№45 როგორ შეაცვლევინა ქრისტინე შუშაძეს მომავალმა მეუღლემ კაცებზე წარმოდგენა და რატომ მალავდა ის 7 თვის განმავლობაში გათხოვებას
მომღერალი ქრისტინე შუშაძე მაყურებელმა „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო და მალევე შეიყვარა. ახლა მის ცხოვრებაში ძალიან სასიხარულო სიახლეა. მომღერალმა ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა, თუმცა, გარკვეული პერიოდი ამას მალავდა.
ქრისტინე შუშაძე: სამწუხაროდ, პირველი ოჯახი დამენგრა. სამი წელია, რაც მეუღლეს გავშორდი. ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი. ქორწინებას, ალბათ, ყველა ასაკში აქვს ხიბლი, მაგრამ ჩემი, სამწუხაროდ, უიღბლო აღმოჩნდა. 18 წლის ვიყავი, როცა ეს ნაბიჯი გადავდგი. თუმცა, კარგი ისაა, რომ გამოცდილება მივიღე და არაჩვეულებრივი ქალიშვილი მყავს – ელენე, რომელიც უკვე რვა წლისაა. მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალიან კარგი და ცივილური ურთიერთობა გვაქვს. ვცდილობთ, ელენეს სითბო და სიყვარული არ მოვაკლოთ. რაც შეეხება მეორე ქორწინებას, ზოგადად, რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. მით უმეტეს, ამ ასაკში, როცა დამოუკიდებელ ცხოვრებას უკვე მიჩვეული ხარ. გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, ბევრი რომ მეფიქრა, ალბათ, ახლაც მარტო ვიქნებოდი. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ყველა ქალი ოჯახზე ოცნებობს, არავინ მოიტყუოს, რომ მარტო ბედნიერია. ამიტომ, ყველას ვუსურვებ მყარი ოჯახი ჰქონოდეთ, თუმცა მიმაჩნია, რომ ოჯახის სიმყარე მაინც ქალზეა დამოკიდებული. ქალი წინსაფრიან დიასახლისს არ უნდა დაემსგავსო. თავის მოვლაც უნდა მოასწრო და არც მეუღლეს მოაკლო „გემრიელობები“. ყოველთვის მოწესრიგებული ვიყავი, მაგრამ გათხოვების შემდეგ ორმაგად ვიპრანჭები. სულ მინდოდა, კარგი დედა და ღირსეული მეუღლე ვყოფილიყავი.
– პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, კიდევ ერთხელ ამ ნაბიჯის გადადგმის წინ შიში არ გქონდა?
– ძალიან და დიდი ხანი მარტო ვგრძნობდი თავს. იმდენად დამოუკიდებელი ვარ, ძალიან მეეჭვებოდა, რომ ჩემ გვერდით ჩემზე ძლიერი მამაკაცი შეიძლებოდა ყოფილიყო. თაყვანისმცემლების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდიდი, მაგრამ ყველა მამაკაცის მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. არც მათ საჩუქრებს ვიღებდი, რადგან არ მინდოდა, ვინმე დამეიმედებინა. მართლა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემზე ძლიერი მამაკაცი არ არსებობდა და ცოტა არ იყოს, ვაშინებდი კაცებს (იცინის). თურმე, „არასდროს თქვა არასოდეს“. ჩემი მეუღლე მართლა უფლის საჩუქარია.
– როგორ გამოჩნდა ეს ადამიანი შენს ცხოვრებაში და როგორ შეგიცვალა მამაკაცებზე წარმოდგენა?
– ნამდვილად ასეა. ამერიკაში, ნიუ-იორკში გავიცანი. ერთ-ერთ რესტორანში ვმღეროდი, ის იმ დღის ჩამოსული იყო საქართველოდან. როცა ვმღერი, ვიღაც ყოველთვის ცდილობს, ბანალური კომპლიმენტებით გამომელაპარაკოს. ეს იმდენად მობეზრებული მქონდა, არავის ვუსმენდი. ჩემმა მომავალმა მეუღლემაც გამოიჩინა ინციატივა და ძალიან თავაზიანად მითხრა, რომ კარგად ვმღეროდი. არ მიყვარს ნასვამი მამაკაცი. მაგრამ ის ამ სიმთვრალეშიც იმდენად მოწესრიგებული და „დავარცხნილი“ იყო, რომ გეფიცებით, ამით მოვიხიბლე, ცხოვრებაში პირველად მომეწონა ნასვამი მამაკაცი (იცინის). საღამო იყო და სახლში ტაქსით ვბრუნდებოდი, გარეთ რომ გამოვედი გამომყვა და ტაქსიში ჩაჯდა, უნდა გაგაცილოო. გამეცინა, სანამ თქვენ ჩამოხვიდოდით აქ, მე მარტო დავდიოდი-მეთქი. მთელი გზა მეუბნებოდა, მისთვის გიდობა გამეწია და „ემპაიარის“ სანახავად წავსულიყავით, რაზეც უარს ვამბობდი. ტაქსის მძღოლი ქართველი აღმოჩნდა. სიცილით კვდებოდა, ოცდახუთი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და მე არ ვარ, შვილო, „ემპაიარზე“ ნამყოფი, რას აჯუჯღუნებ ამ კაცს, წაყევიო (იცინის). მოკლედ, დავთანხმდი და მეორე დღეს წავედი, თუმცა ჩემთვის მთავარი მოტივაცია ფოტოების გადაღება იყო (იცინის). იმდენი ფოტო გადავაღებინე, ბოლოს გამინაწყენდა და სასწრაფოდ სახლში წასვლა მომინდა (იცინის). ის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ტელეფონით გავაგრძელეთ ურთიერთობა. მერე ოთხი დღით ჩამომაკითხა ამერიკაში და ჩვენი ურთიერთობა გაღვივდა. „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობის დროს, საქართველოში ვიყავი და ამ პერიოდმა ძალიან დაგვაახლოვა. თავის ყურადღებით, სითბოთი და ამაგით ეს ნაბიჯი გადამადგმევინა. ძალიან დიდ პატივს ვცემ და მასთან შეთანხმების გარეშე არაფერს ვაკეთებ.
– ვინ არის, გავაცნოთ საზოგადოებას.
– ძალიან თავმდაბალი ადამიანია და არ უყვარს ხმამაღლა ლაპარაკი საკუთარ თავზე. სახელი და გვარი შემიძლია გითხრათ – მახო აბუთიძე. კერძო საქმიანობითაა დაკავებული.
– დაქორწინება როგორ გადაწყვიტეთ?
– ყველა მისიანი გამაცნო, მაგრამ ჩემსას არავის იცნობდა. ამის გამო ცოტა განაწყენებული იყო, ძალიან უნდოდა ჩემი მშობლების გაცნობა. ეს მეც მინდოდა, მაგრამ დედაჩემი და მამაჩემი ძალიან ტრადიციული ადამიანები არიან და მისი ოჯახში მოსვლა უკვე განაცხადი იქნებოდა. თან, შინაგანი ბრძოლები მქონდა, მეორედ ძალიან რთული ყოფილა ამ ნაბიჯის გადადგმა. მშობლებს წინა დღით ვუთხარი, მოვიდა ოჯახში, ასე სპონტანურად დავინიშნეთ და მეორე დღესვე გავყევი ცოლად. ქორწილი და მასშტაბური ღონისძიება არ გვქონია – ვფიქრობ, რომ ასეთი რიტუალები ზედმეტია. თან, პირველ ქორწინებაში მქონდა ქორწილი და არ ვფიქრობ, რომ მეორედაც აუცილებელია. არც მაშინ მინდოდა ეს რიტუალი, უბრალოდ, მშობლებს ვერ ვაწყენინე.
– დიდხანს მალავდი ქორწინებას, რატომ?
– შვიდი თვე ვმალავდი, რომ გავთხოვდი (იცინის). ძალიან არ მიყვარს საკუთარი ცხოვრების აფიშირება. რაც ნაკლები იციან, მით ბედნიერი და ლაღი ვარ. არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩემზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე მინდა, რომ იცოდეს. ყველა გაკვირვებული იყო, ჩემმა მეგობრებმაც არ იცოდნენ მახოს შესახებ. ზედმეტი კითხვების გარეშე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.
– „მხოლოდ ქართულამდე“ როგორი იყო შენი ცხოვრება, კანადასა და ამერიკაში გატარებული პერიოდი რას უკავშირდება?
– კანადაში ჩემი პირველი მეუღლე ცხოვრობდა და როცა დავქორწინდი, მეც იქ გადავედი. ბავშვი ცოტა რომ წამოიზარდა, სწავლა გავაგრძელე, კოსმეტოლოგია ვისწავლე და ამ სპეციალობით ვმუშაობდი. არასდროს მომწონდა ეს ქვეყანა. გადავწყვიტე, ამერიკაში წავსულიყავი. მანქანა გავყიდე, ბილეთი ვიყიდე და გავფრინდი. ალბათ, ყველაფერი ბედია – ერთი კვირის ჩასული ვიყავი ამერიკაში, როცა მომავალი მეუღლე გავიცანი და იქ ცხოვრება სულ რამდენიმე თვე მომიწია.