვანაირად ვეტყოდი, სხვანაირად მოვექცეოდი და ეს დანაშაულის გრძნობა ძალიან მტანჯავს.
– როგორი იყო იკასთან შენი ბოლო კონტაქტი?
– მაგ დღეს იკა ჩემთან იყო, წინა დღეს დარჩა და დილით ჩემი შვილი წაიყვანა სკოლაში, უკან დაბრუნდა, მთელი დღე ერთად ვიყავით. საღამოს მითხრა, მივდივარ ჩემს მეგობართანო. მე თვითონ ამოვიღე საფულედან ფული, მივეცი, მცხეთაში მივდივარო და აღმოჩნდა, რომ მცხეთაში არ წავიდა. ტელეფონზე ვურეკავდით, არ გვიპასუხა და ბევრი ვარიანტის ფიქრის მერე, მივაგენით სხვა აგარაკზე, სხვა სოფელში. ძალიან მგრძნობიარე და ინტუიციური ვარ, ამინდზეც ვარ დამოკიდებული. იკას ამბავზე ინტუიცია არ მქონდა, მაგ დროს ძალიან მიღალატა ინტუიციამ, გული ცუდს საერთოდ არ მიგრძნობდა. დედაჩემს ვაწყნარებდი, რომ არაფერი არ მომხდარა. ყველას ვეუბნებოდი, მალე გამოჩნდება, სადღაც არის წასული მეგობართან ერთად-მეთქი.
– გაქვს რაიმე ვერსია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
– იკა იყო ძალიან ძლიერი ადამიანი და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მივიღეთ ის ფაქტი, რაც გააკეთა და მაგალითად, მე არ ვბრაზდები მასზე, ახლა ვერაფერს შევცვლი და მიზეზებზეც არაფერს ვფიქრობ.
скачать dle 11.3