კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა გავლენას ახდენს ბავშვის რიგითობა მის თვისებებზე

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

დაბადების რიგი წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანზე,  რაც თავისთავად, მოქმედებს მისი ცხოვრების სტილზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე და სამსახურზე. რამდენად დიდ გავლენას ახდენს რიგითობა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე? რა წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებს და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ სირთულეები თავიდან აიცილონ – გვესაუბრა ფსიქოლოგი სალომე მაჩიტიძე: პიროვნების ფორმირებაზე, მის თვისებებზე, მიდრეკილებებსა და ინტერესებზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახი. ბევრს შესაძლოა უკვირდეს, რომ ერთ ოჯახში, ერთსა და იმავე სოციალურ გარემოში აღზრდილი ბავშვები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. პიროვნების ხასიათისა და ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი ამქვეყნად მოვლინების რიგი. საინტერესოა, რომ ადამიანის გონება უხსოვარი დროიდან უტრიალებს  ამ საკითხს. ბავშვობაში წაკითხული ზღაპრებიდანაც გეხსომებათ, რომ მეფისწულებისა თუ მეფის ასულების ბედი მათ რიგითობაზე (უფროსი, შუათანა, უმცროსი) იყო დამოკიდებული. დაბადების რიგი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებისეულ არჩევანს.
– რისი ბრალია და-ძმებს შორის კონფლიქტი?
–  უთანხმოება უმეტესად მოსდით ერთი და იმავე სქესის დედმამიშვილებს, აგრეთვე – ტყუპებსა და იმ და-ძმებს, რომელთა შორის მცირე ასაკობრივი სხვაობაა. ისინი ერთსა და იმავე სოციალურ გარემოში ტრიალებენ, თითქმის თანაბარი გამოწვევები აქვთ და ამიტომ ერთმანეთს მეტოქეებად აღიქვამენ. უფროს შვილს უჭირს მშობლების უმცროსთან გაყოფა, მით უმეტეს, პატარებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. ამის გამო უფროსს შესაძლოა, გაუჩნდეს განცდა, რომ მისთვის აღარ სცალიათ, დაივიწყეს, აღარ უყვართ და უმცროსის მიმართ აგრესიულად განეწყოს. როცა მშობლები რომელიმე შვილს გამორჩეულად ეპყრობიან, სხვა და-ძმები ამჩნევენ ამას და მის მიმართ უარყოფითი გრძნობები უჩნდებათ.
– როგორები არიან პირველი ბავშვები?
– პირველი ბავშვები, როგორც წესი, არიან სერიოზულები, კეთილსინდისიერები, მომთხოვნები, კონსერვატიულები, ორგანიზებულები, მაღალი პასუხისმგებლობის, თვითშეფასებისა და მიღწევების მქონეები, კონკურენტუნარიანები, ეჭვიანები, შფოთიანები და დანარჩენ და-ძმებზე აგრესიულები. მათ ადრეულ წლებშივე ისწავლეს, რას ნიშნავს იყო სხვაზე ძლიერი და შესაძლოა, თავიანთი უმცროსი და-ძმების გავლენით, ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად, რომელთაც სხვების დახმარების, დაცვის, ლიდერობის და წინ წაძღოლის გამოხატული სურვილი აქვთ. უფროსი შვილები გამუდმებით ცდილობენ, არ დაკარგონ მშობლების პატივისცემა, სიყვარული და ის პრივილეგიები, რომლებიც უმცროსი და-ძმების დაბადებამდე ჰქონდათ, ამიტომ, ხშირად საკუთარ თავზე ასაკისთვის შეუსაბამო პასუხისმგებლობას იღებენ. კარგი იქნება, თუ მშობლები ზედმეტ ვალდებულებებს არ დააკისრებენ და ამით არ მისცემენ შფოთვის დამატებით მიზეზს. როცა უფროსი შვილები ჯანსაღ ფსიქოლოგიურ გარემოში იზრდებიან, ისინი უმცროსებზე ზრუნვას სწავლობენ და სხვისი დახმარების სურვილი ხშირად ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ.
– რას იტყვით მეორე და მომდევნო ბავშვზე?
– მეორე და მომდევნო ბავშვების დაბადების შემდეგ, როგორც წესი, პირველ ბავშვებს უჩნდებათ სურვილი, დაიბრუნონ ძველი დიდება, რომელიც დედისერთობის დროს ჰქონდათ. პირველმა შვილმა შესაძლოა, სიყვარულის დანაკლისი განიცადოს დედისგან, რომელსაც უკვე მეორე პატარა ჰყავს.  მეორე ბავშვის დაბადებით გამოწვეულმა კონკურენციამ და იმის შიშმა, რომ მას გარკვეული პრიორიტეტები ჩამოერთმევა, შესაძლოა, პირველი ბავშვი ნაკლებად რისკიან და უინიციატივო პიროვნებად ჩამოაყალიბოს. არსებობს ოჯახის სტრუქტურის რამდენიმე ასპექტი, რომელიც პირველ შვილს ეხება. პირველ ბავშვზე მშობლები, როგორც წესი, სულ შეშფოთებულები არიან და ყველანაირ დეტალზე ოფლად იღვრებიან. ისინი ინიშნავენ ყოველ ახალ მიღწევას, აღნიშნავენ ყველა პატარა წარმატებას ბავშვის ცხოვრებაში და ნერვიულობენ, თუკი ეს მიღწევა დროზე ცოტა გვიან მოხდება. მშობლებს პირველი ბავშვის მიმართ განსაკუთრებით დიდი მოლოდინები აქვთ და ბავშვი ერთგვარი ზეწოლის ქვეშ ექცევა – წარმატებას უნდა მიაღწიოს. პირველი ბავშვი შოკირებული რჩება, როცა ეს მოლოდინი და ზეწოლა სუსტდება მეორე ბავშვის გაჩენასთან ერთად. ამან შეიძლება, და-ძმებს შორის კონკურენტულობა გამოიწვიოს. მეორე მხრივ, პატარები ხშირად აიდეალებენ პირველ ბავშვებს და მას აღიქვამენ ოჯახში მყოფი ბავშვების ლიდერად. რაც შეეხება შუათანა ბავშვებს, მისგან  შესაძლოა, პიროვნების ძალიან მრავალფეროვანი სპექტრი განვითარდეს. ჩვევები, რომლებიც შუათანა ბავშვებს უყალიბდებათ, მოტივირებულია იმ ფაქტით, რომ ისინი, სინამდვილეში, არასოდეს ყოფილან სრული ყურადღების ცენტრში. მეორე ან შუათანა ბავშვებს, როგორც წესი, ახასიათებთ არამიკუთვნებულობის გრძნობის განცდა. ისინი მუდმივად იბრძვიან მშობლების ყურადღებისთვის და რჩებიან უგულებელყოფილები ან აღიქმებიან, როგორც პირველი ან მის წინ მყოფი ბავშვის განმეორება (დუბლირება). შუა ბავშვები თავს დაუცველად გრძნობენ, რაც გავლენას ახდენს მათ მთელს შემდგომ ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, შუათანა ბავშვი ცხოვრებას ძალიან უიმედოდ უყურებს, ასეთი ბავშვები უფრო მეტად დეპრესიისკენ და მარტოობისკენ არიან მიდრეკილები. როგორც წესი, მათ აქვთ ბიძგისა და სტიმულის დანაკლისი და ცდილობენ, რომ პირველი ბავშვების ცხოვრების გზას გაჰყვნენ.
– რით განსხვავდებიან უფროსებისგან ნაბოლარა შვილები?
– ნაბოლარა ბავშვები ხშირად წვეულებების მეფეები ხდებიან ან ერთგვარი გამრთობები, რომლებსაც არ ეშინიათ ახალი გამოცდილებებისა და რისკების. ისინი ოჯახისთვის არიან პატარები, კომუნიკაბელურები და მომხიბვლელები და როგორც წესი, სასიამოვნო და ლაღ მეგობრებად ყალიბდებიან. ნაბოლარებს ხშირად ისე ექცევიან, როგორც ბავშვებს, ამის გამო უფრო ანებივრებენ, ვიდრე დანარჩენ დედმამიშვილებს. ეს განებივრება კი, ადლერის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საქციელია, რომელიც შეიძლება, მშობელმა შვილს გაუკეთოს. განებივრება ხელს უშლის ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და ხელს უწყობს ეგოიზმისა და უპასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას მაშინაც, როცა ისინი მოზრდილობაში შედიან. ასეთ ნაბოლარებს შეუძლიათ იყვნენ მანიპულატორები, როცა სხვა და-ძმები ან მშობლები მისგან რაიმეს მოითხოვენ.
– ტყუპებზე რას გვეტყვით?
– ტყუპებში არის ტენდენცია, რომ ერთ-ერთი მათგანი იყოს დომინანტი, რომელიც ისე იქცევა, როგორც უფროსი ბავშვი, თუმცა საქმე შეიძლება, ამაში არც იყოს. ტყუპები თავიანთი სიახლოვის გამო უფრო თავდაჯერებულები არიან. მათ ძალიან უჭირთ მარტო ყოფნა და ადვილად გრძნობენ თავს მარტოსულად. როდესაც ერთ-ერთი მათგანი ქორწინდება, მათი განშორება ორივესთვის რთული გადასატანი ხდება და როგორც წესი, ორივე მიჰყავს დეპრესიამდე. ტყუპები და განსაკუთრებით კი იდენტური ტყუპები გაცილებით ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ჩვეულებრივი და-ძმები. ტყუპებს, როგორც წესი, აქვთ იდენტობის პრობლემა და ლიდერად მათ შორის უფრო ძლიერი ყალიბდება.
– რატომ მიაჩნიათ დედისერთა ბავშვები ეგოისტებად?
– დედისერთა ბავშვის დაბადება მშობლებისთვის სასწაულის ტოლფასია. მშობლებს არა აქვთ სხვა გამოცდილება და მათი მთელი ყურადღება ბავშვისკენაა მიმართული. დედისერთა შვილი შესაძლოა, ერთ-ერთი მშობლის კონკურენტადაც კი გადაიქცეს. დედისერთა ბავშვებს მოსწონთ უფროსების ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათთვის პრობლემას წარმოადგენს თანატოლებთან რამის გაყოფა და ყოველთვის ამჯობინებენ თავისზე უფროსებთან ურთიერთობას. დედისერთა ბავშვის ხასიათი შესაძლოა, უფროსი შვილის ან ნაბოლარას ანალოგიური იყოს, რადგანაც მშობლების სიყვარულში მათ კონკურენტები არ ჰყავთ. ასეთი ბავშვები შეიძლება იყვნენ გათამამებული მშობლების მხრიდან, განსაკუთრებით კი – დედისგან, რაც შესაძლოა, დედისერთა ბავშვისთვის მომავალში პრობლემად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საყოველთაო მოწონებასა და აღფრთოვანებას ვერ იმსახურებენ. დედისერთა ბავშვები სწავლობენ, როგორ იყვნენ თავიანთ თავთან მარტო, რომ მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება, დაეყრდნონ და როგორც წესი, მათ მარტო ყოფნის პრობლემა არა აქვთ. დედისერთა ბავშვები როგორც წესი, ინტროვერტული მიდრეკილებების არიან, თუმცა მათ შეიძლება გამოავლინონ ექსტრავერტის უნარებიც, თუკი ეს მეგობრების შესაძენად სჭირდებათ. მეორეს მხრივ, დედისერთა ექსტრავერტი ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ მოახდინონ საკუთარ აზრებზე ფოკუსირება მაშინ, როცა მათ ირგვლივ არცერთი ადამიანი არაა ურთიერთობისთვის ხელმისაწვდომი.
– როგორი ასაკობრივი სხვაობა მიიჩნევა საუკეთესოდ? არსებობს ამის თაობაზე რამე რეკომენდაცია?
– ფროიდს მიაჩნდა, რომ რაც უფრო მცირე იყო ასაკობრივი სხვაობა და-ძმებს შორის, მით უფრო დიდ გავლენას ახდენდნენ ისინი ერთმანეთის განვითარებაზე. უფროსი დედმამიშვილი უმცროსებისთვის მოდელია და მისი არსებობა მათ განვითარების დაჩქარებისკენ უბიძგებს. მაგალითად, უფროსების მიბაძვით უმცროსები უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს, სიარულს, წერა-კითხვას. თუმცა მკაცრად განსაზღვრული რეკომენდაცია ამის თაობაზე არ არსებობს.
скачать dle 11.3